Facebook Twitter

საქმე №ას-1270-1210-2014 10 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შ. გ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შ. გ-ის მიმართ სს „ს-ს ბ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს-ს ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ხ. გ-სა და შ. გ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1. მოპასუხეებზე საკრედიტო დავალიანების 12 285,41 აშშ დოლარის (საიდანაც, ძირითადი თანხაა 10 548,43 აშშ დოლარი, პროცენტია - 1122,61 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო კი, - 614,41 აშშ დოლარი) სოლიდარულად დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია (თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.05.2013წ.-ის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი); 2. დავალიანების დაფარვის მიზნით, მოპასუხე შ. გ-ის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე, თბილისში, კ-ას პირველი შესახვევი N21, შენობა N1-ის ½ ნაწილი, ს/კ:........) აუქციონზე რეალიზაცია; 3. დავალიანების დასაფარად იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში კი, აღსრულების მიქცევა ხ. გ-ის სხვა ქონებაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და დავალიანების დაფარვის მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი სადავო გახადეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სს ,,ს-ს ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ხ. გ-ეს და შ. გ-ეს სს ,,ს- ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ საკრედიტო დავალიანება - 11871,04 აშშ დოლარი (ძირითადი თანხა – 10548,43 აშშ დოლარი, პროცენტი – 1122,61 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 200 აშშ დოლარი). არ დაკმაყოფილდა სს ,,ს-ს ბ-ის“ სარჩელი ხ. გ-სა და შ. გ-ისათვის მიმართ პირგასამტეხლოს სახით, 414,37 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში. აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა შ. გ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი მდებარე - ქ. თბილისი, კ-ას პირველი შესახვევი №21, შენობა №1–ის 1/2 ნაწილი, №......... დადგინდა, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა სს ,,ს-ს ბ-ის” მოთხოვნას, აღსრულება უნდა მიქცეულიყო ხ. გ-ის სხვა ქონებაზე.

მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, 2007 წლის 22 ნოემბერს სს „ს-ს ბ-სა“ და ხ. გ-ეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, 360 თვის ვადით, წლიური 10%-დან 22%-მდე სარგებლის დარიცხვით, ამავე თარიღით, სს „ს-ს ბ-ს“ და ხ. გ-ეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ, 2007 წლის 22 ნოემბრის N...... ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა გასცა კრედიტი 10 000 აშშ დოლარი, 120 თვის ვადით, წლიური 16,5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების თანახმად, სესხისა და დარიცხული პროცენტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად, თანაბარწილად შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ხოლო პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური - 0,5%-ით.

სს „ს-ს ბ-სა“ და ხ. გ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2007 წლის 22 ნოემბერს სს „ს-ს ბ-ს“ და შ. გ-ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა შ. გ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისში, კ-ას პირველი შესახვევი №21, შენობა №1–ის 1/2 ნაწილი (ს/კ: №........). იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო აღსრულება მიექცია მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „ს-ს ბ-სა“ და ხ. გ-ეს შორის 2011 წლის 01 დეკემბერს, გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ 2007 წლის 22 ნოემბრის N...... ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ბანკმა ხ. გ-ეს გაუხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი - 12 000 აშშ დოლარის ოდენობით, 360 თვის ვადით, წლიური 10%–დან 22%–მდე სარგებლის დარიცხვით.

ასევე, 2011 წლის 01 დეკემბერს, სს „ს-ს ბ-სა“ და შ. გ-ეს შორის გაფორმდა 2007 წლის 22 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულებაში N......–ა ცვლილების შეტანის შეთანხმება N......–ა/1, რომლის საფუძველზეც იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა (მუხლი 4.2.6.) განისაზღვრა - 12 000 აშშ დოლარით.

სს „ს-ს ბ-სა“ და ხ. გ-ეს შორის, 2011 წლის 09 დეკემბერს გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ 22.11.2007წ. N...... ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური სესხის ხელშეკრულება №......, რომლითაც ხ. გ-ზე ბანკმა გასცა კრედიტი 10 789 აშშ დოლარი, 120 თვის ვადით, წლიური 18,4% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების 2.2.8 მუხლის მიხედვით, სესხის მიზნობრიობა იყო ხ. გ-ზე წინა პერიოდში გაცემული კრედიტების რეფინანსირება.

სესხი და დარიცხული პროცენტი ხ. გ-ეს უნდა დაეფარა ყოველთვიურად, თანაბარწილად, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ხოლო პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური - 0,5%–ით.

2011 წლის 09 დეკემბერს სს „ს-ს ბ-სა“ და შ. გ-ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N......–ა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა 2007 წლის 02 ნოემბრის საბანკო მომსახურების შესახებ N...... ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი 2011 წლის 09 დეკემბერს იპოთეკური სესხის N...... ხელშეკრულებით ხ. გ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება. თავდებობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 21 578 აშშ დოლარით.

დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ხ. გ-ემ სესხის თანხა ბოლოს გადაიხადა 2012 წლის 03 სექტემბერს და შესაბამისად, გადახდის გრაფიკი დაარღვია 2012 წლის ოქტომბრის თვიდან. ამასთან, 2013 წლის 11 თებერვალს, სს „ს-ს ბ-მა“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა მოპასუხეებს, 2013 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით არსებული საკრედიტო დავალიანების ოდენობის მითითებით და მისი 14 დღის ვადაში დაფარვის შესახებ.

მოსარჩელემ საკრედიტო დავალიანების მოთხოვნა განსაზღვრა სარჩელის აღძვრის - 2013 წლის 21 მარტის მდგომარეობით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სს „ს-ს ბ-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხ. გ-სა და შ. გ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით - 414,37 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, იმ საფუძვლით, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და მძიმე მდგომარეობაში აყენებდა მსესხებელს/მოვალეს. შესაბამისად, შემცირდა პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი და საბოლოოდ, მოვალეს/მსესხებელს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 200 აშშ დოლარი.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შ. გ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოში მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ვინაიდან შ. გ-ეს დავის განხილვაში წარმოადგენდა ადვოკატი ორდერის საფუძველზე, რომელშიც არ იყო მითითებული კონკრეტული უფლებამოსილების თაობაზე, ამიტომ მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრების ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება იყო უსაფუძვლო და სამართლებრივად დაუსაბუთებელი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.05.2013წ.-სა და 28.05.2013წ.-ს გამართულ სასამართლო სხდომაზე უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ორივე მოპასუხე, შესაბამისად, შ. გ-ეს სრული უფლება გააჩნდა განეხორციელებინა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 361.2 მუხლებით და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოპასუხემ გადააცილა კრედიტის გადახდის ვადას, რაც თავის მხრივ, წარმოადგენდა მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამისად, ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის ანაზღაურების საფუძველს.

ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 302-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საბანკო მომსახურების შესახებ და შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხი უზრუნველყოფილი იყო შ. გ-ის კუთვნილი უძრავი ქონებით (მდებარე, ქ.თბილისში, კ-ას პირველი შესახვევი N21, შენობა N1–ის 1/2 ნაწილი, (ს/კ: N........)). უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის არსებობის ფაქტი, რის გამოც, კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ კრედიტის სახით აღებული თანხების გადახდისა და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე მართებულად დაკმაყოფილდა.

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთით განსაზღვრის თაობაზე და განმარტა, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგამტეხლოს ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე და საქმის გარემოებათა გათვალისწინებით არ არსებობდა მისი შემცირების აუცილებლობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შ. გ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება სესხის ძირთადი თანხისა და პროცენტის შ. გ-ისათვის დაკისრების ნაწილში.

სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, საკასაციო საჩივრის დასაბუთებისას კასატორი მიუთითებს იმავე გარემოებებზე, რომელზედაც მითითებული აქვს სააპელაციო საჩივარში (ტ.1. ს.ფ. 151), კერძოდ, განმარტავს, რომ სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში სარჩელი ცნო მხოლოდ ხ. გ-ემ. აღნიშნული კი, ვერ შეცვლის მოპასუხე - შ. გ-ის საპროცესო-სამართლებრივ მდგომარეობას, რადგან შ. გ-ის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს წარმოადგენდა ადვოკატი (ქ.უ-ი) ორდერის საფუძველზე, რომელშიც იმ კონკრეტული უფლებამოსილების შესახებ, როგორიცაა სარჩელის ცნობა, აღნიშნული არ იყო. რწმუნებულება კი, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ ყოფილა.

ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც შეუსაბამოდ მაღალ განაკვეთს და განმარტავს, რომ პირგამტეხლოს ოდენობა კიდევ უფრო ამძიმებს მოვალის მატერიალურ მდგომარეობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 მარტის განჩინებით შ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ ერთი მხრივ, სს „ს-ს ბ-ს“, როგორც „ბანკსა“ და მეორე მხრივ, ხ. გ-ეს, როგორც „კლიენტს“ შორის არსებობდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები. ასევე, დადგენილია, რომ ბანკის წინაშე კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ბანკსა და შ. გ-ეს, როგორც „სოლიდარულ თავდებსა“ და „მესაკუთრეს“ შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე სოლიდარულ თავდებმა ძირითადი მოვალის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებებისათვის სრულად იკისრა პასუხისმგებლობა და ამ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შ. გ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ურავი ქონება მდებარე, თბილისში, კ-ას პირველი შესახვევი N21, შენობა N1-ის ½ ნაწილი (ს/კ:........).

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ერთ შემთხვევაში, ბანკის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და მეორე შემთხვევაში, მსესხებლისა და სოლიდარული თავდების/მესაკუთრის მხრიდან ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი (იხ., თბილისის სააპელაციო სააპელაციო სასამართლოს 15.11.2014წ.-ის განჩინების 4.1.1 – 4.1.6 პუნქტები.).

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 361.2 მუხლებით. ასევე, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 302-ე მუხლებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით კი, რომელიც შეეხება სარჩელის ცნობასათან მიმართებაში (სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში) ადვოკატის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი შ. გ-ის ინტერესებს თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოებში წარმოადგენდა ქ. უ-ი, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ორივე ინსტანციის სასამართლოში დადასტურებულია ადვოკატის ორდერით, რაც არ აძლევდა მას სარჩელის ცნობის უფლებამოსილებას, რადგან სარჩელის ცნობა ხვდება იმ საგამონაკლისო უფლებამოსილებათა რიცხვში, რომელიც დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 98-ე მუხლის დანაწესით და მასზე სპეციალურ აღნიშვნას უნდა შეიცავდეს კანონით დადგენილი წესით გაცემული და გაფორმებული მინდობილობა (იხ., სუს 10.05.2011წ.-ის განჩინება Nას-449-424-2011), თუმცა სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ თავისთავად საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევდა უფლებას შ. გ-ეს პირადად მიეღო აქტიური მონაწილეობა საქმის განხილვაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.05.2013წ.-სა და 28.05.2013წ.-ს მისივე მონაწილეობით გამართულ სასამართლო სხდომებზე ესარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისპოზიციური უფლებამოსილებით, მათ შორის, სარჩელზე შედავების საპროცესო უფლებამოსილებით (სსკ-ის მე-3, 93.2). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ამ ნაწილშიც, ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება), რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ., სუს 03.10.2011წ.-ის განჩინება #as-285-269-2011; სუს 21.07.2014წ.-ის განჩინება, საქმე №ას-438-415-2014), რომელშიც განმარტებულია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების შინაარსი და მასგან გამომდინარე მხარეთა მატერიალური უფლებები და ვალდებულებები; ასევე, იპოთეკის, როგორც სანივთო სამართლებრივი ურთიერთობის დანიშნულება და მიზანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შ. გ-ის საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1163,15 ლარი) 70%, რაც შეადგენს 814,20 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს - შ. გ-ეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 05 იანვარს №5574791 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (376,45 ლარის), 2015 წლის 26 იანვარს №5804710 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა (398,70 ლარის) და 2015 წლის 27 თებერვალს №6124607 საგადასახდო დავალებით

გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (388 ლარის) 70% – 814,20 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე