საქმე №ას-1294-1232-2014 17 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ააიპ ს-ო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ააიპ ს-ოს მიმართ და მოითხოვა თ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სააგენტოს 2013 წლის 8 ნოემბრის №... ბრძანებისა და სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის 2013 წლის 23 ოქტომბრის დასკვნის ბათილად ცნობა, თ. გ-ის აღდგენა ააიპ ქ.თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე, ასევე 2013 წლის 8 ნოემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრება მისი ყოველთვიური ხელფასის – 1000 ლარის გათვალისწინებით.
მოსარჩელის განმარტებით, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის 2013 წლის 23 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, ბაგა-ბაღში გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: 1. მონიტორინგის დროს, საბავშვო ბაღში სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა დირექტორი, საქმის მწარმოებელი, ექთანი, მეთოდისტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელემ განმარტა, რომ წესდებით, დირექტორს არ მოეთხოვება მთელი დღის განმავლობაში ბაგა-ბაღში ყოფნა და არ ეკრძალება სამუშაო საათებში ბაგა-ბაღთან დაკავშირებულ სხვა საქმეებზე სიარული. მითუმეტეს, რომ მონიტორინგი მთელი დღის განმავლობაში არ მიმდინარეობდა.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ მენიუ-ფაქტურაზე არ იყო დირექტორის ხელმოწერა და ბეჭედი, ამასთან, მენიუ გაწერილი იყო მწირად, 1000 კალორიაზე ნაკლები ოდენობით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო მენიუზე მისი ხელმოწერისა და ბეჭდის არარსებობა ადასტურებს, რომ დირექტორი აღნიშნულ მენიუს არ დაეთანხმა და მასში შეიტანდა სათანადო შესწორებას.
მხარე არ დაეთანხმა დასკვნაში მითითებულ გარემოებას, რომ მონიტორინგის შედეგად ბაგა-ბაღში გამოვლინდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დარღვევები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მონიტორინგის ბაგა-ბაღში შესვლისა და ჯგუფის ბაღში ყოფნის პერიოდში ბაგა-ბაღში არ იმყოფებოდა დირექტორი და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესზე პასუხისმგებელი სამი თანამშრომელი, ყოველგვარი საპატიო მიზეზის გარეშე. ასეთი ვითარება საფრთხეს უქმნის აღსაზრდელთა უსაფრთხოებას, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხარისხს და მიუთითებს დაკისრებული მოვალეობებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 9 ივლისს თ. გ-ე დაინიშნა ააიპ №.. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორად. საბავშვო ბაგა-ბაღში დირექტორს უშუალოდ ექვემდებარებოდნენ ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე, მეთოდისტი (საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი), ექთანი (ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი), საქმის მწარმოებელი (ბუღალტერი), მნე (სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი).
თ. გ-ის, როგორც №.. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის, უფლებამოსილებას წარმოადგენდა: საბავშვო ბაგა-ბაღის მართვა; ბაღის წარმოდგენა მესამე პირებთან ურთიერთობაში; აღნიშნული დაწესებულების საერთო საქმიანობის წარმართვა. ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ბაგა-ბაღის დირექტორს. იგი პასუხისმგებელი იყო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ბაგა-ბაღის მართვის სტრატეგიის განხორციელებაზე, ამავე სააგენტოს მიერ რეკომენდებული მეთოდოლოგიის დანერგვაზე. მასვე ევალებოდა, შეექმნა შესაბამისი პირობები ბავშვის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და განვითარებისათვის და მონიტორინგი გაეწია მისი განხორციელებისათვის. იგი ვალდებული იყო, დაეცვა აღსაზრდელის ყველა ის უფლება, რაც მას ბავშვის უფლებათა კონვენციით აქვს მინიჭებული. თ. გ-ის, როგორც ბაღის დირექტორის მოვალეობას შეადგენდა თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებაზე კონტროლი, ასევე, თანამშრომელთა შორის საქმიანი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაღრმავებისადმი ხელშეწყობა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ №.. საბავშვო ბაგა-ბაღში მეთოდისტის (საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორის) თანამდებობაზე დასაქმებული იყო მ. დ-ე. შრომითი ხელშეკრულებით, მის სამუშაო დროდ განსაზღვრული იყო კვირაში ორი სამუშაო დღე – ორშაბათი და ხუთშაბათი, 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე. ექთნის (ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის) თანამდებობაზე დასაქმებული იყო მ. გ-ი. შრომითი ხელშეკრულებით, მის სამუშაო დროდ განსაზღვრული იყო ხუთდღიანი სამუშაო კვირა, 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. საქმის მწარმოებლის (ბუღალტრის) თანამდებობაზე დასაქმებული იყო ნ. წ-ი. შრომითი ხელშეკრულებით, მის სამუშაო დროდ განსაზღვრული იყო ხუთდღიანი სამუშაო კვირა: ხელშეკრულებით სამუშაო საათები მითითებული არ არის.
საბავშვო ბაღში დასაქმებულ პირებს, შინაგანაწესის თანახმად, ეძლევათ შესვენების დრო – .. წუთი, რომელიც თანამშრომელს შეუძლია გამოიყენოს თავისი შეხედულებისამებრ ისე, რომ ხელი არ შეუშალოს სააღმზრდელო პროცესს. დირექტორის ბრძანებით, შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა პირისათვის შესვენების განსხვავებული დრო. საბავშვო ბაღში დასაქმებულ პირს, უფლება არა აქვს, შესვენების დროის განმავლობაში დატოვოს სამუშაო ადგილი, ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 ნოემბრის №280/ნ ბრძანებით დამტკიცებული 2013 წლის სექტემბერ-დეკემბრის თვეებში მოქმედი „კვების ორგანიზაცია ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში“ სანიტარული წესებითა და ნორმებით, რომელთა თანახმად, ბავშვის კვების მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი. დღეღამური რაციონის კერძების ნაკრები უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვთა ორგანიზმის მოთხოვნილებებს ძირითად საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე, სარეკომენდაციო ასაკობრივი ნორმების გათვალისწინებით. გარდა ასაკობრივი ნორმებისა, აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს სეზონურობა, აღზრდის პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, კვების თავისებურებები და სხვ.
სკოლამდელ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს 10-დღიანი ან 2-კვირიანი პერსპექტიული მენიუ და სპეციალურად შემუშავებული კერძების კართოტეკა. პერსპექტიულ მენიუებზე დაყრდნობით, მენიუ-განრიგი უნდა შედგეს ყოველდღიურად. მასში უნდა აღინიშნოს იმ ბავშვებისა და თანამშრომლების რიცხვი, ვინც უნდა მიიღოს აღნიშნული საკვები.
ბავშვთა კვების ხარისხზე აუცილებელია, დაწესდეს ყოველდღიური კონტროლი: რომელიმე პროდუქტის არქონის შემთხვევაში, ის შეიძლება შეიცვალოს ძირითადი საკვები ნივთიერებების (ცილები და ცხიმები) იდენტური რაოდენობის შემცველი სხვა პროდუქტით, რისთვისაც აუცილებელია, პროდუქტების ურთიერთჩანაცვლების დადგენილი ცხრილით სარგებლობა. საკვების ულუფათა მოცულობა მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს. ბავშვთა კვების დღიური მენიუ აუცილებელია გამოიკრას კედელზე (მშობელთათვის).
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 10 ოქტომბერს ააიპ ს-ოს დირექტორმა გამოსცა №... ბრძანება სააგენტოში მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ. ჯგუფს დაევალა მონიტორინგის განხორციელება ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღში“ და ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღში“. დასახელებულ ბაგა-ბაღებში მონიტორინგის განხორციელება ჯგუფს დაევალა სამუშაო გეგმის (ბრძანების დანართი №1) შესაბამისად. მონიტორინგის ჯგუფს შემოწმების განხორციელება და მონიტორინგის შედეგებზე დასკვნის სააგენტოში წარდგენა დაევალა 2013 წლის 24 ოქტომბრამდე.
№.. საბავშვო ბაგა-ბაღში ჯგუფს მონიტორნგი უნდა განეხორციელებინა შემდეგი სამუშაო გეგმის მიხედვით: 1. სოციალური და სააღმზრდელო გარემო; 2. მართვა და საქმისწარმოება; 3. კვების ბლოკი და საწყობი; 4. მონიტორინგის პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა საკითხების შესწავლა.
მონიტორინგის ჯგუფს გადაწყვეტილი ჰქონდა №.. საბავშვო ბაგა-ბაღის მონიტორინგი 2013 წლის 11 ოქტომბერს (პარასკევ დღეს), მაგრამ ბაღისკენ გამგზავრების წინ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს დაურეკა სააგენტოს რაიონულმა კოორდინატორმა, რომელმაც აცნობა, რომ დირექტორი (მოსარჩელე) თ. გ-ე არ იქნებოდა ადგილზე ბავშვის ცუდად ყოფნის გამო, ამის შემდეგ, მონიტორინგის ჯგუფმა გადაწყვიტა მოცემულ ბაგა-ბაღში სხვა სამუშაო დღეს მისვლა.
2013 წლის 15 ოქტომბერს, სამშაბათ დღეს, დღის პირველ ნახევარში მონიტორინგის ჯგუფის სამი წევრი (მათ მოგვიანებით შეუერთდა ჯგუფის წვერი, კონსულტანტი ე. დ-ი) მივიდა №.. საბავშვო ბაგა-ბაღში, მონიტორინგის განსახორციელებლად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ №.. საბავშვო ბაგა-ბაღში მისულმა მონიტორინგის ჯგუფმა ვერ შეძლო სამუშაო გეგმის შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება დირექტორის, მოსარჩელე თ. გ-ის და სხვა პირების – საქმის მწარმოებლის (ბუღალტრის), ექთნის, მეთოდისტის საბავშვო ბაღში თავიანთ სამუშაო ადგილებზე არყოფნის გამო, ამასთან, იმის გამოც, რომ ვერ შემოწმდა დოკუმენტაცია, რომელზეც ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ დირექტორს. მონიტორინგის ჯგუფმა ნახა, რომ აღსაზრდელთა ელექტრონული აღრიცხვა გაკეთებული იყო. მოწმე თ. თ-ის ჩვენებით, აღრიცხვა დამლაგებელმა განახორციელა.
იმის შესახებ, რომ ბაგა-ბაღის დირექტორი თ. გ-ე ამა თუ იმ ობიექტური მიზეზით არ იმყოფებოდა სამსახურში (არ მოსულა ან იყო დროებით გასული) ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით (მისი განმარტებით, ის გასული იყო, შვებულების შესახებ განცხადების სააგენტოში მიტანის მიზნით), არ იცოდა არც საბავშვო ბაგა-ბაღის რომელიმე თანამშრომელმა (მათ შორის დირექტორის მოადგილემ, მოსარჩელემ თავად განაცხადა, რომ მას დირექტორის მოადგილისათვის არაფერი უთქვამს), არც სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა (მაგალითად, რაიონულმა კოორდინატორმა, რომელსაც ჰქონდა ინფორმაცია თ. გ-ის სამსახურში არყოფნის შესახებ, წინა სამუშაო დღეს, 2013 წლის 11 ოქტომბერს. მოწმე თ. თ-ის ჩვენებით, მნეს ინფორმაციით, დირექტორი ბაღში ჯერ კიდევ არ იყო მისული.
ბაგა-ბაღის დირექტორისათვის არ იყო ცნობილი, მისი ბაგა-ბაღში არყოფნის პერიოდში ადგილზე იქნებოდნენ თუ არა სხვა პასუხისმგებელი პირები: მან არ იცოდა, რომ იმ დღეს (სამშაბათს) სამსახურში გამოცხადდებოდა მეთოდისტი მ. დ-ე, რომელიც, როგორც წესი, მუშაობდა კვირაში ორ დღეს – ორშაბათს და ხუთშაბათს, ხოლო ექთანი მ.გ-ი აპირებდა თუ არა (გარკვეული მიზეზებით) შენობიდან გასვლას. მოსარჩელისათვის ცნობილი არ იყო, იმ დღეს სამსახურში მისი ადგილზე არ ყოფნისას ბაგა-ბაღში მოვიდოდა თუ არა საქმის მწარმოებელი (ბუღალტერი) ნ. წ-ი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულებით ევალებოდა ბაგა-ბაღში კვირაში 5 დღე ემუშავა, ასევე, სხვა დაწესებულებაში დასაქმების გამო, ბაღში კვირის გარკვეულ დღეებში ცხადდებოდა.
№.. საბავშვო ბაგა-ბაღში მისულ მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა მნე, დირექტორის მოადგილე და დამლაგებელი. მონიტორინგის ჯგუფის ადგილზე ყოფნის პერიოდში, მათ მიერ ბაგა-ბაღის ტერიტორიის დატოვებამდე თანამშრომელთა სატელეფონო ზარების საფუძველზე, სხვადასხვა დროს სამსახურში მივიდნენ საქმის მწარმოებელი (ბუღალტერი), ექთანი და მეთოდისტი.
ბაგა-ბაღის ტერიტორიიდან გასულ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს გზაზე, დაახლოებით 10-12 წუთში, შეხვდათ თ. გ-ეც.
№.. საბავშვო ბაგა-ბაღში მისული მონიტორინგის ჯგუფი, პირველად შევიდა კვების ბლოკში, სადაც მნემ მათ გადასცა იმ დღის მენიუ-ფაქტურა, რომელიც არ იყო დამტკიცებული დირექტორის მიერ. მასზე არ იყო დირექტორის ხელმოწერა და ბეჭედი. აღნიშნული მენიუ-ფაქტურა, რომლითაც გაწერილი იყო დღის მენიუ იყო მწირი (მენიუ-ფაქტურა არ მოიცავდა აუცილებელ პროდუქტებს, ასევე, იყო არაბალანსირებული (არ იყო დაცული 1-1-4-ის პრონციპი: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) და დღის დასაშვებ ნორმაზე (1000 კკალორია) მნიშვნელოვნად ნაკლები კალორიით (928,67 კკალორია).
მონიტორინგის ჯგუფმა 2013 წლის 23 ოქტომბერს შეადგინა დასკვნა №.. საბავშვო ბაგა-ბაღის შემოწმების შესახებ. დასკვნის თანახმად, ბაგა-ბაღში ვერ განხორციელდა გეგმის შესაბამისი მონიტორინგი დირექტორის და სხვა პირების ბაგა-ბაღში არყოფნის გამო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მონიტორინგის პროცესში, ჯგუფის მიერ გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:
1. მართვისა და საქმის წარმოების სფეროში გამოვლინდა, რომ „სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა დირექტორი, საქმის მწარმოებელი, ექთანი, მეთოდისტი. ზემოაღნიშნული პირები წარმოადგენენ სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაციას. მათი არყოფნა ხელისშემშლელია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულფასოვნად და უსაფრთხოდ წარმართვისათვის. ერთდროულად დირექტორის და სხვა, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში მონაწილე თანამშრომლების ბაგა-ბაღში სამუშაო საათებში არყოფნა მიუთითებს დაკისრებული მოვალეობებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას და პირდაპირ უქმნის საფრთხეს აღსაზრდელთა უსაფრთხოებას. გაიგეს რა მონიტორინგის შესახებ, აღნიშნული თანამშრომლები მოგვიანებით გამოცხადდნენ საბავშვო ბაღში, თუმცა მათ არ წარმოუდგენიათ სამუშაო საათებში სამსახურში საპატიო მიზეზით არყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები“.
2. კვების ბლოკის და საწყობის მხრივ, გამოვლინდა, რომ „დღის მენიუ-ფაქტურაზე არ იყო დირექტორის ხელმოწერა და ბეჭედი. გაწერილი მენიუ იყო მწირი, არაბალანსირებული და 1000 კალორიაზე ნაკლები“.
3. სოციალური და სააღმზრდელო გარემოს მხრივ, გამოვლინდა, რომ „ბაღის ჯგუფების შესასვლელთან არი არის გამოკრული გაწერილი დღის განრიგი მშობლებისათვის. არც სველ წერტილებშია თვალსაჩინო მითითებები, ცენტრების სიმცირეა“.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თ. გ-ე გაეცნო დასკვნას, რაც მან ხელმოწერით დაადასტურა, რა დროსაც წერილობით მიუთითა, რომ არ ეთანხმება გარკვეულ საკითხებს. დადგინდა მენიუ-ფაქტურის მინიმალურ სტანდარტებთან შეუსაბამობის არა ერთი შემთხვევა, სახელდობრ, 2013 წლის ოქტომბრის თვეში დადგინდა 11 ასეთი შემთხვევა.
2013 წლის 8 ნოემბერს მოპასუხე სააგენტოს დირექტორმა გამოსცა №... ბრძანება „თ. გ-ის თანადებობიდან გათავისუფლების შესახებ”. დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, აღნიშნული ბრძანებით თ. გ-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა 2013 წლის 8 ნოემბრიდან. ბრძანებაში მისი გამოცემის საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტსა და სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის 2013 წლის 23 ოქტომბრის დასკვნაზე.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტებით, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლით და მიუთითა, რომ ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებს სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის.
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თ. გ-ემ ჯეროვნად არ შეასრულა შრომითი ვალდებულება, ამასთან, მისმა არამართლზომიერმა ქმედებებმა განაპირობეს მოპასუხის მხრიდან მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, კერძოდ, დადგინდა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღში თანამშრომლები არ იცავდნენ შრომის დისციპლინას, სამსახურიდან გასვლას არ უთანხმებდნენ დირექტორს, ბაგა-ბაღის დირექტორიც სამსახურში თუნდაც გარკვეული პერიოდით არყოფნის (გვიან მოსვლის თუ დროებით გასვლის) შესახებ საქმის კურსში არ აყენებდა შესაბამის პირებს, მათ შორის დირექტორის მოადგილეს, რომელიც ვალდებული იყო, ასეთ დროს შეეცვალა იგი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი ვითარება საფრთხეს უქმნის აღსაზრდელთა უსაფრთხოებას, მათ ჯანსაღ და უსაფრთხო (უვნებელ) კვებას, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხარისხს, სათანადო საქმის წარმოებას, რაც ბაგა-ბაღის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს. დადგინდა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის – მენიუ-ფაქტურის შედგენის პროცედურის დარღვევა, ამასთან, გამოვლინდა ბავშვთა კვების დადგენილი ნორმების არა ერთი დარღვევა. ბაგა-ბაღის ჯგუფების შესასვლელებთან, მშობლებისათვის არ იყო გამოკრული დღის განრიგი, სველ წერტილებში არ იყო (მონიტორინგის დროს) გამოკრული თვალსაჩინო მითითებები. ვინაიდან ბაგა-ბაღის დირექტორი წარმართავს ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას, ის არის პასუხისმგებელი ამ საქმიანობის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე.
სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მეტყველებენ ბაგა-ბაღის დირექტორის მხრიდან თავისი მოვალეობების არაჯეროვან შესრულებაზე, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს საფრთხეს აღსაზრდელის, ბავშვის ჯანმრთელობისა თუ აღზრდის სწორად წარმართვისათვის.
ბავშვთა უფლებათა კონვენციის 3.3. მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის, მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რაოდენობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე, კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით. ამავე კონვენციის 26.1. მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას ცხოვრების იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე ააიპ ს-ოს ბრძანების გაუქმების, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და, შესაბამისად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. გ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატა არასწორად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ გაიზიარა აპელანტის არც ერთი არგუმენტი.
მხარის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მონიტორინგის დასკვნაში მითითებული დარღვევები იყო სისტემატური ხასიათის. ფაქტობრივად, დასკვნას საფუძვლად უდევს მხოლოდ ერთი დღის შემოწმების შედეგები და დარღვევები.
კასატორმა ჩათვალა, რომ სააპელაციო პალატამ სადავო ურთიერთობის მიმართ ისე გამოიყენა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, რომ არ გამოუკვლევია, რაში გამოიხატა მოსარჩელის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევა. აღნიშნული ნორმა გულისხმობს არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ უხეში დარღვევისას სამსახურიდან განთავისუფლების შესაძლებლობას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევა, შესაბამისად, დისციპლინური სასჯელის უკიდურესი ზომის – სამსახურიდან განთავისუფლების გამოყენება სამართლებრივად გაუმართლებელი იყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბაგა-ბაღის მართვის სტრატეგია, რომელიც დამტკიცებულია ააიპ ს-ოს მიერ, არ არის ნორმატიული ხასიათის. ამდენად, ის გარემოება, რომ ბავშვმა დღეში 1000 კილო კალორია უნდა მიიღოს არის სარეკომენდაციოა ხასიათის და სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. გარდა ამისა, დასკვნაში მითითებული კალორიების რაოდენობა მინიმალური გადახვევაა სარეკომენდაციო დოზიდან.
კასატორის განმარტებით, ბაგა-ბაღის ბიუჯეტი მწირია, თითო ბავშვზე მხოლოდ 1,5 ლარის გამოყოფა ხერხდება და შესაძლოა, ერთ დღეს ბავშვს მიეღო 1000 კილო კალორიაზე ნაკლები, ხოლო მეორე დღეს – მეტი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასკვნა ეყრდნობა ერთი დღის მონაცემებს და ბაგა-ბაღში ბავშვების მდგომარეობა და პირობები სრულფასოვნად შესწავლილი არ არის. რაც შეეხება დირექტორის ხელმოწერას, არსაიდან არ დგინდება ხელმოწერის სავალდებულოდ დილით შესრულების თაობაზე, დირექტორს შეეძლო, დღის მეორე ნახევარში მოეწერა ხელი.
მხარემ მიიჩნია, რომ ასევე სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს დღის განრიგის გამოკვრა და სველ წერტილებში თვალსაჩინო მითითებების განთავსება.
კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დირექტორის არყოფნამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბაგა-ბაღის საქმიანობასა და სასწავლო პროცესზე. გარკვეულ პირთა სამსახურში არყოფნის ფაქტი დირექტორის გათავისუფლების წინაპირობა არ უნდა გამხდარიყო. ამასთან, დირექტორს არ დასცალდა თანამშრომლების მიერ სამუშაოს გაცდენაზე რეაგირება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით თ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 9 ივლისს თ. გ-ე დაინიშნა ააიპ №.. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორად. საბავშვო ბაგა-ბაღში დირექტორს უშუალოდ ექვემდებარებოდნენ ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე, მეთოდისტი (საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი), ექთანი (ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი), საქმის მწარმოებელი (ბუღალტერი) და მნე (სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი).
თ. გ-ის, როგორც №.. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის, უფლებამოსილებას წარმოადგენდა: საბავშვო ბაგა-ბაღის მართვა; ბაღის წარმოდგენა მესამე პირებთან ურთიერთობაში; აღნიშნული დაწესებულების საერთო საქმიანობის წარმართვა. ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ბაგა-ბაღის დირექტორს. იგი პასუხისმგებელი იყო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ბაგა-ბაღის მართვის სტრატეგიის განხორციელებაზე, ამავე სააგენტოს მიერ რეკომენდებული მეთოდოლოგიის დანერგვაზე. მასვე ევალებოდა, შეექმნა შესაბამისი პირობები ბავშვის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და განვითარებისათვის და მონიტორინგი გაეწია მისი განხორციელებისათვის. იგი ვალდებული იყო, დაეცვა აღსაზრდელის ყველა ის უფლება, რაც მას ბავშვის უფლებათა კონვენციით აქვს მინიჭებული. თ. გ-ის, როგორც ბაღის დირექტორის მოვალეობას შეადგენდა თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებაზე კონტროლი, ასევე, თანამშრომელთა შორის საქმიანი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაღრმავებისადმი ხელშეწყობა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ №.. საბავშვო ბაგა-ბაღში მეთოდისტის (საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორის) თანამდებობაზე დასაქმებული იყო მ. დ-ე. შრომითი ხელშეკრულებით, მის სამუშაო დროდ განსაზღვრული იყო კვირაში ორი სამუშაო დღე – ორშაბათი და ხუთშაბათი, 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე. ექთნის (ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის) თანამდებობაზე დასაქმებული იყო მ. გ-ი. შრომითი ხელშეკრულებით, მის სამუშაო დროდ განსაზღვრული იყო ხუთდღიანი სამუშაო კვირა, 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. საქმის მწარმოებლის (ბუღალტრის) თანამდებობაზე დასაქმებული იყო ნ. წ-ი. შრომითი ხელშეკრულებით, მის სამუშაო დროდ განსაზღვრული იყო ხუთდღიანი სამუშაო კვირა: ხელშეკრულებით სამუშაო საათები მითითებული არ არის.
საბავშვო ბაღში დასაქმებულ პირებს, შინაგანაწესის თანახმად, ეძლევათ შესვენების დრო – 45 წუთი, რომელიც თანამშრომელს შეუძლია გამოიყენოს თავისი შეხედულებისამებრ ისე, რომ ხელი არ შეუშალოს სააღმზრდელო პროცესს. დირექტორის ბრძანებით, შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა პირისათვის შესვენების განსხვავებული დრო. საბავშვო ბაღში დასაქმებულ პირს, უფლება არა აქვს, შესვენების დროის განმავლობაში დატოვოს სამუშაო ადგილი, ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 ნოემბრის №280/ნ ბრძანებით დამტკიცებული 2013 წლის სექტემბერ-დეკემბრის თვეებში მოქმედი „კვების ორგანიზაცია ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში“ სანიტარული წესებითა და ნორმებით, რომელთა თანახმად, ბავშვის კვების მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი. დღეღამური რაციონის კერძების ნაკრები უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვთა ორგანიზმის მოთხოვნილებებს ძირითად საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე, სარეკომენდაციო ასაკობრივი ნორმების გათვალისწინებით. გარდა ასაკობრივი ნორმებისა, აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს სეზონურობა, აღზრდის პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, კვების თავისებურებები და სხვ.
სკოლამდელ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს 10-დღიანი ან 2-კვირიანი პერსპექტიული მენიუ და სპეციალურად შემუშავებული კერძების კართოტეკა. პერსპექტიულ მენიუებზე დაყრდნობით, მენიუ-განრიგი უნდა შედგეს ყოველდღიურად. მასში უნდა აღინიშნოს იმ ბავშვებისა და თანამშრომლების რიცხვი, ვინც უნდა მიიღოს აღნიშნული საკვები.
ბავშვთა კვების ხარისხზე აუცილებელია, დაწესდეს ყოველდღიური კონტროლი: რომელიმე პროდუქტის არქონის შემთხვევაში, ის შეიძლება შეიცვალოს ძირითადი საკვები ნივთიერებების (ცილები და ცხიმები) იდენტური რაოდენობის შემცველი სხვა პროდუქტით, რისთვისაც აუცილებელია, პროდუქტების ურთიერთჩანაცვლების დადგენილი ცხრილით სარგებლობა. საკვების ულუფათა მოცულობა მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს. ბავშვთა კვების დღიური მენიუ აუცილებელია გამოიკრას კედელზე (მშობელთათვის).
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 10 ოქტომბერს ააიპ ს-ოს დირექტორმა გამოსცა №... ბრძანება სააგენტოში მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ. ჯგუფს დაევალა მონიტორინგის განხორციელება ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღში“ და ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღში“. დასახელებულ ბაგა-ბაღებში მონიტორინგის განხორციელება ჯგუფს დაევალა სამუშაო გეგმის (ბრძანების დანართი №1) შესაბამისად. მონიტორინგის ჯგუფს შემოწმების განხორციელება და მონიტორინგის შედეგებზე დასკვნის სააგენტოში წარდგენა დაევალა 2013 წლის 24 ოქტომბრამდე.
№.. საბავშვო ბაგა-ბაღში ჯგუფს მონიტორნგი უნდა განეხორციელებინა შემდეგი სამუშაო გეგმის მიხედვით: 1. სოციალური და სააღმზრდელო გარემო; 2. მართვა და საქმისწარმოება; 3. კვების ბლოკი და საწყობი; 4. მონიტორინგის პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა საკითხების შესწავლა.
მონიტორინგის ჯგუფს გადაწყვეტილი ჰქონდა №.. საბავშვო ბაგა-ბაღის მონიტორინგი 2013 წლის 11 ოქტომბერს (პარასკევ დღეს), მაგრამ ბაღისკენ გამგზავრების წინ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს დაურეკა სააგენტოს რაიონულმა კოორდინატორმა, რომელმაც აცნობა, რომ დირექტორი (მოსარჩელე) თ. გ-ე არ იქნებოდა ადგილზე ბავშვის ცუდად ყოფნის გამო, ამის შემდეგ, მონიტორინგის ჯგუფმა გადაწყვიტა მოცემულ ბაგა-ბაღში სხვა სამუშაო დღეს მისვლა.
2013 წლის 15 ოქტომბერს, სამშაბათ დღეს, დღის პირველ ნახევარში მონიტორინგის ჯგუფის სამი წევრი (მათ მოგვიანებით შეუერთდა ჯგუფის წვერი, კონსულტანტი ე. დ-ი) მივიდა №.. საბავშვო ბაგა-ბაღში, მონიტორინგის განსახორციელებლად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ №.. საბავშვო ბაგა-ბაღში მისულმა მონიტორინგის ჯგუფმა ვერ შეძლო სამუშაო გეგმის შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება დირექტორის, მოსარჩელე თ. გ-ისა და სხვა პირების – საქმის მწარმოებლის (ბუღალტრის), ექთნის, მეთოდისტის საბავშვო ბაღში თავიანთ სამუშაო ადგილებზე არყოფნის გამო, ამასთან, იმის გამოც, რომ ვერ შემოწმდა დოკუმენტაცია, რომელზეც ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ დირექტორს. მონიტორინგის ჯგუფმა ნახა, რომ აღსაზრდელთა ელექტრონული აღრიცხვა გაკეთებული იყო. მოწმე თ. თ-ის ჩვენებით, აღრიცხვა დამლაგებელმა განახორციელა.
იმის შესახებ, რომ ბაგა-ბაღის დირექტორი თ. გ-ე ამა თუ იმ ობიექტური მიზეზით არ იმყოფებოდა სამსახურში (არ მოსულა ან იყო დროებით გასული) ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით (მისი განმარტებით, ის გასული იყო, შვებულების შესახებ განცხადების სააგენტოში მიტანის მიზნით), არ იცოდა არც საბავშვო ბაგა-ბაღის რომელიმე თანამშრომელმა (მათ შორის დირექტორის მოადგილემ, მოსარჩელემ თავად განაცხადა, რომ მას დირექტორის მოადგილისათვის არაფერი უთქვამს), არც სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა (მაგალითად, რაიონულმა კოორდინატორმა, რომელსაც ჰქონდა ინფორმაცია თ. გ-ის სამსახურში არყოფნის შესახებ, წინა სამუშაო დღეს, 2013 წლის 11 ოქტომბერს. მოწმე თ. თ-ის ჩვენებით, მნეს ინფორმაციით, დირექტორი ბაღში ჯერ კიდევ არ იყო მისული.
ბაგა-ბაღის დირექტორისათვის არ იყო ცნობილი, მისი ბაგა-ბაღში არყოფნის პერიოდში ადგილზე იქნებოდნენ თუ არა სხვა პასუხისმგებელი პირები: მან არ იცოდა, რომ იმ დღეს (სამშაბათს) სამსახურში გამოცხადდებოდა მეთოდისტი მ. დ-ე, რომელიც, როგორც წესი, მუშაობდა კვირაში ორ დღეს – ორშაბათს და ხუთშაბათს, ხოლო ექთანი მ.გ-ი აპირებდა თუ არა (გარკვეული მიზეზებით) შენობიდან გასვლას. მოსარჩელისათვის ცნობილი არ იყო, იმ დღეს სამსახურში მისი ადგილზე არ ყოფნისას ბაგა-ბაღში მოვიდოდა თუ არა საქმის მწარმოებელი (ბუღალტერი) ნ. წ-ი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულებით ევალებოდა ბაგა-ბაღში კვირაში 5 დღე ემუშავა, ასევე, სხვა დაწესებულებაში დასაქმების გამო, ბაღში კვირის გარკვეულ დღეებში ცხადდებოდა.
№.. საბავშვო ბაგა-ბაღში მისულ მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა მნე, დირექტორის მოადგილე და დამლაგებელი. მონიტორინგის ჯგუფის ადგილზე ყოფნის პერიოდში, მათ მიერ ბაგა-ბაღის ტერიტორიის დატოვებამდე თანამშრომელთა სატელეფონო ზარების საფუძველზე, სხვადასხვა დროს სამსახურში მივიდნენ საქმის მწარმოებელი (ბუღალტერი), ექთანი და მეთოდისტი.
ბაგა-ბაღის ტერიტორიიდან გასულ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს გზაზე, დაახლოებით 10-12 წუთში, შეხვდათ თ. გ-ეც.
№.. საბავშვო ბაგა-ბაღში მისული მონიტორინგის ჯგუფი, პირველად შევიდა კვების ბლოკში, სადაც მნემ მათ გადასცა იმ დღის მენიუ-ფაქტურა, რომელიც არ იყო დამტკიცებული დირექტორის მიერ. მასზე არ იყო დირექტორის ხელმოწერა და ბეჭედი. აღნიშნული მენიუ-ფაქტურა, რომლითაც გაწერილი იყო დღის მენიუ იყო მწირი (მენიუ-ფაქტურა არ მოიცავდა აუცილებელ პროდუქტებს, ასევე, იყო არაბალანსირებული (არ იყო დაცული 1-1-4-ის პრონციპი: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) და დღის დასაშვებ ნორმაზე (1000 კკალორია) მნიშვნელოვნად ნაკლები კალორიით (928,67 კკალორია).
მონიტორინგის ჯგუფმა 2013 წლის 23 ოქტომბერს შეადგინა დასკვნა №.. საბავშვო ბაგა-ბაღის შემოწმების შესახებ. დასკვნის თანახმად, ბაგა-ბაღში ვერ განხორციელდა გეგმის შესაბამისი მონიტორინგი დირექტორის და სხვა პირების ბაგა-ბაღში არყოფნის გამო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მონიტორინგის პროცესში, ჯგუფის მიერ გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:
1. მართვისა და საქმის წარმოების სფეროში გამოვლინდა, რომ „სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა დირექტორი, საქმის მწარმოებელი, ექთანი, მეთოდისტი. ზემოაღნიშნული პირები წარმოადგენენ სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაციას. მათი არყოფნა ხელისშემშლელია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულფასოვნად და უსაფრთხოდ წარმართვისათვის. ერთდროულად დირექტორის და სხვა, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში მონაწილე თანამშრომლების ბაგა-ბაღში სამუშაო საათებში არყოფნა მიუთითებს დაკისრებული მოვალეობებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას და პირდაპირ უქმნის საფრთხეს აღსაზრდელთა უსაფრთხოებას. გაიგეს რა მონიტორინგის შესახებ, აღნიშნული თანამშრომლები მოგვიანებით გამოცხადდნენ საბავშვო ბაღში, თუმცა მათ არ წარმოუდგენიათ სამუშაო საათებში სამსახურში საპატიო მიზეზით არყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები“.
2. კვების ბლოკის და საწყობის მხრივ, გამოვლინდა, რომ „დღის მენიუ-ფაქტურაზე არ იყო დირექტორის ხელმოწერა და ბეჭედი. გაწერილი მენიუ იყო მწირი, არაბალანსირებული და 1000 კალორიაზე ნაკლები“.
3. სოციალური და სააღმზრდელო გარემოს მხრივ, გამოვლინდა, რომ „ბაღის ჯგუფების შესასვლელთან არი არის გამოკრული გაწერილი დღის განრიგი მშობლებისათვის. არც სველ წერტილებშია თვალსაჩინო მითითებები, ცენტრების სიმცირეა“.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თ. გ-ე გაეცნო დასკვნას, რაც მან ხელმოწერით დაადასტურა, რა დროსაც წერილობით მიუთითა, რომ არ ეთანხმება გარკვეულ საკითხებს. დადგინდა მენიუ-ფაქტურის მინიმალურ სტანდარტებთან შეუსაბამობის არა ერთი შემთხვევა, სახელდობრ, 2013 წლის ოქტომბრის თვეში დადგინდა 11 ასეთი შემთხვევა.
2013 წლის 8 ნოემბერს მოპასუხე სააგენტოს დირექტორმა გამოსცა №... ბრძანება „თ. გ-ის თანადებობიდან გათავისუფლების შესახებ”. დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, აღნიშნული ბრძანებით თ. გ-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა 2013 წლის 8 ნოემბრიდან. ბრძანებაში მისი გამოცემის საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტსა და სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის 2013 წლის 23 ოქტომბრის დასკვნაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემულ საქმეზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ თ. გ-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი. მ-ის მიერ 2014 წლის 12 დეკემბერს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ თ. გ-ეს (პირადი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი. მ-ის მიერ 2014 წლის 12 დეკემბერს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური