Facebook Twitter

საქმე №ას-1296-1234-2014 11 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ხ-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი - მ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ფ. ა-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა, იპოთეკარის ვადისგადამცილებლად ცნობა და საცხოვრებელ სახლზე იპოთეკის მოხსნა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ნ. ხ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე, სამოქალაქო საქმეზე - ნ. და თ. ხ-ბის სარჩელის გამო, ფ. ა-ის მიმართ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობის, იპოთეკარის ვადისგადამცილებლად ცნობისა და საცხოვრებელ სახლზე იპოთეკის მოხსნის თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ნ. ხ-ეს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც დაევალა, 05 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით, 145 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არა უმცირეს 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 05 დღით გაუგრძელდა ნ. ხ-ეს მისი წარმომადგენლის - მ. გ-ის შუამდგომლობის საფუძველზე (იხ., რწმუნებულება თ. ხ-ზე გადანდობის უფლებით ტ.1. ს.ფ. 55; რწმუნებულება მ. გ-ეზე ტ.2. ს.ფ. 260). აღნიშნული განჩინება სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ნ. ხ-ის წარმომადგენელს - მ. გ-ეს 2015 წლის 28 იანვარს, მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (......), რაც დასტურდება ტელეფონით შეტყობინების შესახებ აქტით (იხ., სატელეფონო შეტყობინების აქტი - ტ.2. ს.ფ. 280). აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად მიიჩნევა განჩინების კასატორისათვის ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოთმოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართალურთიერთობის მონაწილე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას განჩინებით დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს დავალებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 05-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2015 წლის 29 იანვარს და ამოიწურა 2015 წლის 02 თებერვალს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ხ-ეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ ობიექტური გარემოება, რომელიც კასატორისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსებას საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა, მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი