¹ ბს-816-402(კ-05) 18 ოქტომბერი, 2005წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: დავალიანების თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “.. ..-ს” დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე კონტროლის პალატის მიმართ და მოითხოვა კონტროლის პალატისთვის დავალიანების _ 10534 ლარის, სახელმწიფო ბაჟის _ 260 ლარის და ადვოკატის ჰონორარის _ 200 ლარის, სულ 10994 ლარის დაკისრება.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ 26.12.2000 წ. შპს “.. ..-ს” და კონტროლის პალატას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ, როგორც დამკვეთმა შეუკვეთა მოსარჩელეს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე და შპს “.. ..-ს” დირექტორი. ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში მოსარჩელის მიერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და შემკვეთს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში გადაეცა 9950 ლარის ღირებულების კარ-ფანჯრა, რაზეც შედგა ¹1 აქტი. იმავე მხარეებს შორის 18.01.01წ. გაფორმდა მეორე ხელშეკრულება კარ-ფანჯრების დამზადებაზე. 2001წ. თებერვალში მიღება-ჩაბარების ¹2 აქტით მოპასუხეს გადაეცა 8880 ლარის ღირებულების შეკვეთილი პროდუქცია. ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კარ-ფანჯრების ღირებულების გადასახდელად მოპასუხეს წარედგინა ანგარიშ-ფაქტურა, რის საფუძველზეც მოპასუხემ ნებაყოფლობით ჩარიცხა 7896 ლარი, გადასახდელი დარჩა 10534 ლარი. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა მოპასუხე არ რიცხავდა დავალიენების თანხას, რასაც ამართლებდა შესაბამისი თანხების უქონლობით. 16.11.02წ. შედარების აქტით და 18.08.04წ. წერილით მოპასუხემ აღიარა 10534 ლარის დავალიანება და მოსარჩელეს დაპირდა, რომ შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში პირველ რიგში იქნებოდა დაფარული მათი დავალიანება. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და არ დაფარა არსებული დავალიანება.
მოპასუხე კონტროლის პალატამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ 10534 ლარის გადაუხდელობა გამოუწვეული იყო დაუფინანსებლობით.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 03.12.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კონტროლის პალატას დაეკისრა შპს “.. ..-ს” სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10534 ლარის გადახდა.
03.12.04წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა კონტროლის პალატის მიერ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ფინანსთა სამინისტროსთვის არსებული დავალიანების ანაზღაურების დაკისრება. თბილისის საოლქო სასამართლოს 13.05.05წ. გადაწყვეტილებით კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 03.12.04წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელე შპს “.. ..-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, კონტროლის პალატას მის სასარგებლოდ დაეკისრა 10534 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია რომ კონტროლის პალატას გააჩნია შპს “.. ..-ს” მიმართ დავალიანება, რასაც აპელანტი არ უარყოფს. აღნიშნული დავალიანება აღიარებულია მოპასუხის მიერ შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება დავალიანების ფინანსთა სამინისტროსათვის გადახდის დაკისრების თაობაზე. პალატამ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენს ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, რის გამოც იგი ვერ აგებს პასუხს ხელშეკრულების მონაწილის კონტროლის პალატის ნაცვლად.
სააპელაციო პალატის განმარტებით სკ-ის 629-ე მუხლის თანახმად არსებული ხელშეკრულება წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას, შესაბამისად სკ-ის 648-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ მართებულად მიიჩნია კონტროლის პალატისთვის ძირითადი დავალიანების 10534 ლარის დაკისრება.
სააპელაციო პალატის 13.05.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კონტროლის პალატამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ფინანსთა სამინისტროსთვის დავალიანების თანხის დაკისრება. კასატორმა აღნიშნა, რომ “საბიუჯეტო სისტემის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის თანახმად, კონტროლის პალატა ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებით და მას დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია. დავალიანების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 1998-1999 წლებში კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულად დაუფინანსებლობა. ამასთან, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოვალეს საბიუჯეტო ორგანიზაციასთან ერთად წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ის 648-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია შპს “.. ..-ს” სარჩელის დაკმაყოფილება დავალიანების თანხის 10534 ლარის ანაზღაურების ნაწილში. შპს “.. ..-სთვის” დავალიანების ანაზღაურების საჭიროებას კასატორიც აღიარებს, დავალიანება კასატორის მიერ აღიარებულია კონტროლის პალატის 18.08.04წ. ¹62/17 წერილით, 15.11.02წ. შედარების აქტით და ზეპირი განცხადებით. საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის შპს “.. ..-ს” მიმართ არსებული დავალიანების ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრებას. ის გარემოება, რომ კონტროლის პალატა არის საბიუჯეტო ორგანიზაცია და “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის თანახმად ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებიდან არ წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროსათვის სკ-ის 464-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. სკ-ის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზე არ არის მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, შპს “.. ..-” სახელშეკრულებო ვალდებულებაში იმყოფებოდა კონტროლის პალატასთან და არა ფინანსთა სამინისტროსთან, ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშობა ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ სუბიექტებს შორის, შპს “.. ..-ს” არ გააჩნია მოთხოვნის უფლება ფინანსთა სამინისტროსადმი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონტროლის პალატის დაფინანსება, ფინანსთა სამინისტროს (ისევე როგორც კონტროლის პალატის) უფლებამოსილებანი საბიუჯეტო პროცესის მიმართ თავისთავად არ ქმნის შპს “.. ..-ს” წინაშე ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულ ვალდებულებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობის სათანადო შესრულების საკითხები განეკუთვნებიან საჯარო და არა კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებს. სუბიექტთა სოლიდარული ვალდებულება უმეტესად დამახასიათებელია სამოქალაქო ბრუნვისათვის, როდესაც ურთიერთობის ერთ მხარეზეა რამდენიმე მოვალე, ხოლო მეორე მხარეს _ კრედიტორი. კონტროლის პალატა და ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენენ სახელმწიფოს, რომელიც სსკ 24-ე მუხლის მიხედვით ურთიერთობაში გამოდის მისი ორგანოების მეშვეობით. ამდენად, ადგილი არ აქვს სოლიდარული პასუხისმგებლობისათვის სავალდებულო მოვალეთა სიმრავლეს ვალდებულებაში. აღნიშნულს არ ცვლის ის გარემოება, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე მოვალეს _ სახელმწიფო დაწესებულებას და ფინანსთა სამინისტროს უგზავნის წინადადებას აღსრულების ფონდის სახსრებით გადაწყვეტილების ნაბაყოფლობითი აღსრულების შესახებ. “სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ” კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების წესსა და პირობებს. აღნიშნული მუხლი ქმნის ფინანსთა სამინისტროს სააღსრულებო წარმოების და არა უშუალოდ სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ მიჩნევის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა სსკ 46.2 მუხლის, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ლ”, “უ” ქვეპუნქტების “კონტროლის პალატის შესახებ” კანონის მე-80 მუხლის საფუძველზე თვლის, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 13.05.05წ. გადაწყვეტილება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.