Facebook Twitter

საქმე №ას-1310-1249-2014 6 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. ჩ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ. დ. უ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა, პარტნიორად აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ჩ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ. დ. უ-ის“ მიმართ კრების ოქმის ბათილად ცნობისა და პარტნიორად აღდგენის შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 1992 წლის ოქტომბერში ბათუმის აგროეკონომიკური კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს ბ. უ. მ. კ-ი, რომლის წესდებაც დამტკიცდა აჭარის მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლობაში 1992 წლის 2 ოქტომბერს. საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო მოსარჩელე გ. ჩ-ე.

მხარემ მიუთითა, რომ 1994 წლის 29 აგვისტოს შპს ბ. დ. ი. მ. კ-ის დამფუძნებელთა საბჭოს №.. სხდომის ოქმის საფუძველზე გ. ჩ-ე, უნივერსიტეტის წესდების 3.14 მუხლის თანახმად, უკანონოდ გაირიცხა დამფუძნებელთა საბჭოს წევრობიდან. საბჭოს მოსარჩელის გარიცხვის არანაირი საფუძველი არ გააჩნდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო კრების ოქმი შედგენილ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. თავის დროზე მოსარჩელეს ეცნობა კრების დრის წესრიგიც. ამდენად, სარჩელი დაუსაბუთებელია. ამავდროულად მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული 5-წლიანი ვადის შესაბამისად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1992 წლის ოქტომბერში ბათუმის აგროეკონომიკური კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს ბ. უ. „მ. კ-ი“. ამ საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო გ. ჩ-ე.

1994 წლის 29 აგვისტოს შპს ბ. დ. უ-ი „მ. კ-ის“ დამფუძნებელთა საბჭოს №.. სხდომის ოქმის საფუძველზე გ. ჩ-ე გაირიცხა დამფუძნებელთა საბჭოს წევრობიდან.

1996 წლის 12 ივნისს ა. ტ-ემ, რ. ქ-ემ, ბ. ბ-ემ, ჯ. გ-ემ, დ. ბ-ემ და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა ცენტრმა „მ-ამ“ დააფუძნა შპს ბ. დ. უ. „მ. კ-ი“. ეს საწარმო რეგისტრაციაში გატარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 1 ივლისის დადგენილებით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ გ. ჩ-ის სარჩელი იყო უსაფუძვლო.

სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ „მეწარმეთა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის №578-1ს დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები, ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ექვემდებარებოდნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 21 დეკემბრის №80-1ს დადგენილებით ეს ვადა გაგრძელდა 1996 წლის 1 სექტემბრამდე, თუმცა შპს ბ. უ. „მ. კ-ს“ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დადგენილებების შესაბამისად ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დაადგინა, რომ, აღნიშნულის ნაცვლად, საწარმოს დამფუძნებელთა ნაწილმა შექმნა პრაქტიკულად იმავე სახელწოდების ახალი საწარმო. ამ საწარმოს პარტნიორი აპელანტი არასდროს ყოფილა და არარსებულ უფლებებში მისი აღდგენა შეუძლებელია.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელახალი რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ შპს ბ. უ. „მ. კ-ი“ ჩაითვალა ლიკვიდირებულად და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, 1996 წლის 1 სექტემბრის შემდეგ მისი უფლებაუნარიანობა შეწყდა. მართალია, ეს არ ნიშნავს, რომ მისი პარტნიორები პასუხს არ აგებენ ყოფილი საწარმოს საქმიანობიდან გამომდინარე ვალდებულებებისათვის, მაგრამ მოპასუხე შპს ბ. დ. უ-ი შპს ბ. უ. „მ. კ-ის“ პარტნიორი არასდროს ყოფილა. მეტიც, იგი დაფუძნდა 1994 წლის 29 აგვისტოს კრების ჩატარებიდან ორი წლის შემდეგ და, შესაბამისად, ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებებისათვის პასუხს ვერ აგებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. ჩ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, მიუთითა, რომ გ. ჩ-ეს ჰქონდა დარღვევები უნივერსიტეტის მიმართ, იგი გაფრთხილებული იყო და არ გამოცხადდა საბჭოს სადავო სხდომაზე. ფაქტობრივად, არავითარი დარღვევა გ. ჩ-ეს უნივერსიტეტის წინაშე არ გააჩნდა და აღნიშნული არც ოქმში, არც მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებებით დასაბუთებული არ არის. საბჭოს არ ჰქონდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი გ. ჩ-ის გარიცხვისა, აღნიშნული კრების შესახებ გ. ჩ-ისათვის არავის უცნობებია, ვინაიდან კრება არ ჩატარებულა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1996 წლის 12 ივნისს შეიქმნა შპს ბ. დ. უ-ი „მ. კ-ი“ მაშინ, როცა რეალურად ახალი სამეწარმეო საზოგადოების არ ჩამოყალიბებულა და განხორციელდა არსებული ორგანიზაციის ხელახალი რეგისტრაცია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

მხარის მითითებით, სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ 2011 წლამდე გ. ჩ-ე შპს ბ. დ. უ-იდან იღებდა ხელფასს, როგორც საზოგადოების მრჩეველთა საბჭოს წევრი. სინამდვილეში კასატორი რაიმე სამუშაოს საზოგადოებაში არ ასრულებდა. ის იყო საზოგადოების დამფუძნებელი და საზოგადოება მას უხდიდა დივიდენდს. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კასატორმა ხელი მოაწერა რომელიმე სახელფასო უწყებას.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ გ. ჩ-ემ სადავოდ გახადა გარიცხვის შესახებ ოქმი, მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და პარტნიორად აღდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1992 წლის ოქტომბერში ბათუმის აგროეკონომიკური კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს ბ. უ. „მ. კ-ი“. ამ საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო გ. ჩ-ე.

1994 წლის 29 აგვისტოს შპს ბ. დ. უ-ი „მ. კ-ის“ დამფუძნებელთა საბჭოს №.. სხდომის ოქმის საფუძველზე გ. ჩ-ე გაირიცხა დამფუძნებელთა საბჭოს წევრობიდან.

1996 წლის 12 ივნისს ა. ტ-ემ, რ. ქ-ემ, ბ. ბ-ემ, ჯ. გ-ემ, დ. ბ-ემ და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ს. ც. „მ-ამ“ დააფუძნა შპს ბ. დ. უ-ი „მ. კ-ი“. ეს საწარმო რეგისტრაციაში გატარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 1 ივლისის დადგენილებით.

„მეწარმეთა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის №578-1ს დადგენილების მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 21 დეკემბრის №80-1ს დადგენილების შესაბამისად, შპს ბ. უ. „მ. კ-ს“ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დადგენილებების შესაბამისად ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია. აღნიშნულის ნაცვლად, საწარმოს დამფუძნებელთა ნაწილმა შექმნა პრაქტიკულად იმავე სახელწოდების ახალი საწარმო. ამ საწარმოს პარტნიორი აპელანტი არასდროს ყოფილა და არარსებულ უფლებებში მისი აღდგენა შეუძლებელია.

სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ ხელახალი რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ შპს ბ. უ. „მ. კ-ი“ ჩაითვალა ლიკვიდირებულად და სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, 1996 წლის 1 სექტემბრის შემდეგ მისი უფლებაუნარიანობა შეწყდა. მოპასუხე შპს ბ. დ. უ-ი შპს ბ. უ. „მ. კ-ის“ პარტნიორი არასდროს ყოფილა. მეტიც, იგი დაფუძნდა 1994 წლის 29 აგვისტოს კრების ჩატარებიდან ორი წლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 2012 წლის 28 თებერვლის №ას-1791-1768-2011 განჩინება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ გ. ჩ-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 10 დეკემბერს №5293813 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ გ. ჩ-ეს (პირადი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 10 დეკემბერს №5293813 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური