Facebook Twitter

საქმე №ას-1314-1252-2014 11 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ჯ. ჩ-ი, ლ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ჩ-მა და ლ. მ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ს-ის“ მიმართ დავალიანების – 209700 აშშ დოლარისა და ზიანის – 180 000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, ჯ. ჩ-ი და ლ. მ-ე წარმოადგენდნენ შპს „ჩ-ი-ის“ საწესდებო კაპიტალის 50-50%-იანი წილის მფლობელებს.

2010 წლის 22 ოქტომბერს მოსარჩელეებსა და მოპასუხე შპს „ს-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება შპს „ჩ-ი-ის“ საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ, რომლის თანახმად შპს „ს-ს“ გადაეცა ყველა უფლება შპს „ჩ-ი-ის“ კუთვნილ უძრავ-მოძრავ ნივთებზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისთვის შპს „ს-ის“ დირექტორი და 70%-იანი წილის მფლობელი იყო შ. შ-ი, 15%-იანი წილის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი – ნ. კ-ი, ხოლო 15%-იანი წილის მფლობელი ა. მ-ი წარმოადგენდა შპს „ს-ს“ 2010 წლის 22 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას.

ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 699 000 აშშ დოლარით. მოსარჩელეთა განმარტებით, შპს „ს-ს“ ნასყიდობის ფასი 2010 წლის 5 ნოემბრამდე სრულად უნდა გადაეხადა, თუმცა დაფარა მხოლოდ 489 300 აშშ დოლარი. ამჟამად, შპს „ჩ-ი-ის“ 100%-იანი წილის მფლობელია შპს „ს-ი“.

შპს „ს-მა“ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელეებს ნასყიდობის საფასური – 699 000 აშშ დოლარი სრულად არ გადაუხადა, რის გამოც ჯ. ჩ-მა და ლ. მ-ემ ვეღარ გააგრძელეს და განავითარეს თავიანთი ბიზნესსაქმიანობა ნავთობის სფროში. აღნიშნულით მოსარჩელეებს მიადგათ მატერიალური ზიანი – 180 000 აშშ დოლარი მიუღებელი შემოსავლის სახით. მოსარჩელეთა განმარტებით, მათ წელიწადში ბიზნესსაქმიანობით უნდა მიეღოთ 60 000 აშშ დოლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებმა სრულად მიიღეს 2010 წლის 22 ოქტომბრის შპს „ჩ-ი-ის“ საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასი – 699 000 აშშ დოლარი, საიდანაც, საფასურის ნაწილში – 489399 აშშ დოლარის ოდენობით მოსარჩელეებს გადაურიცხა შპს „ს-ის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა შ. შ-მა, ხოლო დარჩენილი 209 700 აშშ დოლარი მოსარჩელეებს ნაღდი ანგარიშსწორების სახით გადასცეს შპს „ს-ის“ დამფუძნებლებმა – ნ. კ-მა და ა. მ-მა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ჩ-ისა და ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ჯ. ჩ-ისა და ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავოა მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. აპელანტების (მოსარჩელეთა) მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტს და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას – უძრავი ქონების მყიდველისათვის გადაცემას. ვინაიდან დასახელებული გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას, მოსარჩელეებს მხოლოდ ამ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება (სსკ-ის 102-ე მუხლი), რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხის მიერ შესრულების ფაქტს, მისი მტკიცება უნდა განახორციელოს მოპასუხე მხარემ, რადგანაც სწორედ ამ გარემოებას ეფუძნება მისი შესაგებელი და შესაბამისი მოთხოვნა – არ დაკმაყოფილდეს სარჩელი.

სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2010 წლის 22 ოქტომბრიდან, ერთი მხრივ, ჯ. ჩ-სა და ლ. მ-ეს, როგორც „გამყიდველებსა“ და მეორე მხრივ, შპს „ს-ს“, როგორც „მყიდველს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ჩ-ი-ის“ საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ. ამ ხელშეკრულებით გამყიდველებმა მყიდველს გადასცეს შპს „ჩ-ი-ის“ საწესდებო კაპიტალში მათი კუთვნილი წილები (50-50%), ხოლო მყიდველმა კი, მთლიანობაში იყიდა აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილი. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 699 000 აშშ დოლარით, რაც ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის საბაზრო კურსით შეადგენდა 1 185 000 ლარს. ხელშეკრულებით მყიდველმა იკისრა ვალდებულება, სრულად გადაეხადა ნასყიდობის ფასი 2010 წლის 5 ნოემბრამდე.

2010 წლის 22 ოქტომბერს შპს „ჩ-ი-ის“ საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მყიდველ შპს „ს-ის“ დირექტორებს წარმოადგენდნენ შ. შ-ი და ნ. კ-ი, რომლებიც ა. მ-თან ერთად ამავდროულად წარმოადგენდნენ საწარმოს დამფუძნებელ პარტნიორებს.

უდავო გარემოებაა, რომ 2010 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნასყიდობის ფასის ნაწილის, სახელდობრ 489 300 აშშ დოლარის, გამყიდველებისათვის გადახდის ვალდებულება მყიდველმა 2010 წლის 25 ოქტომბერს შეასრულა, კერძოდ, შპს „ს-ის“ დირექტორმა შ. შ-მა გამყიდველების ანგარიშზე გადარიცხა 489 300 აშშ დოლარი.

მხარეთა შორის სადავოა ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის, სახელდობრ, 209 700 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების შესრულება.

მოპასუხემ ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდისა და, შესაბამისად, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა წერილობითი დოკუმენტი, კერძოდ, 2010 წლის 25 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი, რომლის შინაარსით ირკვევა, რომ ჯ. ჩ-მა და ლ. მ-ემ სრულად მიიღეს მყიდველებისაგან შპს „ჩ-ი-ის“ საწესდებო კაპიტალში წილის 2010 წლის 22 ოქტომბრის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული 100%-იანი წილის ღირებულება – 699 000 აშშ დოლარი, საიდანაც 489 300 აშშ დოლარი ოდენობის თანხა გადაურიცხა შპს „ს-ის“ დამფუძნებელმა – შ. შ-მა, ხოლო დარჩენილი 209 700 აშშ დოლარი ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე გადასცა შპს „ს-ის“ დამფუძნებლებმა ნ. კ-მა და ა. მ-მა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთ მითითებული მტკიცებულება საკმარისია ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად. მოსარჩელეებს ამ მტკიცებულების საწინააღმდეგოდ და გასაქარწყლებლად რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, ხოლო აპელანტების მოსაზრება, რომ 2010 წლის 25 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებულ ხელწერილი არის უკანონო დოკუმენტი გაზიარებული ვერ იქნება, რადგან მისი უკანონობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მყიდველმა გამყიდველს ნასყიდობის საფასური სრულად გადაუხადა. შესაბამისად, მხარეთა შორის შეწყვეტილია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლი), რაც გამორიცხავს ჯ. ჩ-ისა და ლ. მ-ის სარჩელისა და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯ. ჩ-მა და ლ. მ-ემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე გაასაჩივრეს 2014 წლის 6 ნოემბერს მიღებული განჩინებები მტკიცებულებათა დართვის, წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვისა და მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, საქმე განიხილა საპროცესო დარღვევებით, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც მიღებული იქნა კანონსაწინააღმდეგო განჩინება. აღნიშნული კი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

კასატორის განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ შპს „ს-ის“ დირექტორს გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 489 300 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 209 700 აშშ დოლარი, რაც დღემდე არ გადაუხდია. ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო შპს „ს-ის“ დირექტორთან და თანხაც მას უნდა გადაეხადა, სხვა რამ ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული.

რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, კასატორმა მიუთითა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და იგი არ შეიძლება გამოყენებულიყო მოსარჩელეების წინააღმდეგ. ჯ. ჩ-ისა და ლ. მ-ის კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ნ. კ-ს წარდგენილი აქვს ბრალი.

კასატორის მოსაზრებით, მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 თებერვლის განჩინებით ჯ. ჩ-ისა და ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ჯ. ჩ-ისა და ლ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 22 ოქტომბრიდან, ერთი მხრივ, ჯ. ჩ-სა და ლ. მ-ეს, როგორც „გამყიდველებსა“ და მეორე მხრივ, შპს „ს-ს“, როგორც „მყიდველს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ჩ-ი-ის“ საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ. ამ ხელშეკრულებით გამყიდველებმა მყიდველს გადასცეს შპს „ჩ-ი-ის“ საწესდებო კაპიტალში მათი კუთვნილი წილები (50-50%), ხოლო მყიდველმა კი, მთლიანობაში იყიდა აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილი. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 699 000 აშშ დოლარით, რაც ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის საბაზრო კურსით შეადგენდა 1 185 000 ლარს. ხელშეკრულებით მყიდველმა იკისრა ვალდებულება, სრულად გადაეხადა ნასყიდობის ფასი 2010 წლის 5 ნოემბრამდე.

2010 წლის 22 ოქტომბერს შპს „ჩ-ი-ის“ საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მყიდველ შპს „ს-ის“ დირექტორებს წარმოადგენდნენ შ. შ-ი და ნ. კ-ი, რომლებიც ა. მ-თან ერთად ამავდროულად წარმოადგენდნენ საწარმოს დამფუძნებელ პარტნიორებს.

უდავო გარემოებაა, რომ 2010 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნასყიდობის ფასის ნაწილის, სახელდობრ 489 300 აშშ დოლარის, გამყიდველებისათვის გადახდის ვალდებულება მყიდველმა 2010 წლის 25 ოქტომბერს შეასრულა, კერძოდ, შპს „ს-ის“ დირექტორმა შ. შ-მა გამყიდველების ანგარიშზე გადარიცხა 489 300 აშშ დოლარი.

მხარეთა შორის სადავოა ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის, სახელდობრ, 209 700 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების შესრულება.

მოპასუხემ ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდისა და, შესაბამისად, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა წერილობითი დოკუმენტი, კერძოდ, 2010 წლის 25 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი, რომლის შინაარსით ირკვევა, რომ ჯ. ჩ-მა და ლ. მ-ემ სრულად მიიღეს მყიდველებისაგან შპს „ჩ-ი-ის“ საწესდებო კაპიტალში წილის 2010 წლის 22 ოქტომბრის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული 100%-იანი წილის ღირებულება – 699 000 აშშ დოლარი, საიდანაც 489 300 აშშ დოლარი ოდენობის თანხა გადაურიცხა შპს „ს-ის“ დამფუძნებელმა – შ. შ-მა, ხოლო დარჩენილი 209 700 აშშ დოლარი ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე გადასცა შპს „ს-ის“ დამფუძნებლებმა ნ. კ-მა და ა. მ-მა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულების საფუძველზე მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს – ჯ. ჩ-სა და ლ. მ-ეს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. მ-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ჩ-ისა და ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ჯ. ჩ-სა (პირადი №……..) და ლ. მ-ეს (პირადი №……..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. მ-ის მიერ 2015 წლის 2 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური