საქმე №ას-1320-1258-2014 17 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ს-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ქ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ქ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ს-ას მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქ.ფოთში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის – 4860 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2013 წლის აპრილიდან მოპასუხეს დაკავებული აქვს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 18 კვ.მ სავაჭრო ფართი. ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელე მითითებული ფართის გაქირავებით მიიღებდა შემოსავალს 4860 ლარის ოდენობით,
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას დაკავებული ჰქონდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართი მხოლოდ 28 დღის განმავლობაში და ამჟამად აღნიშნული ფართით არ სარგებლობს. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ქ-ას სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ, 504 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში – ეთქვა უარი, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და გ. ქ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ს-ას მის სასარგებლოდ დაეკისრა 1458 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.ფოთში, მ-ის ქუჩაზე მდებარე 18 კვ.მ მიწის ნაკვეთი №........ საკადასტრო კოდით წარმოადგენს გ. ქ-ას საკუთრებას.
2013 წლის 17 სექტემბერს ქალაქ ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელმა შეადგინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშის აღკვეთის ოქმი მოპასუხის მიმართ, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ გამოათავისუფლა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჩაბარდა მოსარჩელეს.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 20 აგვისტოს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს მოთხოვნით, გაეთავისუფლებია მის საკუთრებაში არსებული 18 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც მოპასუხეს განთავსებული ჰქონდა სავაჭრო დახლები. 2013 წლის 17 სექტემბერს მოპასუხემ გაათავისუფლა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 18 კვ.მ მიწის ნაკვეთი სავაჭრო დახლებისაგან.
2013 წლის აგვისტო-სექტემბერში მოპასუხე მოსარჩელის ნებართვის გარეშე, სარგებლობდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ქ.ფოთში, მ-ის ქუჩაზე მდებარე 18 კვ.მ მიწის ნაკვეთით 28 დღის განმავლობაში. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოება მ. ს-ამ დაადასტურა თავის შესაგებელში.
2013 წლის 10 და 31 ოქტომბერს მოსარჩელემ ისევ მიმართა განცხადებით ფოთის საქალაქო სამმართველოს და მიუთითა, რომ მოპასუხე ისევ განაგრძობდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობას. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელმა ხელწერილი ჩამოართვა მოპასუხის მეუღლეს იმის თაობაზე, რომ იგი არ მიაყენებდა მოსარჩელეს შეურაცხყოფას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხემ აღნიშნა, რომ მან 2013 წლის 22 სექტემბერს კვლავ დაიწყო ფართით სარგებლობა, რომელიც შეწყვიტა ნოემბრის შუა რიცხვებში.
მხარეთა განმარტებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში მ. ს-ა სარგებლობდა სადავო უძრავი ქონებით 53 დღის განმავლობაში, კერძოდ, 22 სექტემბრიდან, ნოემბრის შუა რიცხვებამდე (როგორც ამას თავად მოპასუხე მ. ს-ა ადასტურებს თავის შესაგებელში). 2013 წლის ნოემბრის შუა რიცხვების შემდგომ მოპასუხე არ სარგებლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 18 კვ.მ მიწის ნაკვეთით. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაქირავების საფასური შეადგენს დღეში 18 ლარს. მ. ს-ამ უკანონოდ დაიკავა სადავო ფართი 81 დღის განმავლობაში (28+53=81დღე).
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელე გ. ქ-ას მიუღებელი შემოსავალი, მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობის გამო, წარმოადგენს 1458 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებისას უნდა არსებობდეს სამი წინაპირობა, კერძოდ: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს სადავო ნივთის მფლობელი და იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე უნდა ფლობდეს ამ ნივთს.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე მ. ს-ა 2013 წლის ნოემბრის შუა რიცხვების შემდგომ აღარ ფლობს და სარგებლობს სადავო ქონებით. შესაბამისად, გ. ქ-ას სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 394-ე, 411-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მ. ს-ას მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული სადავო ფართი 18 კვ.მ (1 კვადრატული მეტრი ფართის გაქირავების ღირებულებაა დღეში 1 ლარი), 81 დღის განმავლობაში (28+53=81დღე). მოსარჩელე გ. ქ-ას მიუღებელი შემოსავალი, მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობის გამო, წარმოადგენს 1458 ლარს. (81*18). 81 დღის განმავლობაში, ანუ 22 სექტემბრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი თავად მოპასუხემ შესაგებელში დაადასტურა, კერძოდ: „2013 წლის 22 სექტემბერს, მაღაზიის კედელზე განვათავსე თაროები და განვალაგე ჭურჭლეულობა (საუბრობს მაღაზიის გარე კედელზე, რომელიც მოსარჩელის საკუთრებაში მდებარეობს), რაც ნოემბრის შუა რიცხვებში ავიღე და იმ დღიდან გათავისუფლებულია მოსარჩელის საკუთრება“; „ვისარგებლე მოსარჩელის საკუთრებით, ჯამში მე გამოყენებული მაქვს მოსარჩელის საკუთრება სულ 51 დღის განმავლობაში“. შესაგებლის დასაწყისში კი მოპასუხე ადასტურებს შემდეგს: „მე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჩემი ნივთები სულ 28 დღის განმავლობაში განვალაგე“ (საუბრობს აგვისტო - სექტემბრის თვის მონაკვეთზე).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 102-ე მუხლების თანახმად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დასაბუთებულია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ს-ამ მისთვის 945 ლარის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მ. ს-ამ თავის შესაგებელში აღიარა მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილი ნაგებობის კედლებზე თაროების დროებით მოწყობის ფაქტი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. სასამართლომ მხარის განმარტებაზე მიუთითა კონტექსტიდან განცალკევებით. ფაქტობრივად, კასატორი საუბრობდა თავისი კუთვნილი მაღაზიის კედელზე მოწყობილ თაროებზე, რისი უფლებაც მას გააჩნდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 იანვრის განჩინებით მ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.ფოთში, მ-ის ქუჩაზე მდებარე 18 კვ.მ მიწის ნაკვეთი №........ საკადასტრო კოდით წარმოადგენს გ. ქ-ას საკუთრებას.
2013 წლის 17 სექტემბერს ქალაქ ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელმა შეადგინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშის აღკვეთის ოქმი მოპასუხის მიმართ, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ გამოათავისუფლა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჩაბარდა მოსარჩელეს.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 20 აგვისტოს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს მოთხოვნით, გაეთავისუფლებია მის საკუთრებაში არსებული 18 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც მოპასუხეს განთავსებული ჰქონდა სავაჭრო დახლები. 2013 წლის 17 სექტემბერს მოპასუხემ გაათავისუფლა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 18 კვ.მ მიწის ნაკვეთი სავაჭრო დახლებისაგან.
2013 წლის აგვისტო-სექტემბერში მოპასუხე მოსარჩელის ნებართვის გარეშე, სარგებლობდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ქ.ფოთში, მ-ის ქუჩაზე მდებარე 18 კვ.მ მიწის ნაკვეთით 28 დღის განმავლობაში. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოება მ. ს-ამ დაადასტურა თავის შესაგებელში.
2013 წლის 10 და 31 ოქტომბერს მოსარჩელემ ისევ მიმართა განცხადებით ფოთის საქალაქო სამმართველოს და მიუთითა, რომ მოპასუხე ისევ განაგრძობდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობას. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელმა ხელწერილი ჩამოართვა მოპასუხის მეუღლეს იმის თაობაზე, რომ იგი არ მიაყენებდა მოსარჩელეს შეურაცხყოფას.
სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხემ აღნიშნა, რომ მან 2013 წლის 22 სექტემბერს კვლავ დაიწყო ფართით სარგებლობა, რომელიც შეწყვიტა ნოემბრის შუა რიცხვებში.
მხარეთა განმარტებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში მ. ს-ა სარგებლობდა სადავო უძრავი ქონებით 53 დღის განმავლობაში, კერძოდ, 22 სექტემბრიდან, ნოემბრის შუა რიცხვებამდე (როგორც ამას თავად მოპასუხე მ. ს-ა ადასტურებს თავის შესაგებელში). 2013 წლის ნოემბრის შუა რიცხვების შემდგომ მოპასუხე არ სარგებლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 18 კვ.მ მიწის ნაკვეთით. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაქირავების საფასური შეადგენს დღეში 18 ლარს. მ. ს-ამ უკანონოდ დაიკავა სადავო ფართი 81 დღის განმავლობაში (28+53=81დღე).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2012 წლის 10 აპრილის №ას-1818-1792-2011 განჩინება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. ს-ას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ს-ასა და ნ. ა-ის მიერ 2014 წლის 15 დეკემბრის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 200 ლარისა და 2014 წლის 8 იანვრის №2275.16.1 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარის, სულ – 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ს-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ. ს-ას (პირადი №……..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ს-ასა და ნ. ა-ის მიერ 2014 წლის 15 დეკემბრის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 200 ლარისა და 2015 წლის 8 იანვრის №2275.16.1 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარის, სულ – 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური