Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1326-1264-2014 11 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“, ვ. ჩ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-ისა“ და ვ. ჩ-ის მიმართ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012 წლის 11 დეკემბერს სს „ბ. კ-ას“ ქუთაისის განყოფილებასა და ყ. გ-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იპოთეკის ხელშეკრულებით. ბანკმა ცალმხრივად შეწყვიტა სესხის ხელშეკრულება და კანონის მოთხოვნათა დარღვევით მესამე აუქციონზე სპეციალისტმა მოახდინა ბინის რეალიზაცია.

მოსარჩელის მითითებით, სპეციალისტმა დაარღვია აუქციონის გამოცხადების, გამოქვეყნების წესები და ვადები სამივე აუქციონის შემთხვევაში. ასევე, არასწორად იქნა შეფასებული აუქციონზე გატანილი ბინა. აუქციონზე ბინის გატანა შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი დაარღვევდა სესხის ხელშეკრულების მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე ვალდებულებას. ასეთ დროს შესაძლებელი იყო სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა და აუქციონზე ბინის გატანა. ამასთან, სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა უნდა მომხდარიყო სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილების საფუძველზე. მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი აუქციონის ჩატარება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ყ. გ-ის სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც სესხის ხელშეკრულების 9.1 და 9.2 პუნქტებით, მისი განუყოფელი ნაწილია. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების საგნის რეალიზაციის სხვაგვარ ალტერნატიულ წესზე, რომელსაც ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მესამე ნაწილი. სს „ბ. კ-ამ“ ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №........ გენერალური და მისგან გამომდინარე შემადგენელი ხელშეკრულებები. მსესხებელმა ზედიზედ ორჯერ დაარღვია კრედიტის გადახდის გრაფიკი და, ბანკის მიერ გაფრთხილებისა და დამატებითი ორკვირიანი ვადის განსაზღვრის მიუხედავად, ყ. გ-მა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. კრედიტორმა წერილობით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გააფრთხილა მოვალეები. მოპასუხის მოსაზრებით, სპეციალისტის მიერ სამივე აუქციონი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

საქმეში მესამე პირად ჩაერთო ვ. ჩ-ე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ე. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 11 დეკემბერს ყ. გ-მა სს ბ. კ-ასაგან ისესხა 24 000 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ე. გ-მა იპოთეკით დატვირთა ქუთაისში, ხ-ას ქ.№7ა-ში მდებარე ქონება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში იპოთეკის საგნის რეალიზაციას მოახდენდა სპეციალისტი – შპს „მ-ი “. კრედიტორმა რამდენჯერმე მოსთხოვა მოვალეს ვალდებულების შესრულება, ამის შემდეგ კი იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიმართა სპეციალისტს.

2013 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხემ დანიშნა პირველი აუქციონი, რომლის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და ეცნობა, როგორც მოვალეს, ასევე – ე. გ-ს.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი აუქციონი ჩატარდა და გრძელდებოდა 2013 წლის 6 ნოემბრის 13 საათიდან 2013 წლის 11 ნოემბრის 13 საათამდე და იგი უშედეგოდ დასრულდა.

2013 წლის 12 ნოემბერს სპეციალისტმა დანიშნა მეორე აუქციონი, რის შესახებ ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში და ეცნობა მოვალესა და აპელანტს.

მეორე აუქციონი ჩატარდა და გრძელდებოდა 2013 წლის 25 ნოემბრის 14 საათიდან 2013 წლის 29 ნოემბრის 14 საათამდე და ისიც უშედეგოდ დასრულდა.

2013 წლის 2 დეკემბერს კი დაინიშნა მესამე, სადავო აუქციონი. ინფორმაცია ამ აუქციონის ჩატარების შესახებ 2013 წლის 9 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გაზეთში „სიტყვა და საქმე“. 2013 წლის 6 დეკემბერს წერილობითი ინფორმაცია აუქციონის ჩატარების თაობაზე მიიღეს ყ. გ-მა და ე. გ-მა. მესამე აუქციონი ჩატარდა და გრძელდებოდა 2013 წლის 20 დეკემბრის 13:30 საათიდან 2013 წლის 25 დეკემბრის 13:30 საათამდე და ამ აუქციონში გაიმარჯვა ვ. ჩ-ემ, რომელმაც ქონება შეიძინა 39488 ლარად და მან აღნიშნული თანხა გადაიხადა.

პირველ აუქციონზე სარეალიზაციო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრა 32314,74 აშშ დოლარით, მეორე აუქციონზე – 16157,37 აშშ დოლარით, ხოლო მესამე აუქციონზე – 10 000 აშშ დოლარით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლების საფუძველზე დავის საგანსა და საფუძველს განსაზღვრავენ მხარეები. აპელანტმა განმარტა, რომ იგი სადავოდ არ ხდიდა ყ. გ-ის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტს, რის გამოც არ მიუთითა იგი მოპასუხედ. მხარეს მოპასუხედ არ დაუსახელებია არც კრედიტორი სს ბ. კ-ა და არც ქონების შემძენი ვ. ჩ-ე, მიუხედავად იმისა, რომ მის სარჩელზე პასუხი უნდა ეგოთ სწორედ აღნიშნულ პირებს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რაც საფუძვლად ედო მხარის მოთხოვნას აუქციონის შედეგის ბათილად ცნობის შესახებ, კერძოდ, რომ სპეციალისტი არ იყო უფლებამოსილი, განეკარგა ქონება სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილების გარეშე და თავად აუქციონი ჩატარდა კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით.

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლისა და 302-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია ხდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის საფუძველზე. აღნიშნულისაგან განსხვავებით, სპეციალისტის მიერ ნივთის აუქციონზე რეალიზაცია იძულებით აღსრულებად არ ითვლება. ამიტომ აუცილებელი არ არის, კრედიტორის მოთხოვნა დადასტურებული იყოს სასამართლოს ან არბიტრაჟის აღსასრულებლად სავალდებულო აქტით. წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულებას სწორედ ეს აქტი დაექვემდებარებოდა და ნივთის რეალიზაციაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის საფუძველზე მოხდებოდა. ამდენად, მხარეთა შეთანხმებით სპეციალისტის მიერ ქონების აუქციონზე რეალიზაცია დასაშვებია აღსასრულებლად სავალდებულო აქტის არარსებობის შემთხვევაშიც კი. მხარეთა შეთანხმებისა და ვალდებულების არსებობის ფაქტები აპელანტს სადავოდ არ გაუხდია. მეტიც, მან სადავოდ გახადა, მხოლოდ, მესამე აუქციონის შედეგები, რაც ნიშნავს, რომ თავად აუქციონის ჩატარებასა და პირველი და მეორე აუქციონის შედეგებს იგი დაეთანხმა.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სპეციალისტი უფლებამოსილი იყო, სადავო ქონება განეკარგა. აპელანტს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია, თუ კონკრეტულად კანონისა და ხელშეკრულების რომელი ნორმები დაარღვია სპეციალისტმა აუქციონის ჩატარების დროს. უდავოდ არის დადასტურებული, რომ ყველა აუქციონის ჩატარების შესახებ აპელანტი გონივრული ვადით ადრე იყო ინფორმირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით. თავად აუქციონი ჩატარდა კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით. ინფორმაცია აუქციონის ჩატარების თაობაზე დროულად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და მასში მითითებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3062 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა რეკვიზიტი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3064 მუხლის მეორე ნაწილის, 307-ე მუხლის მესამე, მეექვსე ნაწილების თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, სპეციალისტმა სადავო ქონების სარეალიზაციო ფასი განსაზღვრა ზემოხსენებულ ნორმათა სრული დაცვით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. გ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის განმარტებით, 2012 წლის 11 დეკემბერს სესხის ხელშეკრულების მიხედვით, საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებით გაცემული საკრედიტო პროდუქტების ჯამური ლიმიტია 500 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების 2.5 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკის ხელშეკრულებით. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით კი, ამ ხელშეკრულების პირობების საფუძველზე წარმოქმნილი მსესხებლის ნებისმიერი ვალდებულება უზრუნველყოფილი იქნება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების საფუძველზე წარმოშობილი კლიენტის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის საშუალებით, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

კასატორმა თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად მიუთითა ხელშეკრულების 9.2, 12, 13.1, 14.1, 14.3, 5.1, 5.3 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ აუქციონის ბათილობის საფუძველია დასახელებული ხელშეკრულებების პირობების დაუცველობა. საქმის მასალებით კი არ დასტურდება მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების მე-12 მუხლის მოთხოვნათა დარღვევა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია აუქციონის საშუალებით.

კასატორის განმარტებით, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უნდა მიემართა სასამართლოსთვის სარჩელით და დაემტკიცებინა მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულების პირობების დარღვევა და მოეთხოვა ამ სარჩელით შესაბამისი თანხის მოვალისათვის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია და გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება ან მოვალის იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია საარბიტრაჟო სარჩელით. არბიტრაჟის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოს მიერ ცნობის შემდეგ გაიცემოდა სააღსრულებო ფურცელი. მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა სწორი აუქციონის ჩატარება.

კასატორმა მიიჩნია, რომ აუქციონის გაფრთხილებებში მითითებული ელექტროფოსტა სინამდვილეში არ არსებობს, შესაბამისად, მხარე არ გაფრთხილებულა.

მხარის მტკიცებით, მოპასუხე თავად უთითებს თავის შესაგებელში, რომ ყ. გ-მა დაარღვია სესხის ხელშეკრულება, რომლის განუყოფელი ნაწილია იპოთეკის ხელშეკრულება, რამდენადაც არ არსებობს იპოთეკა სესხის გარეშე. სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იპოთეკა აქცესორული უფლებაა, ამიტომაც სესხის ხელშეკრულების პირობების დარღვევა მხარემ უნდა ამტკიცოს სარჩელით და ამ სარჩელით მოითხოვოს თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია აუქციონით.

კასატორმა მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა. სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა და ყ. გ-ისათვის თანხის დაკისრება უნდა მომხდარიყო სასარჩელო წარმოების შედეგად მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით. ამავე სასარჩელო წარმოების გზით და სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. იპოთეკის ხელშეკრულების 6.1 პუნქტით გათვალისწინებული საგნის რეალიზაცია შეიძლებოდა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა მომხდარიყო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და ამის შემდგომ ჩატარებულიყო აუქციონი.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ იმსჯელა ხელშეკრულებების იმ პუნქტებზე, რომლებითაც უნდა ჩატარებულიყო სასარჩელო ან საარბიტრაჟო წარმოება და მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ იქნებოდა სწორი აუქციონის გამოცხადება და ჩატარება. დასახელებული არგუმენტებიდან გამომდინარე, მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და სასამართლო პრაქტიკისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის განჩინებით ე. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 11 დეკემბერს ყ. გ-მა სს ბ. კ-ასაგან ისესხა 24 000 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ე. გ-მა იპოთეკით დატვირთა ქუთაისში, ხ-ას ქ.№7ა-ში მდებარე ქონება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში იპოთეკის საგნის რეალიზაციას მოახდენდა სპეციალისტი – შპს „მ-ი “. კრედიტორმა რამდენჯერმე მოსთხოვა მოვალეს ვალდებულების შესრულება, ამის შემდეგ კი იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიმართა სპეციალისტს.

2013 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხემ დანიშნა პირველი აუქციონი, რომლის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და ეცნობა, როგორც მოვალეს, ასევე – ე. გ-ს.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი აუქციონი ჩატარდა და გრძელდებოდა 2013 წლის 6 ნოემბრის 13 საათიდან 2013 წლის 11 ნოემბრის 13 საათამდე და იგი უშედეგოდ დასრულდა.

2013 წლის 12 ნოემბერს სპეციალისტმა დანიშნა მეორე აუქციონი, რის შესახებ ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში და ეცნობა მოვალესა და აპელანტს.

მეორე აუქციონი ჩატარდა და გრძელდებოდა 2013 წლის 25 ნოემბრის 14 საათიდან 2013 წლის 29 ნოემბრის 14 საათამდე და ისიც უშედეგოდ დასრულდა.

2013 წლის 2 დეკემბერს დაინიშნა მესამე, სადავო აუქციონი. ინფორმაცია ამ აუქციონის ჩატარების შესახებ 2013 წლის 9 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გაზეთში „სიტყვა და საქმე“. 2013 წლის 6 დეკემბერს წერილობითი ინფორმაცია აუქციონის ჩატარების თაობაზე მიიღეს ყ. გ-მა და ე. გ-მა. მესამე აუქციონი ჩატარდა და გრძელდებოდა 2013 წლის 20 დეკემბრის 13:30 საათიდან 2013 წლის 25 დეკემბრის 13:30 საათამდე და ამ აუქციონში გაიმარჯვა ვ. ჩ-ემ, რომელმაც ქონება შეიძინა 39488 ლარად და აღნიშნული თანხა გადაიხადა.

პირველ აუქციონზე სარეალიზაციო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრა 32314,74 აშშ დოლარით, მეორე აუქციონზე – 16157,37 აშშ დოლარით, ხოლო მესამე აუქციონზე – 10 000 აშშ დოლარით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ე. გ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. და ე. გ-ბის მიერ 2015 წლის 16 იანვარს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 482,78 ლარისა და 2015 წლის 9 თებერვალს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 532,57 ლარის, სულ – 1015,35 ლარის 70% – 710,745 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ე. გ-ს (პირადი №……..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. და ე. გ-ბის მიერ 2015 წლის 16 იანვარს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 482,78 ლარისა და 2015 წლის 9 თებერვალს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 532,57 ლარის, სულ – 1015,35 ლარის 70% – 710,745 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური