Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1342-1380-2014 6 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. გ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. გ-ას მიმართ საკრედიტო დავალიანების ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2008 წლის 15 თებერვალს სს „ს. ბ-სა“ და ა. გ-ას შორის დაიდო საბანკო მომსახურების ხელშეკრულება. ბანკმა მოპასუხის სასარგებლოდ გასცა სამომხმარებლო კრედიტი – 33300 აშშ დოლარი 72 თვის ვადით წლიური 15%-ის სარგებლის დარიცხვით.

მხარის მითითებით, მოსარჩელის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეს საკრედიტო დავალიანება არ დაუფარავს. ამდენად, მას უნდა დაეკისროს, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 33398 აშშ დოლარის ანაზღაურება, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 12697,38 აშშ დოლარი, სესხის პროცენტი – 4174,49 აშშ დოლარი და შემცირებული ჯარიმა – 16526,13 აშშ დოლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო დავალიანება წარმოეშვა ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. გ-ას სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 7571,7 აშშ დოლარის, პროცენტის – 3405,64 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 3000 აშშ დოლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სს „ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა 2010 წლის 15 ოქტომბრიდან ხანდაზმული არ არის.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 2008 წლის 15 თებერვალს სს „ს. ბ-სა“ და ა. გ-ას შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა. გ-ას გადაეცა სესხი – 33 300 აშშ დოლარი 72 თვის ვადით, საპროცენტო სარგებლის წლიური 15%-ის დარიცხვით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სს „ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან კრედიტის გამცემ სს „ს. ბ-ს“ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტისა და კრედიტის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება 2009 წლის სექტემბერში წარმოეშვა, ვინაიდან ა. გ-ამ ბოლო გადახდა განახორციელა 2009 წლის 16 სექტემბერს. შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნა 2013 წლის ოქტომბერში ხანდაზმულია.

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე, მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილის გადახდით, ყოველი თვის 15-17 რიცხვში. სს „ს. ბ-მა“ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სასამართლოს 2013 წლის ოქტომბერში მიმართა. შესაბამისად, სს „ს. ბ-ის“ მოთხოვნა სარჩელის შეტანამდე ბოლო სამი წლის პერიოდისათვის ხანდაზმული არ არის.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა 3000 აშშ დოლარის ოდენობით.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2008 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0.5%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ კრედიტორის მოთხოვნა ბოლო სამი წლის პერიოდის თანხაზე არ არის ხანდაზმული. შესაბამისად, დგინდება, რომ სამი წლის პერიოდზე მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოვალემ ბოლო გადახდა განახორციელა 2009 წლის 16 სექტემბერს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, შეუსრულებული ვალდებულებისა და ვადის დარღვევის პერიოდიდან გამომდინარე, სწორად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის გამოც არ არსებობს მისი კიდევ შემცირების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. გ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სს „ს. ბ-ის“ მოთხოვნა 2010 წლის 15 ოქტომბრიდან არ იყო ხანდაზმული. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2009 წლის 16 სექტემბერს, სარჩელი კი წარადგინა სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე მუხლების მიხედვით, სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

მხარემ აღნიშნა, რომ თუ სასამართლო არ ჩათვლის მოთხოვნას ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში ხანდაზმულად, უნდა იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ, 3000 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს იგი უნდა შეემცირებინა. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 იანვრის განჩინებით ა. გ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის – 699 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 15 თებერვალს სს „ს. ბ-სა“ და ა. გ-ას შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა. გ-ას გადაეცა სესხი – 33 300 აშშ დოლარი 72 თვის ვადით, საპროცენტო სარგებლის წლიური 15%-ის დარიცხვით.

საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილის გადახდით, ყოველი თვის 15-17 რიცხვში. სს „ს. ბ-მა“ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სასამართლოს 2013 წლის ოქტომბერში მიმართა.

2008 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0.5%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა არსებობს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლების (სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013), ასევე სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის განმარტებასთან დაკავშირებით (სუს 2013 წლის 20 მაისის №ას-1432-1351-2012 განჩინება).

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში კასატორს სახელმწიფო ბაჟის – 699 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. გ-ას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადასახდელი 699 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 30%-ის – 209,7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ა. გ-ას (პირადი №........) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სახელმწიფო ბაჟის სახით 209,7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური