Facebook Twitter

¹ბს-816-697-კ-04 19 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ომის ინვალიდისათვის ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლების მინიჭება და დანამატის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. და ლ. ჩ-ებმა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხის სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წყალტუბოს ფილიალის მიმართ სარჩელი აღძრეს, რომლითაც სკ-ის 1281-83-ე მუხლების საფუძველზე მზრუნველის დანიშვნა და მარჩენალის დაკარგვის გამო დამატებითი პენსიის დანიშვნა მოითხოვეს.

მოსარჩელეებმა სასარჩელო განცხადებაში აღნიშნეს, რომ არიან მარტოხელა და შრომის პირველი ჯგუფის ინვალიდები. სამუშაოს შესრულების დროს მიღებული აქვთ ფსიქიური დაავადება. მათი მამა _ დ. ჩ-ე 1941-45წ.წ. ომის მონაწილე იყო, რომელიც 1982 წელს გარდაიცვალა. მოსარჩელეებმა სასარჩელო განცხადებაში მიუთითეს, რომ მათ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ეკუთვნით მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიაზე დანამატი თითოეულისათვის 45 ლარის ოდენობით.

რაიონული სასამართლოს 12.12.03წ. გადაწყვეტილებით თ. და ლ. ჩოგოვაძეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თ. და ლ. ჩ-ებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 27.04.04წ. განჩინებით თ. და ლ. ჩ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 12.12.03წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ თ. და ლ. ჩ-ების მამა _ დ. ჩ-ე ომის ინვალიდი, ომში დაღუპული ან ომში მიღებული ჭრილობის და ან დაავადების შედეგად გარდაცვლილი პირი არ იყო. როგორც გარდაცვალების მოწმობით დასტურდება იგი 1983 წელს გარდაიცვალა გულსისხძარღვთა მწვავე ნაკლებობით, მისი გარდაცვალების დროისათვის თ. და ლ. ჩ-ები მუშაობდნენ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის თანახმად, საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი პირები. ამავე კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით დადგენილია მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნის პირობები და განსაზღვრულია პირთა წრე, რომლებსაც უფლება აქვთ მიიღონ ამ სახის პენსია. თ. და ლ. ჩ-ები აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, ვინაიდან ისინი მამის გარდაცვალების დროისათვის იყვნენ სრულწლოვანნი, მუშაობდნენ, იყვნენ შრომის პირველი ჯგუფის ინვალიდები და არა ბავშვობიდან ინვალიდები, მამის გარდაცვალების დროისათვის დანიშნული ჰქონდათ და იღებდნენ პენსიას შრომის ინვალიდობის ჯგუფის მიხედვით.

სააპელაციო პალატის განჩინება თ. და ლ. ჩ-ების წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 25-ე და 26-ე მუხლები, რომლის შესაბამისად, მოსარჩელეებს პენსიაზე დანამატი ეკუთვნოდათ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მათ მოთხოვნას, რომ ისინი დაავადებული იყვნენ შიზოფრენიის პარანოიდული ფორმით და სჭირდებოდათ მზრუნველის დანიშვნა. საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია ადვოკატს, რის გამო დაუცველი დარჩა მათი უფლებები.

მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად განჩინება გამოტანილ იქნა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თ. და ლ. ჩ-ების წარმომადგენლის გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 27.04.04წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

თ. და ლ. ჩ-ების სასარჩელო განცხადების თანახმად, მოსარჩელეები სკ-ის 1281-1283-ე მუხლების საფუძველზე ითხოვდნენ მზრუნველის დანიშვნას. მიუხედავად ამისა, არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილის მიმართ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულია საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დარღვევით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტების წარმომადგენელმა გ. ჩ-ემ მოითხოვა სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 01.04.04წ. საოქმო განჩინებით გ. ჩ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა, საქმის მასალებით არ დასტურდება სსკ-ის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევა, აპელანტების 26.04.04წ. განცხადების მიუხედავად მათ არ ეცნობათ კონკრეტულად რომელი ადვოკატი გამოიყო მათი ინტერესების წარმოსადგენად.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად საჭირო ყველა გარემოება, კერძოდ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 25-ე, 26-ე, 28-ე მუხლებით განსაზღვრული მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნის პირობების არსებობა,საქმეზე უნდა დადგინდეს, იყო თუ არა კასატორების მშობელი ომის ინვალიდი, დასადგენია აგრეთვე კასატორების შრომისუუნარობის, მათი დაინვალიდების პერიოდი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. და ლ. ჩ-ების წარმომადგენლის გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 27.04.04წ. განჩინება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.