საქმე №ას-135-127-2015 26 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე
დავის საგანი – მოძრავი ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ს-ის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ 2013 წლის 31 ოქტომბრის თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ყადაღის დადების შესახებ აქტით მოძრავი ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2013 წლის 31 ოქტომბერს შედგენილი ნივთების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ჯ-ის ქ. №53-ში მდებარე მოძრავ ნივთებს: შავი ფერის ტელევიზორ „samsung-ს“, რუხი ფერის სარეცხ მანქანას „lg-ს“, თეთრი ფერის მაცივარ „აპშერონს“, პერსონალურ კომპიუტერს „nec-ს“, ვერცხლისფერ ტელევიზორ „toshiba-ს“, ხის ტუმბოს შუშით ე.წ „ტრილიაჟს“, ხის ყავისფერ ტუმბოს უჯრებით, ტახტს სავარძლით. აღნიშნული ნივთები არ წარმოადგენს მ. ს-ის საკუთრებას. ნივთები შეძენილია მოსარჩელის მიერ დროის სხვადასხვა მონაკვეთში. მ. ს-ი ამ ბინაში ცხოვრობს ცალკე, სხვა ოთახში.
მოპასუხე მ. ს-მა სარჩელი ცნო.
მოპასუხე მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 28 სექტემბრის №...... დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მ. ს-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით, ქ.თბილისში, ჯ-ის ქ.№53-ში საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ კაპიტალური მიშენების განხორციელებისათვის და დაევალა უნებართვო მიშენების დემონტაჟი. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2013 წლის 9 სექტემბერს გაიცა №.-./ს.ფ-205-13 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მ. ს-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა ჯარიმის – 10 000 ლარის გადახდა. მოსარჩელე ლ. მ-ესთან ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს არანაირი შეხება არ აქვს.
მოპასუხე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ ლ. მ-ის მიერ სადავოდ გამხდარი ქონება დაყადაღდა ქ. თბილისის მერიის მხრიდან გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, იგი ეხება მ. ს-ის მიმართ ჯარიმის დაკისრებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. მ. ს-ს დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა ნებაყოფლობით არ გადაუხდია, რის გამოც სააღსრულებო ბიურომ აღწერა და დააყადაღა მოვალის მოძრავი ქონება ქ.თბილისში, ი. ჯ-ის ქ. №53-ში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სადავო მოძრავი ნივთები ყადაღისაგან გათავისუფლდა, რაც ქ.თბილისის მერიამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (მერიის) მიერ გაცემული .-./ს.ფ-205-13 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო შემდეგ ნივთებს: შავი ფერის ტელევიზორ „samsung-ს“, რუხი ფერის სარეცხ მანქანას „lg-ს“, თეთრი ფერის მაცივარ „აპშერონს“, პერსონალურ კომპიუტერს „nec-ს“, ვერცხლისფერ ტელევიზორ „toshiba-ს“, ხის ტუმბოს შუშით ე.წ „ტრილიაჟს“, ხის ყავისფერ ტუმბოს უჯრებით, ტახტს სავარძლით.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი არ მიმდინარეობს.
სააპელაციო პალატამ დაადგინა სადავო ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და 105-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქმეში წარმოდგენილია 2011 წლის 20 დეკემბერს, ერთი მხრივ, ლ. მ-ესა და, მეორე მხრივ, სს „თ. ბ-ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ლ. მ-ემ კრედიტის სახით აიღო 839 ლარი „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორის შესაძენად. უდავოა, რომ ლ. მ-ე და მ. ს-ი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მოსარჩელე ლ. მ-ის და მოპასუხე მ. ს-ის განმარტებით, ისინი ცხოვრობენ საცხოვრებელი ბინის ფაქტობრივად გამიჯნულ ორ სხვადასხვა ნაწილში. ამასთან, მ. ს-ის მითითებით, მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ბინის ნაწილშიც არის განთავსებული იგივე სამეურნეო დანიშნულების ნივთები, თუმცა, მათი დაბალი საბაზრო ღირებულების გამო, ყადაღა დაედო ლ. მ-ის ნაწილში განთავსებულ სადავო ნივთებს.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მიიჩნევა.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალების ერთობლიობაში, შინაგანი რწმენის საფუძველზე შეფასების შედეგად დაადგინა სადავო ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა წინამდებარე დავაში მოპასუხედ აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართვასთან დაკავშირებით. პალატამ განმარტა, რომ მართალია, ამ შემთხვევაში ქონების აღწერის და დაყადაღების აქტი, საიდანაც მოსარჩელე კუთვნილი ქონების ამორიცხვას ითხოვს, შედგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის მიერ და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება უნდა მოახდინოს სწორედ სააღსრულებო ბიურომ, მაგრამ ამ შემთხვევაში რეალურად დავა არსებობს ქონების კუთვნილებაზე და ამ ქონებიდან აღსრულებაზე მესამე პირს, მოვალესა და კრედიტორს შორის. სააღსრულებო ბიურო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით წარმოადგენს სუბიექტს, რომელმაც უნდა მოახდინოს აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სათანადო ფორმალობის შესრულება, მასთან მოსარჩელეს დავა ქონების კუთვნილებაზე არ აქვს.
განსახილველ შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ კრედიტორს წარმოადგენს სწორედ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქ. თბილისის მერია, რომლის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფადაც დაედო ყადაღა სადავო მოძრავ ნივთებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი მიჩნეულია მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აღნიშნული ნორმის მიზანია ყოველი პირის დაცვა სხვა პირთა მიერ მისი საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელშეშლისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის საკუთრების უფლება დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე დადგენილად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, დრომ სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მხარის მითითებით, მ. ს-ს მერიის დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა ნებაყოფლობით არ გადაუხდია, ამდენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ა.ა. ქვეპუნქტის თანახმად, აღწერა და ყადაღა დაადო ქ.თბილისში, ი.ჯ-ის ქ.№53 მდებარე მოვალის მოძრავ ქონებას.
სააპელაციო პალატამ ისევე, როგორც საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნივთების მესაკუთრეს არ წარმოადგენს მ. ს-ი და გადაწყვეტილება ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ დატოვა ძალაში.
კასატორის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, შესაძლებელია, ლ. მ-ე არ არის ის პირი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს მ. ს-ის ვალის დაფარვაზე ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ.თბილისის მერიის წინაშე, თუმცა შესაბამისი მტკიცებულებით დადასტურებული არ არის, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები მის და არა მ. ს-ის საკუთრებას წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ერთადერთ მტკიცებულებაზე – 2011 წლის 20 დეკემბერს სს „თ. ბ-სა“ და ლ. მ-ეს შორის გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებაზე, რომლითაც ლ. მ-ემ კრედიტის სახით აიღო 839 ლარი „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორის შესაძენად, თუმცა სააპელაციო პალატამ სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა ათ და მეტ ნივთთან მიმართებით სრულად, მათთან დაკავშირებით საქმის მასალებში, მოსარჩელისა და მ. ს-ის ახსნა-განმარტების გარდა, სხვა დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმატების საფუძველზე ქ.თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მით უფრო იმ პირობებში, რომ მ. ს-ი და ლ. მ-ე ცხოვრობენ ერთ ბინაში, სადაც განთავსებულია სადავო ნივთები. აღნიშნული ბინა, როგორც სამკვიდრო მ. ს-ს ამჟამად არ მიუღია, თუმცა იგი წარმოადგენს მის და არა ლ. მ-ის მამკვიდრებლების ქონებას. ამდენად, ის გარემოება, რომ ლ. მ-ე და მ. ს-ი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, არ წარმოშობს არანაირ სამართლებრივ შედეგს სადავო საკითხთან მიმართებით. რაც შეეხება მ. ს-ის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ. მ-ისა და მ. ს-ის ნივთები ფაქტობრივად გამიჯნულია და სადავო ნივთები არ არის მ. ს-ის სარგებლობასა და საკუთრებაში, კასატორმა ჩათვალა, რომ სააპელაციო პალატამ აღნიშნული ისე გაიზიარა, რომ მითითებული გარემოება რაიმე სახის მტკიცებულებით არ გამყარებულა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-4, 105-ე მუხლების თანახმად, მხარემ მიუთითა, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი მთავარი კრიტერიუმით: მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივ შეფასებას მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, რაც გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს წარმოდგენილი მტკიცებულების სარწმუნოობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (მერიის) მიერ გაცემული .-./ს.ფ-205-13 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო შემდეგ ნივთებს: შავი ფერის ტელევიზორ „samsung-ს“, რუხი ფერის სარეცხ მანქანას „lg-ს“, თეთრი ფერის მაცივარ „აპშერონს“, პერსონალურ კომპიუტერ „nec-ს“, ვერცხლისფერ ტელევიზორ „toshiba-ს“, ხის ტუმბოს შუშით ე.წ „ტრილიაჟს“, ხის ყავისფერ ტუმბოს უჯრებით, ტახტს სავარძლით.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი არ მიმდინარეობს.
სააპელაციო პალატამ დაადგინა სადავო ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2015 წლის 6 თებერვლის №ას-1202-1144-2014 განჩინება, სუს 2012 წლის 25 ივნისის №ას-262-253-2012 განჩინება, სუს 2012 წლის 19 ნოემბრის №ას-1289-1216-2012 განჩინება, 2012 წლის 19 ნოემბრის №ას-1293-1220-2012 განჩინება), რომელიც ეფუძნება შემდეგ საფუძვლებს:
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური