Facebook Twitter

საქმე №ას-173-162-2014 30 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „გ.-ს. ც. ნ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ს., თ.ბ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – საავტორო უფლების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „გ.ს.ც.ნ.მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ს.სა და თ.ბ.ს მიმართ, მოსარჩელის თანხმობისა და შესაბამისი ჰონორარის გადახდის გარეშე პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 კლასების მათემატიკის სახელმძღვანელოების საჯაროდ გავრცელების აკრძალვისა და საავტორო უფლებების დარღვევით მიყენებული ფაქტობრივად დამდგარი ზიანის - 54 620 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის - 137 250 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

2008 წელს შპს „გ.ს. ც. ნ.“ და მოპასუხეები - ა.ს. და თ.ბ. შეთანხმდნენ და ზეპირი ფორმით დადეს გარიგება, რომელიც ითვალისწინებდა მათემატიკის I-VI კლასის სახელმძღვანელოების გამოცემას. შეთანხმების შესაბამისად: ა) შპს „გ.ს. ც.ნ.ს როგორც შედგენილი ნაწარმოების ავტორს, უნდა მოეხდინა შედგენილ ნაწარმოებში - სახელმძღვანელოებში შესული მოპასუხეთა მიერ შექმნილ ნაწარმოებთა (მათემატიკური დავალებები, ამოცანები და ა.შ) საკუთარი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შერჩევა და განლაგება; ბ) შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორებს ეკრძალებოდათ თავიანთი ნაწარმოებების გამოყენება შედგენილი ნაწარმოებისაგან დამოუკიდებლად; გ) გამომცემლობა იღებდა ვალდებულებას საკუთარი ფინანსური რესურსით უზრუნველეყო მასალის მხატვრული გაფორმება, გარდა ამისა, გამომცემლობა იღებდა ვალდებულებას საკუთარი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობით მოეხდინა შედგენილი ნაწარმოების შინაარსობრივად შერჩევა-განლაგება, ტექსტის აკრეფა, ამობეჭდვა, დაკაბადონება, აკინძვა, პოპულარიზაცია და ყველა ის მოქმედება, რაც საჭირო იყო შედგენილი ნაწარმოების შესაქმნელად და გასავრცელებლად; დ) შექმნილი ნაწარმოების რეალიზებიდან ამონაგები თანხა უნდა განაწილებულიყო მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის თანაბარწილად.

გამომცემლობის მიერ რ. ტ.თვის ჰონორარის გადახდით შეძენილ იქნა საავტორო უფლება იმ ილუსტრაციებზე, რომელიც გამოყენებული იქნა მე-2 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოს მხატვრულად გაფორმებისათვის და რომლებზეც რ. ტ. საავტორო უფლება დეპონირებული ჰქონდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში საქპატენტში. საავტორო უფლების შეძენის სანაცვლოდ მოსარჩელეს ავტორისათვის გადახდილი აქვს 7 000 ლარი.

გამომცემლობა „ც. ნ.მა“ საკუთარი დანახარჯებით უზრუნველყო შესაბამისი შეკვეთების მიცემა და ხელშეკრულების გაფორმება. მოსარჩელემ გასწია ხარჯები ტექსტის აკრეფის, ამობეჭდვის, კორექტურის, აკინძვის, დაკაბადონების, ნახატების საავტორო უფლებების შეძენის, შექმნილი ნაწარმოების პოპულარიზაციისათვის

პროდუქციის რეკლამირების, პოპულარიზაციის მიზნით გამომცემლობის თანამშრომლები აგროვებდნენ პედაგოგთა მონაცემებს, მათთან საკონტაქტო ინფორმაციას, სანიმუშოდ გამოცემული წიგნებით დადიოდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, აცნობდნენ პედაგოგებს მათ შინაარსს, უკეთებდნენ რეკლამირებას, და იმ პედაგოგებს, რომლებიც წარადგენდნენ სკოლაში მუშაობის დამადასტურებელ ცნობას, უსასყიდლოდ, გასაცნობად ურიგებდნენ გამომცემლობის დანახარჯებით გამოცემულ სახელმძღვანელოებს.

მოსარჩელის მხრიდან გაწეული შრომის, გაღებული დანახარჯების შედეგად მოსარჩელეებმა შეძლეს - 2008 წელს მესამე კლასის, 2009 წელს - მესამე და მეოთხე კლასის, 2010 წელს - მე-3, მე-4, მე-5 კლასის სახელმძღვანელოების საგანმანათლებლო პროგრამაში ჩასმა, გრიფის მინიჭება, ხოლო 2011 წლისათვის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 კლასის სახელმძღვანელოების დაბეჭვდა და გრიფირებისათვის მომზადება (2011 წლისათვის დაბეჭდეს სანიმუშო სახელმძღვანელოები ფერადი ყდების გარეშე და ელ. ვერსიის სახით გამზადებული ჰქონდათ სახელმძღვანელოები დასაბეჭდად, რაც გამოიყენა მოპასუხემ და თავად გამოუშვა).

2011 წელს, მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ შეძლო გრიფირებისათვის მომზადებული წიგნების საკუთარი დანახარჯებით გაცნობა საქართველოს მაშტაბის სკოლის პედაგოგებისათვის (დაბეჭდილი ფერადი ყდის გარეშე) და ფაქტიურად შედგენილი ნაწარმოები მომზადებული იყო დასაბეჭდად და სარეალიზაციოდ ელ. ვერსიის სახით, სრულიად მოულოდნელად მოპასუხეებმა - ა.მ.მა და თ. ბ.მა არაკეთილსინდისიერად გამოიყენეს მოსარჩელის შრომა და 2011 წელს შედგენილი ნაწარმოების იდენტური შინაარსით და განლაგებით შპს „ს-ჯ-ე-ში“ გამოსცეს პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის წიგნები, რითაც უხეშად დაარღვიეს მოსარჩელის, როგორც შედგენილი ნაწარმოების ავტორის, ასევე, როგორც მხატვრის, საავტორო უფლების მქონე პირის კანონმდებლობით დაცული საავტორო უფლებები.

მოპასუხეებმა არაკეთილსინდისიერი მოქმედების გზით მოახერხეს ის, რომ მოსარჩელის მიერ შექმნილ ნაწარმოებზე, მოსარჩელის ყოველგვარი თანხმობის გარეშე, 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „ე.ს. გ. და შ. ც.დან“ მიიღეს გრიფი.

2011 წელს მოპასუხის მიერ ჯამურად რეალიზებულ იქნა 36 600 ცალი მათემატიკის სახელმძღვანელო, თითოეული სახელმძღვანელოს სარეალიზაციო ფასი შეადგენდა 10 ლარს, ხოლო რვეულის - 2 ლარს, თითოეული სახელმძღვანელოს თვითღირებულება/დაბეჭდვის დანახარჯი იყო დაახლოებით 2,50 ლარი. შესაბამისად, სახელმძღვანელოს რეალიზებით მისაღები მოგება 1 ცალ სახელმძღვანელოზე შეადგენდა 7,50 ლარს, ჯამურად - 274 500 (7,50X36600)-საიდანაც მოსარჩელის მისაღები იყო მისი ½, ანუ 137 250 ლარი.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:

2008 წელს განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადდა კონკურსი მესამე კლასის სახელმძღვანელოებზე. ამ დროისათვის არსებობდა თ.ბ.ს თანაავტორობით გამომცემლობა „დ.–ს“ მიერ გამოცემული პირველი და მეორე კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლებიც 2010 წელს გაუქმდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საბაზო სკოლის სახელმძღვანელოებზე კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით. 2008 წელს I-VI კლასის სახელმძღვანელოების გამოცემაზე მხარეებს შორის შეთანხმება ვერ დაიდებოდა. მოსარჩელეს მესამე კლასის გარდა, მოპასუხეების ავტორობით არ აქვს წარმოდგენილი, მის მიერ გამოცემული სხვა კლასის სახელმძღვანელოები..

მხარეებს შორის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, წერილობითი ხელშეკრულება არ დადებულა. მოსარჩელის უფლება-მოვალეობები შემოიფარგლებოდა ჩვეულებრივ საგამოცემო საქმიანობით და მას არ ჰქონდა ნაშრომში ჩარევის უფლება. რაც შეეხება სახელმძღვანელოს ბეჭდვის ტექნიკურ პროცესს, სწორედ ეს იყო გამომცემლის ჩვეულებრივი საქმიანობა, რაშიც იღებდა მოგების ნახევარს.

რ.ტ.სა და მოსარჩელეს შორის დადებული ხელშეკრულება 2010 წლის 12 დეკემბრითაა დათარიღებული. რ.ტ.ის საავტორო უფლება კი დეპონირებულია 2012 წელს. არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ რ.ტ. მართლაც 7 000 ლარი გადაუხადა. მარტო ამ უკანასკნელის ხელმოწერა ამ გარემოებას ვერ ადასტურებს, ხოლო მოსარჩელეს არ წარმოუდგენია საბუღალტრო ან საგადასახდო დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა 7 000 ლარის გადახდის ფაქტი.

ხელშეკრულების არსებობის შესახებ მოპასუხეებმა არ იცოდნენ და ეს გარიგება არც არაფერს ავალდებულებს მათ. რ.ტ.თან მოპასუხეებს ჰქონდათ უშუალო, მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი ურთიერთობა. თ.ბ. უკვეთავდა რ.ტ. ნახატებს, უთითებდა კონკრეტრულად რა და როგორ დაეხატა, ხოლო ეს უკანასკნელი ასრულებდა მითითებულ სამუშაოს. აღნიშნულის შედეგად მე-2 კლასის სახელმძღვანელოებში გამოყენებულია რ. ტ.ის რამდენიმე ნახატი, რომელიც თ. ბ.ის დაკვეთით დახატა. აღნიშნული ნახატები საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ეკუთვნის შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მე-2 კლასის სახელმძღვანელოებში რ.ტ.ის ნახატების გამოყენებით არ დარღვეულა მისი საავტორო უფლება, ხოლო რ.ტ. ს რა შეთანხმება ჰქონდა დადებული მოსარჩელესთან, მოპასუხეებისათვის უცნობი იყო.

გაურკვეველია სარჩელში მითითებულ მეოთხე ფაქტობრივ გარემოებაში ნახსენებ რა შესრულებულ სამუშაოზეა საუბარი, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ სამუშაოთა ჩამონათვალი არ არის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობა და არც მითითებული კანონით დაცული საქმიანობა. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო, რომელსაც ასრულებს ნებისმიერი სტამბა-გამომცემლობა და ამ საქმიანობიდან გამომდინარე საკითხები რეგულირდება არა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, არამედ სამოქალაქო კოდექსით. შესაბამისად, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს რაიმე პრეტენზია გააჩნია, უნდა იდავოს სხვა საფუძვლით.

მოსარჩელეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება, რომ მან სარჩელში მითითებულ პირებს გადაუხადა თანხები. მარტო ამ პირთა ხელმოწერა ამ გარემოებას ვერ ადასტურებს.

2011 წელს მოსარჩელეს არ დაუბეჭდავს და არ გამოუშვია I-VI კლასის სახელმძღვანელოები. 2010 წელს გაუქმდა მანამდე არსებული ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საბაზო სკოლის სახელმძღვანელოებზე კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით. მოსარჩელეს შესთავაზეს, დაებეჭდა სახელმძღვანელოები კონკურსზე წარსადგენად, მაგრამ მის მიერ მომზადებული ელ.ვერსიები უვარგისი გამოდგა და მოუწიათ ახალი ელ.ვერსიების წარდგენა. მოსარჩელის მიერ დამზადებული მასალა, რომც გამოეყენებინათ კონკურსზე წარსადგენად, ეს აძლევდა ამ უკანასკნელს მხოლოდ გაწეული მომსახურების საფასურის მოთხოვნის უფლებას და არ ეხება საავტორო უფლების გადაცემას.

მხარეებმა ურთიერთობა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით 2012 წლის 19 ივლისს დაარეგულირეს. მოსარჩელემ აღიარა, რომ იგი სასკოლო სახელმძღვანელოებსა და რვეულებს ბეჭდავდა ა.ს.ის დაკვეთით და დაუგროვდა დავალიანება ამ უკანასკნელის მიმართ 25861,6 ლარის ოდენობით, რასაც გადაიხდიდა ერთი წლის განმავლობაში. ამდენად, მოსარჩელე თავად აღიარებს წერილობით, რომ იგი მომსახურებას უწევდა მხოლოდ მოპასუხე მხარეს.

მოსარჩელე გრიფირებისათვის მომზადებულ წიგნებს ვერ გააცნობდა საქართველოს მასშტაბით სკოლის პედაგოგებს თუნდაც იმ მიზეზით, რომ ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან თუ სახელმძღვანელოს გრიფი არ მიენიჭებოდა, მას ვერც ერთი სკოლის მასწავლებელი ვერ გამოიყენებდა. ამასთან მასწავლებლებისათვის წიგნების გაცნობა არ შედიოდა გრიფის მინიჭების წესის მოთხოვნაში.

არასწორია მოსარჩელის მითითება, თითქოსდა შპს „ს.ჯ.ე.ში“ იდენტური შინაარსით და განლაგებით გამოიცა I-VI კლასის სახელმძღვანელოები და ამით დაირღვა მოსარჩელის, როგორც შედგენილი ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლებები. გარდა იმისა, რომ მოპასუხეებს საავტორო უფლებები მოსარჩელისათვის არ გადაუციათ და არც წერილობითი საავტორო ხელშეკრულება დადებულა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ, 2010 წელს გაუქმებული გრიფირებული სახელმძღვანელოების ნაცვლად, 2011 წლის 25 თებერვლის თვეში შემოღებულ იქნა მისი ახალი, განსხვავებული წესები. ახალი გრიფის ვადა განისაზღვრა 6 წლით.

2011 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელთა მიხედვითაც მოპასუხე არის შემკვეთი, ხოლო მოსარჩელე შემსრულებელი. ა. ს.მა მოსარჩელეს შეუკვეთა I-VI კლასის მათემათიკის სამუშაო რვეულების დაბეჭდვა. მოსარჩელემ თვითონ დაიწყო ამ რვეულების რეალიზაცია, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. გარდა ამისა, ა.ს.მა მოსარჩელის თხოვნით გადასცა გამომცემლობა „ს.ჯ.ე.ში“ დაბეჭდილი წიგნების გარკვეული რაოდენობა სარეალიზაციოდ 20%-იანი ფასდაკლებით. ეს არის ურთიერთობა დამკვეთსა და შემსრულებელს შორის და რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით. ეს საკითხი გადაწყვეტილია (თუმცა ჯერ არ არის შესრულებული) მოსარჩელის მიერ ვალის აღიარებით და, პირიქით, მოპასუხეებს ეკუთვნით 25 861 ლარი მოსარჩელისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „გ.ს. ც. ნ.ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა. ს.სა და თ. ბ.ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 40 650 ლარის ოდენობით, მოსარჩელე შპს „გ.ს. ც. ნ.ის“ დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნას ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა მოსარჩელემაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ს.სა და თ.ბ.ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „გ.ს. ც. ნ.ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „გ.ს. ც. ნ.ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა. ს.სა და თ. ბ.ს შპს „გ. ს. ც. ნ.ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 5 025 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში შპს „გ.ს. ც. ნ.ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შპს „გ.ს. ც. ნ.“ 2008-2010 წლებში გამოსცემდა ა.ს.სა და თ.ბ.ს ავტორობით მათემატიკის მე-3, მე-4 და მე-5 კლასის სახელმძღვანელოებს. წიგნების გამოცემის ხარჯებს იღებდა მოსარჩელე. გაყიდული წიგნებიდან მიღებული შემოსავლით იფარებოდა მოსარჩელის მიერ სახელმძღვანელოების გამოცემაზე გაწეული ხარჯები, ხოლო დარჩენილი მოგება მხარეებს შორის იყოფოდა თანაბრად. მხარეებს აღნიშნული პერიოდის ურთიერთობიდან გამომდინარე ერთმანეთთან პრეტენზია არ გააჩნიათ.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც 2011 წელს გრიფის მოპოვების შემთხვევაში I-VI კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოებს გამოსცემდა შპს „გ. ს.ც. ნ.“. საქმეში წარმოდგენილი არ იყო წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო გარემოება, ხოლო მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტება, საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.

2011 წლის გრიფირებაზე წარსადგენად მოსარჩელემ ა.ს.ს დაკვეთით დაბეჭდა I-VI კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოების ნიმუშები, სულ 42 ეგზემპლარი (მათ შორის 6 ფერადი) და მოამზადა სახელმძღვანელოების ელ.ვერსიები.

ამავე პერიოდში განხორციელდა მათემატიკის მე-6 კლასის სახელმძღვანელოს დაკაბადონება მოსარჩელის თანამშრომლის - თ. ს.ის მიერ.

შპს „გ. ს. ც. ნ.სა“ და რ. ტ.ს შორის 2010 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხეკლშეკრულებით დასტურდებოდა, რომ რ. ტ. ს უნდა გაეფორმებინა ა.ს.სა და თ.ბ.ს ავტორობით გამოცემული მე-2 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო. ნახატების ზომები, ფერები და დიზაინი უნდა შეთანხმებულიყო „გ. ს. ც. ნ.ან“. აღნიშნული ხელშეკრულებით, ყველა საავტორო უფლება დაკავშირებული რ. ტ. ს ინტელექტუალურ და ფიზიკურ შრომასთან, გადაეცა „გ. ს. ც. ნ. ს“, რომელიც გახდა საავტორო უფლების მფლობელი. ხელშეკრულების თანახმად, რ.ტ. ს ერთჯერადი ანაზღაურების სახით უნდა მიეღო 7 000 ლარი, ხოლო ყოველი გამოცემული წიგნის ყოველ ერთ ცალზე - 0.75 ლარი, განათლების სამინისტროს ან გამომცემლობის ტირაჟის მიხედვით.

2011 წლის გიფირების შემდგომ მოპასუხეთა ავტორობით გამოცემულ მათემატიკის მე-2 კლასის სახელმძღვანელოს გასაფორმებლად გამოყენებულია მხატვარ რ. ტ.ის ნახატები. რ.ტ.ის ნახატების გამოყენებაზე მოპასუხეებს შპს „გ. ს. ც. ნ.ის“ თანხმობა არ ჰქონდათ.

2011 წლის ივლის-აგვისტოს თვეში შპს „გ.ს. ც. ნ.“ ი.მ ა.ს.ს დაკვეთით ბეჭდავდა I-VI კლასის მათემატიკის სამუშაო რვეულებს.

საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით და მხარეთა განმარტებებით დასტურდებოდა, რომ 2011 წლის აგვისტო-სექტემბერში ი.მ ა.ს. შპს „გ.ს.ც.ნ. ს“ სარეალიზაციოდ აწვდიდა შპს „ს.ჯ.ე.ში“ დაბეჭდილ I-VI კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოებს.

შპს გ.ს.ც.ნ.“ არ წარმოადგენდა ა.ს.სა და თ.ბ.ს ავტორობით გამოცემული I-VI კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოების შემდგენელს და, შესაბამისად, აღნიშნული ნაწარმოებები არ წარმოადგენდა შედგენილ ნაწარმოებებს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე და მითითებული ნორმების თანახმად განმარტა, რომ ნაწარმოების შედგენაში მოიაზრება ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობა, რაც მასალის შერჩევა-განლაგებაში გამოიხატება.

პალატის შეფასებით, მოსარჩელის მითითება, რომ მისი თანამშრომლების მიერ ხდებოდა სახელმძღვანელოების ტექსტის კორექტირება, რედაქტირება, დაკაბადონება, სახელმძღვანელოების გასაფორმებლად გამოყენებული ნახატების ფერის და ზომის შერჩევა, უთითებდა იმაზეც, რომ მე-2 კლასის სახელმძღვანელოში გამოყენებული ნახატები შექმნილი იყო მხატვარ რ. ტ.ის მიერ, რომელთანაც მოსარჩელეს გაფორმებული ჰქონდა საავტორო უფლების დათმობის ხელშეკრულება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ის სამუშაოები, რომლებზეც მოსარჩელე აპელირებდა სადავო გარემოების დასადასტურებლად, წარმოადგენდა ტექნიკურ სამუშაოებს, რომლებსაც თავისი საქმიანობის ფარგლებში ახორციელებდა ნებისმიერი სტამბა. წიგნის ტექსტის კორექტირება, რედაქტირება, დაკაბადონება, გასაფორმებელი ნახატების ფერისა და ზომის შერჩევა, პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენდა ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობას, რაც საავტორო უფლების მოპოვების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის შპს „გ.ს. ც. ნ.ის“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განმარტა, რომ მათემატიკური ამოცანებისა და მაგალითების შერჩევა-განლაგებაში მოსარჩელეს მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა ასევე მოწმე თ. ს. მ, რაც შეეხება მხატვარ რ. ტ.ის ნახატებს, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას რ. ტ.მ დადასტურდა, რომ ნახატების შერჩევა-განლაგებასთან დაკავშირებით ის კონსულტაციებს გადიოდა თ. ბ. თან, ხოლო შპს „გ.ს.ც. ნ.თან“ იმყოფებოდა მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობებში და იღებდა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა.ს.სა და თ.ბ.ს ავტორობით გამოცემული I-VI კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოები არ წარმოადგენდა შპს „გ.ს.ც.ნ.ის“ მიერ შედგენილ ნაწარმოებებს, შესაბამისად, 2011 წელს ამ ნაწარმოებების გამოცემით არ დარღვეულა შპს „გ.ს. ც. ნ.ის“, როგორც ნაწარმოების შემდგენელის საავტორო უფლებები და მოსარჩელის მოთხოვნა, აღნიშნული სახელმძღვანელოების გამოცემის აკრძალვის შესახებ იყო უსაფუძვლო.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მათემატიკის სახელმძღვანელოების 2011 წელს გამოცემისთვის მოსამზადებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელის მტკიცებით, 2011 წელს მათემატიკის სახელმძღვანელოების გამოსაცემად მომზადებისთვის მის მიერ გაწეული იქნა შემდეგი სახის ხარჯები: 1 410 ლარი - I და II კლასის წიგნების ტექსტის აკრეფისათვის; 5 800 ლარი - მე-6 კლასის წიგნების დაკაბადონების, I-VI კლასის წიგნების გამოსაცემად მომზადების, გრიფირებისათვის I-VI კლასის სახელმზღვანელოების კომპლექტის მომზადება; 950 ლარი - I და VI კლასის სახელმძღვანელოების კორექტურისათვის; 1 350 ლარი - პირველი კლასის სახელმძღვანელოების დაკაბადონებისათვის; 3 150 ლარი - მე-4 და მე-5 კლასის წიგნების დაკაბადონებისათვის; 7 000 ლარი - მხატვარ რ. ტ.ის საავტორო უფლების შეძენისთვის; 10 800 ლარი - საბეჭდი მანქანისა და ე.წ ქაღალდის ამკრეფის შეძენისთვის; 5 500 ლარი - სატრანსპორტო დანახარჯები გაწეული წლების მანძილზე საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებში ტრანსპორტირებისათვის; 2420 ლარი - მასწავლებლებისათვის დასარიგებელი სარეკლამო და მეთოდური წიგნების დაბეჭდვა-დარიგებისათვის; 250 ლარი - გრიფის ნიმუშების დამზადებისა და ყდაში ჩასმისათვის; 1 670 ლარი - ფერადი წიგნების დაბეჭდვისათვის; 14 320 ლარი - პედაგოგებისათვის დარიგებული I-VI კლასის სახელმძღვანელოების საფასური. მთალიანობაში, გაწეულმა ხარჯებმა, მოსარჩელის მითითებით, 54610 ლარი შეადგინა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო არ იყო მათ შორის 2008-2010 წლების ურთიერთობიდან გამომდინარე მათემატიკის სახელმძღვანელოების გამოცემასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და რეალიზაციიდან მიღებული მოგების განაწილების საკითხი.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ, 2012 წლის 19 ივლისის ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე, როლითაც დასტურდებოდა, რომ 2011 წელს გაფორმდა ხელშეკრულებები შპს „გ.ს. ც.ნ.“ და ინდ.მეწარმე ა. ს.ს შორის მომსახურების თაობაზე. ა.ს.ს დაკვეთით შპს „ც. ნ.“ ბეჭდავდა სასკოლო სახელმძღვანელოებსა და რვეულებს. ანგარიშსწორება ხდებოდა გადარიცხვით სასაქონლო ზედნადებების თანახმად. ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის შედეგად, შპს „ც. ნ.“ ი.მ ა.ს.ს მიმართ დაუგროვდა დავალიანება 25 861.6 ლარი, რისი დაფარვაც შპს „გ.ს. ც. ნ.მა“ იკისრა ერთი წლის განმავლობაში, ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 19 ივლისის მდგომარეობით მხარეებმა გაქვითეს რა ურთიერთმოთხოვნები, აღმოჩნდა, რომ ა.ს.ს მიმართ დავალიანება გააჩნდა მოსარჩელეს, რომელიც წარმოიშვა მათემატიკის სასკოლო სახელმძღვანელოებისა და რვეულების ბეჭდვის მომსახურებიდან გამომდინარე.

მათემატიკის სახელმძღვანელოების ბეჭდვიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ რაიმე დავალიანება არ გააჩნდათ, პირიქით, მოსარჩელეს დაუგროვდა 25 861.6 ლარის დავალიანება მოპასუხეთა მიმართ.

2011 წელს, გრიფის მოპოვების შემდეგ, მე-2 კლასის სახელმძღვანელოებში რ. ტ.ის ნახატების გამოყენებით მოპასუხეებმა დაარღვიეს აღნიშნულ ნახატებზე რ. ტ.ის საავტორო უფლება, რის გამოც შპს „გ.ს. ც. ნ.“, როგორც საავტორო უფლების მფლობელს, წარმოეშვა უფლება, მოპასუხეებს მოსთხოვოს საავტორო უფლების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-9 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლზე, 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 42-ე მუხლზე, 58-ე მუხლის პირველ, მეორე და მესამე პუნქტებზე, 59-ე მუხლის პირველ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ რ.ტ.მ თავისი საავტორო უფლება მათემატიკის მე-2 კლასის სახელმძღვანელოს გასაფორმებლად შესრულებულ ნახატებზე გადასცა შპს „გ.ს. ც. ნ. ს“. 2011 წლის გრიფირების შემდგომ მოპასუხეთა ავტორობით გამოცემულ მათემატიკის მე-2 კლასის სახელმძღვანელოს გასაფორმებლად გამოყენებული იყო მხატვარ რ. ტ.ს ნახატები, რის გამოყენებაზეც მოპასუხეებს შპს „გ.ს. ც. ნ.ის“ თანხმობა არ ჰქონდათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ დარღვეულ იქნა რ.ტ.ის ნახატებზე საავტორო უფლების მქონე პირის - შპს „გ.ს ც. ნ.ის“ უფლება, ნაწარმოების გამოყენებაზე, შესაბამისად, ამ უკანასკნელს წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დამრღვევისგან, მოცემულ შემთხვევაში ა.ს.სა და თ.ბ.სგან.

ზიანის ოდენობის განსაზღვრისას პალატამ იხელმძღვანელა ა. ს.სა და შპს „ს.ჯ.ე.ს“ შორის 2011 წლის 4 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით, პალატამ გაითვალისწინა რ.ტ.სა და შპს „გ.ს. ც. ნ.“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ გასამრჯელოს ოდენობა (რ.ტ. გამოცემულ ყოველ ერთ წიგნზე უნდა მიეღო 0.75 ლარი) და მიიჩნია, რომ, მოპასუხეებისათვის დასაკისრებელი ზიანის გონივრული ოდენობა, უნდა განსაზღვრულიყო 5 025 ლარით (6700/0.75).

პალატამ არ გაიზიარა ა.ს.სა და თ.ბ.ს პოზიცია პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითავ მათ უარი ეთქვათ მესამე პირის ჩართვაზე, რადგანაც მისაღები გადაწყვეტილება გავლენას ვერ იქონიებდა სსიპ „ე. ს.გ. და შ. ც.ის“ უფლებებსა და მოვალეობებზე რომელიმე მხარის მიმართ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ.ს. ც. ნ.მა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

2008-2011 წლებში მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. შეთანხმების შესაბამისად, შპს „გ.ს.ც.ნ.“ საკუთარი ხარჯებით უნდა შეექმნა შედგენილი ნაწარმოები, განეხორციელებინა მისი გამოცემა, პოპულარიზაცია, ხოლო რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგება მხარეთა შორის უნდა განაწილებულიყო თანაბრად. სწორედ აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, შპს „გ.ს. ც. ნ.მა“ გაწია ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომა. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, შექმნა, შეარჩია და განალაგა მათ შორის მოპასუხეების მიერ შექმნილი ნაწარმოებები და მიიღო შედგენილი ნაწარმოები მათემატიკის სახელმძღვანელოს სახით.

სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, არასწორად შეაფასა შპს „გ.ს. ც. ნ.ის“ მიერ გაწეული შრომა, ასევე არასწორად განმარტა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-12 მუხლები. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა შეარჩია მასალები, შექმნა დამოუკიდებელი ნაწარმოებები მხატვრული ნაწარმოებების სახით, შექმნა დიზაინი, ილუსტრაციები, განალაგა თავისი შეხედულებისამებრ, დააკაბადონა და გამოსცა. I-VI კლასის სახელმძღვანელოების საბოლოო სახით ჩამოსაყალიბებლად შპს „გ.ს. ც. ნ.მა“ გაწია როგორც ზემოთმითითებული ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომა, ასევე განახორციელა ტექნიკური სამუშაოები.

გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ, რომ შპს „გ. ს. ც. ნ.მა“ მხოლოდ ის ტექნიკური სამუშაოები გაწია, რომლებსაც, თავისი საქმიანობის ფარგლებში, ახორციელებს ნებისმიერი სტამბა. პროცესზე თვალნათლივ, კონკრეტული მაგალითების მოყვანით იქნა განმარტებული ის ინტელექტუალური სამუშაო, რომელიც გასწია გამომცემლობამ, თუმცა, აღნიშნულმა ასახვა ვერ ჰპოვა გადაწყვეტილებაში. სააპელაციო პალატამ მხოლოდ მიუთითა, რომ სახელმძღვანელოების გასაფორმებლად გამოყენებული ნახატების ფერებისა და ზომების შერჩევა არ წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობას, რაც არასწორია, ვინაიდან ინტელექტუალურ სამუშაოს წარმოადგენს ის, რაც პირის აზროვნების მატერიალური ფორმით გამოხატვის შედეგია მიუხედავად მისი ავკარგიანობისა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, არსებითია ის, რომ შპს „გ.ს. ც. ნ.მა“ არა მხოლოდ ნახატების ზომები და ფერები შეარჩია, არამედ, თავად ნახატები, ილუსტრაციები, რაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობას წარმოადგენს.

პროცესის მიმდინარეობისას არაერთხელ აღინიშნა, რომ მოპასუხეებს არ ედავებიან მათ მიერ შექმნილ ნაწარმოებებზე არსებულ საავტორო უფლებებზე. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით შპს „გ.ს. ც. ნ. ს“ გააჩნია საავტორო უფლებები შედგენილ ნაწარმოებებზე, რაც გულისხმობს საავტორო უფლებებს მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რომელიც, თავის მხრივ, დაცული და გარანტირებულია მოქმედი კანონმდებლობით.

2011 წელს, მას შემდეგ რაც შპს „გ.ს.ც. ნ.მა“ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი დანახარჯებით შეძლო გრიფირებისათვის მომზადებული წიგნების შექმნა, დაბეჭდვა, გაცნობა, საქართველოს მასშტაბით სკოლის პედაგოგებისათვის და ფაქტობრივად შედგენილი ნაწარმოები მომზადებული იყო სარეალიზაციოდ, სრულიად მოულოდნელად, მოპასუხეებმა შედგენილი ნაწარმოების იდენტური შინაარსითა და განლაგებით გამოსცეს მათემატიკის სახელმძღვანელოები, რამდენადაც, მათ მოეპოვებოდათ შპს „გ. ს. ც. ნ.ის“ მიერ შედგენილი წიგნების ელექტრონული ვერსიები.

შპს „გ.ს.ც.ნ.ის“ მიერ სარჩელზე თანდართულ იქნა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა კასატორის მიერ გაწეულ შრომას, მათ შორის, ხელშეკრულებები, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „გა.ს.ც. ნ.“ შესაბამის პირებს უკვეთავდა წიგნებზე მუშაობას, ბეჭდვას, დაკაბადონებას, დიზაინს, ნახატების ილუსტრაციების შექმნას და სხვა. საქმეში წარმოდგენილ იქნა საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა სიები, რომელთაც პოპულარიზაციის მიზნით, გადაეცათ კასატორის მიერ დამზადებული წიგნები, ცნობები სასწავლო დაწესებულებებიდან, რომ სიებში შეყვანილი პირები ნამდვილად არიან მასწავლებლები. თუმცა, მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატას აღნიშნული მტკიცებულებები მხედველობაშიც არ მიუღია.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, შპს „გ.ს.ც.ნ. ს“, რამდენადაც იგი არის შედგენილი ნაწარმოების ავტორი (საავტორო უფლებების მფლობელი), უფლება აქვს აუკრძალოს მესამე პირებს სახელმძღვანელოების გამოცემა, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო პალატამ, წინამდებარე საკითხზე მსჯელობისას არსებითად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათ მისცა ცალმხრივი და არაობიექტური შეფასება. სასამართლომ, ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია ის, რომ 2012 წლის 19 ივლისის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეებმა, სავარაუდოდ, გაქვითეს მოთხოვნები.

2012 წლის 19 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის დავა არ ყოფილა. ის ურთიერთობა, რომელიც შპს „გს.ც.ნ. ს“ გააჩნდა ინდ.მეწარმე ა. ს.თან არის არსებითად სხვა. სასამართლომ ლოგიკური საფუძვლის გარეშე, სხვადასხვა სუბიექტებს შორის არსებული ურთიერთობა გააერთიანა და მიიჩნია, რომ მოხდა ურთიერთვალდებულებათა გაქვითვა. ბუნებრივია, შპს „გ.ს.ც.ნ.“ წარმოადგენს სტამბასაც, რომელიც, რიგ შემთხვევებში, შეკვეთის არსებობისას, ახორციელებს ბეჭდვით სამუშაოებსაც, შესაბამისად, ინდ.მეწარმე ა. ს.მაც იცოდა რა მოსარჩელე მხარის საქმიანობა, მათ შორის არსებული ურთიერთობების პარალელურად შეუკვეთა რვეულების დაბეჭდვა. სასამართლომ ისე ჩათვალა მხარეთა შორის ვალი გაქვითულად, რომ არ გაუანალიზებია 2012 წლის 19 ივლისის ხელშეკრულება. ვალის გაქვითულად მიჩნევით დაადგინა, რომ დავალიანება მოპასუხეებს კი არა, არამედ მოსარჩელეს თავად გააჩნია. რეალურად სანოტარო აქტი შეეხება ორი იურიდიული პირის ურთიერთობას სრულიად განსხვავებულ ამპლუაში, სადაც შპს „გ.ს.ც.ნ.მმა“ ინდ.მეწარმე ა. ს. ს დაუბეჭდა სასკოლო რვეულები და როგორც დისტრიბუტორმა რეალიზაცია გაუწია ინდ.მეწარმის წარმოებულ პროდუქციას, რაც შპს „გ.ს.ც.ნ.მა“ სრულად აღიარა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ იმ ურთიერთობაზე, რომელზეც მოსარჩელე სასამართლოში დავას აპირებდა, არ გააფორმებდა ვალის აღიარების ხელშეკრულებას.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ის ხარჯები, რაც შპს „გ.ს.ც.ნ.მა“ გაწია მათემატიკის სახელმძღვანელოების შექმნა-გამოცემა-პოპულარიზაციისთვის, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ შეაფასა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მითითებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო პალატას არ უმსჯელია და არ შეუფასებია სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეებისათვის 137 250,00 ლარის დაკისრების ნაწილში, ამასთან, სწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, შპს „გ.ს.ც.ნ.ის“ მიერ შედგენილი ნაწარმოების რეალიზაციიდან ამონაგები მოგება უნდა განაწილებულიყო მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის თანაბარწილად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხეებს სადავოდ არც გაუხდიათ. უფრო მეტიც, ისინი თავადაც მიუთითებდნენ შეთახმებაზე, რომლის შესაბამისადაც მათემატიკის სახელმძღვანელოების რეალიზაციიდან ამონაგები მოგება მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის თანაბრად უნდა განაწილებულიყო.

კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, წინამდებარე დავის მხარეები წიგნების რეალიზაციიდან მიიღებდნენ მოგებას, რომელიც მათ შორის განაწილდებოდა თანაბრად. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ა.ს.მა და თ. ბ.მა დაარღვიეს შპს „გ. ს.ც.ნ.“ საავტორო უფლებები შედგენილ ნაწარმოებზე, შპს „გ.ს.ც.ნ. ს“ მიაყენეს ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით (გამოცემული წიგნებიდან მიღებული მოგების ნახევრის ოდენობით, რაც შეადგენს 137 250,00 ლარს).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეებმა სტამბა „ს.ჯ.ე.ს“ შეუკვეთეს 37 000 ცალი წიგნის დაბეჭდვა. მოპასუხეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში და არც შემდგომ პროცესის მიმდინარეობისას სადავო არ გაუხდია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. 2011 წელს მოპასუხეების მიერ რეალიზებული იქნა მათემატიკის სახელმძღვანელოების შპს „გ.ს.ც.ნ.ის“ მიერ მითითებული ოდენობა - 36 000 ცალი; 2. თითოეული სახელმძღვანელოს საბაზრო საცალო სარეალიზაციო ფასი იყო - 10 ლარი (საბითუმო 8 ლარი); 3. თვითღირებულება თითო წიგნისა შეადგენდა არა უმეტეს - 2,50 ლარს. შპს „გ.ს.ც.ნ.ის“ მიერ წარდგენილ იქნა დამატებით მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ზემოთ მითითებულ გარემოებებს.

სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ მათემატიკის მე-2 კლასის სახელმძღვანელოში გამოყენებულ რ.ტ.ის ყველა ნახატზე საავტორო უფლებები გააჩნდა შპს „გ.ს.ც.ნ.ს“, შესაბამისადაც, რ.ტ.ის ნახატების გამოყენებაზე მოპასუხეებს შპს „გ.ს.ც.ნ.გან“ თანხმობა არ ჰქონია, ასევე ფაქტი, რომ მოპასუხეების მიერ რ.ტ.ის ნახატების გამოყენებით მათემატიკის მე-2 კლასის სახელმძღვანელო იქნა გამოცემული. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის ნაწილში შპს „გ.ს.ც.ნ.ის“ მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო. თუმცა, აქვე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მათემატიკის სახელმძღვანელოები სისტემატურად გამოიცემა, შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია სასამართლოს მიერ, მომავალშიც, წლების მანძილზე მათემატიკის სახელმძღვანელოების გამოცემის პარალელურად მიადგება შპს „გ.ს.ც.ნ. ს“. სწორედ აღნიშნული ზიანის თავიდან აცილების მიზნით სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად მათემატიკის სახელმძღვანელოების გამოცემის აკრძალვა, რის თაობაზეც პალატას არ უმსჯელია.

სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შპს „გ.ს.ც.ნ.“ 2008-2010 წლებში გამოსცემდა ა.ს.სა და თ.ბ.ს ავტორობით მათემატიკის მე-3, მე-4 და მე-5 კლასის სახელმძღვანელოებს. სასამართლომ არასწორად დაადგინა რომ ამ პერიოდში შპს „გ.ს.ც.ნ.ის“ მიერ გამოცემული იქნა მე-3, მე-4 და მე-5 კლასის და არა პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოები, ასევე არასწორად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება 2011 წელს I-VI კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოების გამოცემის თაობაზე.

გაუგებარია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2011 წელს ა.ს.ს დაკვეთით შპს „გ.ს.ც.ნ.მა“ მხოლოდ დაბეჭდა I-VI კლასის სახელმძღვანელოს 42 ეგზემპლარი და მოამზადა ელ.ვერსია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ მოპასუხის განმარტებას და შეფასების გარეშე დატოვა მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლომ არასწორად განმარტა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი, ამასთანავე, პალატამ არ გაითვალისწინა მის მიერვე დადგენილი გარემოება, რომ მხატვარს ნახატების დიზაინი, ზომები და ფერები უნდა შეეთანხმებინა არა მოწინააღმდეგე მხარეებთან, არამედ შპს „გ.ს.ც.ნ.თან“. გარდა მხატვრისა, წიგნზე (მის დიზაინზე და ა.შ.) მომუშავე პირები ყველა საკითხს ათანხმებდნენ შპს „გ.ს.ც.ნ.თან“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით შპს „გ.ს.ც.ნ.“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „გ.ს.ც.ნ.ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

პალატა საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მოითხოვდა საკუთარი, როგორც შედგენილი ნაწარმოების ავტორის უფლების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, ასევე მათემატიკის სახელმძღვანელოების, როგორც შედგენილი ნაწარმოების, საჯაროდ გავრცელების აკრძალვას.

საქმის განხილვისას სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს „გ.ს.ც.ნ.“ პირველი - მე-6 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოებზე არ წარმოშობია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საავტორო უფლება, ერთი მხრივ, მოპასუხეებთან დადგენილი წესით (წერილობითი) ხელშეკრულების გაუფორმებლობის გამო, ხოლო, მეორე მხრივ, მას არ გაუწევია ინტელექტულაურ-შემოქმედებითი საქმიანობა, კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი კი, ამ უფლების წარმოშობისათვის ადგენს შემდეგ რეგულაციას: შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს. ამ კუთხით კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საავტპრო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე, რომელთა მიხედვითაც შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორებს უფლება აქვთ გამოიყენონ თავიანთი ნაწარმოებები შედგენილი ნაწარმოებისაგან დამოუკიდებლად, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შემდგენლის საავტორო უფლება ხელს არ უშლის სხვა პირებს, განახორციელონ იმავე მასალის შერჩევა და განლაგება თავიანთ შედგენილ ნაწარმოებთა შესაქმნელად. კანონის ამ დებულებათა ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შედგენილ ნაწარმოებში შესული ნაწარმოების ავტორს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი ნაწარმოები სხვა შედგენილი ნაწარმოების შესაქმნელად, თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში მან საკუთარი ნაწარმოების ასეთ გამოყენებაზე უარი არ განაცხადა, ამასთან, ამგვარი გამოყენებით არ უნდა შეილახოს, როგორც შედგენილი ნაწარმოების ავტორის, ასევე მასში შესულ სხვა ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლებები. მითითებულ ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში, საავტორო უფლების მქონე პირის უფლებები გარანტირებულია ამავე კანონის მე-18 მუხლით, რომლის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რომელიც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს რიგი იურიდიული მოქმედების განხორციელება, მათ შორისაა ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება). ნორმის მე-3 პუნქტით კი, განსაზღვრულია ავტორის ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელის უფლება, მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შპს „გ.ს.ც.ნ.სა“ და რ.ტ.ს შორის 2010 წლის 12 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით, რ.ტ.ს უნდა გაეფორმებინა ა.ს.ს და თ.ბ.ს ავტორობით გამოცემული მე-2 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო. ნახატების ზომები, ფერები და დიზაინი უნდა შეთანხმებულიყო შპს „გ.ს.ც.ნ.თან“. აღნიშნული ხელშეკრულებით, რ.ტ.ის ინტელექტუალურ და ფიზიკურ შრომასთან დაკავშირებული ყველა საავტორო უფლება გადაეცა „გ.ს.ც.ნ. ს“, რომელიც გახდა რ.ტ.ის ნაწარმოებზე საავტორო უფლების მქონე პირი.

ხელშეკრულების თანახმად, რ.ტ. ერთჯერადი ანაზღაურების სახით უნდა მიეღო 7000 ლარი, ხოლო ყოველი გამოცემული წიგნის ყოველ ერთ ცალზე - 0.75 ლარი, განათლების სამინისტროს ან გამომცემლობის ტირაჟის მიხედვით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ასევე დადგენილია მათემატიკის მე-2 კლასის სახელმძღვანელოს გამოცემისას მოპასუხეების მიერ შპს „გ.ს.ც.ნ.ის“ საავტორო უფლების დარღვევის ფაქტი, რის გამოც, სასამართლომ მოსარჩელის დარღვეული ქონებრივი უფლების დაცვის სამართლიან ანაზღაურებად რ.ტყემალაძესთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰონორარის დამრღვევთათვის დაკისრება მიიჩნია. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს მოსარჩელის საავტორო უფლების ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით და ამ კუთხით მოპასუხეთათვის ზიანის დაკისრება საფუძვლიანია.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელის საავტორო უფლების სამომავლოდ დარღვევის შესაძლებლობა (მათემატიკის სახელმძღვანელოები სისტემატურად გამოიცემა, შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია სასამართლოს მიერ, მომავალშიც, წლების მანძილზე მათემატიკის სახელმძღვანელოების გამოცემის პარალელურად მიადგება შპს „გ.ს.ც.ნ. ს“), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ც.ნ.“, როგორც შედგენილი ნაწარმოების ავტორი, სარჩელით მოითხოვდა შედგენილი ნაწარმოების გამოყენების აკრძალვას. ამდენად, მისი მოთხოვნა არ იყო მიმართული შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების დაცვისაკენ, თუმცა, პალატა განმარტავს, რომ საავტორო უფლების სამომავლოდ დარღვევის შემთხვევაში, მოსარჩელე წინამდებარე გადაწყვეტილებით არ იქნება შეზღუდული, განახორციელოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებების რეალიზაცია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „გ.ს.ც.ნ. ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ.ს.ც.ნის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე