№ას-21-18-2015 27 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი _ კ. პ-ში (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ნ-ი, ს. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით კ. პ-შის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ს. გ-ს კ. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 17 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის გადახდა ეროვნულ ვალუტაში. კ. პ-შის სარჩელი ლ. ნ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ლ. ნ-ის საკუთრებაში არსებულ ქ.თბილისში, წ-ის მე-3 შ-ის, მე-9 კ-ში მდებარე უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი №........).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. პ-მა და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. პ-შის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მირებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. კ. პ-შის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ს. გ-სა და ლ. ნ-ს კ. პ-შის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 17000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში. დანარჩენ ნაწილში კ. პ-შის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ნ-მა, ს. გ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება ლ. ნ-ისათვის სოლიდარულად დაკისრებული 17000 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის, ასვევ საპროცესო ხარჯების და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განჩინებით ლ. ნ-ისა და ს. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინებით ლ. ნ-ისა და ს. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
2015 წლის 26 მარტს კ. პ-შის წარმომადგენელმა მ. წ-მა შეგებებული საკასაციო საჩივრით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ლ. ნ-ისათვის და ს. გ-ისათვის 14700 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. პ-შის შეგებებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლი იმპერატიული შინაარსისაა, რაც მისი სხვაგვარი გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა. აღნიშნული გამომდინარეობს თავად საკასაციო საჩივრის არსიდან, რაც გამოიხატება იმაში, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად საკასაციო საჩივართან. სწორედ ამის გამო, თუკი საკასაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს მას, მაშინ შეგებებული საკასაციო საჩივარი კარგავს თავის დანიშნულებას და ძირითადი საკასაციო საჩივრის ბედს იზიარებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინებით ლ. ნ-ისა და ს. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
2015 წლის 26 მარტს კ. პ-შის წარმომადგენელმა მ. წ-მა შეგებებული საკასაციო საჩივრით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ლ. ნ-ისათვის და ს. გ-ისათვის 14700 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული შეგებებული საკასაციო საჩივარი ხარვეზიანია, ვინაიდან იგი წარმოადგინა კ. პ-შის წარმომადგენელმა მ. წ-მა, რომელსაც არ გააჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად გაცემული რწმუნებულება, მან წარმოადგინა მხოლოდ ორდერი, ასევე შეგებებულ საკასაციო საჩივარს არ ერთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, შეგებებულ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენა კარგავს აზრს, ვინაიდან ძირითადი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შესაბამისად, შეგებებული საკასაციო საჩივარიც უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 405-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. პ-შის შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი