Facebook Twitter

საქმე №ას-258-245-2015 05.03.2015წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. ხ-ი

წარმომადგენელი - ბ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს-ქ რ-დ ბ-ი“ (ყოფილი სს „ბ-ი ბ-ი“)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საზიარო ქონების თანაბარწილად გაყოფა

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციის გზით

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ს. ხ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე, სამოქალაქო საქმეზე - სს „ს-ქ რ-დ ბ-ი“ (ყოფილი სს „ბ-ი ბ-ი“) სარჩელის გამო, მოპასუხე ს. ხ-ის მიმართ, ქონების რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

სს „ს-ქ რ-დ ბ-მა“ (ყოფილი სს „ბ-ი ბ-ი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ს. ხ-ის მიმართ ქონების რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე, სახელდობრ, მოსარჩელემ მოითხოვა, ქ. ბათუმში, ჭ-ის ქ. №92-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით ..., საზიარო უფლების გაუქმება იძულებითი აუქციონის გზით და ამონაგები თანხის განაწილება მესაკუთრეებს შორის თანაბარ წილად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ბ-ი ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა სს „ბ-ი ბ-ისა“ და ს. ხ-ის საზიარო უფლება უძრავ ნივთზე მდებარე, ქ. ბათუმში, ჭ-ის ქ.№.. (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 696.00 კვ.მ.) (საკადასტრო კოდი №...), საზიარო საგნის გაყიდვით და დადგინდა ამონაგები თანხის სს „ბ. ბ-სა“ და ს. ხ-ს შორის განაწილება მათი კუთვნილი წილების შესაბამისად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ს. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ს. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ს. ხ-მა (წარმომადგენელი ბ. გ-ე), რომელმაც მოითხოვა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინების გაუქმება და სს „ს-ქ რ-დ ბ-ის“ (ყოფილი სს „ბ-ი ბ-ი“) სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია ვალდებულება, იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. მხარის მიერ კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვალა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს იმის მიუხედავად, ჩაიბარა თუ არა მოგვიანებით მხარემ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. ამასთან, განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს. ხ-ის ინტერესებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, საქმეში წარმოდგენილი ორდერის საფუძველზე წარმოადგენდა ბ. გ-ე (ს.ფ. 157), რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი - 2014 წლის 17 დეკემბრის სხდომის დღე (ს.ფ. 234). შესაბამისად, მის მიმართ მოქმედებს სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ს. ხ-ისათვის გასაჩივრების ვადის ათვლის თარიღად მიჩნეული უნდა იქნეს 2015 წლის 16 იანვარი ანუ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე.

ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინება ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა აპელანტს - ს. ხ-ს 2015 წლის 20 იანვარს საქმეში არსებულ შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ჭ-ის ქ.№.. (პირადი N……... აღნიშნულიდან გამომდინარე, ს. ხ-ისათვის გასაჩივრების ვადის ათვლის თარიღად მიჩნეულ უნდა იქნეს 2015 წლის 20 იანვარი - მისთვის გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების დღე. შესაბამისად, ს. ხ-ისათვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2015 წლის 21 იანვრიდან და ამოიწურა 2015 წლის 10 თებერვალს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს. ხ-მა საკასაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 23 თებერვალს, საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 21-დღიანი ვადის დარღვევით (იხ., საკასაციო საჩივარი და კონვერტი ს.ფ. 262-273).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამდენად, კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი