ას-281-263-2014 27 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ. ქ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ. ფ. ს. ნ-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ქ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. „ფ. ს. ნ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა კ. „ფ. ს. ნ-ის“ 2011 წლის 28 ივნისის №... ბრძანების უკანონოდ ცნობა, იძულებით განაცდურის – 20000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ შრომითი ხელშეკრულება არამართლზომიერად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეუწყვიტა, რის გამოც მან ვერ შეძლო შრომის ანაზღაურების მიღება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას უფლება ჰქონდა, შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ქ-ას სარჩელი კ. ფ. ს. ნ-ის’’ მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა ცნობილი კ. ფ. ს. ნ-ის’’ 2011 წლის 28 ივნისის №... ბრძანება რ. ქ-ასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. კ. ფ. ს. ნ-ს’’ რ. ქ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 20000 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. „ფ. ს. ნ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. „ფ. ს. ნ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რ. ქ-ას კ. „ფ. ს. ნ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 800 (რვაასი) ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. რ. ქ-ა 2009 წლის 25 აგვისტოდან მუშაობდა კ. „ფ. ს. ნ-ში“ ნავსადგურის ბიზნესის განვითარების განყოფილების პროექტის მენეჯერად და მისი ხელზე ასაღები ხელფასი იყო 800 ლარი;
2. ნავსადგურის ბიზნესის განვითარების განყოფილება შეიქმნა 2009 წლის 25 აგვისტოს, რომელიც ექვემდებარებოდა საწარმოს დირექტორს ბიზნესის განვითარების საკითხებში და 2011 წლის მაისისათვის მასში შედიოდა სამი პროექტის მენეჯერი, რეგისტრი და ბიზნესის განვითარების საკითხებში დირექტორის ასისტენტი;
3. 2011 წლის ივნისისათვის კი, ბიზნესის განვითარების განყოფილება შედგებოდა უკვე სამი საშტატო ერთეულისაგან. მათ შორის იყო ორი პროექტის მენეჯერი და ერთი ბიზნესის განვითარების საკითხებში დირექტორის ასისტენტი;
4. 2011 წლის 6 ივნისს კომპანიამ საწარმოს ყველა თანამშრომელს აცნობა, რომ მაჟორიტარი პარტნიორის გადაწყვეტილების საფუძველზე, მენეჯმენტი აპირებდა საწარმოში სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას, რომლის შედეგადაც, სხვათა შორის, ბიზნესის განვითარების განყოფილება და მისი შტატი შთაინთქმებოდა კადრების განყოფილების მიერ და შეწყვეტდა თავის არსებობას, როგორც ცალკე განყოფილება;
5. ეს რეორგანიზაცია განხორციელდა 2011 წლის ივლისში. საწარმოში ბიზნესის განვითარების განყოფილება გაუქმდა. ამასთან ერთად, გაუქმდა პროექტის მენეჯერის შტატი, კადრების სამსახურის არსებულ საშტატო განრიგს კი, დაემატა კადრების სამსახურის ბიზნეს პარტნიორის საშტატო ერთეული. კადრების განყოფილების სხვა შტატები დარჩა უცვლელი.
6. საწარმოს სტრუქტურა, საქმის სასამართლოში განხილვის დროისათვის მეტად შეცვლილია, თუმცა ბიზნესის განვითარების განყოფილების პროექტის მენეჯერის საშტატო ერთეული არც ამჟამად არსებობს;
7. 2011 წლის 28 ივნისს საწარმომ რ. ქ-ას შრომითი ხელშეკრულება მოუშალა; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებაში ხელშეკრულების მოშლის ფაქტობრივი საფუძველი მითითებული არ ყოფილა, თუმცა მის შესახებ აპელანტი ინფორმირებული იყო, რადგან 2011 წლის 6 ივნისის საინფორმაციო ბიულეტენი საწარმოში ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელების შესახებ მას ჩაჰბარდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედი რედაქცია შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძვლად შრომითი ხელშეკრულების მოშლას არ ითვალისწინებს, თუმცა საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის ორგანულ კანონს, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ უკუქცევითი ძალა არ მისცემია. ამიტომ, სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს შრომის კოდექსის, გასაჩივრებული ბრძანების გამოტანის დროისათვის მოქმედი, რედაქცია. 2011 წლის 28 ივნისის დროისათვის მოქმედი რედაქციით საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი იყო შრომითი ხელშეკრულების მოშლა.
პალატამ მიიჩნია, რომ კანონის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების მოშლა იყო შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის დამოუკიდებელი, ცალკე საფუძველი. დამსაქმებელს შეეძლო მოეშალა შრომითი ხელშეკრულება შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის სხვა საფუძვლების არარსებობის შემთხვევაშიც, თუ იარსებებდა ობიექტური გარემოება, რომელიც ამ ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებდა (შდრ. საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი).
დადგენილია, რომ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს შრომითი ხელშეკრულება მოუშალა საწარმოში მომხდარი სტრუქტურული რეორგანიზაციისა და, ამასთან დაკავშირებული, შტატების შემცირების გამო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რ. ქ-ას მტკიცება, რომ სტრუქტურულ რეორგანიზაციას საწარმოში შტატების შემცირება არ მოჰყოლია. თავისი პოზიციის დასადასტურებლად აპელანტმა სასამართლოს წარმოუდგინა წერილობითი მტკიცებულებები, ხოლო მოსარჩელეს მათი გამაქარწყლებელი არც-ერთი მტკიცებულება წარმოუდგენია. და, ასეც რომ არ ყოფილიყო, პალატის აზრით, უდავოა, რომ, ის შტატი, რომელზეც დასაქმებული იყო რ. ქ-ა, საწარმოში გაუქმდა, რადგან მის ნაცვლად აპელანტს არავინ დაუსაქმებია, რაც ცხადყოფს, რომ საწარმოს სტრუქტურულ რეორგანიზაციას შტატების შემცირება მოჰყვა.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, ზემოხსენებულ მიზეზთაგან ერთ-ერთი, კერძოდ, საწარმოს სტრუქტურული რეორგანიზაცია ან შტატების შემცირება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს ყველაზე სოციალურ სამართლის სისტემაშიც კი. მაგალითად, ამ საფუძვლით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა დასაშვები იყო 1973 წლის რედაქციის საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. აღსანიშნავია, ისიც, რომ ზემოხსენებული მოტივით შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობაც ითვალისწინებს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო მოხელე შეიძლება სამსახურიდან გაათავისუფლონ დაწესებულების რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის მიზეზი, რომლითაც აპელანტმა რ. ქ-ას შრომითი ხელშეკრულება მოუშალა, იყო ობიექტური და დასაბუთებული. ამ მიზეზის თაობაზე რ. ქ-ა ინფორმირებული იყო. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს შეეძლო, რ. ქ-ასთან შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობები და გასაჩივრებული ბრძანება უკანონო არ არის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ქ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყევტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არამართებულად ცნო დამტკიცებულად ფაქტობრივი გარემოებები, რომ თითქოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა საწარმოში იმ პერიოდისათვის მიმდინარე რეორგანიზაცია, რაც ვითომდა საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს წარმოადგენდა. კ. „ფ. ს. ნ-ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რეორგანიზაციის მიმდინარეობა და მოსარჩელის საშტატო ერთეულის შემცირების ფაქტი. რაც შეეხება 2011 წლის 6 ივნისის საინფორმაციო ბიულეტენს, კასატორის განმარტებით, აღნიშნული ბიულეტენის საშუალებით მოპასუხემ საწარმოს თანამშრომლებს მიაწოდა ინფორმაცია საწარმოში რამდენიმე ცვლილების შესახებ, მათ შორის ბიზნესის განყოფილებაში მიმდინარე ცვლილებაზე. მის მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციული სტრუქტურის დამადასტურებელი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს და შეწყვეტის შემდეგ, დასაქმებულის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული შემცირებული არ ყოფილა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სს „კ. ფ. ს. ნ-ს“ თავისი სამოქალაქო უფლება – მოეშალა შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან, ბოროტად არ გამოუყენებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ რ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. რ. ქ-ა 2009 წლის 25 აგვისტოდან მუშაობდა კ. „ფ. ს. ნ-ში“ ნავსადგურის ბიზნესის განვითარების განყოფილების პროექტის მენეჯერად და მისი ხელზე ასაღები ხელფასი იყო 800 ლარი;
2. ნავსადგურის ბიზნესის განვითარების განყოფილება შეიქმნა 2009 წლის 25 აგვისტოს, რომელიც ექვემდებარებოდა საწარმოს დირექტორს ბიზნესის განვითარების საკითხებში და 2011 წლის მაისისათვის მასში შედიოდა სამი პროექტის მენეჯერი, რეგისტრი და ბიზნესის განვითარების საკითხებში დირექტორის ასისტენტი;
3. 2011 წლის ივნისისათვის კი, ბიზნესის განვითარების განყოფილება შედგებოდა უკვე სამი საშტატო ერთეულისაგან. მათ შორის იყო ორი პროექტის მენეჯერი და ერთი ბიზნესის განვითარების საკითხებში დირექტორის ასისტენტი;
4. 2011 წლის 6 ივნისს კომპანიამ საწარმოს ყველა თანამშრომელს აცნობა, რომ მაჟორიტარი პარტნიორის გადაწყვეტილების საფუძველზე, მენეჯმენტი აპირებდა საწარმოში სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას, რომლის შედეგადაც, სხვათა შორის, ბიზნესის განვითარების განყოფილება და მისი შტატი შთაინთქმებოდა კადრების განყოფილების მიერ და შეწყვეტდა თავის არსებობას, როგორც ცალკე განყოფილება;
5. ეს რეორგანიზაცია განხორციელდა 2011 წლის ივლისში. საწარმოში ბიზნესის განვითარების განყოფილება გაუქმდა. ამასთან ერთად, გაუქმდა პროექტის მენეჯერის შტატი, კადრების სამსახურის არსებულ საშტატო განრიგს კი, დაემატა კადრების სამსახურის ბიზნეს პარტნიორის საშტატო ერთეული. კადრების განყოფილების სხვა შტატები დარჩა უცვლელი.
6. საწარმოს სტრუქტურა, საქმის სასამართლოში განხილვის დროისათვის მეტად შეცვლილია, თუმცა ბიზნესის განვითარების განყოფილების პროექტის მენეჯერის საშტატო ერთეული არც ამჟამად არსებობს;
7. 2011 წლის 28 ივნისს საწარმომ რ. ქ-ას შრომითი ხელშეკრულება მოუშალა; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებაში ხელშეკრულების მოშლის ფაქტობრივი საფუძველი მითითებული არ ყოფილა, თუმცა მის შესახებ აპელანტი ინფორმირებული იყო, რადგან 2011 წლის 6 ივნისის საინფორმაციო ბიულეტენი საწარმოში ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელების შესახებ მას ჩაჰბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია“ გულისხმობს კასატორის მითითებას იმ საპროცესოსამართლებრივ დარღვევებზე, რასაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა მოჰყვა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ რ. ქ-ა სამსახურიდან 2011 წლის 28 ივნისს გაათავისუფლეს, შესაბამისად, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს შრომის კოდექსის იმ დროისათვის მოქმედი რედაქცია. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ შრომის კოდექსში 2013 წელს განხორციელებულ ცვლილებებს უკუქცევითი ძალა არ ენიჭება. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესი, რომ ეს კანონი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა, არ გულისხმობს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანამდე შეწყვეტილ შრომის ხელშეკრულებებზე ამ ცვლილებების გავრცელებას. კანონმდებელმა უკუქცევითი ძალა მიანიჭა 2010 წლის 17 დეკემბერს მიღებულ შრომის კოდექსის რედაქციას, შემდგომში შეტანილ ცვლილებებზე კი, არ ყოფილა დათქმა უკუძალის მინიჭების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსის 2011 წლისათვის მოქმედი რედაქციის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზოგადად, შრომის ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი იყო მხარის ნების გამოვლენა, მათ შორის ცალმხრივი ნების გამოვლენაც. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, დამსაქმებლის ნება, პირთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, საკმარისი იყო ხელშეკრულების მოშლისათვის, მაგრამ დამსაქმებლის ეს უფლება არ არის შეუზღუდავი. ამგვარი ნების გამოვლენით არ უნდა ირღვეოდეს პირის ძირითადი უფლებები და სამართლის ზოგადი პრინციპები. ნებისმიერი სამოქალაქო უფლება შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. შრომის ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში უფლების განხორციელების მართლზომიერება გულისხმობს იმ გარემოებას, რომ დამსაქმებლის ნების გამოვლენით არ უნდა დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ასევე შრომის კოდექსით დადგენილი დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი. ამასთან, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში დამსაქმებელს ეკისრება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმისათვის, რომ დამსაქმებელმა გააქარწყლოს ვარაუდი პირის გათავისუფლების დისკრიმინაციული მიზეზის არსებობის შესახებ, მან უნდა დაასაბუთოს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მართლზომიერი საფუძვლით მოხდა. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელი სწორედ ამგვარ საფუძველზე - რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებაზე მიუთითებს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს რ. ქ-ას მითითებას, რომ მოპასუხე საწარმოში რეორგანიზაცია და შტატების შემცირება არ მომხდარა. კასატორის მტკიცებით, 2011 წლის 6 ივნისის ბიულეტენი შტატების შემცირებაზე არ მიუთითებს.
ბიულეტენის თანახმად, ახალი მაჟორიტარი პარტნიორის გადაწყვეტილებით, იგეგმებოდა ორგანიზაციული ცვლილებები, მათ შორის, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი და მისი შტატები შთანთქმული იქნებოდა კადრების დეპარტამენტის მიერ და ცალკე დეპარტამენტის სახით არსებობას შეწყვეტდა (ს.ფ. 25). ბიულეტენი გააცნეს სს „კ. ფ. ს. ნ-ის“ ყველა თანამშრომელს, მათ შორის, რ. ქ-ას, რასაც არც მოსარჩელე უარყოფს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბიულეტენით თანამშრომლებს ეცნობა დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ, ამასთან მითითება იმის შესახებ, რომ კონკრეტული დეპარტამენტის შტატები შთანთქმული იქნებოდა სხვა დეპარტამენტის მიერ, შეიცავს იმის შესახებ მითითებასაც, რომ ამგვარ გარდაქმნას, შესაძლოა, შტატების შემცირება მოჰყვეს. გარდა ამისა, თუნდაც ბიულეტენში შტატების შემცირების შესახებ არ ყოფილიყო აღნიშნული, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ რეორგანიზაციის დაგეგმვის ეტაპზე, დამსაქმებლისათვის, შესაძლოა, არც ყოფილიყო ცნობილი, კონკრეტულად რომელი შტატების შემცირება გახდებოდა საჭირო. ამგვარი წინასწარი გაფრთხილების არ არსებობა, შემდგომში შტატების შემცირებას არალეგიტიმურად არ აქცევს.
საქმეში წარმოდგენილია სს „კ. ფ. ს. ნ-ის“ ორგანიზაციული სტრუქტურა. ცხრილების თანახმად, 2011 წლის მაისის მდგომარეობით ბიზნესის განვითარების განყოფილებაში 5 შტატი იყო, მათ შორის სამი პროექტის მენეჯერი, ხოლო კადრების სამსახურში - 8 შტატი. 2011 წლის ივნისის მდგომარეობით ბიზნესის განვითარების განყოფილებაში 3 შტატია დარჩენილი, მათ შორის 2 პროექტის მენეჯერი, ხოლო კადრების განყოფილებაში კვლავ 8 შტატია, 2011 წლის ივლისის მდგომარეობით კი, ბიზნესის განვითარების განყოფილება ცალკე აღარ არის მითითებული, კადრების სამსახურში კი, 9 შტატია მითითებული და არც ერთი პროექტის მენეჯერი, არის მხოლოდ კადრების სამსახურის ბიზნეს პარტნიორის ერთი შტატი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში რ. ქ-ას შტატი შემცირდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საპირისპიროს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. მას უნდა დაედასტურებინა სათანადო მტკიცებულებებით, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში მისი შტატი არ გაუქმებულა, წარმოდგენილი სტრუქტურა რეალურ სურათს არ ასახავს, რომ, მაგალითად, მისი თანამდებობა ინტეგრირებულია ახალშექმნილ სამსახურში, გადაერქვა სახელი, მაგრამ ფუნქციები იგივე დარჩა და ა.შ. მოსარჩელე ამგვარ გარემოებებზე არ მიუთითებს და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ სს „კ. ფ. ს. ნ-ს“ თავისი უფლება ბოროტად არ გამოუყენებია და რ. ქ-ასთან შრომითი ურთიერთობა მართლზომიერი საფუძვლით შეწყვიტა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე