საქმე №ას-29-26-2015 27 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. გ-ი, ნ. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს ოდენობის 0.09 პროცენტით განსაზღვრის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს შემცირება 0,05 პროცენტამდე
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა, პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-მა და ნ. მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე თ. ბ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს 2013 წლის 16 აგვისტოს ნოტარიუს ნ. სუ-ის მიერ გაცემული N...... სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, სააღსრულებო ფურცელში მითითებული 13 968,24 ლარის შემცირება 5500 ლარით.
სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2010 წლის 12 ოქტომბერს ნ. მ-მა მოპასუხისაგან სამი თვის ვადით ისესხა 4840 აშშ დოლარი სარგებლის გარეშე, რაზედაც მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელე - ნ. გ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე, ქალაქ გორში, ნ-ის ქუჩა N3, ბინა N9-ში (სკ:......). მოსარჩელეთა განმარტებით, შეთანხმებულ ვადაში სესხის გადაუხდელობის გამო, მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა. სააღსრულებო ფურცლით არასწორად განისაზღვრა სასესხო ვალდებულება და მისი ოდენობა უსაფუძვლოდ გაიზარდა.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს განაკვეთის შემცირების შესაძლებლობას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმდა პირგასამტეხლოს განაკვეთი, რომლის ოდენობა შეადგენდა გადასახდელი თანხის 0,2 პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვალდებულების დარღვევა გრძელდებოდა, სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა არ წარმოადგენდა შეუსაბაოდ მაღალს და თავის მხრივ, არ წარმოშობდა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებულ შემცირების წინაპირობებს.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ისა და ნ. გ-ის სარჩელი თ. ბ-ის მიმართ პირგასამტეხლოს შემცირებისა და ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება შევიდა 2013 წლის 16 აგვისტოს გაცემულ №...... სააღსრულებო ფურცელში, შემცირდა მასში მითითებული პირგასამტეხლო და მისი ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა გადასახდელი თანხის 0,13%-ის ოდენობით.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. გ-ისა და ნ. მ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ისა და ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეიცვალა გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. გ-ისა და ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება შევიდა 2013 წლის 16 აგვისტოს გაცემულ №...... სააღსრულებო ფურცელში და ნ. მ-ის ვალდებულება კრედიტორ თ. ბ-ის მიმართ პირგასამტეხლოს სახით განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 4840 აშშ დოლარის 0.09%-ით, სულ 943 დღეზე, რაც შეადგენს 4107.70 აშშ დოლარს.
მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის ოდენობა სადავოდ არ გაუხდია. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ოდენობა მოსარჩელეს მის მიერ წარდგენილი სარჩელით პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია. იგი მხოლოდ ითხოვდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან აღნიშნული გარემოების მოცემულ ეტაპზე შეფასება ხორციელდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის ნორმათა დაცვით, ხოლო როგორც მოცემული საქმის მასალებიდან ირკვეოდა, აპელანტმა ვერ დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლოში ახალ გარემოებაზე მიუთითებლობის საპატიო მიზეზი, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო ემსჯელა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელსაც ემყარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სადავოდ გამხდარი პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში კი, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2010 წლის 12 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებზე, საიდანაც გამომდინარეობდა მოდავე მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2010 წლის 12 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა დასაბრუნებელი თანხის 0,2%-ის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლოს მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით და იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ დავაში ფაქტობრივი თვალსაზრისით მსჯელობა არ ყოფილა კრედიტორისათვის წარმოქნილი საფრთხის ხარისხზე - კერძოდ, მისთვის დამდგარ ნეგატიურ ეკონომიკურ ეფექტზე, ასევე, არ ყოფილა მსჯელობა ისეთ ფაქტობრივ წანამძღვრებზე, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო თავის თავში მოიცავდა ზიანის ანაზღაურებასაც, პალატამ სრულიად მართებულად მიიჩნია მოვალის ბრალეულობისა და პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის მქონე ინსტრუმენტის არსებობის პირობებში, მისი დამატებით შემცირება 0.09%-მდე, რომლის გათვალისწინებითაც, შეიცვლებოდა 2013 წლის 16 აგვისტოს გაცემული №...... სააღსრულებო ფურცელი და ნ. მ-ის ვალდებულება კრედიტორ თ. ბ-ის მიმართ პირგასამტეხლოს სახით განისაზღვრებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 4840 აშშ დოლარის 0.09%-ით, სულ 943 დღეზე, რაც შეადგენდა 4107.70 აშშ დოლარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. გ-მა და ნ. მ-მა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირება 0.05 პროცენტამდე. საკასაციო საჩივრის ძირითადი დასაბუთება აგებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დისპოზიცია უფლებამოსილებას ანიჭებდა სასამართლოს შეემცირებინა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი, თუმცა საქმის განხილველმა სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ შეამცირა მისი ოდენობა და ამდენად, არსებობს მისი 0,05 პროცენტამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორები სადავოდ ხდიან პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც შეუსაბამოდ მაღალ განაკვეთს და მოითხოვენ მის შემცირებას 0,05%-მდე.
მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ 2010 წლის 12 ოქტომბერს ერთი მხრივ, თ. ბ-ს, როგორც „გამსესხებელს“/„იპოთეკარსა“ და მეორე მხრივ, ნ. მ-ს, როგორც „მსესხებელს“ შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებელმა/იპითეკარმა მსესხებელს სამი თვის ვადით ასესხა 4840 აშშ დოლარი სარგებლის გარეშე, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად კი, იპოთეკით დაიტვირთა ნ. გ-ის („მესაკუთრის“) საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქოქნება მდებარე, ქალაქ გორში, ნ-ის ქუჩა N3, ბინა N9-ში. ხელშეკრულებით განისაზღვრა მსესხებლის ვალდებულება სესხის ვადის ამოწურვის შემდგომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაეხადა პირგასამტეხლო დასაბრუნებელი თანხის 0,2 პროცენტის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები კერძოდ, ის თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან და სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით და იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ დავაში ფაქტობრივი თვალსაზრისით მსჯელობა არ ყოფილა კრედიტორისათვის წარმოქნილი საფრთხის ხარისხზე - კერძოდ, მისთვის დამდგარ ნეგატიურ ეკონომიკურ ეფექტზე, ასევე, არ ყოფილა მსჯელობა ისეთ ფაქტობრივ წანამძღვრებზე, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო თავის თავში მოიცავდა ზიანის ანაზღაურებასაც, პალატამ სრულიად მართებულად მიიჩნია მოვალის/მსესხებლის ბრალეულობისა და პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის მქონე ინსტრუმენტის არსებობის პირობებში, მისი დამატებით შემცირება 0.09%-მდე, რომლის გათვალისწინებითაც, შეიცვლებოდა 2013 წლის 16 აგვისტოს გაცემული №...... სააღსრულებო ფურცელი და ნ. მ-ის ვალდებულება კრედიტორ თ. ბ-ის მიმართ პირგასამტეხლოს სახით განისაზღვრებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 4840 აშშ დოლარის 0.09%-ით, სულ 943 დღეზე, რაც შეადგენდა 4107.70 აშშ დოლარს.
საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ., სუს 18.03.2015წ.-ის №ას-506-479-2014 განჩინება; სუს 16.02.2015წ.-ის Nას-1198-1140-2014 განჩინება; სუს 16.05.2014წ-ის #as-1200-1145-2013 განჩინება), რომელშიც განმარტებულია სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულება და მიზანი. ასევე, მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობები, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული უნდა იყოს და ამასთან, გაუმართლებლად არ უნდა ხელყოს თავად კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს - ნ. გ-სა (პ/ნ:........) და ნ. მ-ს (პ/ნ: ........) დაუბრუნდეთ ნ. გ-ის მიერ 2015 წლის 06 თებერვალს №5883460 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე