საქმე №ას-31-28-2015 24 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „გ-ი+“ (მოპასუხე)
წარმომადგენლები: შპს „გ-ი+“-ის დირექტორი - ზ. ფ-ე, გარიგებით წარმომადგენელი - დ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ჭ. ნ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დოკუმენტაციის გადაცემის დავალება, საზოგადოების დოკუმენტების გაცნობისათვის დაშვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჭ. ნ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „გ-ი+“-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის საწარმოს საბუღალტრო რევიზიის აქტის, ინვენტარიზაციის აქტისა და 2012-2014წწ,-ის საწარმოს საერთო კრების ოქმების გადაცემა. ასევე, საწარმოს 2012-2013წწ.-ის ფინანსური ანგარიშების გასაცნობად დაშვება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით ჭ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „გ-ი+“-ს დაევალა გადაეცა ჭ. ნ-ისათვის, მოსარჩელის ხარჯებით, საბუღალტრო რევიზიის აქტი 2009-2012წწ.-ის პერიოდის რევიზიის შესახებ, საწარმოს ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის აქტი და 01.01.2012-06.03.2013წწ.-ის პერიოდის საზოგადოების საერთო კრების ოქმები. ჭ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „გ-ი+“-ს დაევალა დაეშვა ჭ. ნ-ე, პირადად ან აუდიტორის მეშვეობით, საწარმოს 2012-2013წწ.-ის ფინანსური ანგარიშების გასაცნობად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „გ-ი+“-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინებით შპს „გ-ი+“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს ,,გ-ი+“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2005 წლის 14 მარტს. 2012 წლის 12 იანვრის სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის გასხვისების შესახებ გარიგების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ფ-ემ შპს ,,გ-ი +“-ის კაპიტალში მისი კუთვნილი წილი 100%-დან 25% მიჰყიდა ჭ. ნ-ეს. შესაბამისად, საზოგადოების 25%-იანი წილის მფლობელ პარტნიორად დარეგისტრირდა ჭ. ნ-ე.
დადგენილია, რომ 2012 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე შპს ,,გ-ი+“-ის ხელმძღვანელი პირების მიერ საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე. ასევე დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ა. გ-სა და ჭ. ნ-ის ნიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ პუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ჭ. ნ-ის მიერ შპს-ში წილის დანაშაულებრივი გზით დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს ,,გ-ი+“-ის ხელმძღვანელი პირების მიერ საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის განჩინების საფუძველზე, შპს ,,გ-ი+“-დან ამოღებული იქნა 2012 წლის 20 ნოემბრამდე პერიოდის ამსახველი სრული საბუღალტრო დოკუმენტაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ 2012 წელში ჩატარებულ იქნა საწარმოს 2009-2012წწ.-ის საქმიანობის ბუღალტრული რევიზია, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარდა საწარმოს ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგებიც მიღებული აქვს საზოგადოების დირექტორს.
მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით, რომლის თანახმად, თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. ასევე, ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომლის თანახმად, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების პარტნიორს არ განუხორციელებია კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წერილობითი მოთხოვნა და მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად არ ითვალისწინებს საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წერილობითი მოთხოვნის აუცილებლობას, არამედ საკმარისია გამოვლინდეს საზოგადოების დირექტორის მხრიდან, საზოგადოების პარტნიორებისათვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გასაცნობად გადაცემის ნების არარსებობა და აღნიშნა, რომ საწარმო ვალდებულია იზრუნველყოს შემოწმებისა და კონტროლის შესახებ პარტნიორის უფლების რეალიზაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „გ-ი+“-ის მიერ გასაჩივრდა საკასაციო წესით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილბის მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივრის დასაბუთება აგებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს იმავე გარემოებებზე, რაზედაც მითითებული აქვს სააპელაციო საჩივარში, სახელდობრ, აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც ეხება ჭ. ნ-ის მიერ შპს-ში წილის დანაშაულებრივი გზით დაუფლებას და ორგანიზაციის თანხების მითვისებას. ამდენად, ჭ. ნ-ის სარჩელის მოთხოვნა სწორედ იმ დოკუმენტაციის გადაცემას შეეხება, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს განხილვის საგანია სისხლის სამართლის წესით.
ამასთან, კასატორი მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სასამართლო პრაქტიკის მიხედვით პარტნიორს შეიძლება უარი ეთქვას საზოგადოების დოკუმენტაციის გადაცემაზე თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ იგი გადაცემულ დოკუმენტაციას საზოგადოების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. ასევე, კასატორი მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე და მე-9 მუხლის მე-5 პუნქტზე და აღნიშნავს, სადავო საკითხი წესრიგდება პარტნიორთა საერთო კრების მიერ.
ამავდროულად, კასატორი პრეტენზიას ამყარებს იმ გარემოებაზეც, რომ პარტნიორს სადავო დოკუმენტაციის გადაცემის მოთხოვნა საზოგადოების წინაშე არ დაუყენებია, რის გამოც მისი სარჩელის აღძვრის წინაპირობები არ არსებობდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის უფლებას ინფორმაციის მიღებაზე, უპრიანია საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე სარგებლობს თუ არა შპს-ს პარტნიორი, კონკრეტულ შემთხვევაში, ჭ. ნ-ე უფლებით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას. მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებას იმის თაობაზე, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს „გ-ი+“-ის, რომელიც 2005 წლის 14 მარტს დადგენილი წესით რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში პარტნიორს წარმოადგენს მოსარჩელე - ჭ. ნ-ე, რომლის წილობრივი მონაწილეობა საზოგადოებაში შეადგენს 25%-ს. შპს „გ-ი+“-ში ჭ. ნ-ის წილობრივი მონაწილეობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს 2012 წლის 12 იანვრის სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის გასხვისების შესახებ გარიგება, რომლის საფუძველზე ზ. ფ-ემ შპს ,,გ-ი +“-ის კაპიტალში მისი კუთვნილი წილი 100%-დან 25% მიჰყიდა ჭ. ნ-ეს. წარმოდგენილი სარჩელით ჭ. ნ-ემ მოითხოვა მოპასუხისათვის საწარმოს საბუღალტრო რევიზიის აქტის, ინვენტარიზაციის აქტისა და 2012-2014წწ,-ის საწარმოს საერთო კრების ოქმების გადაცემა. ასევე, საწარმოს 2012-2013წწ.-ის ფინანსური ანგარიშების გასაცნობად დაშვება. საკასაციო პალატა მიუთითებს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით. ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელბული ნორმა წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორის, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ჭ. ნ-ის სადავო უფლების სამართლებრივ საფუძველს და ადგენს ჭ. ნ-ის, როგორც შპს „გ-ი+“-ის პარტნიორისა და საწარმოს 25%-იანი წილის მფლობელის უფლების იმ მინიმალურ სტანდარტს, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია პარტნიორთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც კი.
კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით კი, რომ ჭ. ნ-ემ მოცემულ შემთხვევაში, გამოიყენა უფლების დაცვის სასარჩელო ფორმა ისე, რომ სასურველი დოკუმენტაციის მიღების მოთხოვნით უშუალოდ საზოგადოებისათვის არ მიმართავს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად არ ითვალისწინებს საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წერილობითი მოთხოვნის აუცილებლობას, არამედ საკმარისია გამოვლინდეს საზოგადოების დირექტორის მხრიდან, საზოგადოების პარტნიორებისათვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გასაცნობად გადაცემის ნების არარსებობა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 24.01.2014წ.-ის ას-800-759-2013წ.-ის განჩინება), რომელიც შეეხება საზოგადოების პარტნიორის უფლებას ინფორმაციის მიღებაზე (,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი და 46-ე მუხლის მე-4 პუნქტი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გ-ი +“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს - შპს „გ-ი +“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: ........) დაუბრუნდეს 2015 წლის 05 თებერვალს №45 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე