Facebook Twitter

საქმე №ას-397-374-2014 24 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. ბ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1. სს „ს. ბ-ის“ სარჩელი თ. ბ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. თ. ბ-ეს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ, 2009 წლის 29 ივლისის N... მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა: ა. სესხის ძირითადი თანხა - 486,16 აშშ დოლარი, 2. სესხისათვის პროცენტი 1986,11 აშშ დოლარი, 3. პირგასამტეხლო 92,8 აშშ დოლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საწესით გაასაჩივრა სს „ს. ბ-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის განჩინებით:

1. სს „ს. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 19 ივლისს სს ,,ს. ბ-სა" და თ. ბ-ეს შორის გაფორმდა N..... ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ, რომლითაც თ. ბ-ეზე გაიცა კრედიტი 20574 აშშ დოლარის ოდენობით 72 თვის ვადით წლიური 16% სარგებლით. ხელშეკრულებით განისაზღვრა ასევე პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის (ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის) 0,5%-ის ოდენობით;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ბ-ეს სს ,,ს. ბ-ის" სასარგებლოდ, 2009 წლის 29 ივლისის N... მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 12 393,03 აშშ დოლარისა და სესხის პროცენტის - 3808.22 აშშ დოლარის გადახდა. პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა 682,8 აშშ დოლარის გადახდა. დასახელებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 5903.88 აშშ დოლარის ოდენობით სესხის ძირითადი თანხის, 1822,11 აშშ დოლარის ოდენობით პროცენტისა და 590 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს თ. ბ-ისათვის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით და შესაბამის ნაწილში სს „ს. ბ-ის“ სარჩელის ხელახლა განსახილველად საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ს. ბ-ის“ სარჩელი თ. ბ-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ. ბ-ეს სს ,,ს. ბ-ის“ სასარგებლოდ, 2008 წლის 29 ივლისის №..... საბ-ო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა: სესხის ძირითადი თანხა 486,16 აშშ დოლარის ოდენობით (ნაცვლად მოთხოვნილი 6489.15 აშშ დოლარისა), სესხისათვის პროცენტი 1986,11 აშშ დოლარის ოდენობით, 3. პირგასამტეხლო 92,8 აშშ დოლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო (0,5% პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, 6669,99 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლო, რომელიც დაერიცხა მოპასუხეს 2010 წლის 18 მარტს შეტანილი 17768,74 აშშ დოლარიდან, შეამცირა 10-ჯერ, ხოლო დანარჩენი თანხა ჩაითვალა სესხის ძირითადი თანხის სახით გადახდილად. კერძოდ, სარჩელით მოთხოვნილ სესხის ძირითად თანხას - 6489.15 აშშ დოლარს გამოაკლდა 2010 წლის 18 მარტს დარიცხული და სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო (6669,99:10=667,00; 6669,99-667,00=6002,99) 6002,99 აშშ დოლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს შემცირების ხარჯზე მოპასუხის დავალიანება ძირი თანხის ნაწილში მოსარჩელის მიმართ განისაზღვრა 486.16 აშშ დოლარით (6489.15-6002.99=486.16).

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით და განმარტა შემდეგი: ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო (0,5% პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და შეამცირა იგი გონივრული ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „ს. ბ-მა“.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მხარეთა შორის 2008 წლის 29 ივლისს გაფორმებული N..... ხელშეკრულება სრულად შეესაბამება კანონს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილსა და 416-417-ე მუხლებს. მოთხოვნის საფუძვლების მტკიცებისას სს „ს. ბ-მა“ წარადგინა ყველა საჭირო მტკიცებულება, მოპასუხე მხარის მტკიცება კი შემოიფარგლა მხოლოდ მისი წარმომადგენლის სიტყვიერი განმარტებებით, რომლის შესაბამისად, მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს არ უსარგებლია ჯარიმის დარიცხვის უფლებით. მოპასუხეს არ მოუთხოვია მის მიერ 2010 წლის 18 მარტის მდგომარეობით პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხის - 6669,99 აშშ დოლარის ნაწილის ჩათვლა სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში. სარჩელის საგანი იყო მოპასუხის დავალიანება 2012 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია მხოლოდ მოთხოვნილი თანხის ფარგლები. რაც შეეხება უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას და მის ჩათვლას სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში, სასამართლოს მასზე უნდა ემსჯელა შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის (მათ შორის შეგებებული სარჩელის) საფუძველზე და ფარგლებში, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა გათვალისწინებული. ამასთანავე დაუსაბუთებელია მსესხებლის მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს ჩათვლა სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე ს. უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ს. უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 525.90 ლარის ოდენობით, შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 525.90 ლარის 70% - 368.13 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. სს „ს. ბ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2014 წლის 16 აპრილს N…… საგადახდო დავალებით გადახდილი 525.90 ლარის) 70% – 368.13 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე