საქმე №ას-41-38-2015 23 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ს-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. მ-ის მიმართ და მოითხოვა, ნოტარიუს ც. დ-ის მიერ 2013 წლის 30 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №........) ნაწილობრივ გაუქმება სახელშეკრულებო სარგებლის – 2800 აშშ დოლარის ნაწილში, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.
მოსარჩელის განმარტებით, ნოტარიუს ც. დ-ის მიერ 2013 წლის 30 სექტემბერს ე. მ-ის სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი 2013 წლის 17 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოვალე თ. ს-ის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა 40000 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხის სახით, 2800 აშშ დოლარი – სახელშეკრულებო სარგებელის (პროცენტის) სახით, ხოლო პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად დაეკისრა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ძირითადი თანხის 0,2 %, რაც 2013 წლის 30 სექტემბრიდან შეადგენს დღეში 80 აშშ დოლარს. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაცია. აღსრულებაში მიექცა თ. ს-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება.
მხარის მითითებით, მოსარჩელემ მოპასუხეს როგორც ძირითადი, ისე სარგებლის თანხა გადაუხადა.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული 0,2% არის შეუსაბამოდ მაღალი, რაც, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, უნდა შემცირდეს დღეში 0,01%-მდე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონთან და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციასთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა ნოტარიუს ც. დ-ის მიერ 2013 წლის 30 სექტემბერს გაცემული №........ სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ სახელშეკრულებო სარგებლის (პროცენტის) 2800 აშშ დოლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, თ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა ნოტარიუს ც. დ-ის მიერ 2013 წლის 30 სექტემბერს გაცემული №........ სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ პირგასამტეხლოს ნაწილში დაკმაყოფილდა, აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა და პირგასამტეხლო განისაზღვრა სესხის 0.01%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 18 სექტემბრიდან აღსრულებამდე, მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და გაუქმდა ნოტარიუს ც. დ-ის მიერ 2013 წლის 30 სექტემბერს გაცემულ №........ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებისა და აუქციონზე ქონების რეალიზაციის შეჩერება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა შემდეგი გარემოებები:
2013 წლის 17 ივნისს ე. მ-სა და თ. ს-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამსესხებელმა ე. მ-მა მსესხებელ თ. ს-ს სესხის სახით გადასცა 40 000 აშშ დოლარი. სესხის სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 3,5%-ს. სესხის დაბრუნების ვადად, ხელშეკრულების შესაბამისად, განისაზღვრა 2013 წლის 17 სექტემბერი. ამავე ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი გადააცილებდა გადახდის გრაფიკს, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო, მსესხებლისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახადი თანხის 0,2%-ის ოდენობით.
2013 წლის 17 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუს ც. დ-ის მიერ 2013 წლის 30 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №........).
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თ. ს-ს, ვალდებულების შესრულების მიზნით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის სასარგებლოდ 2013 წლის 17 ივნისს გადახდილი აქვს სესხის ერთი თვის პროცენტი – 1400 აშშ დოლარი.
სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მოვალის ვალდებულების მოცულობა კრედიტორის წინაშე შეადგენდა ძირითად თანხას – 40 000 აშშ დოლარს, ორი თვის სახელშეკრულებო სარგებელს – 2800 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს – ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 80 აშშ დოლარს 2013 წლის 18 სექტემბრიდან აღსრულებამდე (ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.2%).
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თ. ს-ის სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 2013 წლის 30 სექტემბრის გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული სახელშეკრულებო სარგებლის (პროცენტის) 2800 აშშ დოლარის ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაუქმება. აპელანტი სააპელაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა მოწმის სახით, ქ. ს-ის დაკითხვის შესახებ, რომელიც, აპელანტის განმარტებით, დაადასტურებდა, მის მიერ მოპასუხისათვის 2013 წლის 17 ივნისის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ორი თვის პროცენტის – 2800 აშშ დოლარის გადახდის შესახებ ფაქტობრივ გარემოებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. აღნიშნული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4. ამავე კოდექსის 102-ე მუხლი კი განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა, თუმცა რიგ შემთხვევებში მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ამდენად, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში, კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. აღნიშნული ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს. შესაბამისად, 2013 წლის 17 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ორი თვის სარგებელის – 2800 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადახდის შესახებ გარემოება უნდა ემტკიცებინა მოსარჩელეს შესაბამისი (წერილობითი) მტკიცებულების წარდგენის გზით, რაც თ. ს-მა ვერ განახორციელა. მხოლოდ მოწმის ჩვენება ამ სადავო გარემოების დასადასტურებლად არ იქნებოდა საკმარისი (სამოქალაქო კოდექსის 624–ე მუხლი) და სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით, მხარეებს შორის არსებობს ვალდებულებით-სამართლებრივი, კერძოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე მუხლების თანახმად, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულების (2800 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის) სასამართლოსათვის წარდგენა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, 2013 წლის 30 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე, სააპელაციო საჩივარი კი მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ დასაბუთებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. ს-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე და აღნიშნა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება საკუთარი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. სასამართლომ განმარტა, რომ მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს ზემოაღნიშნული მუხლით, რომლის თანახმადაც საქმის სადავო გარემოებების დადასტურება შესაძლებელია თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნით.
მიუხედავად ზემოაღნიშნული განმარტებისა, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სხდომაზე არ გამოიძახა მოწმის სახით დაკითხული ქ. ს-ი, რომელიც დაადასტურებდა მოწინააღმდეგე მხარისათვის სარგებლის სრულიად გადახდის ფაქტს.
მხარის მითითებით, მოწმეს შეეძლო დაედასტურებინა, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე თ. ს-მა ე. მ-ს გადაუხადა სამი თვის სარგებელი სრულად, ამიტომ აღნიშნული საოქმო განჩინება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით კი, მხოლოდ მოწმის ჩვენება არ იქნებოდა საკმარისი სესხის სარგებლის – 2800 აშშ დოლარის გადახდის დასადასტურებლად.
შესაბამისად, კასატორს არ მიეცა საშუალება, სარჩელში მითითებული გარემოებები დაედასტურებინა, რის გამოც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ მხარემ უკანონოდ ჩათვალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინებით თ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 17 ივნისს ე. მ-სა და თ. ს-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამსესხებელმა – ე. მ-მა მსესხებელ თ. ს-ს სესხის სახით გადასცა 40 000 აშშ დოლარი. სესხის სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 3,5%-ს. სესხის დაბრუნების ვადად, ხელშეკრულების შესაბამისად, განისაზღვრა 2013 წლის 17 სექტემბერი. ამავე ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი გადააცილებდა გადახდის გრაფიკს, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო, მსესხებლისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახადი თანხის 0,2%-ის ოდენობით.
2013 წლის 17 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუს ც. დ-ის მიერ 2013 წლის 30 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №........).
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თ. ს-ს, ვალდებულების შესრულების მიზნით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის სასარგებლოდ 2013 წლის 17 ივნისს გადახდილი აქვს სესხის ერთი თვის პროცენტი – 1400 აშშ დოლარი.
სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მოვალის ვალდებულების მოცულობა კრედიტორის წინაშე შეადგენდა ძირითად თანხას – 40 000 აშშ დოლარს, ორი თვის სახელშეკრულებო სარგებელს – 2800 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს – ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 80 აშშ დოლარს 2013 წლის 18 სექტემბრიდან აღსრულებამდე (ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.2%).
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თ. ს-ის სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 2013 წლის 30 სექტემბრის გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული სახელშეკრულებო სარგებლის (პროცენტის) 2800 აშშ დოლარის ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაუქმება. აპელანტი სააპელაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა მოწმის სახით, ქ. ს-ის დაკითხვის შესახებ, რომელიც, აპელანტის განმარტებით, დაადასტურებდა, მის მიერ მოპასუხისათვის 2013 წლის 17 ივნისის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ორი თვის პროცენტის – 2800 აშშ დოლარის გადახდის შესახებ ფაქტობრივ გარემოებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2011 წლის 29 დეკემბრის №ას-988-1021-2011 გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მითითებული ნორმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, ხელწერილით, თანხის გადარიცხვის დოკუმენტით და სხვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ თ. ს-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 24 თებერვალს №45 საგადახდო დავალებით გადახდილი 307,60 ლარის 70% – 215,32 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ თ. ს-ს (პირადი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 24 თებერვალს №45 საგადახდო დავალებით გადახდილი 307,60 ლარის 70% – 215,32 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე