საქმე №ას-4-4-2015 24 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. პ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ ნ. ც-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი/მ ნ. ც-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. პ-ას მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1. დავალიანების 5199,60 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4200 აშშ დოლარი, პროცენტია 630 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 369,60 აშშ დოლარი. 2. პირგასამტეხლოს სახით, სესხის ძირითადი თანხის 4200 აშშ დოლარის 0,05%-ის გადახდის დაკისრება 2014 წლის 18 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 3. ზიანის ანაზღაურების დაკისრება მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველთვიურად 126 აშშ დოლარის ოდენობით 2014 წლის 18 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 4. დაკისრებული თანხების გადახდევინების მიზნით, ნ. პ-ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე, ქ.თბილისი, ე-ის ქუჩა N2/10 კორპუსი N4, ბინა N21, ფართი - 32,55მ2 (ს/კ: ……..) რეალიზაცია.
მოპასუხემ სარჩელი ცნო 3067 აშშ დოლარის ფარგლებში და მიუთითა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხა წარმოადგენდა არა სარგებელს (პროცენტი) არამედ ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდილ თანხას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით: 1. ი/მ ნ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2. ნ. პ-ას მოსარჩელე ი/მ ნ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა: სესხის ძირითადი თანხის - 4200 აშშ დოლარისა და პროცენტის - 630 აშშ დოლარის გადახდა; 3. პირგასამტეხლოს სახით სესხის ძირითადი თანხის 4200 აშშ დოლარის 0.05%-ის გადახდა 2014 წლის 11 თებერვლიდან (სარჩელის წარმოდგენის დღიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 4. ზიანის სახით, ყოველთვიურად 63 აშშ დოლარის გადახდა 2014 წლის 18 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 5. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, დადგინდა ნ. პ-ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე, ქ.თბილისში, ქუჩა ე-ის ქ. №2/10, კორპუსი №4, ბინა №21, ფართი - 32.55მ2 (ს/კ: № ……..) რეალიზაცია.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. პ-ას მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით: 1. ნ. პ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 3. მოპასუხე ნ. პ-ას მოსარჩელე ი/მ ნ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 3 192.00 აშშ დოლარის გადახდა; 4. მოპასუხე ნ. პ-ას მოსარჩელე ი/მ ნ. ც-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 3 192.00 აშშ დოლარის 0.05%-ის გადახდა 2014 წლის 11 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 5. მოპასუხე ნ. პ-ას მოსარჩელე ი/მ ნ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 47.88 აშშ დოლარის გადახდა 2014 წლის 18 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ 2012 წლის 18 ივნისს ერთის მხრივ, ნ. პ-ას, როგორც („მსესხებელს") და მეორეს მხრივ, ი/მ ნ. ც-ს, როგორც „გამსესხებელს" შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელმა მსესხებელს ექვსი თვის ვადით ასესხა 4200 აშშ დოლარი თვეში 3% სარგებლის გადახდის პირობით. პირგასამტეხლო შეადგენდა გადასახდელი ძირითადი თანხის 0.2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ. პ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ თბილისში, ე-ის ქუჩა, №2/10, კორპუსი №4, ბინა №21-ში, ფართი - 32.55მ2, (ს/კ:№........).
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის მიერ გადასახდელი ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა 126 აშშ დოლარს (4200-ის 3%). მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, კერძოდ, 2012 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით, ნ. პ-ას სრულად ჰქონდა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალიწინებული ექვსი თვის სარგებელი.
მხარეებს არც ის გარემოება გაუხდიათ სადავოდ, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ჯამში გადახდილი ჰქონდა14 თვის პროცენტის შესატყვისი თანხა.
უდავოდ დადგენილად იქნა მიჩნეული 18.06.2012წ.-ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ (2012 წლის 18 დეკემბერი), მხარეთა შეთანხმებით, მისი მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ფაქტობრივი გარემოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო თუ რა პირობებით გაგრძელდა მხარეთა შორის არსებული სასეხო ურთიერთობა. ამ თვალსაზრისით, სამოქალაქო საქმეთა პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თავად მოსარჩელე მხარის (ი/მ ნ. ც-ი) მითითებით, ხელშეკრულების ვადა წერილობით გაგრძელებული არ ყოფილა და მოპასუხის ასეთი ნება გამოვლენილი იქნა ზეპირი ფორმით. 2014 წლის 11 მარტს კი, სასამართლოში წარდგენილ წერილობით შუამდგომლობაში მოსარჩელე მხარე თავად აღნიშნავდა, რომ მოპასუხემ 2012 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელეს სესხის ძირი თანხა არ დაუბრუნა და არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ხელშეკრულების ვადის გაგრძელება არ ისურვა.
აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა 2012 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე–2 მუხლზე („სესხის დაბრუნების ვადა"), კერძოდ, მის მე–2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მსესხებელი უფლებამოსილია სესხი დააბრუნოს ვადაზე ადრე გამსესხებლის თანხმობით. მხარეები ასევე უფლებამოსილნი არიან გააგრძელონ სესხის დაბრუნების ვადა და სავალდებულოა აღნიშნული შეთანხმება გაფორმდეს სანოტარო წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა იმის შესახებ, რომ 2012 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ შეიცავდა მხარეთა შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ რომ ხელშეკრულებაში რაიმე სახის ცვლილების შეტანა ან ვადის გაგრძელება საჭიროებდა სავალდებულო წერილობითი ფორმის დაცვას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. 69-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. ამავე ნორმის მე-5 ნაწილის შესაბამისად, წერილობითი ფორმის არსებობისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა.სამოქალაქო კოდექსის 3111 მუხლის პირველი ნაწილი ისეთი სანივთო უფლების ნამდვილობისთვის, როგორიც არის იპოთეკა, ითვალისწინებს სწორედ სავალდებულო წერილობით ფორმას და გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმებას კანონით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ნება მხარეებმა გააფორმეს წერილობით და გარიგების ნამდვილობა დაამოწმეს სანოტარო წესით. ამასთან, შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაც მოხდებოდა იგივე ფორმით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა მხარეთა მიერ წერილობითი სახით შედგენილი და სანოტარო წესით დადასტურებული შეთანხმება 2012 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადის იგივე პირობებით გარძელების შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მხარეები შეთანხმდნენ ამ ხელშეკრულების უვადოდ გაგრძელებაზე იგივე პირობებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის ასეთი შეთანხმების არსებობა არ შეიძლება დადასტურებულიყო ნ. პ-ას შესაგებელში მითითებული გარემოებით, რომ მას ექვსი თვის ნაცვლად, გადახდილი ჰქონდა 15 თვის პროცენტი. პალატამ აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო მოპასუხის შესაგებლის ერთიანობაში შეფასება, რა დროსაც ცხადი ხდებოდა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმით, ხელშეკრულება არ გაგრძელებულა, რის გამოც ექვსი თვის შემდეგ პროცენტის სახით გადახდილი თანხები უნდა ჩათვლილიყო ძირითადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებაში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 18.06.2012წ.-ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალიწინებული ექვსი თვის სარგებლის გადახდის გარდა, დგინდებოდა ნ. პ-ას მიერ ნ. ც-ისათვის 1008 აშშ დოლარის (126 x 8) გადახდის ფაქტიც, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ძირი თანხა 4200 აშშ დოლარი უნდა შემცირებულიყო 3 192 აშშ დოლარამდე (4200-1008 = 3 192).
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 623-ე და 625-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება დადებული იყო ექვსი თვის ვადით, მსესხებელ ნ. პ-ას მიერ ამ ვადის შემდეგ განხორციელებული გადახდები მიჩნეულ უნდა ყოფილიყო ძირითადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებად. შესაბამისად, ნ. პ-ას მიერ ი/მ ნ. ც-ისათვის გადასახდელი ძირი თანხის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 3 192 აშშ დოლარით.
პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებაში, სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა აპელანტ ნ. პ-ას მოთხოვნა და მისი ოდენობა შეამცირა 0.05%-მდე.
მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების ნაწილში, აპელანტის პრეტენზია სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლზე, რომლის თანახმად, 1. კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. 2. კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და განმარტა, რომ კანონის აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას პირგასამტეხლოსთან ერთად. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა იყო გონივრული, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის ის პრეტენზია, რომ მისთვის პირგასამტეხლოსთან ერთად, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის დაკისრება იწვევდა მოსარჩელის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. მიუღებელი შემოსავლის სახით დაკისრებული ზიანის ყოველთვიურ ოდენობას, ძირითადი თანხის დასაკისრებელი ოდენობის შემცირების კვალობაზე (4 200 აშშ დოლარიდან შემცირდებოდა 3 192 აშშ დოლარამდე), ეს თანხაც შემცირდებოდა 63 აშშ დოლარიდან (4 200–ის 1.5%) 47.88 აშშ დოლარამდე ( 3 192–ის 1.5%), რომელიც დაეკისრებოდა მოპასუხეს 2014 წლის 18 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, როგორც ამას მოსარჩელე ითხოვდა, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. პ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის გაუქმება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, კერძოდ, სადავოდ გახადა ყოველთვიურად 47,88 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება 2014 წლის 11 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. კასატორის ძირითად არგუმენტს ის გარემოება წარმოადგენს, რომ ნ. პ-ას ი/მ ნ. ც-ის სასარგებლოდ არ უნდა დაკისრებოდა ერთდროულად პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ნ. პ-ა სადავოდ ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას პირგასამტეხლოსთან ერთად მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და თავის პოზიციას იმ სამართლებრივი საფუძვლით ამყარებს, რომ კანონი არ ითვალისწინებს კრედიტორის სასარგებლოდ პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების ერთდროულად დაკისრებას.
კასატორის ზემოთ აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას რომ მხარეებს შორის არსებობდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება კი, გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 416-ე - 417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, ხოლო რაც შეეხება ზიანს, მისი ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ. ამდენად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (411-ე მუხლი) დაკავშირებულია ვალდებულების შეუსრულებლობასთან იმ განსხვავებით, რომ ზიანი ფულადი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში წარმოადგენს სწორედ იმ მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც კრედიტორი ვალდებულების ჯეროვანი და დროული შესრულების შემთხვევაში მიიღებდა. ამდენად, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მიუღებელი შემოსავლისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ., სუს 07.02.2013წ.-ის Nას-1385-1307-2012 განჩინება), რომლითაც განმარტებულია ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნის უფლება პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარ ზიანზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. პ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე