Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-48-43-2015 19 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ. ს-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ. ს-ის“ მიმართ პირგასამტეხლოს სახით 16293,42 ლარის გადახდის შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2013 წლის 16 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „კ. ს-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში მიეწოდებინა კომპიუტერული მოწყობილობები, ლაზერული პრინტერები, ენერგომომარაგების აქსესუარები და კომპაქტდისკები. მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მიმწოდებელმა მხარემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში „USB კაბელის“ მიწოდება. შპს „კ. ს-მა“ ხარვეზი აღმოფხვრა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. ვადაგადაცილებულ დღეთა ოდენობამ შეადგინა 39 დღე. ამდენად, მას დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 16293.42 ლარის ოდენობით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ შპს „კ. ს-მა“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას საქონლის მიღებაზე, თუ წარმოდგენილი პროდუქცია არის უხარისხო, გათვალისწინებულზე მეტი ან ნაკლები. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ ყველა უფლება და რისკი გადადის შემსყიდველზე. თავდაცვის სამინისტროს მიერ მითითებული ხარვეზი მოპასუხის მიერ აღმოფხვრილ იქნა ინფორმაციის მიწოდებიდან ერთი დღის განმავლობაში. 2013 წლის 8 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ მიეწოდა „USB” კაბელები, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით. მოსარჩელემ სს „თიბისი ბანკიდან“ გამოითხოვა გარანტიის სახით გაცემული თანხა – 4177.80 ლარი, „USB“ კაბელების ჯამური ღირებულება შეადგენდა 809,85 ლარს. შესაბამისად, ჯარიმის სახით მოსარჩელემ უკვე მიიღო პროდუქციის ღირებულების ხუთმაგი ოდენობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „კ. ს-ს“ დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 1000 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 16 ივლისის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „კ. ს-ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, აღნიშნული ხელშეკრულების დადებიდან 45 დღის განმავლობაში მიეწოდებინა მოსარჩელისათვის შეთანხმებული პროდუქცია (კომპიუტერული მოწყობილობები და მარაგი (CPV-30200000), ლაზერული პრინტერები (CPV-30232110), ენერგომომარაგების აქსესუარები (CPV-30234300)). ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 208 890 ლარს.

ხელშეკრულების 16-ე მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება შემსყიდველისათვის შემდეგი ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა: საქონლის მიუწოდებლობის (მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,2%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სააპელაციო სასმართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადაში შპს „კ. ს-მა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროდუქცია მიაწოდა. 2013 წლის 26 ივლისსა და 2013 წლის 9 სექტემბერს, ერთი მხრივ, შპს „კ. ს-სა“ და, მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა 2013 წლის 16 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროდუქციის სრულად მიღება.

საქმის მასალებით სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ 2013 წლის 8 აგვისტოს და 2013 წლის 18 სექტემბერს წარმოებული საბანკო გადარიცხვებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შპს „კ. ს-ს“ სრულად გადაუხადა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 208 890 ლარის ოდენობით.

მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მიწოდებული პრინტერების კომპლექტაციაში არ აღმოჩნდა კომპიუტერთან მისაერთებელი „USB-კაბელი“. მოსარჩელეს შპს „კ. ს-მა“ აღნიშნული კაბელები მიაწოდა 2013 წლის 8 ოქტომბერს. შპს „კ. ს-ის“ განმარტებით, 2013 წლის 26 ივლისსა და 2013 წლის 9 სექტემბერს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით მყიდველმა დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის სრულად მიღების ფაქტი და სრულად გადაიხადა კიდეც შეთანხმებული თანხა, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხემ 2013 წლის 7 ოქტომბერს სატელეფონო ზარის საფუძველზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ერთ დღეში უსასყიდლოდ მიაწოდა მყიდველს „USB-კაბელები“.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ შპს „კ. ს-მა“ დაარღვია 2013 წლის 16 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოება სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანი ვერ გახდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით შპს „კ. ს-ს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 1000 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა – 16 293.42 ლარი 1000 ლარამდე შეამცირა.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის, 418-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 420-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებით. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი და სხვა.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 16 293.42 ლარის ოდენობით მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და 1000 ლარამდე იგი სწორად შეამცირა ვალდებულების დარღვევის ხარისხის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის მიუხედავად, რომლითაც შემსყიდველმა მიიღო შესრულება, შპს „კ. ს-მა“ მოთხოვნისთანავე უზრუნველყო „USB-კაბელების“ გადაცემა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლოს მოცულობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მითითებით, უდავოა, რომ 2013 წლის 16 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „კ. ს-ს“ შორის გაფორმდა №... ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „კ. ს-მა“ იკისრა თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფის ვალდებულება, ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის გარანტიაზე.

უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს შპს „კ. ს-ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. აღნიშნული ასევე დადასტურებულია თავად სასამართლოს მიერაც, თუმცა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე.

კასატორმა განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმა მიუთითებს პირგასამტეხლოს განსაზღვრისას მხარეთა ნების თავისუფლებაზე, რაც ასევე გამოიხატება პირგასამტეხლოს ოდენობის შეთანხმებისამებრ განსაზღვრაში. სწორედ, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე.

რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებას, კასატორმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები სრულყოფილად არ გამოკვლეულა. შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლოს სწორად უნდა შეეფასებინა მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, სახელშეკრულებო, ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის ურთიერთთანაფარდობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 16 ივლისის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „კ. ს-ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, აღნიშნული ხელშეკრულების დადებიდან 45 დღის განმავლობაში მიეწოდებინა მოსარჩელისათვის შეთანხმებული პროდუქცია (კომპიუტერული მოწყობილობები და მარაგი (CPV-30200000), ლაზერული პრინტერები (CPV-30232110), ენერგომომარაგების აქსესუარები (CPV-30234300)). ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 208 890 ლარს.

ხელშეკრულების 16-ე მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება შემსყიდველისათვის შემდეგი ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა: საქონლის მიუწოდებლობის (მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,2%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სააპელაციო სასმართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადაში შპს „კ. ს-მა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროდუქცია მიაწოდა. 2013 წლის 26 ივლისსა და 2013 წლის 9 სექტემბერს, ერთი მხრივ, შპს „კ. ს-სა“ და, მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა 2013 წლის 16 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროდუქციის სრულად მიღება.

საქმის მასალებით სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ 2013 წლის 8 აგვისტოს და 2013 წლის 18 სექტემბერს წარმოებული საბანკო გადარიცხვებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შპს „კ. ს-ს“ სრულად გადაუხადა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 208 890 ლარის ოდენობით.

მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მიწოდებული პრინტერების კომპლექტაციაში არ აღმოჩნდა კომპიუტერთან მისაერთებელი „USB-კაბელი“. მოსარჩელეს შპს „კ. ს-მა“ აღნიშნული კაბელები მიაწოდა 2013 წლის 8 ოქტომბერს. შპს „კ. ს-ის“ განმარტებით, 2013 წლის 26 ივლისსა და 2013 წლის 9 სექტემბერს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით მყიდველმა დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის სრულად მიღების ფაქტი და სრულად გადაიხადა კიდეც შეთანხმებული თანხა, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხემ 2013 წლის 7 ოქტომბერს სატელეფონო ზარის საფუძველზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ერთ დღეში უსასყიდლოდ მიაწოდა მყიდველს „USB-კაბელები“.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ შპს „კ. ს-მა“ დაარღვია 2013 წლის 16 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოება სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანი ვერ გახდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით შპს „კ. ს-ს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 1000 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა – 16 293.42 ლარი 1000 ლარამდე შეამცირა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2015 წლის 6 მარტის №ას-1342-1380-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება).

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე