Facebook Twitter

საქმე №ას-514-487-2014 18 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ჯ.ო. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2014 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. მ. სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ.ო.ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, აიღოს კასპის რაიონის სოფელ მიქელწყაროში მდებარე, მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთზე განთავსებული 4,0 კვ.მ შენობა და ღობე.

მოსარჩელის განმარტებით, მას კასპის რაიონში საკუთრების უფლებით ერიცხება N67.01.40.047 მიწის ნაკვეთი, მის მეზობლად ცხოვრობს მოპასუხე, რომელმაც 2011 წლის 2 ნოემბერს აღირიცხა საკუთრების უფლება N67.01.40.156 მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებზე, რომელიც მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ფაქტობრივად არსებული სასაზღვრო მიჯნა მოიცავს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის 5.2 კვ. მერტს. ჯ.ო. უარს აცხადებს აღნიშნულის დემონტაჟზე, რაც ხელს უშლის მოსარჩელეს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით ითხოვა:

არასწორია მოსარჩელის მსჯელობა მოპასუხის მიერ მისი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად ფლობის თაობაზე, მას ყალბი დოკუმენტებით აქვს მითვისებული ჯ.ო.ის მიწის ნაკვეთი, რის თაობაზეც მოპასუხემ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, ამასთანავე, კასპის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დავალებული აქვს მოპასუხის მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ლითონის კარის აღება. ყალბი ექსპერტიზის დასკვნით ცდილობს მოსარჩელე სასამართლოს შეცდომაში შეყვანას.

მოსარჩელეს მამისგან მემკვიდრეობით ერგო 1249 კვ.მ მიწა, რომელიც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აქვს მიღებული, მან ამ გზით მიითვისა მოპასუხის ქონება, რაც შეეხება წინამდებარე დავას, ამ დავის მიზანს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თავიდან არიდება.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა ა. მ. ო.ის საკუთრების უფლების უკანონო ხელშეშლა და ამ მიზნით, ლ.ს.ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N... დასკვნის N1 და N2 დანართების შესაბამისად, დაევალა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის დაკავებული ფართის (4 კვ.მ) გათვალისწინებით მოპასუხის კუთვნილი N67.01.40.156 შენობის კედლის, ასევე, ფაქტობრივად არსებული სასაზღვრო მიჯნის (5,2 კვ.მ, რომელიც მოიცავს მოსარჩელის კუთვნილ ფართს) დემონტაჟი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ.ო.ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის სხდომის თაობაზე, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ყოფილა წარდგენილი, მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, რაც სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივარი წარადგინა აპელანტმა და მიუთითა, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, როდესაც აპელანტი 2014 წლის 22 იანვარს მიდიოდა სასამართლოში, მატარებლის სადგურზე, ბაქანზე ასვლისას, კიბეზე დაუცურდა ფეხი და მიიღო დაზიანებები, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განჩინებით ჯ.ო.ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და განმარტა, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

კონკრეტულ შემთხვევაში, დგინდებოდა, რომ 2014 წლის 22 იანვარს, 12:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით, აპელანტი ჯ.ო.ი კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული, კერძოდ, სასამართლო უწყება 2013 წლის 5 დეკემბერს ჩაბარდა აპელანტის დას - ა. ო.ს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აპელანტის დადგენილი წესით ინფორმირების ფაქტს ადასტურებდა;

2014 წლის 22 იანვარს, 12:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო ეს გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი იყო.

სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება სასამართლოში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე და აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, რა მტკიცებულებებით უნდა დაადასტურონ მტკიცების საგანში შემავალი მათთვის სასურველი ფაქტები.

აპელანტმა განმარტა, რომ მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, თუმცა არ წარუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლითაც კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ, ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებსაც შეეძლოთ, ხელი შეეშალათ საპროცესო მოქმედების შესრულებაში. საპატიო გარემოებაზე მარტოოდენ მითითება, არ ათავისუფლებს მხარეს ამ გარემოების მტკიცების ტვირთისაგან. მხარე ვალდებულია, რომ საჩივარში მითითებული გარემოება დაამტკიცოს შესაბამისი მტკიცებულებით, რაც, განსახილველ შეთხვევაში, აპელანტს არ განუხორციელებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაც საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ.ო.მა, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც არასწორია, რადგანაც აპელანტი სასამართლო სხდომის დღეს მიდიოდა მატარებლით, კავთისხევის რკინიგზის სადგურში, ბაქანზე ასვლისას დაუცურდა ფეხი და მიიღო დაზიანება, რის გამოც ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო სასამართლომ კი, არ გაითვალისწინა მხარის მიერ მითითებული ეს გარემოება და ძალაში დატოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

კასატორის განმარტებით, ის 85 წლის მარტოხელაა, ფეხის დაცურებისას იმყოფებოდა მარტო და დახმარება უცნობმა ადამიანმა აღმოუჩინა, ვერ შეძლო სასწრაფოს გამოძახება და არ ჰქონდა წამლის შესაძენად საჭირო თანხა, საქმეში მითითებული ტელეფონის ნომერი ეკუთვნის მის მეზობელს, ამდენად, სახეზეა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. წინამდებარე საკასაციო საჩივარს მხარემ დაურთო ნოტარიულად დამოწმებული მტკიცებულებები, რომლებითაც, მისი განმარტებით, დასტურდება მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ჯ.ო.ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება და საკასაციო საჩივრით სადავოდ არაა გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატის 2013 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ჯ.ო.ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 22 იანვარს, 12:00 საათზე;

სასამართლო სხდომის თაობაზე მხარეებს უწყება გაეგზავნათ ფოსტით და აპელანტისათვის განკუთვნილი უწყება, 2013 წლის 5 დეკემბერს ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს, დას - ა. ო.ს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის ჯეროვან ინფორმირებად განიხილება;

2014 წლის 22 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე;

კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული.

საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით, ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.

იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა 387-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი; ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ გარემოებათა ერთობლივად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ 233.1 მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში, დავას არ იწვევს საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობა.

როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის, ისე საკასაციო საჩივრის შესწავლით უდავოდ დასტურდება, რომ მხარე მის გაუქმებას მოითხოვს საპატიო მიზეზის არსებობით, საპატიო მიზეზად კი, მხარე მიიჩნევს შემდეგს:

სასამართლო სხდომის დღეს აპელანტს რკინიგზის სადგურის ბაქანზე დაუცდა ფეხი და მიიღო სხეულის დაზიანება, ამასთანავე, მხარემ საკასაციო საჩივრით განმარტა, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეძახებინა სასწრაფო დახმარება და მას დახმარება უცნობმა ადამიანმა აღმოუჩინა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი. რიგ შემთხვევაში, ნორმა ადგენს საპატიო მიზეზთა ჩამონათვალს და ასევე განსაზღვრავს სათანადო მტკიცებულების წარდგენის ვალდებულებას. აღნიშნულ ჩამონათვალს განეკუთვნება: ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

ჩამოთვლილთაგან უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობისა, თავის მხრივ, სასამართლოს შინაგანი რწმენა ყოველთვის ემყარება მტკიცებულებათა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში შეფასებას.

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებენ, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ იქნება დადგენილად მიჩნეული.

აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს საჩივარსა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე, რადგანაც საქმეში არ მოიპოვება მხარის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ამასთანავე, მართალია, მხარის ახსნა-განმარტება საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს, თუმცა საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ იგი არ არის საკმარისი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის.

საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების მსჯელობას, რომ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, თავის მხრივ, მხარეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამო წარდგენილ საჩივარსა და საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია იმგვარი დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებს, პალატა მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს ჯ.ო.ს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა, სასამართლოსათვის მანამდე წარედგინა ისინი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. ამდენად, ჯ.ო.ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 48 (ორმოცდარვა) ფურცლად (ტ.II, ს.ფ.79-126).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ.ო.ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2014 წლის 19 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები 48 (ორმოცდარვა) ფურცლად (ტ.II, ს.ფ.79-126).

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე