Facebook Twitter

ბს-81-78(კ-06) 30 მაისი, 2006წ., ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2005წ. 7 ივლისს ლ. ნ-ემ სარჩელი აღძრა ტყიბულის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ტყიბულის ფილიალის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2005წ. 28 ივნისის ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ლ. ნ-ე 1993წ. 4 იანვრიდან მუშაობდა უფროს სპეციალისტად, 1994წ. 1 ივლისიდან _ მთავარ სპეციალისტად, ხოლო 1998წ. 1 იანვრიდან _ განყოფილების ......... ინსპექტორად. 2005წ. 24 იანვარს მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის «ა” პუნქტით _ შტატების შემცირების მოტივით, ხოლო იმავე თარიღით ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნა ........-ად, რაც სადავოდ არ გაუხდია. მოსარჩელეს გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაჰბარდა 2005წ. 27 ივლისს. აღნიშნული ბრძანებიდან ირკვეოდა, რომ ლ. ნ-ე გათავისუფლდა 25 ივნისიდან, მაშინ, როდესაც 25 ივნისი შაბათი დღე იყო. მოპასუხე გათავისუფლების მოტივად მიუთითებდა, რომ ფონდის ფილიალების მუშაკთა საკვალიფიკაციო მოთხოვნათა გათვალისწინებით, ..........-ი იურიდიული და ეკონომიკური განათლების უნდა ყოფილიყო და მოსარჩელის სპეციალობა _ «სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა” არ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მოსარჩელის მითითებით, მას, გარდა უმაღლესი განათლებისა, დამთავრებული ჰქონდა ტყიბულის ინდუსტრიული ტექნიკუმის «ეკონომიკა და დაგეგმვა სახალხო მეურნეობა” სპეციალობის სრული კურსი, ამდენად, მისი ამ მოტივით გათავისუფლება უკანონო იყო.

მოსარჩელე მიჩნევდა, რომ მისი გათავისუფლება უკანონო იყო, ვინაიდან, შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მუშაკი ერთსა და იმავე თანამდებობაზე მუშაობდა სამ წელზე მეტ ხანს, იგი არასპეციალისტად არ მიიჩნეოდა. მოსარჩელე ........-ის თანამდებობაზე 12 წელსა და 6 თვეს მუშაობდა; მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 42.1 მუხლის მეორე ნაწილის «ა” პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, გათავისუფლებული მუშაკების შრომის უფლება გარანტირებული იყო სხვა სამუშაოზე დასაქმებით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში.

მოპასუხემ _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდის ტყიბულის ფილიალმა რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ ცნო ლ. ნ-ის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ტყიბულის ფილიალის ბრძანება; მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამუშაოზე; მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ლ. ნ-ე მუშაობდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ტყიბულის ფილიალში. 2005წ. 26 იანვარს, რეორგანიზაციის გამო, იგი გათავისუფლდა თანამდებობიდან, მაგრამ მისი საშტატო ერთეული არ შემცირებულა და იმავე რიცხვით, სამთვიანი ხელშეკრულების საფუძველზე, დაინიშნა ..........-ის თანამდებობაზე. მოპასუხემ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა ხელშეკრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით და აუნაზღაურა დახმარება 2005წ. 25 აპრილიდან 25 ივნისამდე, დროებითი შრომისუუნარობის ფურცლით განსაზღვრული დღეებისათვის. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მისი სამუშაოზე აღდგენა უნდა მომხდარიყო 26 იანვრის გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობის საფუძველზე, ვინაიდან მოთხოვნა ხანდაზმული იყო. ამასთან, მოსარჩელეს არ გაუპროტესტებია ხელშეკრულება კანონით განსაზღვრული წესით. სასამართლომ მიუთითა, რომ შრომის კანონთა კოდექსის 232-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოპასუხე მხარეს შეეძლო, დროებითი შრომისუუნარობის გამო, დაქირავებულისთვის საავადმყოფო ფურცლით აენაზღაურებინა 5 დღემდე, ხოლოწ. განმავლობაში 30 დღემდე დახმარება, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ითვალიწინებდა დახმარების უზრუნველყოფას შრომითი ხელშეკრულების ვადის განმავლობაში და არა მის შემდეგ. სასამართლოს განმარტებით, რადგან მოპასუხემ ასეთი ანაზღაურება მოახდინა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ამასთან არც ერთმა მხარემ არ მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულება უნდა ჩათვლილიყო გაგრძელებულად განუსაზღვრელი დროით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ ყოფილა სამუშაოდან დათხოვნილი კვალიფიკაციის შეუსაბამობის საფუძვლით, ამდენად, მისი შემოწმება სასამართლოს კომპეტენციაში არ შედიოდა.

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ტყიბულის ფილიალმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

საოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით ფონდის სისტემაში განხორციელდა რეორგანიზაცია, რაც თავისთავად გულისხმობდა სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს, მუშაკთა რაოდენობის და შტატების შემცირებას. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ფონდის ტყიბულის ფილიალში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 4 მუშაკით და განისაზღვრა 11 ერთეულით, ამასთან, შეიცვალა თანამდებობრივი კატეგორიები, ერთმანეთს შეერწყა ....... ინსპექტორის, ........ მოანგარიშის და ბუღალტერ-კონტროლიორის თანამდებობები, შეიქმნა განსხვავებული ფუნქციური დატვირთვის თანამდებობა _ .........-ი, რის შედეგადაც, სისტემის გამართული მუშაობისათვის, საჭირო გახდა შესაბამისი უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლების მქონე პირების შერჩევა. ფილიალში დასაქმებულთა უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შესაფერისი კადრის შერჩევა გაჭირდა, მუშაკები შენარჩუნებულ იქნენ სამთვიანი ხელშეკრულებით. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელესთან, ისევე, როგორც ფილიალის სხვა 7 მუშაკთან. ხელშეკრულების პირობებს გაეცნო თითოეული მათგანი, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით და ინახებოდა მათ პირად საქმეებში. ამასთან, მოსარჩელეს არ გამოუთქვამს სხვა თანამდებობაზე გადასვლის სურვილი და არც ხელშეკრულების მიმართ ჰქონდა პრეტენზია. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლო იყო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ლ. ნ-ეს შეელახა უფლებები ან ფილიალმა დაარღვია შრომის კანონი.

აპელანტის მითითებით, მოსარჩელეს ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე, 2005წ. 25 აპრილს, გაეხსნა შრომისუუნარობის ფურცელი, ჯერ ტყიბულის რაიონის დიაგნოსტიკურ ცენტრში, შემდეგ _ 2005წ. 16 მაისიდან 24 ივნისამდე ტყიბულის მრავალპროფილიან საავადმყოფოში. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელი იყო შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის დროს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება, გარდა ამ მუხლის «დ” პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე გათავისუფლდა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. აპელანტმა მიუთითა, რომ სადავო საკითხი რეგულირდებოდა 2005წ. «ბიუჯეტის შესახებ» კანონის 49-ე მუხლის 22-ე პუნქტით და არა შრომის კანონთა კოდექსის 232-ე მუხლით, როგორც ეს სასამართლომ განმარტა.

მოწინააღმდეგე მხარემ _ ლ. ნ-ემ რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2005წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ლ. ნ-ე 1993 წლიდან 2005წ. 26 ივნისამდე მუშაობდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ტყიბულის ფილიალში უფროს სპეციალისტად, მთავარ სპეციალისტად და ბოლოს _ ..... ინსპექტორად. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებითYფონდის სისტემაში განხორცილედა რეორგანიზაცია და საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, რასაც მოჰყვა სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, თანამდებობრივი კატეგორიების შერწყმა, რის შედეგად სისტემის გამართული მუშაობისათვის დაწესდა ახლად შექმნილ თანამდებობებზე უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლების მქონე პირთა შერჩევა. 2005წ. 26 იანვარს ლ. ნ-ე გათავისუფლდა სამუშაოდან შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” პუნქტით. იმავე დღეს ადმინისტრაციამ მასთან გააფორმა სამთვიანი შრომის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იგი ასრულებდა ..........-ის მოვალეობას. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ნ-ემ ტყიბულის რაიონის დიაგნოსტიკურ ცენტრში გახსნა შრომისუუნარობის ფურცელი 2005წ. 13 მაისამდე, ხოლო 16 მაისიდან 24 ივნისამდე ტყიბულის მრავალპროფილიან საავადმყოფოში. ლ. ნ-ე 2005წ. 28 ივნისის ბრძანებით, შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით, გათავისუფლდა სამსახურიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციის მიერ მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა კანონის დაცვით. ამასთან, პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციამ იგი სამუშაოდან გაათავისუფლა ორი თვის დაგვიანებით, რამაც გამოიწვია ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება, რომლის საფუძვლად მიუთითა საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს მასზე ორთვიანი დახმარების გაცემა, მაშინ, როდესაც შრომის კანონთა კოდექსის 232-ე მუხლი დროებით შრომიუუნარობის დროს ითვალისწინებს დახმარებას მთლიანი ხელფასის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა – წლის განმავლობაში. სასამართლომ განმარტა, რომ დროებით შრომისუუნარობის დროს დახმარების გაცემას არეგულირებდა როგორც შრომის კანონთა კოდექსის 232-ე მუხლი, რომელიც აწესებდა ასეთი დახმარების გაცემის შესაძლებლობას წ. განმავლობაში 30 დღის ვადით, ასევე «ბიუჯეტის შესახებ” კანონის 49-ე მუხლის 22-ე პუნქტი, რომლის თანახმად, დროებით შრომისუუნარობაზე დახმარებას პირველი 30 დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა დამქირავებელი, ხოლო შემდეგ _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. ამდენად, ადმინისტრაციამ ლ. ნ-ის შრომისუუნარობის დროს გამოიყენა რა ზემოაღნიშნული კანონებით დაწესებული დახმარება, ხსენებული არ შეიძლებოდა გაგებული ყოფილიყო, როგორც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაგრძელება განუსაზღვრელი ვადით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ნ-ემ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასაციის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით, მაშინ, როცა აღნიშნული ნორმა აწესრიგებდა ამ მუხლით მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაში ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს. კასატორი სამუშაოდან გათავისუფლდა შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” პუნქტის საფუძველზე. მითითებული მუხლი კი არ კრძალავდა მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლებას შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში. კასატორმა აღნიშნა, რომ 2005წ. 26 იანვრის შემდეგ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ტყიბულის ფილიალში არ შემცირებულა შტატები. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის გადაცემა ერთი ორგანოს დაქვემდებარებიდან სხვა ორგანოს დაქვემდებარებაში, არ წყვეტდა შრომის ხელშეკრულების მოქმედებას. საწარმოს, დაწესებულების, რეორგანიზაციის შერწყმის ან შეერთებისას შრომითი ურთიერთობები გრძელდებოდა მუშის ან მოსამსახურის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვები იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემცირდებოდა მოხდებოდა მუშაკთა რაოდენობა ან შტატები. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლი, ვინაიდან თუ შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შრომითი ურთიერთობა ფაქტობრივდ გრძელდებოდა და არც ერთმა მხარემ არ მოითხოვა მისი შეწყვეტა, ხელშეკრულება გაგრძელებულად ითვლებოდა განუსაზღვრელი ვადით. კონკრეტულ შემთხვევაში, ლ. ნ-ესა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა მისი ვადის გასვლის შემდეგ არც ერთ მხარეს არ მოუთხოვია და კანონის შესაბამისად იგი გაგრძელებულად ითვლებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატაში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ტყიბულის ფილიალის მიერ წარმოდგენილ იქნა შეპასუხება, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარემ არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006წ. 5 მაისის განჩინებით ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 «ა» პუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეული არ არის მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულად, სწორად იქნა საქმის მასალები გამოკვლეული და დადგენილი ფაქტები.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, შესაბამისად, დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია, რამდენადაც, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2005 წლის 26 იანვარს ლ. ნ-ე სამუშაოდან გათავისუფლდა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” პუნქტის საფუძველზე. იმავე დღეს ადმინისტრაციამ მასთან გააფორმა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება სამი თვით. 2005 წლის 26 აპრილამდე ლ. ნ-ე ასრულებდა ........-ის მოვალეობას. ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე, 2005 წლის 25 აპრილს ლ. ნ-ემ ავადმყოფობის გამო ტყიბულის რაიონის დიაგნოსტიკურ ცენტრში გახსნა შრომისუუნარობის ფურცელი 2005 წლის 13 მაისამდე, ხოლო 16 მაისიდან 24 ივნისამდე, ტყიბულის მრავალპროფილიან საავადმყოფოში. 2005 წლის 28 ივნისის ბრძანებით, რომლის საფუძვლად მითითებული იყო შრომის კანონთაA კოდექსის 30-ე მუხლის «ბ” პუნქტი, ლ. ნ-ე გათავისუფლდა სამუშაოდან.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულება ფაქტობრივად გრძელდებოდა და არც ერთმა მხარემ არ მოითხოვა მისი შეწყვეტა, ხელშეკრულება გაგრძელებულად უნდა ჩათვლილიყო, ვინაიდან ლ. ნ-ესა და მოპასუხეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების მე-11 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, დაქირავებული მუშაკი სამუშაოდან გათავისუფლებულად ითვლებოდა უპირობოდ, ხოლო მე-12 პუნქტით ხელშეკრულების მოქმედების გარკვეული ვადით გაგრძელება არ ქმნიდა ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით გაფორმების საფუძველს. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, აღნიშნული ხელშეკრულების პირობები განსაზღვრული იყო მხარეთაA შეთანხმებით და დადასტურებული ხელმოწერით, ხოლო მითითებული ნორმის გათვალისწინებით, მხარეები უფლებამოსილი იყვნენ დაედოთ იმგვარი ხელშეკრულებაც, რომელიც კანონით გათვალისწინებული არ იყო, მაგრამ წინააღმდეგობაში არ იქნებოდა მასთან; ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. ნ-თვის ხელშეკრულების პირობები (ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო დაქირავებული მუშაკის უპირობო გათავისუფლების და ხელშეკრულების გარკვეული ვადით გაგრძელების გამო ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებულად მიჩნევის დაუშვებლობის თაობაზე) ცნობილი იყო, რაც გამოიხატა მისი გაცნობით და ხელმოწერით შესაბამის შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებაზე (კონტრაქტზე).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება არ გადაზრდილა უვადო ხელშეკრულებაში, ვინაიდან მოსარჩელე ლ. ნ-თვის, რომლის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 25 ივლისს, წინასწარ იყო სავარაუდო ის გარემოება, რომ ადმინისტრაციასთან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 25 ივლისს, მით უფრო იმ პირობებში, როცა შრომით ხელშეკრულების მე-11 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, დაქირავებული მუშაკი სამუშაოდან გათავისუფლებულად ითვლებოდა უპირობოდ; ადმინისტრაცია ლ. ნ-ის დროებითი შრომისუუნარობის დროს მოკლებული იყო შესაძლებლობას, კონტრაქტი შეეწყვიტა ვადის გასვლის დღეს, ვინაიდან შრომის კანონთა კოდექსი ცალსახად განსაზღვრავს მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების დაუშვებლობას შრომისუუნარობის დროს, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ ლ. ნ-ე შრომისუუნარობის გამო არ ცხადდებოდა სამსახურში, არ განაპირობებს საფუძელს, რომ ვადიანი შრომითი ხელშეკრულება გადაიზარდა უვადოდ დადებულ ხელშკრულებაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. ნ-ის შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნა არ განაპირობებს საფუძველს, რომ ვადიანი შრომის ხელშეკრულება შრომის კანონთაA კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციას, როგორც საქმის მასალებით ირკვევა არ ჰქონდა მიზნად ხელშეკრულების გადაზრდა უვადო ხელშეკრულებაში, რაც გამოიხატა ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ბრძანებით ლ. ნ-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ადმინისტრაციის მიერ გაცემულ დახმარებას, შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობას მართებულად შეუფარდა სამართლის ნორმა, რამდენადაც ლ. ნ-ის შრომისუუნარობის დროს, ადმინისტრაციის მიერ გაცემული დახმარება არ წარმოშობდა ვარაუდს, რომ მასთან გაგრძელდებოდა შრომის ხელშეკრულება, კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 15 მარტის ბრძანების თანახმად «დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის დროს დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის” დამტკიცების თაობაზე, სოციალური დაზღვევის ფონდის ტყიბულის ფილიალს ჰქონდა შესაძლებლობა, აღნიშნული დახმარების გაცემის თაობაზე, ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, შრომის კანონთა კოდექსის 232-ე მუხლი, რომელიც 2005 წლის 2 ივნისიდან გაუქმებული იყო, შესაბამისად, მისი შეფარდება სადავო სამართალურთიერთობასთან კანონშეუსაბამოა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული დარღვევა არ წარმოადგენს არსებით საფუძველს სააპელაციო სასამართლოს არსებითად სწორი გადაწყვეტილების გასაუქმებლად.

საკასაციო სასამართლო კასატორის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ბრძანებაში მოსარჩელის გათავისუფლების თარიღად მითითებული 25 ივნისი შაბათი დღე იყო, განმარტავს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-15 მუხლით, ვადების ათვლისას, შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება; შრომის კანონთა კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მუშებსა და მოსამსახურეებს ხუთდღიანი სამუშაო კვირის დროს ეძლევათ ორი დასვენების დღე კვირაში, ხოლო ექვსდღიანი სამუშაო კვირის დროს _ ერთი დასვენების დღე, ამასთან საერთო დასვენების დღე არის კვირა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ტყიბულის ფილიალში /სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა კასატორი/ შაბათი დღე იყო არასამუშაო დღე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ფაქტობრივი საფუძვლები ლ. ნ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ბრძანების არასამუშაო დღეს გამოცემულად ჩათვლის თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, რომ კანონმდებლობით დაშვებულია შაბათი დღის სამუშაო დღედ დაწესება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემომითითებული გარემოებები ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ არსებითად იმსჯელა დავის საგანზე, მართებულად და არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, მიიჩნია რა სარჩელი უსაფუძვლოდ, მოქმედი კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ლ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სსკ-ის 372-ე, 390-ე, 399-ე, 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.