Facebook Twitter

საქმე №ას-542-515-2014 18 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. დ-უ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. დ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ. დ-უს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება 16 160,50 ლარის ოდენობით. სარჩელი ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თ. დ-ის ბინაში ლ. დ-უს კუთვნილი ბინიდან შემოსულმა წყალმა დააზიანა მოსარჩელის ბინის საძინებლების კედლები და იატაკი. მიყენეული ზიანის ოდენობა სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე შეადგენს 16 160,50 ლარს.

მოპასუხემ სადავო გახდა, როგორც თავად ზიანის მიყენების ფაქტი, ისე მისი ოდენობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ლ. დ-უს მოსარჩელე თ. დ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 16 160.50 ლარი.

გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ლ. დ-უმ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ლ. დ-უს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელე თ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ლ. დ-უს მოსარჩელე თ. დ-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 13 695 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისში ა. ყ-ის გამზირი N..-ში (ნაკვეთი N1/21), მდებარე კორპუსის მე-8 სართულზე თ. დ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ბინა N49 და ამავე სართულზე ლ. დ-უს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ბინა N48 წარმოადგენენ მომიჯნავე ფართებს.

სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 06 თებერვლის N........ დასკვნით დადგენილია, რომ თ. დ-ის კუთვნილ ბინაში მეზობლად მდებარე საცხოვრებელი ბინიდან შემოსული წყლის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი ბინის კედლები და პარკეტის იატაკის ნაწილი. ჩატარებული საექსპერტო კვლევის შედეგად ერთმნიშვნელოვნადაა დადასტურებული, რომ დაზიანებები, რაც დაფიქსირდა თ. დ-ის ბინაში მიღებულია წყლის შესვლის შედეგად.

მოპასუხის ახსნა-განმარტების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. დ-უს კუთვნილ ფართში - ბინა N48-ში მოხდა დაზიანება, კერძოდ, გრანიტით მოპირკეთებული იატაკის ქვეშ დაზიანდა წყლის მილი 2012 ნოემბრის თვეში, რის შედეგადაც წყლის ჩადინება მოხდა ქვედა სართულის მეზობლის - გ. თ-ის საცხოვრებელ ფართში, რაც შეეხება დაზიანებას უშუალოდ მოსარჩელის - თ. დ-ის ბინაში, ლ. დ-უს მოსაზრებით აღნიშნული შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო არა მოპასუხის ფართში არსებული წყლის მილის დაზიანების გამო, არამედ, ეს შესაძლებელია, გამოეწვია თავად მოსარჩელის ფართში არსებული გათბობის მოწყობილობის გაუმართაობას, ანდა ზედა სართულზე მდებარე ბინიდან გამოჟონილ წყალს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამოქალაქო საქმეთა პალატამ ყურადღება გაამახვილა, ექსპერტიზის დასკვნაზე, სადაც მითითებული იყო, რომ დაზიანებულია საცხოვრებელი ბინის კედლები და პარკეტის იატაკის ნაწილი, დასკვნაში არ იყო მოხსენიებული საცხოვრებელი ფართის ჭერი. შესაბამისად წყლის ნაკადი მოსარჩელის ბინაში არ ჩამოსულა ზედა სართულიდან, არამედ მისი შედინება განხორციელდა გვერდითი კედლიდან. როგორც საექსპერტო კვლევის და თანდართული ფოტომასალის მონაცემების საფუძველზე ირკვეოდა ძირითადად დაზიანებული იყო მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის კედლის არა ზედა ნაწილი (ჭერის მხარეს), არამედ კედლების ქვედა ნაწილები და იატაკი. აღნიშნულზე დაყრდნობით კი, პალატამ ერთმნიშვნელოვნად დაასკვნა, რომ დაზიანება მოსარჩელის ბინაში გამოწვეული იყო, გვერდითა, იმავე სართულზე მდებარე მომიჯნავე ბინიდან და არა ზედა სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან, როგორც ამაზე მიუთითებდა აპელანტი. ამდენად, მოსარჩელის ახსნა-განმარტების, თავად მოპასუხის ახსნა-განმარტების, ასევე ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დადასტურებული იქნა, რომ თ. დ-ის ბინაში მის გვერდით მეზობლად განთავსებული ბინიდან მოხდა წყლის ნაკადის შედინება. ამასთან, იმ პირობებში როცა აპელანტმა ლ. დ-უმ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის ბინაში მომხდარი დაზიანება, შესაძლოა გამოეწვია არა მის ბინაში, არამედ ზედა მეზობლის ბინაში მომხდარ დაზიანებას ან თავად მოსარჩელის ბინაში გათბობის სისტემის დაზიანებას, პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თ. დ-ის ბინაში წყლის ნაკადის შედინება განხორციელდა, მის მომიჯნავედ განთავსებული ლ. დ-უს კუთვნილი ბინიდან.

რაც შეეხება ზიანის ოდენობას პალატამ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე აღნიშნა, რომ მოპასუხის კუთვნილი ბინიდან მოსარჩელის კუთვნილ ბინაში წყლის შედინების გამო გამოწვეული დაზიანებების აღმოსაფხვრელად აუცილებელი იყო მთელი რიგი სარემონტო სამუშაოების ჩატარება, მაგ: კედლებიდან შპალერისა და ქაღალდის დემონტაჟი, დაზიანებული გაჯის ნალესის დემონტაჟი, დაზიანებული პარკეტის და ფანერის დემონტაჟი, დაზიანებული ცემენტის მოჭიმვის დემონტაჟი, კედლების გალესვა გაჯის ხსნარით, კედლების შეფითხვნა, კედლებზე შპალერის გაკვრა, ქაღალდის გაკვრა, კედლების შეღებვა წყალემულსიური საღებავით, ცემენტის ხსნარით მოჭიმვის მოწყობა იატაკზე ფანერის მოწყობა, იატაკზე პარკეტის მოწყობა, იატაკის მოხვეწა, ლაქის წასმა, ასევე სამშენებლო ნაგვის გატანა. ამასთან, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელი იყო შესაბამისი სამშენებლო და სარემონტო მასალების შეძენა მაგ: გაჯი, ფითხი, ცემენტი, ფანერა, ლაქი, პარკეტი ნეკერჩხლის და სხვა. პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ ამ შესასრულებელი სამუშაოებისათვის და შესაბამისი საშენი და სარემონტო მასალების შეძენისათვის აუცილებელი ხარჯების, ასევე სამშენებლო მასალის ტრანსპორტირების, ასევე სამშენებლო ნაგვის გატანისათვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯების და ზედნადები ხარჯების გათვალისწინებით, რაც ასახულია საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში უნდა გაანგარიშდეს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ მითითებული ხარჯების კვალობაზე უნდა მომხდარიყო მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა და ზიანის ოდენობის განსაზღვრისას არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ექსპერტიზის მიერ შემოთავაზებულ გაანგარიშებაში ასახული დღგ–ს სახით გათვალისწინებული ხარჯი – 2 465 ლარის ოდენობით, რამდენადაც სარჩელით არ იყო დადასტურებული, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა დღგ–ს (დამატებული ღირებულების გადასახადი) გადამხდელს და რომ მას აუცილებლად მოუწევდა ამ გადასახადის გადახდა ამ სამუშაოების ჩატარებისათვის.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრა 13 695 ლარით, ნაცვლად 16 160 ლარისა.

მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების იურიდიული კვალიფიკაციისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317–ე მუხლის პირველი ნაწილით, 316–ე მუხლის პირველი ნაწილით და მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა მიიჩნია ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობად, რამდენადაც მოპასუხის, ლ. დ-უს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, რაც გამოიხატა თ. დ-ის კუთვნილ ბინაში წყლის შესვლით, დაზიანდა თ. დ-ის კუთვნილი ბინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლი, რომლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 412–ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების სახით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის აუცილებელია ერთდროულად შემდეგი წინაპირობების არსებობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა მოპასუხის მხრიდან, ამ ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის არსებობა (ე.ი. ზიანი და მიზეზობრივი კავშირი) და ბრალეულობის არსებობა.

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში, დავის სწორად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი იყო თავად ფაქტის არსებობა, რომ თ. დ-ის ბინა დაზიანდა მის გვერდით განთავსებული ლ. დ-უს კუთვნილი ბინიდან წყლის შემოსვლის შედეგად. ამ პირობებში მტკიცების საგანს არ წარმოადგენდა ბინაში წყლის ონკანის, დუშის, მილის თუ სხვა რაიმე მოწყობილობის დაზიანების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც შეეძლო წყლის შემოსვლა გამოეწვია მის ბინაში (მითუმეტეს, რომ განსახილველ შემთხვევაში თავად აპელანტი მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მის ბინაში დაზიანდა წყლის მილი(26.03.2014წ.) დამდგარ ზიანში ბრალის არ არსებობის მტკიცების ტვირთი და საპირისპირო გარემოების დამტკიცების ტვირთი მასზედ, რომ თ. დ-ის ბინა დაზიანდა არა მე-8 სართულზე მდებარე ლ. დ-უს კუთვნილი N48 ბინიდან, არამედ მე-9 (ზედა სართულზე) განთავსებული ბინიდან წამოსული, ან თავად მოსარჩელის ბინაში გათბობის სისტემის დაზიანების შედეგად გამოსული წყლის ნაკადის შედეგად, ერთმნიშვნელოვნად ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო დამდგარ ზიანში მისი მხრიდან ბრალეულობის არარსებობის დადასტურება.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ლ. დ-უს პოზიცია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ზიანის დადგომის დროისათვის ის არ ცხოვრობდა მითითებულ ბინაში, რის გამოც დამდგარი ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეს უნდა მოეთხოვა დამქირავებლისგან - მ. ც-გან, და, რომ სასამართლომ ზიანის მიმყენებლად არასწორად მიიჩნია ბინის მესაკუთრე. პალატის განმარტებით, ლ. დ-უ, როგორც ბინის მესაკუთრე ვალდებული იყო უზრუნველეყო მის ბინაში წყლის გაყვანილობების იმგვარი მდგომარეობაში ყოფნა, რომ ამით ზიანი არ მისდგომოდა სხვას. შესაბამისად, ის გარემოება, რომ ლ. დ-უ ფიზიკურად არ ცხოვრობდა დასახელებულ ბინაში არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობისა. ამასთან, თუკი გაყვანილობის დაზიანება გამოწვეული იყო დამქირავებლის მიერ, აღნიშნული უნდა გარკვეულიყო თავად მესაკუთრე ლ. დ-უსა და დამქირავებელს შორის. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად სწორად მიიჩნია ლ. დ-უ.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში თ. დ-ი უფლებამოსილი იყო ლ. დ-უსაგან მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რამდენადაც სახეზე იყო ზიანის ანაზღაურების შესახებ, სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ლ. დ-უსათვის დაკისრების კანონით გათვალისწინებული აუცილებელ წინაპირობები და 992-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება წყლის ჩამოსვლის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობას, პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობისა და მტკიცებულებების საფუძველზე ზიანის ოდენობად, რაც თ. დ-ის კუთვნილი ბინის დაზიანებით იქნა გამოწვეული, უნდა განსაზღვრულიყო 13695 (16160 – 2465 (დღგ) = 13695) ლარით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. დ-უმ გაასაჩივრა საკასაციო წესით და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი სადავოდ ხდის ზიანის ოდენობას. მისი მოსაზრებით, მოსარჩელემ არაკეთილსინდისიერად შეუწყო ხელი ზიანის ოდენობის გაზრდას, ვინაიდან თუ თ. დ-ისათვის დეკემბრის თვეში გახდა ცნობილი ზიანის არსებობობის თაობაზე, მან მხოლოდ თებერვალში მიმართა ექპერტიზას. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეს მყისიერად უნდა ეცნობებინა მისთვის წყლის შესვლის თაობაზე და არ დალოდებოდა წლის შედეგად კედლებისა და იატაკის დაზიანებას.

ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის ზიანის დადგომაში მის ბრალეულობას და განმარტავს, რომ იგი საერთოდ არ ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში, რადგან ბინას ფლობს და სარგებლობს - მ. ც-ე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისში ა. ყ-ის გამზირი N..-ში (ნაკვეთი N1/21), მდებარე კორპუსის მე-8 სართულზე თ. დ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ბინა N49 და ამავე სართულზე ლ. დ-უს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ბინა N48 წარმოადგენენ მომიჯნავე ფართებს.

სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 06 თებერვლის N........ დასკვნით დადგენილია, რომ თ. დ-ის კუთვნილ ბინაში მეზობლად მდებარე საცხოვრებელი ბინიდან შემოსული წყლის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი ბინის კედლები და პარკეტის იატაკის ნაწილი. ასევე, დადასტურებულია, რომ დაზიანებები, რაც დაფიქსირდა თ. დ-ის ბინაში მიღებულია წყლის შესვლის შედეგად.

პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თ. დ-ის ბინაში წყლის ნაკადის შედინება განხორციელდა, მის მომიჯნავედ განთავსებული ლ. დ-უს კუთვნილი ბინიდან.

მოპასუხის კუთვნილი ბინიდან მოსარჩელის კუთვნილ ბინაში წყლის შედინების გამო გამოწვეული დაზიანებების აღმოსაფხვრელად აუცილებელია მთელი რიგი სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რომლის ოდენობა სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 06 თებერვლის N........ დასკვნით შეადგენს 13 695 ლარს (დღგ-ს გარეშე).

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის ზიანის დადგომაში მის ბრალეულობასა და ზიანის ოდენობას, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ ზიანის დადგომაში ლ. დ-უს ბრალეულობის საკითხის დადგენისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ფაქტობრივი გარემოება ზიანის მიყენებაში ლ. დ-უს ბრალეულობისა და ზიანის ოდენობის 13695 (დღგ-ს გარეშე) ლარით განსაზღვრის თაობაზე გასაზიარებელია, ხოლო რაც შეეხება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების იურიდიულ კვალიფიკაციას, ამ ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლი, რომლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, ასევე სამოქალაქო კოდექსის 412–ე მუხლი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ., სუს 11.07.2014წ.-ის Nას-489-463-2014 განჩინება; სუს 09.01.2014წ.-ის Nას-741-703-2013 განჩინება), რომელშიც განმარტებულია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის სავალდებულო წინაპირობებთან (სკ-ის 992-ე მუხ.) და მიყენებული ზიანის ანაზღაურების (სკ-ის 412-ე მუხ.) წესსთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (684,75 ლარის) 70% – 479,32 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. დ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს - ლ. დ-უს (პ/ნ: ........) დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 12 ივნისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (684,75 ლარის) 70% – 479,32 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე