Facebook Twitter

საქმე №ას-546-514-2012 24 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ა. ჯ-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. პ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ფასისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა. ჯ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ა. პ-ის“ მიმართ და მოითხოვა:

1. მოპასუხისათვის ნასყიდობის ფასის - 13440 ლარის დაკისრება;

2. მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის - 2418 ლარის დაკისრება.

სარჩელის მიხედვით, 2009 წლის 21 დეკემბერს მოპასუხემ მოსარჩელისგან შეიძინა 5040 ლარის ღირებულების 480 კგ. დაფასოებული კარაქი, რომლის ღირებულება უნდა გადაეხადა 1 თვეში. 2010 წლის 16 თებერვალს მოპასუხემ კვლავ შეიძინა 8400 ლარის ღირებულების 800 კგ. დაფასოებული კარაქი. მხარეთა შეთანხმებით, მოპასუხეს ნასყიდობის მთლიანი ფასი - 13440 ლარი უნდა გადაეხადა თებერვლის ბოლომდე. მოპასუხეს დავალიანება არ გადაუხდია, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ მას წერილობით დაუწესა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 13440 ლარის გადახდა. მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით მოსარჩელემ განმარტა, რომ 13440 ლარის ბანკში ანაბარზე 18 თვის განმავლობაში განთავსების შემთხვევაში ამ თანხას დაერიცხებოდა წლიური 12%, რაც ჯამში შეადგენს 2418. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ოდენობის თანხას მიიღებდა იგი, მოპასუხეს ვალდებულება დროულად რომ შეესრულებინა.

შპს „ა. პ-მა“ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძველებით:

მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ რაიმე დავალიანება არ გააჩნია. სარჩელზე დართული მტკიცებულებებით არ დასტურდება, თუ რა პერიოდიდან მოითხოვს მოსარჩელე 13440 ლარის დაკისრებას. მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება იმ პასუხისმგებლობის ზომაზე, რაც თანხის გადახდის ვადის გადაცილებას მოჰყვებოდა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს დაქირავებული ჰქონდა მისი სამაცივრო საწყობი კარაქის შესანახად და რეალიზაციისათვის. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 13440 ლარის საქონელი. მოპასუხეს, თავისი დისტრიბუტორების მეშვეობით, სავაჭრო ქსელში გაჰქონდა საქონელი. საქონლის რეალიზაციის შემდეგ დისტრიბუტორს თანხა მიჰქონდა საწყობში და მოპასუხის მოლარე-ოპერატორი მოსარჩელეს სრულად აძლევდა თანხას. ეს გარემოება, მოპასუხის განმარტებით, დასტურდება მოსარჩელის - შპს „ა. ჯ-ას“ დირექტორ შ.ლ-ის ხელმოწერებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა. ჯ-ამ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 მარტის განჩინებით:

1. შპს „ა. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ა. პ-მა“ შპს „ა. ჯ-ას“ მიაწოდა 13440 ლარის ღირებულების დაფასოებული კარაქი, კერძოდ, 2009 წლის 21 დეკემბერს - 5040 ლარის ღირებულების 480კგ, ხოლო 2010 წლის 16 თებერვალს კი - 8400 ლარის ღირებულების 800კგ. იგივე პ-ი.

გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის 13440 ლარის გადახდის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საბუღალტრო აღრიცხვის რვეულზე, რომლის თანახმადაც 2009 წლის 21 დეკემბრიდან გატანილი კარაქის საერთო ღირებულება - 13440 ლარი მოპასუხემ გადაიხადა, რაც დასტურდებოდა აღნიშნულ ჟურნალზე შესრულებული, ერთი მხრივ, შ. ლ-ის, როგორც შპს „ა. ჯ-ას“ დირექტორის და, მეორე მხრივ, ე. ქ-ის, როგორც შპს „ა. პ-ის“ სადისტრიბუციო სამსახურის მოლარე-ოპერატორის ხელმოწერებით. აღნიშნულ ჟურნალში განსაზღვრული თანხების ეტაპობრივი გადახდა, რომლის ჯამი შეადგენს 13440 ლარს, ფიქსირდება ქრონოლოგიურად. კერძოდ, ჟურნალის პირველ გვერდზე გადახდა იწყება 2009 წლის 21 დეკემბრიდან და სრულდება მესამე გვერდზე 2010 წლის 16 ოქტომბერს განხორციელებული გადახდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამ ფურცლად წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის ჩანაწერები ერთი მთლიანობაა, რომელიც სრულდება მესამე ფურცლის ბოლოს ე. ქ-ის მიერ შესრულებული ხელმოწერით.

ამ კუთხით პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლზე, 134–ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის ჩანაწერი, განეკუთვნებოდა იმგვარ წერილობით მტკიცებულებას, რომლითაც გამყარებული იყო სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი მოპასუხის შესაგებელი. აპელანტის მითითება, რომ მხოლოდ აღნიშნული საბუღალტრო ჩანაწერები არ იყო საკმარისი მტკიცებულება სადავო თანხის გადახდის ფაქტის დასადასტურებლად, არ იქნა გაზირებული, ვინაიდან სალაროს გასავლის ორდერი, თანხის შემოსავალში აღება, მოგების გადასახადით თანხის დაბეგვრა, სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენდა მეწარმის ვალდებულებას, რაც დაწესებული იყო საჯარო კანონმდებლობით და მისი დარღვევაც ამავე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს იწვევდა. პალატის განმარტებით, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების მტკიცების ტვირთის დაძლევისთვის აუცილებელ მტკიცებულებათა წრე განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით და მხოლოდ არასწორი ბუღალტრული აღრიცხვა, ან საგადასახადო დეკლარირება თანხის გადაუხდელად მიჩნევის საფუძველს არ ქმნიდა.

არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება რვეულის მე-3 ფურცელზე ხელმოწერილი ჩანაწერების სხვა ურთიერთობასთან დაკავშირებულად მიჩნევის თაობაზე მისი დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის გამო, ხოლო სადავო საკითხზე მხარის მხოლოდ მითითება, სასამართლოს შეფასებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, არასაკმარისობის მოტივით, არ იქნა გაზიარებული. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხის სასარგებლოდ მოქმედებდა თანხის სრული ოდენობის გადახდის პრეზუმფცია, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, ხოლო, ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულების გზით შეწყვეტის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა. ჯ-ამ“.

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი და არასათანადოდ დაასაბუთა გადაწყვეტილება, შესაბამისად, არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“, ასევე 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. საპროცესო ნორმის დარღვევას წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვისას დაშვებული შემდეგი უსწორობები: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის პირველი წინადადებისა და 222-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მხარეთათვის შეკითხვების მიცემის გზით სრულად და ზუსტად უნდა გამოეკვლია სადავო გარემოებები;

დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, რომ შპს „ა. პ-მა“ მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულება შეასრულა და სრულად გადაუხადა მას მიწოდებული დაფასოებული კარაქის ღირებულება – 13440 ლარი. მოპასუხის მიერ წარდგენილი ჩანაწერები, რომელთაც სასამართლო თვლის ხელწერილად, ვერ გამოდგება მტკიცებულებად, კერძოდ, მათი მეშვეობით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დავალიანების გადახდა. 2009 წლის 16 დეკემბრით დათარიღებული დოკუმენტის პირველი ფურცელი და 2010 წლის 16 თებერვლით დათარიღებული მეორე ფურცელი არ ეხება სადავო ურთიერთობას. იგი არის მოპასუხის მიერ დისტრიბუტორებისათვის კარაქის გაცემის რაოდენობის მაუწყებელი, მასზე არ არის მოსარჩელის ხელმოწერა და ვერც იქნება, ვინაიდან იგი მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სასამართლოზე და ეს ჩანაწერები ვერ გამოდგება მტკიცებულებად. რაც შეეხება მესამე ფურცელზე არსებულ, 18 სექტემბრიდან 16 ოქტომბრამდე გაცემული თანხების თაობაზე მოსარჩელის ხელმოწერებს, აღნიშნული თანხა იმ გაყიდული კარაქის ღირებულების მიღებას ადასტურებს, რომელიც შპს „ა. პ-მა“ გაყიდა პირდაპირ საწყობიდან ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე, იგი სხვა ურთიერთობიდან არის აღმოცენებული მხარეთა შორის და არ ეხება 13440 ლარის დავალიანებასთან დაკავშირებით არსებულ ურთიერთობას. ის გარემოება, რომ კარაქი შენახული იყო მოპასუხესთან საწყობში, ვერც მოპასუხემ უარყო, შესაბამისად, როგორც საქალაქო სასამართლოს, ისე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კარაქის პირველი მიწოდებიდან - 2009 წლის 21 დეკემბრიდან თანხის გადახდების ქრონოლოგიურად წარმოებისა და თანხის გადახდაზე მხარეთა შორის უთანხმოების შემდეგ მოსარჩელის მიერ თანხის მიღების ხელმოწერით დადასტურების თაობაზე, ასევე ის, რომ 2009 წლის 21 დეკემბერს მიწოდებული კარაქის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, მოპასუხეს აღარ მიაწოდებდნენ 8400 ლარის ღირებულების კარაქს, არის დაუსაბუთებელი. დავალიანების გადახდევინების ფაქტის დასადასტურებლად მოწმის ჩვენებაც, რომელიც მატერიალურად დამოკიდებულია მოპასუხეზე, ვერ გამოდგება მტკიცებულებად;

რაც შეეხება მესამე ფურცელზე მხარეთა ხელმოწერებს, აღნიშნული ადასტურებს, რომ მოპასუხეს 2010 წლის ბოლოსათვის არა მარტო 13440 ლარის დავალიანება გააჩნდა, არამედ ჰქონდა სხვა ვალიც – მისი საწყობიდან კასატორის მიერ გაყიდული კარაქის გადასახდელი თანხა. აღნიშნული წინააღმდეგობაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილ მსჯელობასთან;

საპელაციო სასამართლომ თანაბრად არ გაანაწილა მტკიცების ტვირთი, კერძოდ, მოსარჩელემ წარადგინა ყველა საბუღალტრო დოკუმენტი, ხოლო მოპასუხეს არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება სარჩელის უარსაყოფად, ასევე არ წარუდგენია კასატორის მიერ ანგარიშფაქტურითა და სატრანსპორტო ზედდებულით 2009 წლის 21 დეკემბერს მიწოდებული 480 კგ. და 2010 წლის 16 თებერვალს მიწოდებული 800 კგ. დაფასოებული კარაქის ღირებულების გადახდის დოკუმენტი, ასევე გაყიდული საქონლის მოგების გადასახადის გადახდის მტკიცებულება. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი რვეული არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლისა და 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რადგანაც მასზე არ არის მითითებული ორგანიზაცია, არ არის დასმული ბეჭედი, არ არის აკინძული და ა.შ.

არასწორია სასამართლოს მითითება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და 429-ე მუხლზე, რადგანაც გაურკვეველია, თუ როგორ დაადგინა სასამართლომ მოპასუხის მიერ თანხის ბოლო ნაწილის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და თვლის, რომ შპს „ა. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა, რომ შპს „ა. ჯ-ამ“ (მოსარჩელე) შპს „ა.პ-ს“ (მოპასუხე) 2009 წლის 21 დეკემბერს მიაწოდა 5040 ლარის ღირებულების 480კგ. დაფასოებული კარაქი, ხოლო 2010 წლის 16 თებერვალს - 8400 ლარის ღირებულების 800 კგ. დაფასოებული კარაქი, სულ - 13440 ლარის ღირებულების საქონელი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს კასატორი სადავოდ არ ხდის, შესაბამისად, ეს გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

მხარეთა შორის სადავოა ზემოხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით: მან მოპასუხეს მიყიდა 13440 ლარის ღირებულების დაფასოებული კარაქი; მოპასუხეს ნასყიდობის ფასი სრულად უნდა გადაეხადა 2010 წლის თებერვლის ბოლოს; დამატებითი ვადის დაწესების მიუხედავად, მოპასუხეს ნასყიდობის ფასი არ გადაუხდია, შესაბამისად, ვალდებულება არ შეუსრულებია.

მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა, რომ მყიდველმა - შპს „ა. პ-მა“ მიიღო ნაყიდი ქონება. სადავოა მის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა.

მყიდველის განმარტებით, მას ნასყიდობის ფასი უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ და არა ერთბაშად. მისივე განმარტებით, მან ნასყიდობის ფასი ნაწილ-ნაწილ გადაიხადა და ვალდებულება სრულად შეასრულა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ფასის გადახდის წესის თაობაზე მხარეთა განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია, თუ რას ითვალისწინებდა სინამდვილეში ნასყიდობის ხელშეკრულება ნასყიდობის ფასის გადახდის თაობაზე, ანუ არსებობდა თუ არა მხარეთა შეთანხმება ნასყიდობის ფასის გადახდის წესზე და თუ არსებობდა, რა შინაარსის იყო იგი, კერძოდ, ნასყიდობის ფასის გადახდა ერთდროულად (ერთბაშად) უნდა მომხდარიყო, თუ ნაწილ-ნაწილ. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ჯეროვნად შეასრულა თუ არა მყიდველმა ნაკისრი ვალდებულება (მოსარჩელის მეორადი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე სწორედ პირველადი ვალდებულების დარღვევას ეფუძნება). ამავე მიზეზით, მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია ასევე სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების მთლიანად შესრულების პრეზუმფციის დაშვება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა ნაწილიც.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულება შეიძლება შესრულდეს როგორც ერთდროულად (ერთბაშად), ასევე ნაწილ-ნაწილ, განსაზღვრული პერიოდების მიხედვით. ის, თუ როგორ უნდა შესრულდეს კონკრეტული ვალდებულება, დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე (არსებობს გამონაკლისებიც, კერძოდ, თუ შესრულების საგანი განუყოფადია, ცხადია, მხარეთა ნება აქ არაფერ შუაშია და შესრულებაც ერთბაშად უნდა განხორციელდეს). თუ ხელშეკრულებაში ვალდებულების შესრულების თაობაზე არაფერია ნათქვამი, და არც გარემოებანი იუწყებიან რაიმეს, მაშინ მოვალემ, როგორც წესი, ვალდებულება მთლიანად (ერთდროულად) უნდა შეასრულოს. ასეთ დროს ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულების „მართლზომიერება“ დამოკიდებული იქნება კრედიტორის ნებაზე, რომელსაც შეუძლია მიიღოს ნაწილ-ნაწილ შესრულება და შეუძლია არ მიიღოს იგი (სკ-ის 378-ე მუხლი).

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მყიდველის მიერ ვალდებულება მთლიანად იყო შესრულებული, კერძოდ, ს.ფ. ..-...-ზე წარმოდგენილ დოკუმენტზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ნასყიდობის ფასს ნაწილ-ნაწილ იხდიდა. სასამართლომ მიიჩნია ასევე, რომ ნასყიდობის ფასის ბოლო გადახდა მოპასუხემ განახორციელა 16.10.2010 წელს, რაც სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ფასის წინა ნაწილის გადახდასაც გულისხმობდა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ მსჯელობას, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს არ დაუდგენია, არსებობდა თუ არა მხარეთა შეთანხმება ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულების, ანუ ნასყიდობის ფასის ნაწილ-ნაწილ გადახდის თაობაზე, შეუძლებელია განსახილველი ურთიერთობის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების მთლიანად შესრულების პრეზუმფციის გამოყენება. გარდა ამისა, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ე.წ. „საბუღალტრო აღრიცხვის რვეულის“ თანახმად, ნასყიდობის ფასის გადახდა იწყება ამ რვეულის პირველ გვერდზე - 2009 წლის 21 დეკემბერს და სრულდება მესამე გვერდზე - 2010 წლის 16 ოქტომბერს, რაც სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა ხელმოწერებით დასტურდება. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ამ ე.წ. „რვეულის“ პირველ და მეორე ფურცელზე არც ერთი მხარის ხელმოწერა არ არსებობს და შესაბამისად, არც რაიმე თანხის გადახდის ფაქტი დასტურდება. რაც შეეხება ხსენებული დოკუმენტის მე-3 ფურცელს, მართალია, მასზე არსებობს გარკვეული ოდენობის თანხის მიღების თაობაზე გამყიდველის (კრედიტორის) წარმომადგენლის ხელმოწერა, მაგრამ, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს ხელწერილები შეიძლება განვიხილოთ არა როგორც დოკუმენტი ნასყიდობის ფასის ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, არამედ როგორც მათ გასწვრივ მითითებული თანხების მიღების თაობაზე კრედიტორის მიერ მოვალის თხოვნით გაცემული დოკუმენტი სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაზედაც მითითებულია ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე