საქმე №ას-551-523-2014 4 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – პ.ფ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.ფ.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში პ.ფ.ის მიმართ მხარეთა შორის 2007 წლის 10 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის, ასევე, პ.ფ.ის სახელზე რეგისტრირებული, ქ.ბათუმში, მდებარე 627კვ.მ მიწის ნაკვეთის ¼ ნაწილსა და 277 კვ.მ შენობა-ნაგებობების ½ ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ.მ. და პ.ფ. 1999 წლიდან იმყოფებიან ქორწინებაში, თუმცა ქორწინების რეგისტრაცია 2007 წლის 10 აგვისტოს განხორციელდა. მეუღლეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი: თ. და ჯ.ფ.
2004 წელს პ.ფ.მ და ნ.მ.მ ქ.ბათუმში, შეიძინეს მიწის ნაკვეთი (632.7 კვ.მ) და სახლი (12.9 კვ.მ). თანაცხოვრების პერიოდში მეუღლეებმა ამ მისამართზე ააშენეს 3-სართულიანი სახლი, ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები პირველ და მე-2 სართულზე.
პ.ფ.მ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე განქორწინების ნაწილში ნ. მ.ის მოთხოვნა ცნო, ხოლო თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში კი, მოთხოვნა არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სადავო ქონება შეძენილია მოპასუხის შემოსავლებით, ხოლო სახლი ქორწინების რეგისტრაციამდე აშენდა, რაც თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ.ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა ნ.მ.სა და პ.ფ.ს შორის 2007 წლის 10 აგვისტოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის განყოფილების №.....სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება, ნ.მ. ცნობილ იქნა ქ.ბათუმში, მდებარე, პ.ფ.ის სახელზე რეგისტრირებული 627 კვ.მ მიწის ნაკვეთის ¼ ნაწილისა 277 კვ.მ შენობა-ნაგებობების ½ ნაწილის თანამესაკუთრედ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის განჩინებით პ.ფ.ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება და დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.მ. და პ.ფ. ფაქტობრივად ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1999 წლიდან, 2000 წლის 9 აგვისტოს შეეძინათ შვილი თ. ფ., ხოლო 2003 წლის 3 ივნისს - ჯ. ფ.;
2004 წლის 23 ივნისს პ.ფ.მ დ. ფ.გან 6 000 ლარად შეიძინა ქალაქ ბათუმში, მდებარე 632.7 მ2 მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული, ხის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლით, საერთო ფართით 12.9 მ2;
პ.ფ.ის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში ამ ქონებაზე აღირიცხა 2004 წლის 8 ივლისს;
ნ.მ.სა და პ.ფ.ს შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 10 აგვისტოს;
ქალაქ ბათუმის ქალაქგეგმარების და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახურის 2005 წლის 4 ივლისის ბრძანებით შეთანხმდა მითითებულ მისამართზე ერთბინიანი, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტი, ხოლო ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ბრძანების საფუძველზე პ.ფ.ის სახელზე გაიცა მშენებლობის №94 ნებართვა, ზემოთ აღნიშნული პროექტის შესაბამისად მშენებლობის განსახორციელებლად;
სადავო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განხორციელდა 2005-2012 წლებში;
საქმის განხილვის დროისათვის პ.ფ.ის საკუთრებად საჯარო რეესტრში ირიცხებოდა 627 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 3 შენობა-ნაგებობით, საერთო ფართით 347.35 მ2;
უძრავი ნივთის ღირებულება, 2013 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, შეადგენდა 162 900 ლარს;
პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1161-ე, 1163-ე, 1164, 1168-ე მუხლებით, რადგანაც დადასტურებული იყო, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა გრძელდებოდა მოდავე მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, რამდენიმე წლის განმავლობაში, რის შედეგადაც უძრავი ნივთის ღირებულება 6 000 ლარიდან გაიზარდა 162 900 ლარამდე. მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ნივთი 2004 წლის 8 ივლისიდან წარმოადგენდა პ.ფ.ის ინდივიდუალურ საკუთრებას, პ.ფ.ისა და ნ. მ.ის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში განხორციელებული მშენებლობის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ ნივთის ღირებულება, რის გამოც ქონება მოდავე მხარეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა და მოსარჩელეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, სწორად მიეკუთვნა ამ ქონების სარჩელით მოთხოვნილი ნაწილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ.ფ.მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაითვალისწინა კასატორის მითითება, რომ მან ბინა ქორწინების რეგისტრაციამდე, 2004 წელს შეიძინა, მშენებლობაც ამ დროს დაიწყო და დაასრულა საკუთარი და მშობლების მატერიალური სახსრებით, ამ გარემოებას მოწმობს საქმეში წარმოდგენილი მშენებლობის ნებართვა, რომელიც 2004 წელსაა გაცემული. ყოფილ მეუღლეზე იქორწინა 2007 წელს, რომელსაც არასოდეს უმუშავია და არც მატერიალური თვალსაზრისით გაუზრდია კასატორის ქონება, რაც გამორიცხავს მოსარჩელისათვის ქონებიდან წილის მიკუთვნებას, სააპელაციო სასამართლომ კი, კანონსაწინააღმდეგოდ, სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის დარღვევით ცნო ნ.მ. თანამესაკუთრედ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივლისის განჩინებით პ.ფ.ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა პ.ფ.ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რადგანაც არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის თაობაზე და გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული ნორმა სწორედ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისადაა განმარტებული (იხ. სუსგ Nას-1094-1336-04, 22 მარტი, 2005 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას პ.ფ.ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ პ.ფ.ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ფ. ის მიერ 2014 წლის 14 ივლისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1 475 ლარის 70% – 1 032,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ.ფ.ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ პ.ფ.ს (პ/) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ფ.ის მიერ 2014 წლის 14 ივლისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1 475 ლარის 70% – 1 032,5 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე