№ას-563-534-2014 10 მარტი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „გ-ის“ პარტნიორი თ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-ის“ პარტნიორი დ. შ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – შპს- ,,გ.ის’’ დირექტორის განთავისუფლება და ახალი დირექტორის დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 29 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „გ-ის“ პარტნიორმა თ. ბ-მა მოპასუხის, ამავე საზოგადოების პარტნიორ დ. შ-ის მიმართ და მოითხოვა:
1. შპს „გ-ის“ დირექტორობიდან მ.ე-ის გამოწვევა და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა;
2. შპს „გ-ის“ დირექტორის თანამდებობაზე გ. კ-ის დანიშვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „გ-ის“ პარტნიორ თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განჩინებით შპს „გ-ის“ პარტნიორ თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2013 წლის 3 ივლისის მდგომარეობით სამეწარმეო რეესტრში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,გ-ი” რეგისტრირებულია 2006 წლის 13 ივნისს ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციაში, მისი იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, .....რ-ნი, ... ქ.№..., პარტნიორები არიან: თ. ბ-ი 50%-იანი წილით და დ. შ-ე – 50%-იანი წილით, საზოგადოების დირექტორია მ. ე-ე;
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2010 წლის 19 ივლისის ამონაწერით, შპს ,,გ-ის” პარტნიორები არიან: დ.შ-ე – 50%-იანი წილით და დ.ო-ე – 50%-იანი წილით, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი – მ. ე-ე;
პარტნიორთა კრების 2010 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, რომელსაც ესწრებოდნენ პარტნიორები დ. ო-ე და დ. შ-ე, შპს „გ-ის” დირექტორ მ.ე-ეს ხელფასი განესაზღვრა 1500 ლარის ოდენობით;
2013 წლის 9 მაისის პარტნიორთა კრებამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად განიხილა დირექტორის განთავისუფლებისა და ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხი, რადგან მ. ე-ე ვერ უძღვებოდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, თ. ბ-ის წარმომადგენლების აზრით, განთავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად დასახელებულია შპს „ა. კ.გ. გ-ის” დასკვნა, მიუხედავად ამისა, ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხი დადებითად ვერ გადაწყდა, ვინაიდან მეორე პარტნიორი დ. შ-ე წინააღმდეგი წავიდა დირექტორის, მ. ე-ის თანამდებობიდან დათხოვნასა და ახალი დირექტორის დანიშვნაზე, შესაბამისად კრებამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დირექტორებმა კეთილსინდისიერად და გულისხმიერად უნდა შეასრულონ დაკისრებული ამოცანები. თუ დირექტორი არ შეასრულებს თავის მოვალეობას, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს საზოგადოებას მიყენებული ზარალი. დირექტორები პასუხს აგებენ სოლიდარულად მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. თუ დადგენილია ზიანის ფაქტი, მაშინ დირექტორებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი საქმეს უძღვებოდნენ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე–6 პუნქტის თანახმად. საზოგადოების დირექტორი უნდა უძღვებოდეს რა, საზოგადოებას კეთილსინდისიერად, უნდა ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის.
ზემომითითებული მუხლების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საზოგადოების დირექტორს, როგორც ხელმძღვანელ ორგანოს, საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქცია აკისრია საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა, ამავდროულად საზოგადოების უფლებები და ინტერესები დაცულია არა მხოლოდ დირექტორის, არამედ საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ორგანოს – პარტნიორთა კრების კანონშესაბამისი ხელმძღვანელობით. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი დებულებების გათვალისწინებით, პარტნიორთა კრება განსაზღვრავს საზოგადოების სამეურნეო პოლიტიკის ძირითად პრინციპებს, რადგან სწორედ პარტნიორები არიან საზოგადოების პარტნიორები და ქონების მესაკუთრეები და მათ ინტერესს წარმოადგენს საზოგადოების ეკონომიკური განვითარება. კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის მე-9I მუხლით რეგლამენტირებულია პარტნიორთა საერთო კრების მოწვევისა და ჩატარების წესი, ასევე მისი კომპეტენცია, მათ შორის პარტნიორების დასწრება საზოგადოების მართვაში მონაწილეობის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარდგენილი შპს „გ-ის“ წესდების მე-7 მუხლით განსაზღვრული იყო პარტნიორის უფლებები, რომლის თანახმადაც საზოგადოების პარტნიორი სარგებლობს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით და ეკისრება მოვალეობები. საზოგადოების პარტნიორს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების მართვაში, რაც გულისხმობს პარტნიორთა კრებაზე დასწრების უფლებას, მონაწილეობას კრების დღის წესრიგში შეტანილი ნებისმიერი საკითხის განხილვაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე საზოგადოების წესდება, პარტნიორებს ანიჭებდა საზოგადოების მართვაში მონაწილეობის მიღების უფლებას, საერთო კრება მოიწვეოდა პარტნიორების ინიციატივით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პარტნიორებს დირექტორებთან ერთად გააჩნდათ იმის სრული შესაძლებლობა და საზოგადოების იმგვარად მართვის კანონისმიერი ბერკეტი, რომ საზოგადოების საქმიანობა ყოფილიყო ფინანსურად წარმატებული და მომგებიანი. დირექტორისათვის პარტნიორების მხრიდან საწარმოს მართვისა და ქონების განკარგვის უფლებების მინიჭების რისკის საკომპენსაციოდ კანონმდებელმა პარტნიორებს მიანიჭა დირექტორის განთავისუფლების უფლება. დირექტორის (რომელიც შრომით ურთიერთობაში იმყოფება საზოგადოებასთან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე) განთავისუფლების შემთხვევაში მასზე უნდა გავრცელდეს არა „შრომის კანონთა კოდექსი“, არამედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონო, რადგან დირექტორი ჩვეულებრივ მეწარმეა და მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორთან უნდა დარეგულირდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, საზოგადოების დირექტორის განთავისუფლება და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება დასაშვებია სწორედ მითითებული კანონის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად სარჩელში დავის ფაქტობრივ გარემოებებად მითითებული, დამოუკიდებელ აუდიტ შპს „ა.კ. გ-ის” 2013 წლ 2 აპრილის დასკვნა. მოცემულ საკითხთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დამატებით აღნიშნა, რომ აუდიტის დასკვნაში და სარჩელში სადავო ფაქტობრივ გარემოებებად აღნიშნულ მე-6-17 პუნქტებში მითითებული რიგი დავალიანებები საზოგადოებას წარმოეშვა 2010 წლამდე, ანუ მ. ე-ის დირექტორად დანიშვნამდე. ამასთან, წარდგენილი აუდიტის დასკვნით შეუძლებელი იყო იმ გარემოების დადგენა, საზოგადოების ფინანსური ვალდებულებების წარმოშობასა და მისი ეკონომიური მდგომარეობის გაუარესებაში რამდენად მიუძღვოდა დირექტორს ბრალი, ანუ იყო თუ არა საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობა მოქმედი დირექტორის სამეწარმეო უნარ-ჩვევების უქონლობისა და მისი არაკეთილსინდისიერად საზოგადოების გაძღოლის შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებითა და წარდგენილი აუდიტის დასკვნით არ დგინდებოდა დირექტორის შეცვლის აუცილებლობის საკითხი. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის მოთხოვნა დირექტორის განთავისუფლების და მასთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შპს „გ-ის“ პარტნიორ თ. ბ-ის მოთხოვნა დირექტორის თანამდებობაზე გ. კ-ის დანიშვნის თაობაზე ასევე დაუსაბუთებელი იყო. საქმეზე წარდგენილი არ იყო დირექტორობის ახალი კანდიდატის თაობაზე ინფორმაცია მისი საქმიანი უნარ-ჩვევების, გამოცდილების და სხვა მონაცემების თაობაზე, რაც აღნიშნული კანდიდატურის დადებით მხარეებზე მიანიშნებდა და სასამართლოს შეუქმნიდა იმის რწმენას, რომ ახალი დირექტორი თავს გაართმევდა საზოგადოების წინაშე თუნდაც აუდიტის დასკვნით გაწეული რეკომენდაციების შესრულებას, ერთნაირად მისაღები იქნებოდა ორივე პარტნიორისათვის და ასევე საზოგადოების პრობლემების გადაჭრის პერსპექტივებზე მიანიშნებდა.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საზოგადოების წესდების 27-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია დირექტორის ვალდებულებები და რომლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს პირობას, რომ „თუ დირექტორი დაარღვევს ამ ვალდებულებას, იგი პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე. ამ შემთხვევაში დირექტორმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას არ დაურღვევია თავისი ვალდებულებები“. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით მიუთითა საქალაქო სასამართლომ იმ გარემოებაზე, რომ სხვა გარემოებებთან ერთად ასევე არ იქნა მოსმენილი დირექტორის მოსაზრება სადავო საკითხებზე. რაც შეეხებოდა აპელანტის მოსაზრებას, თუ რა ფორმით უნდა მომხდარიყო დირექტორის საქმის განხილვაში ჩართვა და მისი მოსაზრების წარმოდგენა, ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან ერთადერთი დოკუმენტი, რის საფუძველზეც პარტნიორი ითხოვდა დირექტორის საზოგადოებიდან განთავისუფლებას, იყო შპს „ა. კ. გ-ის” აუდიტორული დასკვნა, სულ ცოტა აღნიშნული დასკვნის თაობაზე პარტნიორს უნდა მოეთხოვა დირექტორისგან ახსნა–განმარტება, რომელიც სწორედ ის მტკიცებულება იქნებოდა, რაც საზოგადოებისავე წესდების 27.1 პუქტით არის გაწერილი – დირექტორმა უნდა დამტკიცოს, რომ მას არ დაურღვევია ვალდებულება. ასეთი მტკიცებულება აპელანტს სასამართლოში არ წარუდგენია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ-ის“ პარტნიორმა თ. ბ-მა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სარჩელში დასახელებული აუდიტის დასკვნა 2010 წლამდე არსებულ დარღვევებს შეეხებოდა. საქმეზე წარმოდგენილია ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების ფინანსური ანგარიშის ასახვას, მასში მითითებულია უამრავ დარღვევაზე, აუდიტორულ დასკვნაში ასახულია 2011-2012 წლების ფინანსური მდგომარეობა;
გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, სასამართლოსათვის უცნობია ახალი დირექტორის კანდიდატურის შესაძლებლობებისა და მონაცემების შესახებ, არადა საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია კანდიდატის სივი და მასზე თანდართული დოკუმენტები, დიპლომის სერთიფიკატებისა და გამოცდილების ამსახველი სხვა დოკუმენტების სახით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ-ის“ პარტნიორ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ-ის“ პარტნიორის - თ.ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „გ-ის“ პარტნიორ თ.ბ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ.მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება №..., გადახდის თარიღი – 2014 წლის 22 მაისი) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე