Facebook Twitter

საქმე №ას-619-587-2014 13 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს “ს. რ-ა“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - მ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჯ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მარჩენალის დაკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს “ს. რ-ის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა, მიუღებელი სარჩოს სხვაობის 7319 ლარისა და 21 თეთრის და ყოველთვიურად 2013 წლის ივნისის თვიდან 312 ლარის და 50 თეთრის დაკისრება სარჩოს სახით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი მეუღლე - მ. ჯ-ი მუშაობდა მონტიორის თანამდებობაზე და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 1983 წლის 10 დეკემბერს გაიტანა ელმავალმა, რის გამოც მ. ჯ-ს დაენიშნა ყოველთვიური სარჩო 9,49 ლარი, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის გაზრდილია მ. ჯ-ის თანამდებობაზე მომუშვე კატეგორიის მუშაკის ხელფასი (იხ., დაზუსტებული სარჩელი, ტ.1. ს.ფ. 45-56).

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დღეს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილება არ ითვალისწინებს სარჩოს გადაანგარიშების წესს, რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 1006-ე მუხლს არც აღნიშნულ მუხლშია მითითებული სარჩოს გადაანგარიშების აუცილებლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს ,,ს. რ-ას” მოსარჩელე მ. ჯ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2010 წლის 04 ივნისის თვიდან 2013 წლის ივნისის თვემდე გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობის სახით 7319,21 ლარის გადახდა იმ დროისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით. მოპასუხე სს “ს. რ-ას” დაეკისრა მ. ჯ-ის სასარგებლოდ 2013 წლის ივნისიდან ყოველთვიური სარჩოს, 312,50 ლარის გადახდა იმ დროისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა სს “ს. რ-ამ“, რომლითაც მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით სს “ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მ. ჯ-ის მეუღლე - მ. ჯ-ი მუშაობდა მონიტიორის თანამდებობაზე.

მ. ჯ-ი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 1983 წლის 10 დეკემბერს გაიტანა ელმავალმა, რის გამოც მ. ჯ-ს დაენიშნა ყოველთვიური სარჩო.

მოსარჩელე მ. ჯ-ი მარჩენალის დაკარგვის გამო 2010 წლის აპრილის თვიდან დღემდე სს ,,ს. რ-სგან” იღებდა ყოველთვიურ სარჩოს 9,49 ლარს.

2010 წლის ივნისის თვიდან 2012 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით მესამე თანრიგის ლიანდაგის მონტიორის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 393 ლარს, 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის მარტის თვის ჩათვლით 500 ლარს, 2013 წლის 01 აპრილიდან დღემდე 625 ლარს.

გადასაანგარიშებელი სარჩო 2010 წლის ივნისის თვიდან 2013 წლის ივნისამდე შეადგენს 7338,86 ლარს, ხოლო 2013 წლის 01 ივნისიდან, ყოველთვიურად გასაცემი სარჩოს ოდენობა არის თვეში 312,50 ლარი.

მოსარჩელეს 2010 წლის ივნისის თვიდან 2012 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით (27თვე) უნდა მიეღო 393 ლარის ნახევარი, 196 ლარი და 50 თეთრი; 196,5 ლარი - 9,49 ლარი = 187,01. 187,01 ლარი×27 თვეზე= 5049,27 ლარს, სხვაობა წარმოადგენს 5049,27 ლარს.

2012 წლის სექტემბრის თვიდან 2013 წლის მარტამდე (7 თვე) უნდა მიეღო 500 ლარის 50%, 250 ლარი; 250 ლარს - 9,49 ლარი = 240,01. 240,01 ლარი × 7 თვეზე= 1683,57 ლარს. სხვაობა წარმოადგენს 1683,57 ლარს.

2013 წლის აპრილიდან 2013 წლის ივნისის თვის ჩათვლით (2 თვე) უნდა მიეღო 625 ლარის 50%, 312.5 ლარი. 312.5 ლარი - 9,49 ლარი = 303,01. 303,01 ლარი × 2 თვეზე= 606,02 ლარს. სხვაობა წარმოადგენს 606,02 ლარს.

ამდენად, მთლიანობაში, 2010 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისამდე გადასაანგარიშებელი სარჩო შეადგენს 7338,86 ლარს ( 5049,27 +1683,57 + 606,02 = 7338,86), ხოლო 2013 წლის 01 ივნისიდან, ყოველთვიურად გასაცემი სარჩოს ოდენობა არის თვეში 312,50 ლარი (625 ლარის 50% = 312,50).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად დაეკისრა სს “ს. რ-ას“ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში გადასაანგარიშებელი სარჩოს სხვაობის სახით 7319.21 ლარი და 2010 წლის 04 ივნისის თვიდან 2013 წლის ივნისის თვემდე გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობის სახით 7319,21 ლარი, ხოლო 2013 წლის ივნისიდან ყოველთვიური სარჩოს სახით 312,50 ლარი.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, რომლის დანაწესით, პირი, რომელიც სხვა პირს განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 1006-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სარჩოს სახით მიეღო ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მისი მეუღლე თავისი ხელფასიდან არჩენდა მას, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო. ამდენად, თუ დაზარალებულის სიცოცხლისას იარსებებდა მის მიერ სარჩენი პირისათვის სარჩოს გაზრდილი ოდენობით გადახდის წინაპირობა, დაზარალებულის გარდაცვალებისას მისმა სარჩენმა პირმა ზიანის მიმყენებლისაგან სარჩო უნდა მიიღოს სწორედ გაზრდილი ოდეობით. ვინაიდან დადგენილია, რომ სს “ს. რ-ში“ იმავე თანამდებობის მუშაკების ხელფასი გარკვეულ პერიოდში იზრდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩოს გადაანგარიშების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რადგან საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ.-ის N45 დადგენილებით გაუქმდა 24.03.2007წ.-ის N53 დადგენილება და შესაბამისად, სარჩო გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება. პალატამ განმარტა, რომ მითითებული დადგენილებით დამტკიცდა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“, რომელიც ვერ იქნება გამოყენებული წინამდებარე დავის გადაწყვეტის მიზნით, რადგან არეგულირებს დახმარების დანიშვნის წესს საქართველოს მოქალაქისათვის, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 01 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს “ს. რ-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

საკასაციო საჩივრის ძირითადი დასაბუთება აგებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 992-ე და 1006-ე მუხლები. იმ თვალსაზრით, რომ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ხოლო ამავე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა დაუსაბუთებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია.

ამასთან, კასატორის მოსაზრებით, საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლი სარჩოს გადაანგარიშების წესს არ ითვალისწინებს, არამედ განსაზღვრავს მხოლოდ სარჩოს მიღების წესს. შესაბამისად, ამ ნორმაზე დაყრდნობით, სარჩოს გადაანგარიშება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინებით სს “ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მ. ჯ-ის მეუღლე - მ. ჯ-ი მუშაობდა მონიტიორის თანამდებობაზე.

მ. ჯ-ი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 1983 წლის 10 დეკემბერს გაიტანა ელმავალმა, რის გამოც მ. ჯ-ს დაენიშნა ყოველთვიური სარჩო.

მოსარჩელე მ. ჯ-ი მარჩენალის დაკარგვის გამო 2010 წლის აპრილის თვიდან დღემდე სს ,,ს. რ-სგან” იღებდა ყოველთვიურ სარჩოს 9,49 ლარს.

2010 წლის ივნისის თვიდან 2012 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით მესამე თანრიგის ლიანდაგის მონტიორის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 393 ლარს, 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის მარტის თვის ჩათვლით 500 ლარს, 2013 წლის 01 აპრილიდან დღემდე 625 ლარს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლით, რომელიც სპეციალური ნორმაა და არეგულირებს დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, ზიანის მიმყენებლის ვალდებულებას სარჩოს გადახდაზე. აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით, რომელიც განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების წესსა და პირობებს. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 2015 წლის 06 მარტის საქმე №ას-1322-1260-2014 განჩინება; 2014 წლის 20 ოქტომბრის №279-261-2014 განჩინება), რომელშიც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული სარჩოს გადაანგარიშების სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს “ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (547,77 ლარი) 70% – 383,43 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს “ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს - სს “ს. რ-ას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: .........) დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 29 მაისს №953 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (547,77ლარი) 70% – 383,43 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე