Facebook Twitter

საქმე №ას-639-606-2014 4 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „კ“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ი.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა.ი–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ–ის“ მიმართ და მოითხოვა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო თანხის - 18 852.05 ლარის დაკისრება, საიდანაც 6 440.79 ლარი სარჩელის აღძვრის დროისათვის არსებული პირგასამტეხლოა, რომლის დაკისრებაც მოსარჩელემ გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოითხოვა. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

შპს „ა.ი.“ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მოსარჩელე ახორციელებს სხვადასხვა წნულის (არმატურის) რეალიზაციას. 2011 წლის 24 მარტს შპს „კ–თან“ დადო ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ა.ი–მა“ იკისრა ვალდებულება, გადახდის განვადებით მოპასუხისათვის მიეწოდებინა წნული (არმატურის) და გლანულა (კატანკა), თითოეული მიწოდების ოდენობა განისაზღვრა 25 ტონით. შპს „კ–ის“ ვალდებულება კი, განისაზღვრა საქონლის მიღებიდან 25 სამუშაო დღის ვადაში ნასყიდობის საგნისა და ტრანსპორტირების ხარჯების გადახდით.

ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა შპს „კ–ის“ კუთვნილი, ქ.ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონება.

ვალდებულების შესრულების მიზნით შპს „ა.ი–მა“ 2013 წლის 4 იანვარს მოპასუხეს მიაწოდა 3 360 ლარის ღირებულების გლინულა (კატანკა); 1 თებერვალს - 24 781.26 ლარის წნული (არმატურის) და გლინულა (კატანკა), სულ ორივე შემთხვევაში მოპასუხეს 28 141.26 ლარის ღირებულების წნული და გლინულა მიეწოდა, შესაბამისად, შპს „კ.“ ვალდებული იყო, შპს „ა.ი–თვის“ გადაეხადა მიწოდებული საქონლის სრული ღირებულება.

მოპასუხემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, გადაიხადა მხოლოდ გადასახდელი თანხის ნაწილი -15 860 ლარი. გადასახდელი დარჩა 12 281.26 ლარი და ტრანსპორტირების ხარჯი 130 ლარი, სულ 12 411.26 ლარი.

მოპასუხემ გადააცილა გადახდის ვადას, რის გამოც მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერგება პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებული თანხის 0.3%, რაც დღეში 37.23 ლარს, ხოლო სარჩელის შეტანის დროისათვის - 6440.79 ლარს შეადგენს.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, შეუსრულებელი ვალდებულების ძირითადი თანხის - 12 411.26 ლარის ნაწილში ცნო, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მიიჩნია უსაფუძვლოდ და მოითხოვა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა.ი–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად, შპს „კ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12 411.26 ლარისა და პირგადამტეხლოს - 3 000 ლარის გადახდა, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 93.22 ლარი, შპს „კ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 472.26 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟის - 150 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების - 500 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს, ასევე საქმის განხილვისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „კ–ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება საადვოკატო ხარჯის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა.ი–ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „კ–თვის“ საადვოკატო ხარჯის - 500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო საჩივარი მხოლოდ საადვოკატო ხარჯების დაკისრების ნაწილში იყო საფუძვლიანი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. სასამართლომ მიუთითა ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილზე რომლითაც დადგენილია ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ოდენობა.

სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც დადგინდებოდა მოსარჩელის მიერ გაღებული ადვოკატის ხარჯების ოდენობა, წარდგენილი არ ყოფილა. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლების თანახმად, აღნიშნა შემდეგი: მაშინ, როცა საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება ადვოკატის ხარჯის გაღების დასადასტურებლად, ამ ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, შესაბამისად საადვოკატო ხარჯის სახით შპს „კ–თვის“ 500 ლარის დაკისრების ნაწილში არსებობდა გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებებს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში პალატამ სრულად გაიზიარა იგი და დამატებით განმარტა შემდეგი:

2011 წლის 24 მარტს შპს „ა.ი–სა“ და შპს „კ–ს“ შორის დაიდო ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ა.ი–მა“ იკისრა ვალდებულება, შპს „კ–თვის“ გადახდის განვადებით მიეწოდებინა ხელშეკრულებით შეთანხმებული კლასის ფოლადის წნული (არმატურა) და გლანულა (კატანკა), თითოეული მიწოდება მინიმუმ 25 ტონის ოდენობით;

შპს „კ–მა“ აიღო ვალდებულება, საქონლის მიღებიდან 25 სამუშაო დღის ვადაში გადაეხადა ნასყიდობის საგნისა და ტრანსპორტირების ხარჯები;

ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა შპს „კ–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ხელშეკრულების 5.2.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში მყიდველი გამყიდველს გადაუხდიდა ვადაგადაცილებული თანხის 3%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის;

შპს „ა.ი–მა“ 2013 წლის 4 იანვარს შპს „კ–ს“ მიაწოდა 3 360 ლარად ღირებული 2 240 კგ. გლანულა (კატანკა);

შპს „ა.ი–მა“ 2013 წლის 1 თებერვალს შპს „კ–ს“ მიაწოდა 2 4781.26 ლარის ღირებულების 17 697 კგ. სხვადასხვა ზომის წნული (არმატურა) და გლანულა (კატანკა);

შპს „ა.ი–მა“ ორივე შემთხვევაში მიაწოდა 28 141.26 ლარის ღირებულების წნული და გლანულა.

შპს „კ–მა“ 2013 წლის 26 აპრილამდე გადაიხადა 15 860 ლარი. გადასახდელი აქვს საქონლის ღირებულება და ტრანსპორტირების ხარჯი 12 411.26 ლარი.

შპს „ა.ი.“ მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება, რის გამოც სარჩელი აღძრა და მოითხოვა შპს „კ–ს“ მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 18 852.05 ლარის გადახდა, საიდანაც 12 411.26 ლარი ვალდებულების შესრულებისათვის კუთვნილი ძირითადი გადასახადი იყო, ხოლო 6 440.79 ლარი - პირგასამტეხლო. ასევე მოითხოვა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა დაკისრებოდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით და დადასტურებულად მიიჩნია მხარეთა შორის როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, ისე მოსარჩელის მიერ ნასყიდობის საგნის მიწოდების ფაქტი. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა შეთანხმებული კლასის ფოლადის წნულისა (არმატურა) და გლანულას (კატანკა) მიყიდვა და გაყიდული საქონლის მიწოდება. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს ვალდებულების შესრულების შემდგომ წარმოეშვა საპასუხო შესრულების მოთხოვნის უფლება - ხელშეკრულებით დათქმულ დროში გადაიხადოს შეძენილი ქონების ღირებულება: პირველი მიწოდება განხორციელდა 2013 წლის 4 იანვარს, შესაბამისად, მოპასუხეს პირველი გადახდის ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2013 წლის 30 იანვრამდე; მეორე მიწოდება განხორციელდა 1 თებერვალს. ამ შემთხვევაშიც მოპასუხეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2013 წლის 27 თებერვლამდე. პირველ შემთხვევაში მოპასუხემ დროულად შეასრულა ვალდებულება და თანხა გადაიხადა შეთანხმებულ ვადაში. მეორე მიწოდების შემდეგ მოპასუხემ თანხის ნაწილი გადაიხადა 2013 წლის 19 მარტს, ნაწილი 1 აპრილს და ნაწილი 26 აპრილს.

საერთო ჯამში მოპასუხემ გადაიხადა 15 860 ლარი. გადასახდელი დარჩა 12 411.26 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება დათქმულ დროში და ჯეროვნად ვერ შეასრულა.

მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან. ამ თვალსაზრისით კი, დადგენილი იყო, რომ მოპასუხეს 28 141.26 ლარის საქონლის ღირებულებიდან ანაზღაურებული ჰქონდა მხოლოდ ნაწილი - 15 860 ლარი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის კი, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა 15 860 ლარისა და ტრანსპორტირების ხარჯის - 130 ლარის გადახდა.

მოსარჩელე ასევე მოითხოვდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შესაბამისად, განმარტა, რომ მხარეები ვალდებულების დარღვევის გამო, 2011 წლის 24 მარტის ხელშეკრულების 5.2.1. პუნქტით (ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში) შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს (ვადაგადაცილებული თანხის 3%) გადახდაზე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. სარჩელის აღძვრამდე ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა იყო 173 დღე. შესასრულებელი ვალდებულების - 12 411.26 ლარის 3% შეადგენდა 6 440.79 ლარს. სასამართლომ კი, პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გათვალისწინებით სწორად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. იგი თითქმის შესასრულებელი ძირითადი ვალდებულების ნახევარს შეადგენდა და სამართლიანად შეამცირა იგი 3 000 ლარამდე. ამასთან ჩათვალა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება არ უნდა გაგრძელებულიყო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით და გადაწყვეტილების აღსრულება არ ყოფილა დაკავშირებული მოპასუხის აქტიურობაზე. მოსარჩელეს შეეძლო თავიდან აეცილებინა თანხის მიღების გაჭიანურება და მოკლე დროში მიეღო კუთვნილი თანხა, ამდენად გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების წინაპირობა არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ–მა“, მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა შემდეგი დასაბუთებით:

მოცემულ საქმეზე, როგორ პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით შეუსაბამოდ დიდი თანხა დააკისრა, კასატორის დავალიანება არ არის დიდი ოდენობის, ხოლო 3 000 ლარის პირგასამტეხლოს სახით დაკისრება გაუმართლებელია, რადგანაც იგი ძირითადი ვალდებულების 1/5-ს შეადგენს. პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული უნდა იყოს, სასამართლო კი, უფლებამოსილია, შეამციროს პირგასამტეხლო ან სრულად გაათავისუფლოს მხარე მისი გადახდისაგან.

კასატორის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში არასწორად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინებით შპს „კ–ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა, კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „კ–ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რადგანაც არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე და გადაწყვეტილებაში ამავე კოდექსის 420-ე მუხლი სწორედ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისადაა განმარტებული (იხ. სუსგ N3კ/1184-01, 18 იანვარი 2002 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „კ–ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში რჩება საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30%, ხოლო საკასაციო პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინებით შპს „კ–ს“ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა გადავადებული აქვს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ თანხის - 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „კ–ს“ (ს/№......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30% - 90 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე