Facebook Twitter

№ას-682-648-2013 10 მარტი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. ზ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. რ. ჯ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. ზ-მა მოპასუხე მ. რ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 26000 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1. ნ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. მოპასუხე მ. რ. ჯ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1280 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. რ. ჯ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

1. მ. რ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება;

3. ნ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით განსახილველად იქნა მიღებული მ. რ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

მოწინააღმდეგე მხარეს - ნ. ზ-ს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარი და შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა. მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. მიუხედავად აღნიშნულისა, ნ.ზ-მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარადგინა შესაგებელი და არც მისი წარუდგენლობის რაიმე საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს და დაუნიშნავს ვადას წერილობითი შესაგებლის წარსადგენად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, დანიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. მოსამართლე აფრთხილებს მოპასუხეს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგებზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

კანონის ზემომითითებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგი პირობების არსებობისას:

პირველი – მოწინააღმდეგე მხარე გაფრთხილებული უნდა იყოს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ;

მეორე – პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული უნდა იყოს არასატიო მიზეზით და

მესამე – სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს – ნ. ზ-ს გაეგზავნა სააპელაციო საჩივრის ასლი და წერილობითი შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღით. იგი გააფრთხილეს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ. ასევე დადგინდა, რომ ნ. ზ-ის მეუღლეს, ჟ.თ.ზ.ს-ს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით სააპელაციო საჩივრის ასლი ჩაბარდა 2013 წლის 22 თებერვალს. შესაბამისად აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი უნდა წარედგინა 2013 წლის 4 მარტის ჩათვლით. ნ. ზ-ს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

მ. რ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ემყარებოდა შემდეგ გარემოებებს:

მხარეთა შორის გაფორმებული 2011 წლის 10 დეკემბრის შეთანხმების თანახმად, აპელანტმა მ.რ.ჯ-მა იკისრა ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარის წინაშე არსებული ვალის ეტაპობრივად დაფარვის თაობაზე. მხარეთა შეთანხმებით, მოვალეს ვალი უნდა დაებრუნებინა 2013 წლის 10 მაისს. ნ. ზ-მა 2012 წლის 8 აგვისტოს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მ. რ. ჯ-ისათვის 26000 აშშ დოლარის დაკისრება, მიუხედავად იმისა, რომ ვალის დაბრუნების ვადა არ იყო დამდგარი. ამასთან, მ. რ. ჯ-ი არ გამხდარა გადახდისუუნარო და მხარეთა შორის რაიმე უზრუნველყოფაზე საუბარიც კი არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად მიიჩნეოდა, ამასთან, აღნიშნული გარემოებები სამოქალაქო კოდექსის 366-ე მუხლის საფუძველზე იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. ამ მუხლის თანახმად, თუ განსაზღვრულია დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მოვალეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე უნდა მიღებულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, გაუქმებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ზ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ნ. ზ-ის წარმომადგენელმა ზ. ჯ-ემ.

საჩივრის საფუძველი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილი 2013 წლის 22 თებერვალს ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარის მეუღლეს, ჟ. თ. ზ. ს-ს, რომელიც ფლობს მხოლოდ სპარსულ ენას და ფაქტებისა თუ მოვლენების აღქმაც ამ ენაზე შეუძლია. ჟ. თ. ზ. ს-ის განმარტებით, მართალია, მან მიიღო 2013 წლის 22 თებერვალს გარკვეული დოკუმენტები, მაგრამ ვერ აღიქვა, თუ რა დოკუმენტები იყო და გადაწყვიტა დალოდებოდა მეუღლის ჩამოსვლას ირანიდან, ხოლო შემდეგ საერთოდ გადაავიწყდა აღნიშნულის შესახებ, რადგანაც მას ხშირად აქვს პირადი მწვავე პრობლემები დაკავშირებული მათი 5 თვის ჩვილ ბავშვთან, რომელიც ხშირად ჭირვეულობს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინებით:

1. ნ. ზ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში გზავნილი ჩაბარდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის ოჯახის წევრს, მეუღლეს, იგი ჩაბარებულად მიიჩნეოდა თავად მხარისათვის. შესაბამისად, დგინდებოდა, რომ ნ. ზ-ს გზავნილი ჩაბარდა დადგენილი წესით 2013 წლის 22 იანვარს და მას შეეძლო შესაგებლის წარდგენა 2013 წლის 4 მარტის ჩათვლით.

რაც შეეხებოდა საჩივრის ავტორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ გზავნილის ჩაბარების დროს ნ. ზ-ი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, როგორც საჩივარზე თანდართული პასპორტის ასლით დგინდებოდა, მართლია, გზავნილის ჩაბარების დღეს (2013 წლის 22 თებერვალი) ნ. ზ-მა გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, თუმცა იგი შესაგებლის წარდგენისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ამოწურვამდე – 2013 წლის 3 მარტს დაბრუნდა საქართველოში და ამდენად, შეეძლო შესაგებლის წარდგენისათვის განსაზღვრულ ვადაში წარედგინა შესაგებელი ან სასამართლოსთვის მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ ეცნობებინა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებდა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობას და არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება, ისევე როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება (რომელიც ამ განჩინებით უცვლელად დარჩა) საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ზ-მა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

გასაჩივრებული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონა, ვინაიდან მოსარჩელე ნ.ზ-ი და მისი მ. ჟ. ზ. ს-ი (რომელსაც ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს გზავნილი) წარმოადგენენ ირანის მოქალაქეებს, ისინი არ ფლობენ ქართულ ენას, რომელზეც მათ გაეგზავნათ შეტყობინება შესაგებლის წარუდგენლობის ვადასთან და მისი წარუდგენლობის მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნა, სასამართლომ რეალურად არ უზრუნველყო მოსარჩელისათვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდება იმ შედეგების შესახებ, რაც მოყვებოდა მისი მხრიდან კონკრეტული საპროცესო მოქმედებების შეუსრულებლობას.

გარდა ამისა, სასამართლომ საპატიოდ არ მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა და დაასკვნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილება არ შეიძლებოდა, ვინაიდან დამდგარი არ იყო ვალდებულების შესრულების ვადა. მოცემული კუთხით სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლოა, რადგან დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებული 2011 წლის 10 დეკემბრის შეთანხმების შესაბამისად, მოპასუხეს შეთანხმებაში მითითებული გრაფიკის მიხედვით ვალდებულება უნდა შეესრულებინა დროის გარკვეულ მონაკვეთებში და შეთანხმებული თანდმიმდევრობით სრულად უნდა დაეფარა მოსარჩელისათვის თანხა (28000 აშშ დოლარი) 2013 წლის 10 მაისისათვის. ეს ვალდებულება მოპასუხემ არ შეასრულა, მან მხოლოდ 2000 აშშ დოლარი გადაიხადა შეთანხმებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის საწყის ეტაპზე და შემდგომში გადახდის ვადების დადგომისას თავი აარიდა ვალდებულების შესრულებას. აღნიშნულის შედეგად, მოპასუხემ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ზ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში სადავოა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერება. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოებს პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი ნორმების შესაბამისად, თუ სპეციალური წესებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს პირველ ინსტანციაში საქმეთა განხილვის მომწესრიგებელი ნორმებით, თუ საპროცესო კოდექსი სააპელაციო ინსტანციაში საქმეთა განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე, არ ადგენს საქმის წარმოებისათვის სპეციალურ ნორმებს. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების წესებში არ არსებობს ნორმა, რომელიც განსაზღვრავს, სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში დამდგარ სამართლებრივ შედეგებს. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის სახით კანონმდებელი ადგენს დანაწესს, რომლითაც განისაზღვრება სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგები, თუმცა ეს სხვა ურთიერთობაა და ამ ნორმას ვერ გავავრცელებთ შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაზე. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ შესაგებლის წარუდგენლობისას ურთიერთობა უნდა დაარეგულიროს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარდგენის სავალდებულოობას ადგენს და მისი შეუსრულებლობის სამართლებრივ შედეგს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი. ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:

ა. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს (სააპელაციო მოპასუხეს) კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სააპელაციო საჩივრის ასლი;

ბ. იგი გაფრთხილებული უნდა იყოს სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგთან დაკავშირებით;

ბ. სააპელაციო საჩივარში მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) აპელანტის მოთხოვნას;

გ. არ უნდა არსებობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ნ. ზ-ი და მისი მ.ჟ. ზ. ს-ი (რომელსაც ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს გზავნილი) წარმოადგენენ ირანის მოქალაქეებს, ისინი არ ფლობენ ქართულ ენას, რომელზეც მათ გაეგზავნათ შეტყობინება შესაგებლის წარუდგენლობის ვადასთან და მისი წარუდგენლობის მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, სასამართლომ რეალურად არ უზრუნველყო მოსარჩელისათვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდება იმ შედეგების შესახებ, რაც მოყვებოდა მისი მხრიდან კონკრეტული საპროცესო მოქმედებების შეუსრულებლობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

ამდენად, მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ რეალურად არ უზრუნველყო მოსარჩელისათვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდება იმ შედეგების შესახებ, რაც მოყვებოდა მისი მხრიდან კონკრეტული საპროცესო მოქმედებების შეუსრულებლობას, ვერ იქნება გაზიარებული. დასმულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. დასახელებული უფლების რეალიზაციას ემსახურება ამავე კოდექსის 213-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვით, სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები, რომლებიც არ ფლობენ სამართალწარმოების ენას, ხოლო ამ პირებს უთარგმნოს განმარტებათა, ჩვენებათა, განცხადებათა, სასამართლოში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა შინაარსი, აგრეთვე, სასამართლოს განკარგულებები, განჩინებები და გადაწყვეტილებები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოში სამართალწარმოების ენა არის სახელმწიფო ენა, ანუ ქართული ენა. რაც შეეხება კანონის დათქმას - სახელმწიფო ენის არმცოდნე პირისათვის თარჯიმნის მიჩენის თაობაზე, იგი გამოიყენება სასამართლო სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას. სამოქალაქო სამართალწარმოების სხვა ეტაპზე სასამართლოს არ გააჩნია ვალდებულება, რომ სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს შეტყობინება (ინფორმაცია) არასახელმწიფო ენაზე გაუგზავნოს. საკითხის ამგვარად განმარტება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ, 2013 წლის 7 მაისი, საქმე №ას-102-97-2013).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს – ნ. ზ-ს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სააპელაციო საჩივრის ასლი და შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა.

კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მეორე საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო მოთხოვნას, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მხარეებს შორის 2011 წლის 10 დეკემბერს დადებული შეთანხმების შესაბამისად, მოპასუხეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა შეთანხმებაში მითითებული გრაფიკის მიხედვით და 2013 წლის 10 მაისისათვის სრულად უნდა გადაეხადა 28000 აშშ დოლარი. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და მხოლოდ 2000 აშშ დოლარი გადაიხადა შეთანხმებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის საწყის ეტაპზე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, ისევე როგორც, სასამართლო სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (სააპელაციო მოპასუხის) გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებების იურიდიულ შესაბამისობაზე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პრეზუმფციასაც ეფუძნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად გაამართლებენ მასში ჩამოყალიბებულ მოთხოვნას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა და თუ ისინი იურიდიულად ასაბუთებენ აპელანტის მოთხოვნას, სასამართლო დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო.

განსახილველ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო თავისებურებებიდან გამომდინარე, მ.რ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა არა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, არამედ იმის გამო, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, კერძოდ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: მხარეთა შორის გაფორმებული 2011 წლის 10 დეკემბრის შეთანხმების თანახმად, აპელანტმა მ.რ. ჯ-მა იკისრა ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარის წინაშე არსებული ვალის ეტაპობრივად დაფარვის თაობაზე. მხარეთა შეთანხმებით, მოვალეს ვალი უნდა დაებრუნებინა 2013 წლის 10 მაისს. ნ.ზ-მა 2012 წლის 8 აგვისტოს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მ.რ. ჯ-ისათვის 26000 აშშ დოლარის დაკისრება, მიუხედავად იმისა, რომ ვალის დაბრუნების ვადა არ იყო დამდგარი.

სააპელაციო საჩივარში მითითებული ამ გარემოებების გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა სააპელაციო მოპასუხე ნ.ზ-ს, მაგრამ, ვინაიდან მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო შესაგებელი არ წარადგინა, ამიტომ ასეთ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო. არსებულ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად (დამტკიცებულად) სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რომლებიც, სამოქალაქო კოდექსის 366-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიულად ამართლებს აპელანტის მოთხოვნას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასა და განჩინებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე