Facebook Twitter

საქმე №ას-730-698-2014 19 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ე. დ-ი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ. თ-ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, ავანსის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება (ძირითად სარჩელში); თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ფ. თ-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ე. დ-ის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა, მოპასუხისათვის 9 891 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, მასსა და შპს „ე. დ-ს“ შორის 2012 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ე. დ-მა” იკისრა ვალდებულება შპს „ფ. თ-ისათვის”, ავანსის გადარიცხვიდან 45 დღის ვადაში, დაემზადებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავეჯი, მიეტანა მის მიერ მითითებულ ფართში და მოეხდინა მისი მონტაჟი. შპს „ე. დ-მა” ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით გათავალისწინებულ ვადაში. ამასთან, მიწოდებული საქონლის ნაწილი არ შეესაბამებოდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ სტანდარტებს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და ძირითად სარჩელთან ერთად განსახილველად შპს „ფ. თ-ის” მიმართ შეგებებული სარჩელი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა, 2012 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი თანხის გადახდა 8079 აშშ დოლარის, ასევე შენახვის ხარჯების ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ფ. თ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ე. დ-ს” შპს „ფ. თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 9 891 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა; შპს „ე. დ-ის” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „ე. დ-ის“ მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით შპს „ე. დ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- ერთი მხრივ, შპს „ფ. თ-სა“ და მეორე მხრივ, შპს „ე. დ-ს” შორის 2012 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ე. დ-მა” აიღო ვალდებულება შპს „ფ. თ-ისათვის“ დაემზადებინა საოფისე ავეჯი - 26 930 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ავეჯის რაოდენობა და ხარისხი.

– მხარეები ასევე შეთანხმდნენ, ავეჯის დამზადების ვადასა და თანხის გადახდის წესზე, რომლის თანახმად, შპს „ე. დ-ს” ხელშეკრულებით გათვალისწინებული საოფისე ავეჯი უნდა დაემზადებინა ავანსის მიღების შემდეგ - 45 დღეში. ხოლო, თავის მხრივ, შემკვეთს ავანსის სახით ავეჯის ღირებულების - 70 პროცენტი უნდა გადაეხადა წინასწარ, ხოლო - 30 პროცენტი საქონლის მიწოდებიდან და მონტაჟიდან - 05 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების თანახმად ავეჯის მიწოდება და დამონტაჟება წარმოადგენდა შპს „ე. დ-ის” ვალდებულებას.

- უდავო გარემოებაა, რომ შემკვეთმა ხელშეკრულების გაფორმების დღესვე 2012 წლის 04 დეკემბერს შპს „ე. დ-ის” ანგარიშზე გადარიცხა 31 290,77 (18 851 აშშ დოლარის ექვივალენტი) ლარი ავანსის სახით. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დათქმის თანახმად, შპს „ე. დ-ს” დამზადებული ავეჯი დამკვეთისათვის უნდა მიეწოდებინა და დაემონტაჟებინა 2013 წლის 18 იანვარამდე.

- შპს „ე. დ-მა” შეკვეთილი ავეჯის ნაწილი კერძოდ, 8 960 აშშ დოლარის ღირებულების დამზადებული ავეჯი – 20 ცალი მაგიდა ოფისის პერსონალისათვის მიაწოდა შემკვეთს, რომელმაც მიიღო დასახელებული ავეჯი.

– რაც შეეხება დირექტორის კაბინეტისათვის გათვალისწინებულ ავეჯის (მასიური ხის მაგიდა, ხის ტუმბო, სათათბირო მაგიდა, ტელევიზორის დასადგამი ასევე მასიური ხის, მასიური ხის კარადა, მასიური ხის კარადა კომოდი, მასიური ხის ყავის მაგიდა, მასიური ხის ჟურნალის მაგიდა) მიწოდების ვალდებულებას, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 17 970 აშშ დოლარს, იგი მენარდეს სრულად არ შეუსრულებია, კერძოდ, შეთანხმებით გათვალისწინებული მასიური ხის მაგიდა და სათათბირო მაგიდა შემკვეთს მიაწოდა 2013 წლის 11 თებერვალს, ნაცვლად 2013 წლის 18 იანვრისა, ხოლო დირექტორის კაბინეტისათვის გათვალისწინებული სხვა ნივთები მაგ: მასიური ხის ტუმბო, ტელევიზორის მასიური ხის დასადგამი, მასიური ხის კარადა, მასიური ხის კარადა კომოდი, მასიური ხის ყავის მაგიდა, მასიური ხის ჟურნალის მაგიდა მენარდეს შემკვეთისათვის საერთოდ არ მიუწოდებია.

მხარეებმა სადავო გახადეს დირექტორის კაბინეტისათვის გათვალისწინებულ ავეჯის მიწოდების ნაწილში ხელშეკრულების დათქმულ ვადაში შესრულება და 2013 წლის 11 თებერვალს შემკვეთისათვის მიწოდებული დირექტორის კაბინეტისთვის გათვალისწინებული მასიური ხის მაგიდის და სათათბირო მაგიდის შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხთან.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია 2013 წლის 11 თებერვალს მიწოდებული ნივთების ხარისხის ხელშეკრულებასთან შესაბამისობის შესახებ და მიიჩნია, რომ ამ ნაწილში, მოპასუხის პოზიციას აქარწყლებდა 2013 წლის 14 თებერვლის წერილი, რომელშიც, გამოთქმული იყო პრეტენზია დირექტორის კაბინეტისთვის გათვალისწინებულ მასიური ხის მაგიდის და სათათბირო მაგიდის ნაკლზე. ამ წერილით მენარდეს განემარტა, რომ მაგიდა დამზადებული უნდა ყოფილიყო მასიური ხისგან და დამუშავებული უნდა ყოფილიყო მაღალი ხარისხის აკრილის ლაკით, ხოლო მიწოდებული მაგიდები შეიცავდა ე.წ. მდფ–ის დეტალებს და არ იყო დამუშავებული მაღალი ხარისხის აკრილის ლაკით, ამასთან მიწოდებული ნივთები არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ესკიზს. ამასთან, პალატამ განმარტა, რომ ამ ნაწილში, მოსარჩელის პოზიციის დასადასტურებლად საჭირო არ იყო დამატებითი მტკიცებულების (ექსპერტიზის დასკვნა) წარმოდგენის საჭიროება.

ასევე დადგენილ იქნა, რომ დამკვეთის მიერ წარდგენილი ამ პრეტენზიის გაცნობის შემდგომ მენარდემ 2013 წლის 20 თებერვალს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უკან დაიბრუნა მოსარჩელისათვის გადაცემული ნივთები. ამ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 2013 წლის 11 თებერვალს მიწოდებული მაგიდები უხარისხო იყო და არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულს (ნაკლის არსებობა). ამასთან, გარდა მასიური ხის მაგიდისა და სათათბირო მაგიდისა, რომლებიც მენარდემ დამკვეთს მიაწოდა ხელშეკრულების დარღვევით, როგორც მიწოდების ვადის, ასევე მხარეთა მიერ შეთანხმებული ხარისხის დარღვევის თვალსაზრისით, მენარდეს დამკვეთისათვის 2013 წლის 19 იანვრამდე უნდა მიეწოდებინა ასევე დირექტორის კაბინეტისთვის განკუთვნილი მთელი რიგი ნივთები: მასიური ხის ტუმბო, ტელევიზორის მასიური ხის დასადგამი, მასიური ხის კარადა, მასიური ხის კარადა კომოდი, მასიური ხის ყავის მაგიდა, მასიური ხის ჟურნალის მაგიდა. ეს ნივთები მენარდეს შემკვეთისათვის არ მიუწოდებია.

ზემოთ მითითებული ფაქტების, გარემოებების და მსჯელობის გათვალისწინებით პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ დირექტორის კაბინეტისთვის განკუთვნილი 17 970 აშშ დოლარის ღირებულების ავეჯის დამზადების და მიწოდების ნაწილში მენარდემ ვალდებულება არ შეასრულა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 317-ე მუხლით. ასევე, 629–ე მუხლით რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები და მიიჩნია, რომ 2012 წლის 04 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენდა ნარდობას და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, შპს „ფ. ტ-ს“ ეკისრებოდა „დამკვეთის“ და მეორე მხრივ, შპს „ე. დ-ს“ „მენარდის“ უფლებები და მოვალეობები.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას და დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდემ, რომლის ძირითად მოვალეობასაც წარმოადგენდა ნივთების ვადაში და შეთანხმებული ხარისხით დამზადება, დაარღვია ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ შემკვეთი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა 2012 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულების შეწყვეტა 17 970 აშშ დოლარის ღირებულების ავეჯის დამზადებისა და მიწოდების ნაწილში და მოეთხოვა, ამ ავეჯის დამზადებისათვის ავანსის სახით გადაცემული თანხის – 9891 (საიდანაც, 18 851 აშშ დოლარია ავანსის სახით მენარდისათვის გადახდილი თანხა, რომელსაც გამოკლდა 8 960 მენარდის მიერ დამზადებული და დამკვეთის მიერ მიღებული ავეჯის (20 მაგიდის) ღირებულება) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება მენარდისათვის. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ შემკვეთს აღარ გააჩნია ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ვინაიდან მენარდის მიერ დღემდე არ განხორციელებულა დასახელებული ავეჯის მიწოდება დამკვეთისათვის, რომელიც იძულებული გახდა იგივე სახეობის ნივთები შეეძინა სხვა პირისაგან. ასევე, პალატამ უსაფუძლოდ მიიჩნია შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ზემოთ მითითებული ავეჯის ღირებულების (დარჩენილი ნაწილის) – 8079 აშშ დოლარის და მისი შენახვის ხარჯების (200 ლარის) ანაზღაურების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ე. დ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ძირითადი დასაბუთება იმ გარემოებას ემყარება, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს არ შეუფასებია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი შინაარსი, მხარეთა უფლებები და მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრავენ ხელშეკრულების არსებით პირობებს. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა პროდუქციის მიღების წესსა და ხარისხზე დაუსაბუთებელია.

ამასთან, კასატორის განმარტებით 10.02.2013წ.-ს მენარდემ მიაწოდა შემკვეთს ავეჯი, რომლის მონტაჟს ესწრებოდა შპს „ფ. ტ-ის“ დირექტორი (შ-ა), რომელსაც არ გამოუთქვამს პრეტენზია მიწოდების ვადებთან და მიწოდებული ნივთის ხარსისხთან დაკავშირებით. შემკვეთმა მხოლოდ წერილობითი ფორმით გაუგზავნა მენარდეს პრეტენზია ვადებთან და მიწოდებული ნივთის ხარისხთან დაკავშირებით. მოგვიანებით, 2013 წლის 20 თებერვალს მენარდეს შესთავაზეს ახალი წინადადება და შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთობის ყველა არსებით პირობაზე ე.ი. დადეს ახალი ხელშეკრულება. შესაბამისად, კასატორის განმარტებით უკან დაბრუნებული დაშლილი მაგიდის სახით მიწოდებულ მასალას ახალი წინადადებიდან გამომდინარე ესაჭიროებოდა სხვაგვარად დამუშავება. შესაბამისად, უსაფუძვლოა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული დასკვნა ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების შესახებ.

კასატორის განმარტებით, მიწოდებული ნივთის ნაკლთან დაკავშირებით სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია, რადგან იგი ეყრდნობა მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებული მხარის ახსნა-განმარტებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ე. დ-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2012 წლის 04 დეკემბერს ერთი მხრივ, შპს „ფ. თ-სა“ და მეორე მხრივ, შპს „ე. დ-ს” შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ხელშემკვრელ მხარეებს აკისრებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მისგან გამომდინარე ვალდებულებებს, კერძოდ, 26 930 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ შპს „ე. დ-ი” ვალდებული იყო შემკვეთისათვის დაემზადებინა საოფისე ავეჯი. ხელშეკრულებით განისაზღვრა ავეჯის რაოდენობა და ხარისხი. ასევე მისი მიწოდების ვადა და წესი. სახელდობრ, შპს „ე. დ-ს” ხელშეკრულებით გათვალისწინებული საოფისე ავეჯი უნდა დაემზადებინა ავანსის მიღებიდან 45 დღეში. თავის მხრივ, შპს „ფ. თ-ს“ ავანსის სახით, ავეჯის ღირებულების 70 პროცენტი უნდა გადაეხადა წინასწარ, ხოლო დარჩენილი 30 პროცენტი კი, - საქონლის მიწოდებიდან და მონტაჟიდან 05 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების თანახმად ავეჯის მიწოდება და დამონტაჟება წარმოადგენდა შპს „ე. დ-ის” ვალდებულებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარიგებით მხარეებს შორის წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ვინაიდან მხარეებმა სადავოდ გახადეს დირექტორის კაბინეტისათვის გათვალისწინებული ავეჯის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და 2013 წლის 11 თებერვალს შემკვეთისათვის მიწოდებული დირექტორის კაბინეტისთვის გათვალისწინებული მასიური ხის მაგიდისა და სათათბირო მაგიდის ხარისხი, უპრიანია პალატამ ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებებზე, რომლებიც შეეხება ნივთების მიწოდების ვადასა და მიწოდებული ნივთების ხარისხს.

მოცემულ საქმეზე უდავო ფაქტობრივ გარემოებადაა მიჩნეული 2012 წლის 04 დეკემბერს მენარდის ანგარიშზე ავანსის სახით, 31 290,77 (18 851 აშშ დოლარის ეკვივალენტი) ლარის გადარიცხვა. ასევე უდავო გარემოებაა, რომ მენარდემ შემკვეთს მიაწოდა შეკვეთილი ავეჯის ნაწილი, სახელდობრ, 8 960 აშშ დოლარის ღირებულების დამზადებული ავეჯი – 20 ცალი მაგიდა ოფისის პერსონალისათვის. რაც შეეხება დირექტორის კაბინეტისათვის გათვალისწინებული ავეჯის (მასიური ხის მაგიდა, ხის ტუმბო, სათათბირო მაგიდა, ტელევიზორის დასადგამი ასევე მასიური ხის, მასიური ხის კარადა, მასიური ხის კარადა კომოდი, მასიური ხის ყავის მაგიდა, მასიური ხის ჟურნალის მაგიდა) მიწოდების ვალდებულებას, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 17 970 აშშ დოლარს, ამ ნაწილში მენარდემ ვალდებულება სრულად არ შეასრულა, კერძოდ, შეთანხმებით გათვალისწინებული 2013 წლის 18 იანვრის ნაცვლად მასიური ხის მაგიდა და სათათბირო მაგიდა შემკვეთს მიაწოდა 2013 წლის 11 თებერვალს. ხოლო დირექტორის კაბინეტისათვის გათვალისწინებული სხვა ნივთები მაგ: მასიური ხის ტუმბო, ტელევიზორის მასიური ხის დასადგამი და სხვ. მენარდეს შემკვეთისათვის საერთოდ არ მიუწოდებია.

ამასთან, დადგენილ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 11 თებერვალს მიწოდებული ნივთებიდან დირექტორის კაბინეტისათვის გათვალისწინებულ მასიური ხის მაგიდა და სათათბირო მაგიდა ნაკლიანი იყო, კერძოდ, ისინი შეუსაბამო იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხთან, რადგან მაღალი ხარისხის აკრილის ლაკით დამუშავებული მაგიდის ნაცვლად შემკვეთს მიეწოდა ე.წ. მდფ–ის დეტალებით დამუშვებული მაგიდა. გარდა ამისა, მიწოდებული ნივთები არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ესკიზს.

ასევე დადგენილ იქნა, რომ მენარდეს დამკვეთისათვის 2013 წლის 19 იანვრამდე უნდა მიეწოდებინა ასევე დირექტორის კაბინეტისთვის განკუთვნილი მთელი რიგი ნივთები: მასიური ხის ტუმბო, ტელევიზორის მასიური ხის დასადგამი, მასიური ხის კარადა, მასიური ხის კარადა კომოდი, მასიური ხის ყავის მაგიდა, მასიური ხის ჟურნალის მაგიდა. ეს ნივთები მენარდეს შემკვეთისათვის არ მიუწოდებია. ამდენად, დირექტორის კაბინეტისთვის განკუთვნილი 17 970 აშშ დოლარის ღირებულების ავეჯის დამზადებისა და მიწოდების ნაწილში მენარდემ ვალდებულება არ შეასრულა.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის ნაწილში, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა და შეიცავს დათქმას ამავე კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებზე და აწესებს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). როგორც მოცემულ საქმეზეა დადგენილი მენარდის მიერ დღემდე არ განხორციელებულა დასახელებული ავეჯის მიწოდება დამკვეთისათვის. ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილებით მთლიანად გამოირიცხა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება 2012 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი თანხის 8079 აშშ დოლარისა და ავეჯის შენახვის ხარჯების ანაზღაურების 200 ლარის ოდენობის ნაწილში.

ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 13.03.2015წ.-ის საქმე №ას-1334-1372-2014 განჩინება; სუს 01.10.2013წ.-ის Nას-184-177-2013 განჩინება), რომელიც შეეხება ორმხრივი ხელშეკრულების დროს ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებს ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის უფლებასთან კავშირში (სკ-ის 352-ე, 405-ე მუხლები); ასევე, ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ნაკლიანი ნივთის მიწოდების გამო ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ ასპექტებს (სკ-ის 636-ე - 641-ე მუხლები).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ე. დ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (868,30 ლარი) 70% – 607,81 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ე. დ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს - შპს „ე. დ-ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ……..) დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 21 ივლისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (868,30 ლარის) 70% – 607,81 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე