№ას-773-740-2014 24 მარტი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ ს.რ.გ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ვ-ე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2014 წლის 16 იანვარს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ე.ვ.-მ მოპასუხე ა(ა)იპ ს.რ.გ.-ის მიმართ და მოითხოვა:
1. ე.ვ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ა(ა)იპ ს.რ.გ.-ის თავმჯდომარის 2013 წლის 25 ნოემბრის №… განკარგულების ბათილად ცნობა;
2. სამუშაოზე აღდგენა;
3. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ე.ვ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით:
1. ე.ვ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა;
3. ე.ვ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
4. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ს.რ.გ.-ის 2013 წლის 25 ნოემბრის №40 განკარგულება ე.ვ.-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
5. ა(ა)იპ საქართველოს ს.რ.გ.-ას ე.ვ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა, ყოველთვიურად 513.50 ლარის გადახდა, 2013 წლის 25 ნოემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
3. სარჩელი არ დაკმაყოფილდა სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ე.ვ. იყო ა(ა)იპ ს.რ.გ.-ის თავმჯდომარის მრჩეველი საერთო საკითხებში;
2013 წლის 25 ნოემბერს დამქირავებელმა დასაქმებულთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა;
შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხე ორგანიზაციას ე.ვ.- წინასწარ არ გაუფრთხილებია;
ე.ვ. ყოვეთვიურად იღებდა ხელფასს - 513.50 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, განკარგულებაში მითითებული არ ყოფილა, მაგრამ უდავო იყო, რომ ე.ვ.-სთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამ მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას, თუმცა ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხსენებული საფუძვლით დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელმა არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე უნდა გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარ წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონის ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და ამ წესის დარღვევით ხელშეკრულების შეწყვეტა კანონსაწინააღმდეგოა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამსაქმებელს ე.ვ. წინასწარ არ გაუფრთხილებია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მართალია, 2013 წლის 22 ნოემბერს პ-ამ ე.ვ.-ს გაუგზავნა წერილი, მაგრამ ეს წერილი აპელანტს ჩაბარდა 2013 წლის 25 ნოემბერს, ანუ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის დღეს, ამიტომ, 2013 წლის 22 ნოემბრის წერილი წინასწარ გაფრთხილებადაც რომ მიჩნეულიყო, იგი აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში მაინც არ მიუღია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გარიგება, რომელიც არღვევს კანონით ხელშეკრულებით დადგენილ წესსა და აკრძალვებს ბათილია, ე.ი. სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობები ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი სახეა, ეს ურთიერთობები იწყება შრომითი ხელშეკრულების დადებით და წყდება, მათ შორის, ერთ-ერთი მხარის მიერ ნების გამოვლენით. დამსაქმებლის ერთპიროვნული გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობების შეწყვეტისაკენ, ე.ი. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იგი ცალმხრივი გარიგებაა და ისევე, როგორც ყველა სხვა გარიგება, კანონშესაბამისი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უდავოდ შეიძლება დადგეს მისი ბათილობის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანება ბათილად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში უსაფუძვლო იყო, ვინაიდან ის თანამდებობა, რომელიც მოსარჩელეს დამსაქმებელთან ეკავა, აღარ არსებობდა, ასევე, აღარ არსებობდა არც საერთო საკითხებში თავმჯდომარის მრჩევლის ტოლფასი სამუშაო. აქედან გამომდინარე, დამსაქმებელს დასაქმებულისათვის უნდა გადაეხადა კომპენსაცია – მიუღებელი ხელფასი, ყოველთვიურად, გასაჩივრებული ბრძანების გამოცემიდან, ე.ი. 2013 წლის 25 ნოემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის.
სააპელაციო სასაართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ს.რ. გ.- მ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ე.ვ.-ის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც: 1. ა(ა)იპ ს.რ.გ.-ას ე.ვ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა, ყოველთვიურად 513.50 ლარის გადახდა, 2013 წლის 25 ნოემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; 2. ა(ა)იპ ს.რ.გ.-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 250 ლარის გადახდა; 3. ა(ა)იპ ს.რ.გ.-ას ე.ვ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 125 ლარის გადახდა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია ე.ვ.-ის მოთხოვნაზე – სამუშაოზე აღდგენის თაობაზე. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა აგრეთვე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ მოთხოვნაზე, რაც მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუყენებია და არც სააპელაციო საჩივარში დაუსაბუთებია, თუ რატომ არ დააყენა ეს მოთხოვნა თავის დროზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ემსჯელა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე და გაცდენოდა სარჩელის ფარგლებს;
შტატების შემცირება გამოწვეული იყო ეკონომიკური მიზეზებით, 2013 წლის 22 ნოემბერს ე.ვ.-ს ეცნობა საშტატო ერთეულის გაუქმების თაობაზე, რასაც წინ უძღოდა გამგეობის სხდომის 2013 წლის 2 სექტემბრის ოქმით დადასტურებული გარემოება პროფგაერთიანების თავმჯდომარის მრჩევლის საშტატო ერთეულის გაუქმების შესახებ. კასატორისათვის გაუგებარია, თუ რატომ უთითებს სააპელაციო სასამართლო, რომ თითქოს მოპასუხეს მოსარჩელე წინასწარ არ გაუფრთხილებია შრომითი ურთიერთობების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც არსებობს 2013 წლის 22 ნოემბრის შეტყობინება, რომელიც გაეგზავნა ე.ვ.-ს და რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილია. აქედან გამომდინარე, კასატორს არ დაურღვევია შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ს.რ.გ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე არ მოითხოვდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ამ მოთხოვნაზე ემსჯელა. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოხსენებულ მოსაზრებას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ე.ვ.-ის სარჩელით ირკვევა, რომ მისი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 2-3). დაუსაბუთებელია ასევე კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სამუშაოდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ დამსაქმებელმა დასაქმებულს აცნობა კანონით დადგენილ ვადაში. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დამსაქმებელმა არ დაიცვა მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ შეტყობინების 3 დღიანი ვადა. ამ ფაქტობრივი გარემოების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შეტყობინება მოსარჩელეს ჩაბარდა განთავისუფლების დღეს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული პრეტენზიების გარდა, კასატორს სხვა პრეტენზიები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა(ა)იპ ს.რ.გ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. თ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ ს.რ.გ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს – ა(ა)იპ ს.რ.გ.-ას (საიდენტიფიკაციო ნომერი – ………..) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება №…., გადახდის თარიღი – 2014 წლის 30 ივლისი) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე