საქმე №ას-775-742-2014 13 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ. ქ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ქ-ი, გ. პ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, სააღსრულებო წარმოების შეჩერება, ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მათში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მ. ქ-ისა და გ. პ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1. ნოტარიუს ლ. გ-ის მიერ გაცემული №........ სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, სააღსრულებო წარმოების შეჩერება; 2. 2011 წლის 06 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში 2012 წლის 13 სექტემბერსა და 2013 წლის 12 თებერვალს შეტანილი ცვლილებებისა და/ან დამატებების ბათილად ცნობა; 3. 2011 წლის 06 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ძირითადი თანხების ძალაში დატოვება; 4. მ. ქ-ის სასარგებლოდ რ. ქ-თვის 5 525 აშშ დოლარის და გ. პ-ის სასარგებლოდ 8 845 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა მოხდა მოსარჩელის თხოვნითა და სურვილით, რადგან იგი ვერ ახერხებდა მოპასუხეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო.
მოცემული დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ გარემოებას ეფუძნება, რომ 2014 წლის 14 იანვარს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - ნ. ქ-ი, თუმცა საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე დატოვა სხდომის დარბაზი და უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე. მოპასუხეთა წარმომადგენელმა ფ. კ-მ, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლით და მოსარჩელე მხარე 2014 წლის 14 იანვრის სხდომაზე გამოუცხადებლად მიიჩნია. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით საჩივარი წარადგინა მოსარჩელე რ. ქ-ემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის განჩინებით რ. ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა 2014 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, იმ საფუძჳლით, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის განჩინება სააპელაციო წესით გასაჩივრდა რ. ქ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინებით რ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2014 წლის 14 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოცემული საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. კერძოდ, მოცემულ საქმეზე დადგენილ იქნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში რ. ქ-ის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2014 წლის 14 იანვარს 11:00სთ.-ზე, რომელზედაც გამოცხადდა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - ნ. ქ-ი, თუმცა საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე მან დატოვა სხდომის დარბაზი და უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე. მოპასუხეთა წარმომადგენელმა - ფ. კ-მ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) გამოტანის საფუძვლად მიუთითა საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებებისა და ასევე, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობის არარსებობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში, რ. ქ-ის მითითებით, მისი წარმომადგენლის მიერ სასამართლო პროცესის დატოვება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ იგი არ იცნობდა საქმის მასალებს, ხოლო, სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სასამართლოს სხდომის გადადების შესახებ, რათა მას მისცემოდა გონივრული ვადა საქმის გასაცნობად. აღნიშნული არგუმენტის საწინააღმდეგოდ სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის დანაწესით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს და მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2013 წლის 19 დეკემბერს დანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო 2014 წლის 14 იანვარს 11:00სთ.-ზე, რის შესახებაც, მხარეები, მათ შორის, რ. ქ-ის წარმომადგენელი - დ. გ-ა, გაფრთხილებული იქნა ხელწერილით (ტომი 1; ს.ფ. 79). ამდენად, სასამართლომ საქმის განხილვა გადადო 26 დღით, რაც, პალატის მოსაზრებით, წარმოადგენდა გონივრულ ვადას საქმის შემდგომი მომზადებისათვის. მიუხედავად აღნიშნულისა, 2014 წლის 14 იანვარს საქალაქო სასამართლოში სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის მეორე წარმომადგენელმა - ნ. ქ-მა მოითხოვა სხდომის გონივრული ვადით გადადება საქმის მასალების გაცნობის მიზნით, რაც საქალაქო სასამართლოს 14.01.2014წ.-ის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ შუამდგომლობა ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას. ვინაიდან, როგორც აღინიშნა, სასამართლო სხდომა ერთხელ უკვე გადადებული იყო 26 დღით და მისი მეორედ გადადება დაუსაბუთებელი შუამდგომლობისა და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, გამოიწვევდა საქმის განხილვის გაჭიანურებას. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილ იქნა, რომ განსახილველი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბერს წარედგინა სწორედ ნ. ქ-ის ხელმოწერით, რომელიც, საქმეში მოთავსებული მინდობილობის მიხედვით, იმავე წლის 06 ნოემბრიდან წარმოადგენდა მოსარჩელე რ. ქ-ის ინტერესებს (იხ. სარჩელი და რწმუნებულება, ტ.1, ს.ფ. 1–12, 83). შესაბამისად, უდავოა, რომ ნ. ქ-ი, რომელმაც მოამზადა და სასამართლოში წარადგინა განსახილველი სარჩელი ჯერ კიდევ 2013 წლის 20 ნოემბერს, მანვე იშუამდგომლა ამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, კარგად იცნობდა საქმის მასალებს და მის მიერ 2014 წლის 14 იანვრის სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ ემსახურებოდა პროცესის გაჭიანურებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის დანაწესით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა რ. ქ-ემ, რომელმაც მოითხოვა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კასატორს ეზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილის ეტაპზე უთუოდ შემცირდება გასაჩივრებული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლო, რომელიც ორივე კრედიტორის სასარგებლოდ წელიწადში შეადგენს 79%-ს.
კასატორის განმარტებით, 2013 წლის 14 იანვრის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე რ. ქ-ის წარმომადგნლის - ნ. ქ-ის შუამდგომლობა საქმის განხილვის გონივრული ვადით გადადების თაობაზე დასაბუთებული იყო, რაც გამორიცხავდა, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით რ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში რ. ქ-ის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2014 წლის 14 იანვარს 11:00სთ.-ზე, რომელზედაც გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა - ნ. ქ-მა იშუამდგომლა საქმის გონივრული ვადით გადადების თაობაზე იმ მოტივოთ, რომ მას მისცემოდა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მან უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე და დატოვა სხდომის დარბაზი. მოპასუხეთა წარმომადგენელის - ფ. კ-ას შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ქ-ის სარჩელი მოპასუხეების მ. ქ-ის და გ. პ-ის მიმათ, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების, სააღსრულებო წარმოების შეჩერების, ხელშეკრულებების ბათილად ცნობის და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 თებერვლის განჩინებით რ. ქ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა საამისო კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობაზე მითითებით, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას. ვინაიდან, როგორც აღინიშნა, სასამართლო სხდომა ერთხელ უკვე გადადებული იყო 26 დღით და მისი მეორედ გადადება დაუსაბუთებელი შუამდგომლობისა და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, გამოიწვევდა საქმის განხილვის გაჭიანურებას. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილ იქნა, რომ განსახილველი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბერს წარედგინა სწორედ ნ. ქ-ის ხელმოწერით, რომელიც, საქმეში მოთავსებული მინდობილობის მიხედვით, იმავე წლის 06 ნოემბრიდან წარმოადგენდა მოსარჩელე რ. ქ-ის ინტერესებს (იხ. სარჩელი და რწმუნებულება, ტ.1, ს.ფ. 1–12, 83). შესაბამისად, უდავო იყო, რომ ნ. ქ-ი, რომელმაც მოამზადა და სასამართლოში წარადგინა განსახილველი სარჩელი ჯერ კიდევ 2013 წლის 20 ნოემბერს, მანვე იშუამდგომლა ამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, კარგად იცნობდა საქმის მასალებს და მის მიერ 2014 წლის 14 იანვრის სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ ემსახურებოდა პროცესის გაჭიანურებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით კი, რომელიც შეეხება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების შელახვას, სამართლიანი სასამართლოსა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი რ. ქ-ის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგენდა ნ. ქ-ი, რომელმაც 2014 წლის 14 იანვრის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი და უარი განაცხადა საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის თანახმად, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე და ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, მოცემული საქმის განხილვისას არ იკვეთება საპროცესო დარღვევები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ამ ნაწილშიც, ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება), რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 2012 წლის 17 მაისის №ას-608-574-2012 განჩინება; სუს 2012 წლის 23 აპრილის ას-251-243-2012 განჩინება), რომლითაც განმარტებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. ქ-ის საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
კასატორი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე