საქმე №ას-791-756-2014 13 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. ქ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - მ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ვ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილში ბათილად ცნობა; სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების საპატიოდ ცნობა და სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება; მემკვიდრედ და სამკვიდრო ქონების ნახევრის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ქ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ს. ვ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1. ნოტარიუსის მიერ 2011 წლის 26 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილში ბათილად ცნობა; 2. სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების საპატიოდ ცნობა და სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება; 3. ბებიის - ა. ი-ის მემკვიდრედ და სამკვიდრო ქონების ნახევრის მესაკუთრედ ცნობა.
მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა. სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი არ ცნობდა სარჩელს და შეეძლო მხოლოდ მიღებული სამკვიდრო ქონების მხოლოდ გარკვეული ნაწილი მიეცა მოსარჩელისათვის (კეთილი ნების შესაბამისად), თუმცა წინააღმდეგი იყო შუაზე გაყოფილიყო დედის - ა. ი-ის დანაშთი სამკვიდრო ქონება.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ქ-ის სარჩელი ს. ვ-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენისა და ბებიის დანაშთ ქონებაზე ½ ნაწილში მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. ქ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის განჩინებით ვ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ვ. ქ-ი არის ა. ი-ის შვილიშვილი და ს. ქ-ის შვილი. ს. ქ-ი გარდაიცვალა 2000 წლის 22 ნოემბერს, ხოლო ა. ი-ე გარდაიცვალა 2008 წლის 17 მაისს.
2011 წლის 26 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ს. ვ-მა მემკვიდრეობით მიიღო დედის - ა. ი-ის სამკვიდრო ქონება, რომლის საფუძველზც ს. ვ-ი დარეგისტრირდა კასპის რაიონის სოფელ რ-ში (ს/კ: №........) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ.
ვ. ქ-მა ბებიის - ა. ი-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მისაღებად მიმართა ნოტარიუსს, რომელსაც 2013 წლის 13 თებერვლის დადგენილებით, უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სარჩელისა და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ ვ. ქ-ის განმარტება შეიცავდა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებს, სახელდობრ, ერთი მხრივ, იგი მიუთითებდა, რომ მას ფაქტობრივი ფლობით ჰქონდა მიღებული ბებიის - ა. ი-ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, ხოლო მეორე მხრივ კი, მოითხოვდა სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოდ ცნობას და ვადის გაგრძელებას. ამასთან, სამოქალაქო საქმეთა პალატის შეფასებით, ვ. ქ-ის მოთხოვნა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების ნაწილში დაუსაბუთებელი იყო, რადგან აპელანტი ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ 2008 წლის 17 მაისს გარდაცვლილი ა. ი-ის (მოსარჩელის ბებია) სამკვიდროს გახსნის შემდგომ (2008 წლის 17 მაისი) მან სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ექვს თვიანი ვადა გაუშვა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო, კერძოდ, იგი ვერ ადასტურებდა თუ რატომ იყო ობიექტურად შეუძლებელი სამკვიდროს გახსნის მომენტიდან – 2008 წლის 17 მაისიდან 2013 წლამდე სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის განცხადებით მიმართვა და 2011 წლამდე სასამართლოსათვის მიმართვა ნათესაური კავშირის დასადგენად ანუ, სამკვიდროს გახსნიდან ერთ შემთხვევაში, დაახლოებით ხუთი წლის, ხოლო მეორე შემთხვევაში, სამი წლის გასვლამდე, სამკვიდროს მისაღებად საჭირო აქტიური ქმედების განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვ. ქ-ის ნების არსებობა, მიმართული ა. ი-ის სამკვიდროს მართვა-დაუფლებისაკენ და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა, აპელანტის მიერ მითითებული გარემოებებიდან არ იკვეთებოდა და მოსარჩელემ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ კერძოდ, 2011 წელს მიმართა სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ, ხოლო 2013 წლის 13 თებერვალს ნოტარიუსს სამკვიდორს მიღების მოთხოვნით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის ლოგიკური ახსნა-განმარტების საფუძველზე პირმა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოს უნდა მიმართოს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის ამოწურვისთანავე, დაუყოვნებლივ, ამასთან იგულისხმება, რომ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის მანძილზე ნების გამოვლენა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეუძლებელი იყო და სამკვიდროს მიღებაზე ნების გამოვლენის შეუძლებლობის საფუძველი სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ამოიწურა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლები უნდა არსებობდეს არამხოლოდ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში, არამედ სამკვიდროს მიღებისათვის კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადის ამოწურვიდან ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის თარიღამდე.
მოცემულ შემთხვევაში, ვ. ქ-ი ვერ მიუთითებდა მის მიერ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაშვების საპატიო მიზეზზე (ან ასეთი მიზეზის არსებობის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე). შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ის სუბიექტური და ობიექტური გარემოებების ერთობლიობა, რომელსაც სასამართლო ვ. ქ-ის მიერ სამკვიდროს მისაღებად ნების გამოვლენისათვის დამაბრკოლებელ გარემოებებად მიიჩნევდა.
სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. 1443-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ვერც ფაქტობრივი მფლობელობის გზით, ა. ი-ის სამკვიდროს მიღების შესახებ გარემოება და ვერც საპატიო მიზეზის არსებობა, რის გამოც მან ობიექტურად ვერ შეძლო სამკვიდროს მისაღებად აუცილებელი სამართლებრივი ქმედებების განხორციელება პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელისა და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. ქ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივრის ძირითადი დასაბუთება აგებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ვ. ქ-მა ბებიის - ა. ი-ის დანაშთი სამკვიდროს მისაღებად დადგენილი 6 თვიანი ვადა გაუშვა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამო, კერძოდ, ამ პერიოდში საომარი მოქმედების გამო ჩაიკეტა ახალგორის რაიონი, სადაც განთავსებული იყო სამკვიდროს მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია.
კასატორის მოსაზრებით, სამკვიდრო მოწმობის გაცემისას დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 1468-ე მუხლი, კერძოდ, მოპასუხემ დაუმალა ნოტარიუსს სხვა მემკვიდრის არსებობა, ხოლო თავის მხრივ, ნოტარიუსის უმოქმედობამ გამოიწვია ვ. ქ-ის მოუწვევლობა სამკვიდროს მისაღებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, კასატორი პრეტენზიას აცხადებს ბებიის 2008 წლის 17 მაისს გარდაცვლილი ა. ი-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე, რომელიც 2011 წლის 26 დეკემბრის N........ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში აღრიცხულია ს. ვ-ის საკუთრების უფლებით, რომელიც წარმოადგენს გარდაცვლილი ა. ი-ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს - შვილს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. ქ-მა ბებიის - ა. ი-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მისაღებად ნოტარიუსს მიმართა 2013წ.-ს ანუ, სამკვიდროს გახსნიდან ხუთი წლის შემდეგ, რაზედაც მას უარი ეთქვა. შესაბამისად, დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ვ. ქ-ს კანონით დადგენილ ექვს თვიან ვადაში სამკვიდროს მისაღებად არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის და მას არც სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობა დაუდასტურებია.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე და 1426-ე მუხლებით და იმ პირობებში, რომ ვ. ქ-მა ვერ დაადასტურა როგორც სამკვიდროს მისაღებად საჭირო აქტიური ქმედების 6-თვიან ვადაში განხორცილების ისე, ამ ვადის გაშვების საპატიოობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.
საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 16.02.2011წ.-ის Nას-851-800-2010 განჩინება; 14.01.2010წ.-ის Nას-473-784-09 განჩინება), რომელიც შეეხება სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელების საკითხებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
კასატორი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე