Facebook Twitter

საქმე №ას-796-761-2014 23 მარტი, 2015 წელი

. ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა.მ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ.“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ბ.ს., დ.ქ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებების დარღვევით გამოწვეული დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს.ბ.მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ.ს.ს, ა.მ.სა და დ.ქ.ს მიმართ და მოითხოვა: ა) მოპასუხეებისათვის 2008 წლის 5 მაისის №... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირი თანხის - 4 961.25 ლარის, პროცენტის - 5 579.78 ლარის, პირგასამტეხლოს - 5 600 ლარის დაკისრება; ბ) ბ.ს.სათვის (08.05.2008 წლის №..... სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება) კრედიტის ძირი თანხის - 677,94 ლარის, პროცენტის - 678,42 ლარისა და პირგასამტეხლოს - 700 ლარის დაკისრება; გ) ბ.ს.სათვის (24.05.2008 წლის №....სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება) კრედიტის ძირი თანხის - 2 308,74 ლარის, პროცენტის - 5 298,23 ლარისა და პირგასამტეხლოს - 5 300 ლარის დაკისრება; დ) ბ.ს.სათვის საკრედიტო ბარათის დავალიანების ძირი თანხის - 1 201,46 აშშ დოლარისა და პროცენტის - 225,65 აშშ დოლარის დაკისრება. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

2008 წლის 5 მაისს სს „ს. ბ.სა“ და ბ. ს.ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №.... ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 5 350 ლარი, 36 თვის ვადით, 24%-იანი სარგებლის დარიცხვით.

ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2008 წლის 5 მაისს სს „ს. ბ.სა“ და ა. მ.სა და დ. ქ.ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები (№....-ა, №.....-ბ), რომლის თანახმად, ა. მ.მა და დ. ქ.მა თითოეულმა დამოუკიდებლად იკისრეს პასუხისმგებლობა სს „ს.ბ.ს“ წინაშე ბ.ს.ს მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 10 700 ლარით.

მოპასუხეებმა არაჯეროვნად შეასრულეს საბანკო კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი დავალიანება სს „ს.ბ.ს“ წინაშე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს კრედიტის ძირ თანხას - 4 961,25 ლარს, სარგებელს - 5 579,78 ლარსა და ჯარიმას - 5 600 ლარს.

გარდა აღნიშნული ხელშეკრულებისა, ბ. ს.სა და სს „ს. ბ.ს“ შორის გაფორმდა სხვა საკრედიტო ხელშეკრულებებიც, კერძოდ, 2008 წლის 8 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ბ. ს.ზე გაიცა სესხი - 1 035 ლარი, ყოველთვიურად 105,73 ლარის შეტანის პირობით; 2008 წლის 24 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, ბ. ს.ზე გაიცა სესხი - 2 500 ლარი, ყოველთვიურად 164,05 ლარის შეტანის პირობით. ბ. ს.ს არც ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებია ჯეროვნად.

გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე ბ.ს.ს სახელზე გაიცა საკრედიტო პლასტიკური ბარათი (ორენჯ-ბარათი), რომელზედაც მას ერიცხება დავალიანება კრედიტის (ოვერდრაფტი) ძირითადი თანხა - 1201,46 აშშ დოლარი და სარგებელი - 225,65 აშშ დოლარი.

წერილობითი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, თუმცა მოგვიანებით მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ.ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს: ბ. ს.ს, ა. მ.სა და დ. ქ.ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 2008 წლის 5 მაისის №.... საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული კრედიტის ძირი თანხის - 4 961.25 ლარისა და პროცენტის - 5 579,78 ლარის ანაზღაურება, ბ. ს. სს „ს.ბ.ს“ სასარგებლოდ ასევე დაეკისრა პლასტიკურ ბარათზე გახარჯული ძირი თანხის - 1 201,46 აშშ დოლარისა და პროცენტის - 225,65 აშშ დოლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ.მა და ბ. ს.მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ბ.ს.ს და ა.მ.ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ს.ბ.ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: ბ. ს.ს, ა. მ.სა და დ. ქ. სს „ს.ბ.ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2 524 ლარის გადახდა, სს „ს.ბ.ს“ სარჩელი ბ.ს.სათვის პლასტიკურ ბარათზე გახარჯული ძირი თანხისა და პროცენტის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ უპირატესად მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სს „ს. ბ.ს“ სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, რის გამოც ზემდგომი სასამართლოს შეფასების საგანს 2008 წლის 5 მაისის №..... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ასევე, საკრედიტო პლასტიკური ბარათზე (ორენჯ-ბარათი) გახარჯული ძირითადი თანხისა და პროცენტის მოპასუხეებისათვის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2008 წლის 5 მაისს სს „ს. ბ.სა“ და ბ. ს.ს შორის გაფორმდა №...... საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 5 350 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, 24%-იანი სარგებლის დარიცხვით;

2008 წლის 5 მაისს სს „ს. ბ.სა“ და ბ. ს.ს შორის გაფორმებული №..... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული. 2008 წლის 8 მაისისა და 2008 წლის 24 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნები კი, ხანდაზმულად იქნა მიჩნეული.

ბ. ს.ზე გაიცა საკრედიტო პლასტიკური ბარათი (ორენჯ-ბარათი). ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს ამონაწერი ბ.ს.ს პლასტიკური ბარათის საბანკო ანგარიშიდან, რომლის თანახმადაც, პლასტიკურ ბარათზე გახარჯული ძირითადი თანხა, 2010 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენდა 1204,46 აშშ დოლარს.

პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა 2008 წლის 5 მაისის №...... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხის - 4 961,25 ლარისა და სარგებლის - 5 579,78 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრების თაობაზე ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ხანდაზმულობის გამო.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა არასწორად დაუკავშირა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის თარიღს, კერძოდ, დადგენილად მიიჩნია, რომ, ვინაიდან, 2008 წლის 5 მაისის №..... საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურებოდა 2011 წლის 5 მაისს, ხოლო სარჩელი წარდგენილი ოყო 2013 წლის 5 ივნისს, მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, 2008 წლის 5 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2011 წლის 5 მაისს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებს სესხი უნდა დაეფარათ მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად, ამასთანავე, ყოველთვიურად დასაფარი თანხის გადაუხდელობისათვის (ან დაგვიანებით გადახდისათვის) 2008 წლის 5 მაისს ხელშეკრულება ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დარიცხვას, პალატამ მიიჩნია, რომ 2008 წლის 5 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის წარმოშობა უკავშირდებოდა არა ამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მომენტს - 2011 წლის 5 მაისს, არამედ თითოეული პერიოდულად გადასახდელი თანხისათვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებს.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტა, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის 5 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილ მოთხოვნას წარმოადგენდა, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგულირდებოდა.

ამდენად, სს „ს.ბ.ს“ მიერ სარჩელის აღძვრის თარიღის გათვალისწინებით, მოპასუხეებისათვის, როგორც სოლიდარული მოვალეებისათვის დაკისრებას ექვემდებარებოდა მხოლოდ 2013 წლის 5 ივნისამდე სამი წლის წინა პერიოდის თანხა (2008 წლის 5 მაისის №..... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხები) კონკრეტულად - 2010 წლის ივნისიდან, 2011 წლის მაისის ჩათვლით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხა, რაც ჯამში შეადგენდა - 2 524 ლარს. მითითებული თანხა მოიცავდა, როგორც სესხის ძირითად თანხას, ასევე, მისი სარგებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს.

2008 წლის 5 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს.ბ.ს“ სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ 2 524 ლარის ნაწილში ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სს „ს.ბ.“ არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი არ წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს. სასამართლოს მითითებით, აპელანტებს 2 524 ლარის დაფარვის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენიათ, უფრო მეტიც მოპასუხეები ახსნა-განმარტებაში აღიარებენ, რომ 2008 წლიდან აღარ ხდებოდა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების - ყოველთვიურად განსაზღვრული თანხის გადახდა.

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 867-ე მუხლის, 868-ე მუხლის პირველი ნაწილის, 895–ე მუხლის საფუძველზე არსებობდა 2 524 ლარის ნაწილში სს „ს.ბ.ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, სადაც მოპასუხეები სოლიდარულად ვალდებულ პირებს წარმოადგენენ: ბ.ს. იყო პირადი მოვალე, ხოლო ა.მ. და დ.ქ. სოლიდარულად პასუხისმგებელი თავდებები.

არ იქნა გაზიარებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ საკრედიტო პლასტიკურ ბარათზე (ორენჯ-ბარათი) გახარჯული ძირითადი თანხის დასაფარად 2010 წლის 11 იანვარს ბ.ს.ს მიერ განხორციელებული გადახდით (რომლითაც დაიფარა პირგასამტეხლო), სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა შეწყდა.

აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საბანკო ამონაწერზე (ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან), რომლითაც არ დგინდებოდა 2010 წლის 11 იანვარს ბ.ს.ს მიერ პირგასამტეხლოს გადახდა, რაც თავად ბანკის წარმომადგენელმაც დაადასტურა საქმის ზეპირი განხილვისას. დავას არ იწვევდა ის გარემოებაც, რომ პლასტიკური ბარათიდან გახარჯული თანხა დაბრუნებას ექვემდებარებოდა თანხის ათვისებიდან 55 დღის ვადაში.

საკრედიტო პლასტიკური ბარათის გამოყენებით სს „ს.ბ.დან“ 1 201 აშშ დოლარი ბ. ს.მა 2008 წლის განმავლობაში აითვისა, ხოლო 2008 წლის შემდეგ მას კრედიტი არც ნაწილობრივ დაუფარავს და არც პროცენტი გადაუხდია. სს „ს. ბ.მა“ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2013 წლის 5 ივნისს, რაც სადავო სამართალურთიერთობის ხანდაზმულად მიჩნევის წინაპირობას წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ.მა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ - 2 524 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 3.1; მე-4 და მე-5 პუნქტები) ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ, მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოიყენებინა, თუცა არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე და 131-ე მუხლები. სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგანაც სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, სამი წლით გამოიანგარიშება იმ მოთხოვნის ხანდაზმულობაც, რომელიც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა უკავშირდება დროს, როდესაც კრედიტორისათვის ცნობილი გახდა ვალდებულების დარღვევის თაობაზე.

მოსარჩელემ უფლების დარღვევის ფაქტი შეიტყო 2008 წელს, სააპელაციო პალატამ კი, მოთხოვნის წარმოშობის დროის არასწორად განმარტებით, არასწორად არ მიიჩნია მოთხოვნა ხანდაზმულად, სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე არ დაეთანხმა მხარე სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, სარჩელის ნაწილობრივ ხანდაზმულად არმიჩნევის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ა.მ.ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა.მ.ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან ამ საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში (იხ. სუსგ №ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა.მ.ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ არკადი მახანაშვილს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 7 აგვისტოს N4140053 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.მ.ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ა. მ. (პ/№ ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 7 აგვისტოს N4140053 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური