ბს-820-406(კ-05) 29 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ი. ლეგაშვილი (თავმჯდომარე),
ჯ. გახოკიძე (მომხსენებელი),
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 27 ივნისს ს. ჯ-მა სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 8000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობდა თბილისში, ... 1992წ. 14 აპრილს ქ. თბილისის მერიამ შპს “.. ..-ს” ნება დართო .. მდებარე საცხოვრებელი სახლების აღებისა და მის ადგილას 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენების თაობაზე. 1993წ. 1 ივლისს მოსარჩელესა და შპს “.. ..-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ახლად აშენებულ სახლში სამოთახიანი ბინით, ხოლო მშენებლობის ჩაშლის შემთხვევაში, მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადათ სამოთახიანი ბინის ღირებულება იმ დროისათვის არსებული საბაზრო ფასებით. მოსარჩელის მითითებით, მშენებლობა არ განხორციელდა და მის სასარგებლოდ შპს “.. ..-ს” დაეკისრა 7000 აშშ დოლარის გადახდა ერთი ოთახის სანაცვლოდ. ერთი ოთახის ღირებულება მას აუნაზღაურდა, ხოლო დარჩენილი ორი ოთახის თანხა არ მიუღია.
1996წ. 4 მარტს შპს “.. ..-სა” და სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს “.. ..-ს” უნდა განეხორციელებინა ბინების მშენებლობა სოცფონდის დაფინანსებით, თუმცა მშენებლობა არ განხორციელდა, ხოლო შპს “.. ..-ი” გაუქმდა, რის გამოც, მოსარჩელის აზრით, მის მიმართ ანგარიშვალდებულია სოცფონდი.
საქმე არაერთგზის იქნა განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ამ უკანასკნელის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ს. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ჯ-სა და შპს “.. ..-ს” შორის 1993წ. 1 ივლისს დადებული ხელშეკრულებით, თბილისში, ... მცხოვრები ს. ჯ-ის საცხოვრებელი სახლის დანგრევის გამო, მის ადგილზე აშენებულ სახლში ამ უკანასკნელის ოჯახი უფასოდ უნდა დაკმაყოფილებულიყო სამოთახიანი ბინით, ხოლო ხელშეკრულების 1.4 პუნქტის მიხედვით, მენაშენის მიზეზით მშენებლობის ჩაშლის შემთხვევაში, ს. ჯ-ს აუნაზღაურდებოდა დამთავრებული საცხოვრებელი ბინის ღირებულება არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით. 1996წ. 4 მარტს შპს “.. ..-სა” და სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობის დაფინანსება უნდა განეხორციელებინა სოცფონდს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს “.. ..-ის” ვალდებულება ს. ჯ-ის მიმართ გამომდინარეობს როგორც ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1993წ. 9 ივლისის ¹14.03.93 დადგენილებით დამტკიცებული “ქ. თბილისში, კომერციული საბინაო მშენებლობის განხორციელების შესახებ” დებულების 3.2.4 პუნქტიდან. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “.. ..-მა” სახლის აშენება ვერ შეძლო და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 მარტის გადაწყვეტილებით ს. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ს. ჯ-ის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ლ. ო-მა მიიღო შპს “.. ..-ისაგან” ოროთახიანი ბინის საკომპენსაციო თანხა 7000 აშშ დოლარი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის აზრით, ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ს. ჯ-ის მოთხოვნა შპს “.. ..-ის” მიმართ სრულად დაკმაყოფილდა, ს. ჯ-ის მოთხოვნა იმავე საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების შესახებ სოცფონდის მიმართ უსაფუძვლოა, თანახმად სკ-ის 467-ე მუხლისა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჯ-მა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯელობის გარეშე დატოვა არსებითი მნიშვნელობის გარემოება, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია 7000-7000 აშშ დოლარზე, რაც დაეკისრათ მოპასუხეებს _ ლ. ო-სა და შპს “.. ..-ს”. რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით უდავოდ არის დადგენილი, რომ ნ. ო-ს გამოტანილი ჰქონდა არა ოროთახიანი, არამედ ერთოთახიანი ბინის საკომპენსაციო თანხა, ხოლო შპს “.. ..-ს”, თუ მას ერთოთახიანი ბინის საკომპენსაციო თანხის გადახდა დაეკისრა, ბინის საფასური არ გადაუხდია იმის გამო, რომ სოცფონდმა არ შეასრულა 1996წ. 4 მარტის ხელშეკრულება. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, სხვა მოვალეების მიმართ თანხების ანაზღაურება მოახდინა მოპასუხემ საფოსტო ბანკის მეშვეობით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ს. ჯ-ის სარჩელი სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის მიმართ, (შემდგომში ფონდი) მის სასარგებლოდ თანხის დაკისრების მოთხოვნით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1993 წელს ხელშეკრულება სამოთახიანი ბინის აშენების ან მის სანაცვლოდ საბაზრო ღირებულების გადახდის თაობაზე, დადებულია შპს “.. ..-სა” და ს. ჯ-ს შორის.
ამ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, სწორედ შპს “.. ..-ი” იყო ანგარიშვალდებული ს. ჯ-ის წინაშე.
რაც შეეხება ფონდს, იგი ანგარიშვალდებული ს. ჯ-ის წინაშე არ ყოფილა და ასეთი არ გამომდინარეობს 1996 წელს “.. ..-სა” და ფონდს შორის დადებული ხელშეკრულებიდან.
ს. ჯ-ისათვის აუშენებელი სამოთახიანი ბინის სანაცვლოდ, შესაბამისი საბაზრო ღირებულების დაკისრების ვალდებულებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ს. ჯ-ის მოთხოვნა ამ მიმართებით, უსაფუძვლოა.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 მარტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ს. ჯ-ის სარჩელის საფუძველზე შპს “.. ..-ს” სამოქალაქო დავის წესით მის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარი, ერთოთახიანი ბინის ფართის სანაცვლოდ. რაც შეეხება, ხელშეკრულების პირობის თანახმად, დარჩენილი ოროთახიანი ბინის საკომპენსაციო თანხას, იგი 1998წ. 9 მარტის თანხმობის ხელწერილის თანახმად, მიიღო ს. ჯ-ის მინდობილობის საფუძველზე მისმა ნათესავმა ლ. ო-მა. ოროთახიანი ბინის კომპენსაციამ შეადგინა 7000 ლარი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ო-ი აღჭურვილი იყო იურიდიულად დაკანონებული დოკუმენტით _ მინდობილობით და მის უფლებამოსილებაში შედიოდა საქმის მორიგებით დამთავრების უფლებაც საფასურის მიღების სანაცვლოდ. ამდენად, ზემოაღნიშნული მორიგების აქტი (თანხმობა) დადებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება მის რეალობაში ეჭვის შესატანად.
2000წ. 15 მარტის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში დავა – ლ. ო-სა და ს. ჯ-ს შორის ასევე გადაწყვეტილია, _ მას დაეკისრა 7000 დოლარი ჯ-ის სასარგებლოდ. (სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ო-მა ეს თანხა ჯ-ს არ გადასცა).
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აუშენებელი სამოთახიანი ბინის სანაცვლოდ, “.. ..-ს” და ლ. ო-ს თანხა შესაბამისად დაკისრებული აქვთ, თითოეულს _ 7000 დოლარის ოდენობით. ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია (2000წ. 15 მარტი) და განმეორებით იმავე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ს. ჯ-ს არ გააჩნია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოთ მითითებული მოტივებიდან გამომდინარე, ფონდის მიმართ რაიმე მოთხოვნის იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოება საქმეში არ მოიპოვება, რის გამოც, ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ. ო-ის მიმართ გამოტანილ განაჩენზე, რომელიც ცალკეა დართული და არ არის საქმეში აკინძული, ვერ იმსჯელებს, რამდენადაც ამ განაჩენზე არ უმსჯელია სააპელაციო პალატას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სწორად გამოიყენა კანონი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, მით უმეტეს, რომ კასატორის მიერ არ ყოფილა წამოყენებული სსკ-ის 407-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 38-ე მუხლის “ზ” პუნქტით, 39-ე მუხლის “გ” პუნქტით, 257-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 აპრილის გადაწყვეტილება;
3. კასატორი გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.