Facebook Twitter

№ას-799-764-2014 10 მარტი, 2015 წელი

fთბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ. კ. კ-ა“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1. შპს „ქ. კ. კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ქ. კ. კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 12 მარტის N... ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1745058.10 ლარის გადახდა;

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ქ. კ. კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 10 იანვრის N.. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7843.5 ლარის გადახდა;

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ქ. კ. კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლია 1 მარტის N... ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1564970.5 ლარის გადახდა;

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ქ. კ. კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 30 აპრილის N... ხელშეკრულებიდან გამომდინარე 213649.8 ლარის გადახდა;

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2010 წლის 12 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „მ-ს” შორის დაიდო №... ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად, შპს „მ-ს” თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს (...) და აღმოსავლეთ საქართველოს (...) სხვადასხვა რეგიონებში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში უნდა გაეწია კვებითი მომსახურება. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 94332474.00 ლარი;

2010 წლის 7 აპრილის №..., 2011 წლის 4 ივლისის №...., 2011 წლის 13 ივლისის №..., 2011 წლის 21 ივლისის №...., 2011 წლის 3 აგვისტოს №..., 2011 წლის 29 აგვისტოს №...., 2011 წლის 17 სექტემბრის №...., 2011 წლის 23 სექტემბრის №...., 2011 წლის 6 ოქტომბრის №....., 2011 წლის 1 ნოემბრის №.... შეთანხმების ოქმების საფუძველზე, შპს „მ-ის” ყველა უფლება-მოვალეობა თავდაცვის სამინისტროს მიმართ №... ხელშეკრულებით გათვალისწინებული კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების განსახორციელებლად გადაეცა შპს „ქ. კ. კ-ას”, რის საფუძველზეც 2012 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით გაწეულ იქნა 41104088.08 ლარის ღირებულების მომსახურება;

2012 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ქ.კ.კ-ას” შორის დაიდო №.. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ქ. კ. კ-ის“, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდლობას შორის „საქართველოს ტერიტორიაზე A. S... 2012 სამხედრო სწავლების ჩატარების შესახებ” სწავლების მხარდამჭერი შეთანხმების შესაბამისად, სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისათვის ვაზიანის სამხედრო ბაზაზე უნდა გაეწია კვებითი მომსახურება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 158577 ლარით დღგ-ს გარეშე;

2012 წლის 7 მარტის №... და 2012 წლის 22 მარტის №... შეთანხმების ოქმების საფუძველზე №... ხელშეკრულების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ჯამური ღირებულება გაიზარდა და 211964.5 ლარით განისაზღვრა;

2013 წლის 1 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ქ. კ.კ-ას” შორის დაიდო №.. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, უნდა გაწეულიყო 4200000.00 ლარის ღირებულების სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურება;

2013 წლის 30 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ქ.კ.კ-ას” შორის დაიდო №.. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, უნდა გაწეულიყო სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 3600000 ლარით;

შპს „ქ.კ.კ-ამ” დადგენილ დროში, სრულად შეასრულა 2012 წლის 12 მარტის №.... 2012 წლის 10 იანვრის №.. 2013 წლის 1 მარტის №.. და 2013 ..წლის 30 აპრილის №... სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანება შპს „ქ.კ.კ-ის” მიმართ შეადგენს:

ა. 2010 წლის 12 მარტის №….. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1745 058.10 ლარს;

ბ. 2012 წლის 10 იანვრის №.. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7843.5 ლარს;

გ. 2013 წლის 1 მარტის №... ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1564 970.5 ლარს;

დ. 2013 წლის 30 აპრილის №... ხელშეკრულებიდან გამომდინარე 213649.8 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ის დასაბუთება, რომ მიღება-ჩაბარების აქტები არ წარმოშობდნენ გადახდის ვალდებულებას, რადგან N... და N... ხელშეკრულებების ..3 პუნქტის თანახმად, ისინი არ წარმოშობდნენ თანხის გადახდის ვალდებულებას, ხოლო N... ხელშეკრულების ... პუნქტის თანახმად, აღნიშნული აქტები არ იყო ხელმოწერილი სათანადოდ უფლებამოსილი პირების მიერ. ზემოხსენებული N.... და N... ხელშეკრულებების ... მუხლის მიხედვით, მომსახურების ფაქტობრივი გადაცემა არ წარმოადგენს მომსახურების საბოლოო მიღებას და არ წარმოშობს ანგარიშსწორების ვალდებულებას, ხოლო N... ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ მომსახურების გადაცემა და შემსყიდველის მიერ მისი მიღება დასტურდება ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საგულისხმო იყო, რომ აპელანტი სადავოდ არ ხდიდა თავად მომსახურების გაწევის ფაქტს. ამასთან, ამ მომსახურების გაწევის საფუძველს წარმოადგენდა არა მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაწეული რაიმე ქმედება, არამედ კონკრეტული სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელობის წერილობითი მიმართვა მომსახურების გამწევი საწარმოს(მოწინააღმდეგე მხარის) მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებაზე: აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მას გამოყოფილი ყავდა კონკრეტული პირი, როგორც ამას მოითხოვდა N... ხელშეკრულების .... პუნქტი, აგრეთვე, სხვა ხელშეკრულებები.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 20 სექტემბრის დასკვნით, N..... ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2012 წლის აგვისტოს თვეში გაწეულ იქნა 34400042.5 ლარის კვებითი მომსახურება, რომელიც საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ასანაზღაურებელი იყო.

სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე წარდგენილი შედარების აქტებითა და მომსახურების ინვოისებით დაადასტურა, რომ კონკრეტულმა სამხედრო ნაწილმა კვებითი მომსახურება მიიღო,მაგალითად, 2012 წლის 31აგვისტოს N... ინვოისითა და შედარების აქტით დადგინდა, რომ .... მდებარე N.... სამხედრო ნაწილმა მიიღო კვებით მომსახურება 180528 ლარის მოცულობით. შესაბამის საბუთებს ხელი მოაწერეს ნაწილის მეთაურმა და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა. იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ ამ აქტზე ხელმოწერით შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაურმა კანონი დაარღვია ან ამ აქტზე ხელმოწერისათვის მას პასუხი მოეთხოვა, საქმეში არ მოპიოვებოდა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც ევალებოდა მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებში შემოწმებების ჩატარება და რომელმაც ზემოხსენებული ქმედება გადაცდომად არ შეაფასა, დაეთანხმა მას, მიუხედავად იმისა, რომ კვებითი მომსახურების თანხა არ აანაზღაურა. ანალოგიურად უნდა შეფასებულიყო N… ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა მიღება-ჩაბარების აქტებიც.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საგულისხმო იყო, რომ N… ხელშეკრულება 2012 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებდა, ანუ 2012 წლის აგვისტოში მხარეთა შორის სახელშეკრულებო ვალდებულებები არსებობდა. ზემოხსენებული ინვოისებითა და შედარების აქტებით დადგინდა, რომ მომსახურება გაწეულ იქნა. აპელანტმა ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომოლითაც დადასტურდებოდა, რომ მას სამხედრო ნაწილის მიერ მიღებული მომსახურების შემოწმების მიზნით გამოყოფილი ყავდა კონკრეტული პირი ხელშეკრულების … პუნქტის შესაბამისად.

ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ N…. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებამ 34400042.5 ლარი შეადგინა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების დარღვევას, რაც სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, მე-400 და 477-ე მუხლების საფუძველზე ზემოაღნიშნული თანხის დაკისრების საფუძველი იყო.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის“ შესახებ კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონის მოხმობილი ნორმებით პირდაპირ იყო დადგენილი თავდაცვის სამინისტროს კანონისმიერი (და არა მარტო სახელშეკრულებო) ვალდებულება –უზრუნველეყო სამხედრო მოსამსახურეებისათვის სასურსათო ულუფის გამოყოფა. რაც შეეხებოდა N… ხელშეკრულებას, 2013 წლის 30 აგვისტოს შეთანხმების აქტით დავალიანების არსებობა არაპირდაპირ იყო აღიარებული, კერძოდ, ამ აქტით დგინდებოდა, რომ მიღებულმა მომსახურებამ 173403.5 ლარი, ხოლო ჩარიცხულმა თანხამ – 165650 ლარი შეადგინა. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, დავალიანებამ 7843.5 ლარი შეადგინა. აპელანტმა ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა მიზეზის გამო არ გადარიცხა დარჩენილი დავალიანება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტმა თავისი ვალდებულება დაარღვია. 2013 წლის 1 მარტის N…. ხელშეკრულება მოქმედებდა 2013 წლის 1 ივნისამდე და ამ ხელშეკრულებით კვებითი მომსახურება უნდა გაწეულიყო 2013 წლის 1 მაისამდე. ექსპერტიზის დასკვნით, სახელშეკრულებო პერიოდში – 2013 წლის აპრილში გაწეულ იქნა 1564970.5 ლარის კვებით მომსახურება, რომელიც საქმეში არსებული მასალების მიხედვით არ ანაზღაურებულა. 2013 წლის 30 აპრილის N209 ხელშეკრულება 2013 წლის 15 ივლისამდე მოქმედებდა და ამ ხელშეკრულებით კვებითი მომსახურება 2013 წლის 20 ივნისამდე უნდა გაწეულიყო. ექსპერტიზის დასკვნით, 2013 წლის ივნისში გაწეულ იქნა 213649.8 ლარის კვებითი მომსახურება, რაც საქმეში არსებული მასალების მიხედვით არ ანაზღაურებულა. საქმეზე წარდგენილი იყო შედარების აქტები და მომსახურების ინვოისები.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა დაარღვია არა მარტო სახელშეკრულებო, არამედ კანონისმიერი ვალდებულებები, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა მას თანხების გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

2010 წლის 12 მარტის N…. ხელშეკრულების სპეციფიკური … პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ მომსახურების გადაცემა და შემსყიდველის მიერ მისი მიღება დასტურდება ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით. აღნიშნული პუნქტი მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების დასტურად პირდაპირ და ცალსახად ადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების სავალდებულოობას. ვინაიდან 1745058.10 ლარის ღირებულების მომსახურება N… ხელშეკრულების ღირებულების ზემოთ განხორციელდა და მასზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა (რაც დასტურდება ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის წერილებით, რომლითაც მოსარჩელეს უკან დაუბრუნდა წარდგენილი ინვოისები ხელშეკრულებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით), შესაბამისად სამინისტროს არ წარმოშობია გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულება;

2013 წლის 1 მარტის N… ხელშეკრულების … პუნქტის, N… ხელშეკრულების …1 პუნქტისა და N… ხელშეკრულების … პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ მომსახურების გადაცემა და შემსყიდველის მიერ მისი მიღება დასტურდება ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით. ზემოხსენებული ხელშეკრულებების … პუნქტის მიხედვით, მომსახურების ფაქტობრივად გადაცემა არ წარმოადგენს მომსახურების საბოლოო მიღებას და არ წარმოშობს ანგარიშსწორების ვალდებულებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია 1564970.5 (N… ხელშეკრულება) ლარისა და 2013649.8 (N… ხელშეკრულება) ლარის ღირებულების მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები), შესაბამისად, არ არსებობს ანგარიშსწორების ვალდებულებაც.

საქმეზე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ბუნდოვანია, არ ირკვევა, კონკრეტულად რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის დაანგარიშებული 1564970.5 ლარისა და 2013649.8 ლარის დავალიანება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე