საქმე№ას-80-74-2015 26 მარტი 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – იბა „ს. და ს-ე" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ა. მ-ე, ი. მ-ე, გ. კ-ე, ზ. თ-ე, ნ. ხ-ე, გ. დ-ე, თ. ც-ე, ნ. ჭ-ა, ნ. მ-ი, ზ. რ-ი, ნ. ჭ-ე, მ. ჭ-ე, ზ. ბ-ის უფლებამონაცვლე ც. ბ-ე, ჯ. პ-ას მემკვიდრე დ. პ-ა, ქ. გ-ე, გ. ხ-ა, ზ. ბ-ე, მ. წ-ა, ლ. მ-ი, გ. გ-ე ბ. ლ-ე, მ. კ-ე, ა. ს-ი, ნ. მ-ე, ლ. გ-ე, ზ. ჭ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო ს-ეთა პალატის 2014 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – წილის კომპენსაცია, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ჯ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში იბა „ს. და ს-ის" და მესამე პირების ი. მ-ის, გ. კ-ის, ზ. თ-ის, ნ. ხ-ის, გ. დ-ის, თ. ც-ის, ნ. ჭ-ას, ნ. მ-ის, ზ. რ-ის, ნ. ჭ-ის, მ. ჭ-ის, ზ. ბ-ის უფლებამონაცვლე ც. ბ-ის, ჯ. პ-ას მემკვიდრე დ. პ-ას, ქ. გ-ის, გ. ხ-ას, ზ. ბ-ის, მ. წ-ას, ლ. მ-ის, ა. გ-ის უფლებამონაცვლის გ. გ-ის კანონიერი წარმომადგენელი ნ. ქ-ის, ბ. ლ-ის, მ. კ-ის, ა. ს-ის, ნ. მ-ის, ლ. გ-ისა და ზ. ჭ-ას მიმართ წილის კომპენსაციისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. გ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო ს-ეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის საოქმო განჩინებით მესამე პირად ჩაბმული პირები ა. მ-ე, ი. მ-ე, გ. კ-ე, ზ. თ-ე, ნ. ხ-ე, გ. დ-ე, თ. ც-ე, ნ. ჭ-ა, ნ. მ-ი, ზ. რ-ი, ნ. ჭ-ე, მ. ჭ-ე, ზ. ბ-ის უფლებამონაცვლე ც. ბ-ე, ჯ. პ-ას მემკვიდრე დ. პ-ა, ქ. გ-ე, გ. ხ-ა, ზ. ბ-ე, მ. წ-ა, ლ. მ-ი, გ. გ-ე ბ. ლ-ე, მ. კ-ე, ა. ს-ი, ნ. მ-ე, ლ. გ-ე და ზ. ჭ-ა ჩართულნი იქნენ თანამოპასუხეებად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ჯ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე იბა „ს. და ს-ემ" შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით იბა „ს. და ს-ის" შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 8 000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
2015 წლის 5 მარტის განჩინებით იბა „ს. და ს-ის" წარმომადგენელ რ. შ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 8 000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ იბა „ს. და ს-ის" საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით იბა „ს. და ს-ის" შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 8 000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
2015 წლის 5 მარტის განჩინებით იბა „ს. და ს-ის" წარმომადგენელ რ. შ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 8 000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმოამდგენელ რ. შ-ეს (იხ. რწმუნებულება ტ. II, ს.ფ.186) ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2015 წლის 12 მარტს (იხ.შეტყობინების აქტი ტ. II, ს.ფ.354).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.
იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივრის თაობაზე დადგენილი ხარვეზის განჩინება სახელმწიფო ბაჟს შეეხებოდა, შეტყობინების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) ჩაბარება კანონის დანაწესებთან შესაბამის ქმედებას წარმოადგენს და ეს შეტყობინება, კანონის ძალით, მისი განხორციელების დღეს - 2015 წლის 12 მარტს ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2015 წლის 13 მარტს და ამოიწურა 2015 წლის 17 მარტს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუმდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. იბა „ს. და ს-ის" საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური