Facebook Twitter

საქმე №ას-811-775-2014 23 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ა. რ. ფ. და ე. ს. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „A. C“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ა. რ. ფ. და ე. ს. სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „A. C-ს“ მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს - 23 186 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2012 წლის 30 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა №29 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველმა იკისრა შემდეგი ვალდებულებები: აუქციონის ჩატარებიდან 30 დღეში ქონების საპრივატიზაციო საფასურის 11 300 ლარის გადახდა; ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 3 თვის ვადაში დაწყება და 8 თვის ვადაში საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი ქარხნის ამოქმედება თავისი შემფუთავი ხაზით; ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 3 თვის ვადაში დაწყება და 8 თვის ვადაში ბოსტნეულის გადამამუშავებელ-შემფუთავი ხაზის ამოქმედება; საწარმოს ამოქმედებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში ქარხანაში მუდმივად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 12 საქართველოს მოქალაქის დასაქმება და აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

2013 წლის 1 ივლისს ა. ა.რ. ფ. და ე. ს. წერილით მიმართა შპს ,,A. C-მ“ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაცემული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში დაბრუნება.

სამინისტროს 2013 წლის 9 ივლისის №პრ-78 ბრძანებით გაუქმდა 2012 წლის 30 აგვისტოს აუქციონის ფორმით პრივატიზების ნასყიდობის №29 ხელშეკრულება, რომლის 4.2.2 და 4.2.3. პუნქტების შესაბამისადაც მყიდველს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ეკისრებოდა პასუხისმგებლობა და ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 23 186 ლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

მოპასუხის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მან დაიწყო ნაკისრი ვალდებულების შესრულება, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება შეუძლებელი აღმოჩნდა ადგილობრივ მცხოვრებთა წინააღმდეგობის გამო, რის თაობაზეც მოპასუხემ აცნობა მოსარჩელესა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მოპასუხეს ეცნობა, რომ სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ გადაეცემოდა სხვა ნივთი, თუმცა დაპირება არ შესრულდა და 2013 წლის 9 ივლისის ბრძანებით მოსარჩელემ გააუქმა ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, შპს „A. C-ს“ უარი განუცხადეს გადახდილი თანხის დაბრუნებაზე და დაერიცხა პირგასამტეხლო. მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო განპირობებული, რის თაობაზეც ცნობილი იყო მოსარჩელისათვის. ხელშეკრულებით გადაცემული ქონება უფლებრივი ნაკლის მქონე იყო, რადგანაც ქონებაზე პრეტენზიას მესამე პირი აცხადებდა, ამასთანავე, როგორც მოპასუხისათვის გახდა ცნობილი, მესამე პირთაგან ერთ-ერთის პრეტენზია საფუძვლიანი ყოფილა, რომელსაც სადავო ტერიტორიაზე დაფუძნებული აქვს საწარმო და ქონება მის საკუთრებადაა რეგისტრირებული. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხის განმარტებით, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლო არაგონივრული ოდენობაისაა, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ვალდებულების დარღვევა მოვალის ბრალით არ იყო გამოწვეული.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „A. C.ს“ ა. ა. რ. ფ. და ე. ს. ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 4 637,2 ლარის ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის განჩინებით ა. ა. რ. ფ. და ე. ს. სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ა. რ. ფ. და ე. ს. (გამყიდველი) 2012 წლის 30 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს ,, A. Cს“ (მყიდველი) 11 300 ლარის გადახდის პირობით, საკუთრებაში გადასცა ხელვაჩაურის რაიონში, მდებარე უძრავი ქონება. მყიდველს დაეკისრა გარკვეული ვალდებულებების შესარულება, კერძოდ: ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 3 თვის ვადაში უნდა დაეწყო და 8 თვის ვადაში აემოქმედებინა საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი ქარხანა თავისი შემფუთავი ხაზით, აგრეთვე ბოსტნეულის გადამამუშავებელ-შემფუთავი ხაზი. საწარმოს ამოქმედებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში ქარხანაში მუდმივად, 5 წლის განმავლობაში უნდა დაესაქმებინა საქართველოს არა ნაკლებ 12 მოქალაქე და აღნიშნულ პროექტში განეხორციელებინა არა ნაკლებ 300 000 ლარის ინვესტიცია.

ხელშეკრულებით განისაზღვრა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების პირობები, კერძოდ, საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრებოდა დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო სხვა ვალდებულებების დარღვევისათვის - თითოეულ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

შპს „A. C.“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობა ვერ განახორციელა, რადგან მისთვის სამინისტროსაგან გადაცემულ უძრავ ნივთზე პრეტენზია გამოთქვა ა. ს., რომელმაც სოფელ მახოს მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად დაიკავა უძრავი ნივთი. ეს გარემოება სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სამინისტროს 2013 წლის 9 ივლისის №პრ-78 ბრძანებითაც, რომელშიც მითითებული იყო, რომ შპს „A. C.ს“ ორჯერ განესაზღვრა დამატებითი ვადები ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების დასაწყებად და შესასრულებლად.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №85 განკარგულებით მოწონებულ იქნა სამინისტროს წინადადება და მიეცა მას თანხმობა, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების აქტის საფუძველზე შეეტანა ცვლილებები ზემოთ აღნიშნულ ხელშეკრულებაში და შპს „A. C.“ გაეთავისუფლებინა ხელშეკრულების საფუძველზე უკვე დარიცხული ან/და დასარიცხი სანქციებისაგან. ამ განკარგულების საფუძველზე, სამინისტრომ გამოსცა 2013 წლის 21 მაისის №ს-... ბრძანება, რომლითაც შპს „A. C.“ გათავისუფლდა ხელშეკრულების საფუძველზე უკვე დარიცხული ან/და დასარიცხი სანქციებისაგან, მხარეთა შორის შესაბამისი შეთანხმების აქტის გაფორმების პირობით.

ახმედ საფარიძესთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა, რის გამოც შპს „A. C.მ“ 2013 წლის 1 ივლისს განცხადებით მიმართა სამინისტროს და ითხოვა მისთვის 2012 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულებით გადაცემული უძრავი ნივთის სამინისტროსათვის დაბრუნება.

მოსარჩელის 2013 წლის 9 ივლისის №პრ-78 ბრძანებით გაუქმდა 2012 წლის 30 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება, ძალადაკარგულად გამოცხადდა 2013 წლის 21 მაისის №ს-130 ბრძანება, ხელშეკრულების საგანზე აღდგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლება და შპს „A. C.ს“ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 23 186 ლარის გადახდა.

2013 წლის 29 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონში მდებარე უძრავი ნივთი, საჯარო რეესტრში აღირიცხა შპს „ა.ის“ საკუთრებად, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი ა. ს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით და აღნიშნა, რომ შპს „A. Cმ“ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მას უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო.

შპს „A. C.ს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ხელი შეუშალა მესამე პირმა, რომელიც გამოთქვამდა პრეტენზიას სადავო უძრავ ნივთზე და, საბოლოოდ, მიაღწია კიდევაც ამ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვებას სამინისტროსაგან. ასეთ პირობებში, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება, რომლის ოდენობაც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სამართლიანად შეამცირა საქალაქო სასამართლომ.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა. რ.ფ. და ე. ს.მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიული თვალსაზრისით არაა საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი საფუძვლიანობის შემოწმებას შეუძლებელს ხდის, სასამართლო გასცდა დავის საგანს, რითაც დაარღვია დისპოზიციურობის პრინციპი და სასარჩელო მოთხოვნის მიუხედავად იმსჯელა მესამე პირის უფლების დაცვაზე, აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი. კასატორმა მიუთითა საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმადაც მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხელშემკვრელმა მხარეებმა გარკვეული ვალდებულებები იკისრეს, მოპასუხემ ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს გადახდა: ხელშეკრულების 2.1.7 და 2.1.8 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების ვადის დარღვევისათვის - ვადის დარღვევის დღიდან ყოველდღიურად ქონების ღირებულების 0,05%, ხოლო საინვესტიციო ვალდებულების დარღვევისათვის, 2.1.9 შესაბამისად განხორციელებული ინვესტიციის 0,1% ყოველდღიურად, ვალდებულების დარღვევის დღიდან.

ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, პირგასამტეხლომ შეადგინა 23 186 ლარი, რომლის დაკისრებაც მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოში მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია, თუმცა მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად ჩათვალა და არ გამოიკვლია ის გარემოება, თუ რას მიიღებდა მოსარჩელე ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, რასაც ნაწილობრივ არ დაეთანხმა აპელანტი და ამ საფუძვლით ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება. სააპელაციო პალატამ კი, გასაჩივრებული განჩინებით იმსჯელა ისეთ გარემოებაზე, რაც სარჩელის საგანს არ წარმოადგენდა, სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით.

სასამართლოს მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებაზე არასწორია, სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს მიზანს კრედიტორის გამდიდრება არ წარმოადგენს, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებისას მოსარჩელე მიიღებდა საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელ ქარხანას, ბოსტნეულის გადამამუშავებელ-შემფუთავ ხაზს, 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 12 საქართველოს მოქალაქის მუდმივ დასაქმებას, 300 000 ლარის ინვესტიციას და სხვა.

დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მესამე პირის მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე, იგი სამოქალაქო ბრუნვის პრინციპებიდან არ გამომდინარებს, სასამართლოს უნდა შეეფასებინა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ფაქტი და ხელისშემშლელი გარემოებების არსებობისას, მოპასუხის უფლებაზე, უარი ეთქვა მასზე, ხოლო მესამე პირის მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე მსჯელობა დაუსაბუთებელია, რადგანაც სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მესამე პირს ქონებაზე არანაირი უფლება არ გააჩნდა. ისეთ ვითარებაში, როდესაც საკუთრებით სარგებლობაში პირს ხელი ეშლება, ის ვალდებულია, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს ხელშეშლის აღკვეთის თხოვნით, რაც მოპასუხეს არ შეუსრულებია, რადგანაც მას ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დასრულება აღარ შეეძლო, ამასთანავე, თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, მას ეს გარემოება სათანადოდ უნდა დაესაბუთებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ა.ა. რ. ფ. და ე. ს. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა.ა.რ. ფ. და ე. ს. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან ამ საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასჩივრებულ განჩინებაში (იხ. სუსგ №ას-921-960-2011, 25 ნოემბერი, 2011 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა.ა. რ.ფ. და ე. ს. საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური