Facebook Twitter

№ას-836-800-2014 24 მარტი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „სადაზღვევო კომპანია „ა.ი -ჯ.ი.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი მოპასუხე შპს „სადაზღვევო კომპანია „ა.ი -ჯ-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 31 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს სადაზღვევო კომპანია „ა.ი -ჯ.ს “ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №…. ხელშეკრულება. სადაზღვევო კომპანია „ა.ი-ჯ-მა“ იკისრა ვალდებულება დაეზღვია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული …. ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის „S.A O.A“, ს/ნ NNS-... მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანას და სარგებლობდა დაზღვევის განსაკუთრებული პირობებით;

2012 წლის 12 მარტს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „S.A O.A“, ს/ნ NNS-..., რომელსაც მართავდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი მ.ქ-ე. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დაახლოებით დილის 07.00 საათზე, ... ქუჩაზე (მდინარე ... ...) ს.ს ქუჩის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მძღლოლმა მ. ქ-მ მოძრაობისას ვერ უზრუნველყო სწორი მანევრირება და შეეჯახა გზის გადამკეტ ბოა.ი -ჯ.იიურს;

2012 წლის 13 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წერილით მიმართა სადაზღვევო კომპანია „ა.ი -ჯ.ს“ 2012 წლის 12 მარტს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით;

2012 წლის 2 მაისს სადაზღვევო კომპანია „ა. ი -ჯმა“ წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სადაზღვევო კომპანია ა.ი -ჯ-ს ზარალის განმხილველმა კომიტეტმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილი მძღოლის 2012 წლის 13 მარტის ზიანის განაცხადი ავტომობილის დაზიანების გამო. კერძოდ, ავტომობილის მართვისას მძღოლი მოძრაობდა საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევით, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. სადაზღვევო კომპანიის მიერ მოცემულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი იყო გარკვევა ავტომობილის მძღოლი შემთხვევის დადგომისას მოქმედებდა თუ არა სამსახურებრივი დავალების შესრულების მიზნით, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში;

სადაზღვევო კომპანიამ თხოვნით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ შეესწავლათ ავტომობილის მძღოლის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მისი მოქმედების კანონიერება და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში მიეწოდებინათ შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაცია.

2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ზიანის განაცხადი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან დადგენილ იქნა, რომ ადგილი ქონდა დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მხრიდან ბრალეულ ქმედებას, რაც გამოხატა სატრანსპორტო საშუალების მართვისას „საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი მოთხოვნების დარღვევაში. გადაწყვეტილების შესაბამისად, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, ვერ იქნა დასაბუთებული უსაფრთხოების მოთხოვნების გადახვევის კანონიერება;

ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში (12.03.2012წ) ... .... ... მოედნიდან ვაკე-საბურთალოს გადასასვლელისაკენ სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2012 წლის 6 თებერვალს გაცემული №..... ნებართვის თანახმად 09.02.2012-დან 31.03.2013-მდე დაწესებული იყო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა და ტრანსპორტის მოძრაობა რეგულია.ი -ჯ.იებოდა კონკრეტული სქემა-ნიშნების შესაბამისად. მითითებულ მონაკვეთზე არსებული სქემის შესაბამისად, ა.ი.-ჯ.ი გამაფრთხილებელი ნიშნებისა მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვა გამაფრთხილებელი ნიშნების მონაცვლეობის შესაბამისად 50კმ/სთ-დან 20 კმ/სთ-მდე იყო შეზღუდული.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ შპს საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის 2012 წლის 6 თებერვლის №.... ნებართვით დაწესებული შეზღუდვები მძღოლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული და რომელთა მხედველობაში მიღების შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. აღნიშნული გამომდინარეობდა საქმეში წარმოდგენილი დასკვნიდან, კერძოდ, ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის 2013 წლის 24 ოქტომბრის დასკვნით. აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, ავტომანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა, მძღოლის მიერ მართვის ხერხების არასწორი გამოყენება და საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ 29.1 და 27.5 მოთხოვნების უგულებელყოფა მიზეზობრივ კავშირში იყო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან.

საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში - 2012 წლის 12 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული დაზღვეული ავტომანქანა „S.A O.A“, ს/ნ NNS-... მოძრაობდა ოპერატიული დანიშნულებით.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა დამზღვევისათვის საზღვევო თანხის ანაზღაურების საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „სადაზღვევო კომპანია „ა.ი -ჯ.ს“ შორის გაფორმებული №.... ხელშეკრულების დანართი №..-ით წარმოდგენილი ავტომობილები გამოიყენება ოპერატიული საქმიანობისათვის და სარგებლობენ სპეციალური დაზღვევით. მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანა განკუთვნილია ოპერატიული საქმიანობისთვის და სარგებლობს სპეციალური დაზღვევით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სარგებლობს გაცილებით მეტი უფლებებით და პრივილეგიებით, ვიდრე ჩვეულებრივ დაზღვეული ავტომობილები. აღნიშნული ავტომობილი წარმოადგენდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საკუთრებას. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ოპერატიული დანიშნულების ავტომობილები საჭიროებენ მანევრირების მეტ შესაძლებლობას, შესაბამისად, მათი დაზიანების რისკი მეტია, რაც გაცნობიერებულ უნდა იქნას მზღვეველის მიერ. ხელშეკრულების დანართი #..-ში წარმოდგენილი ავტომობილები სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას თავისუფლდებიან ისეთი სახის ვალდებულებებისგან, რომელიც ეკისრება დამზღვევს ჩვეულებრივი წესით დაზღვეული ავტომობილების დაზიანების შემთხვევაში;

კასატორი მიუთითებს, რომ შპს სადაზღვევო კომპანია „ა.ი -ჯ-მა“ 2012 წლის 2 მაისს №.... წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. აღნიშნული წერილით იგი ითხოვდა ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის მოქმედებდა თუ რა ავტომანქანის მძღოლი სამსახურებრივი დავალების შესრულების მიზნით. სადაზღვევო კომპანიას ზემოაღნიშნული წერილის პასუხად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 014 წლის 13 მაისის №...... წერილით ეცნობა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაზღვეული საგამოძიებო სამსახურის მანქანები გამოიყენებოდა ოპერატიული დანიშნულებით და აღნიშნულიდან გამომდინარე მოსთხოვა №..... ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. წერილის შინაარსიდან ირკვეოდა, რომ №..... ხელშეკრულების დანართი №...-ით დაზღვეული ავტომობილები გამოიყენებოდა მხოლოდ ოპერატიული დანიშნულებით და ისინი ცალსახად ახორციელებენ სამსახურებრივი დავალების შესრულებას. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ პირებს, დადგენილი წესით. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა ინფორმაცია კონკრეტული ოპერატიული საქმიანობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანია ვალდებული იყო აენაზღაურებინა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე