Facebook Twitter

საქმე №ას-865-827-2014 18 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. ფ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-ა (მოპასუხე)

მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) - თ. ქ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ვ. ფ-ას სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება,

სამართლებრივი ურთიერთობების არსებობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ფ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. ს-ას მიმართ, რომლითაც მოითხოვა სესხის სახით გადაცემული 10 000 აშშ დოლარის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება 667 აშშ დოლარის ოდენობით. სარჩელი ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ნ. ს-ასა და ვ. ფ-ას შორის ზეპირი ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხეს 2012 წლის იანვრის თვეში საკუთრებაში გადასცა თანხა 4000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო იმავე წლის დეკემბრის თვეში კი, - 6000 აშშ დოლარი. სესხისათვის მხარეებს შორის არ იყო შეთანხმებული პროცენტი და ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის მაისის თვეში უნდა დებრუნებინა 4000 აშშ დოლარი, ხოლო აგვისტოს თვეში კი, - 6000 აშშ დოლარი. მსესხებლის მხრიდან არ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება, რამაც გამსესხებელს მიყენა ზიანი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვ. ფ-ამ სესხის თანხა 13 000 აშშ დოლარი გადასცა არა ნ. ს-ას, არამედ თ. ქ-ას, რომელსაც ამ თანხიდან უკვე დაბრუნებული აქვს 1000 აშშ დოლარი. ასევე, მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს.

მესამე პირის განმარტებით მასსა და ნ. ს-ას შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა 12 000 აშშ დოლარზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელე ვ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- მოპასუხე ნ. ს-ას მოსარჩელე ვ. ფ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 4 000 აშშ დოლარის გადახდა;

- მოპასუხე ნ. ს-ას მოსარჩელე ვ. ფ-ს სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 213.33 აშშ დოლარის ოდენობით;

- მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით თ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- აღიარებულ იქნა თ. ქ-ასა და ვ. ფ-ას შორის სასესხო ურთიერთობების არსებობა, საიდანაც გამომდინარე, თ. ქ-ას, როგორც მსესხებლის ვალდებულება ვ. ფ-ას, როგორც გამსესხებლის მიმართ შეადგენს 8 000 აშშ დოლარს;

გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს ვ. ფ-ამ, ნ. ს-ამ და თ. ქ-ამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით ვ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნ. ს-სა და თ. ქ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანიის სასამართლოში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ზ. გ-სა და მ. ა-ას ჩვენებებით, რომლებიც შეესწრო ერთსა და იმავე ფაქტს, კერძოდ, ვ. ფ-ას მიერ ნ. ს-ასათვის თანხის გადაცემას მაღაზიაში, რომლის ოდენობა მოწმეებს არ შეუმოწმებიათ, დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება ნ. ს-ასათვის თანხის გადაცემის შესახებ, ხოლო მის ოდენობასთან დაკავშირებით გაიზიარა თავად მოპასუხის ნ. ს-ას მიერ აღიარებულ ფაქტი, რომ ნ. ს-ამ მოსარჩელისგან მიიღო არა 6000 აშშ დოლარი, არამედ 4000 აშშ დოლარი. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მოწმე ი. ბ-ის ჩვენებით, ვ. ფ-ას მიმართ ნ. ს-ას ვალის ოდენობის 10 000 აშშ დოლარის თაობაზე ცნობილია თავად ნ. ს-ასაგან. ამასთან, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ,,CD” დისკის ფორმატით განხორცილებული ჩანაწერის მიხედვით მოპასუხე ნ. ს-ა არ უარყოფს ერთჯერადად თანხის მიღების ფაქტს. მაგრამ, აღნიშნული ჩანაწერით არ დგინდება, მოპასუხე ნ. ს-ას მიერ მოსარჩელე ვ. ფ-ას მხრიდან სესხის სახით 6000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი.

რაც შეეხება ქ. თბილისისა და მცხეთა მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის მიმართულების მე-2 ოცეულის ინსპექტორის მიერ შედგენილ ოქმს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია მოპასუხე ნ. ს-ა აღიარებს მოთხოვნის არსებობას, თუმცა აღნიშნული ოქმით არ დგინდება შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა, ხოლო ნ. ს-ას ვალის ოდენობა 10 000 აშშ დოლარი მიეთითა ვ. ფ-ას ანუ კრედიტორის განცხადებით, რაც პალატის მოსაზრებით, ნ. ს-აზე გაცემული სესხის ოდენობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ვ. ფ-ას სარჩელი მოპასუხე ნ. ს-ასათვის თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო 4000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. რაც შეეხება, ვ. ფ-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის სრულად დაკმაყოფილების შესახებ (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი), ვინაიადან აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა შესაბამის დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივი უსწორობების თაობაზე. შესაბამისად, მას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო.

ნ. ს-სა და თ. ქ-ას სააპელაციო საჩივრებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თავად მოპასუხე ნ. ს-ას მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელზე, რომლის შესაბამისად დასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ვ. ფ-ასაგან თანხა 4000 აშშ დოლარის ოდენობით გადაეცა ნ. ს-ას. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ თ. ქ-ას გააჩნდა სასესხო ვალდებულება თავად ნ. ს-ას მიმართ, რომელსაც ვერ ასრულებდა, ხოლო ნ. ს-ას თანხა ესაჭიროებოდა, თ. ქ-ამ მას შესთავაზა თანხა აეღო სესხად ვ. ფ-ასაგან, რაზედაც ნ. ს-ა დათანხმდა, დაუკავშირდა ვ. ფ-ას და სთხოვა თანხის სესხად გადაცემა, ამასთან განუმარტა, რომ თ. ქ-ას ჰქონდა მისი ვალი, რომელსაც ვერ უხდიდა და სესხად აღებული თანხა მას სჭირდებოდა. პალატის მოსაზრებით, შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან მნიშვნელოვანი იყო შემდეგი: ვ. ფ-ამ სესხი გასცა ნ. ს-ას თხოვნით; სესხის გაცემისას ვ. ფ-ას თავად ნ. ს-ამ განუმარტა, რომ თანხა მას პირადად ესაჭიროებოდა; თანხის გადაცემა მოხდა ნ. ს-ასათვის. გარდა ამისა, შესაგებელში ასევე მითითებული იყო, რომ თ. ქ-ას ვინაიდან, უკვე გააჩნდა ვ. ფ-ას ვალი, ვ. ფ-ა მასზე დამატებით სესხს აღარ გასცემდა და სწორედ აღნიშნულის გამო, სესხის გაცემის თხოვნით ვ. ფ-ას მიმართა ნ. ს-ამ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საპატრულო პოლიციის ინსპექტორის მიერ შედგენილი ოქმის (ნ. ს-ას მიერ ვ. ფ-ას მიმართ სესხის არსებობის დადასტურების ნაწილში) ერთობლიობაში შეფასების შედეგად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ვ. ფ-ას მიმართ 4000 აშშ დოლარის გადახდაზე ვალდებულ პირს წარმოადგენდა ნ. ს-ა.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ს-ას და თ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი ნ. ს-ასათვის 4000 აშშ დოლარისა და ზიანის სახით 213.33 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე დაუსაბუთებელი იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. ფ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოითხოვა ვ. ფ-ას სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორი პრეტენზიას აცხადებს ნ. ს-ასთან სასესხო ურთიერთობის დადგენის ნაწილში 4000 აშშ დოლარზე და განმარტავს, რომ ნ. ს-ასთან სასეხო ურთიერთობა არსებობდა არა მხოლოდ 4000 აშშ დოლარზე, არამედ 10 000 აშშ დოლარზე.

ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.06.2014წ.-ის (საოქმო ფორმის) განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა დისკის დართვის შესახებ და განმარტავს, რომ ამ დისკზე არსებული ჩანაწერით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ნ. ს-ამ თ. ქ-ასთან საუბარში აღიარა თანხის მიღებისა და მისი თ. ქ-ასათვის გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოება, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სესხის სახით გადაცემული თანხის მესაკუთრე გახდა ნ. ს-ა, რომელიც უფლებამოსილი იყო თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა გადაცემული თანხა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, საპატრულო პოლიციის 07.12.2012წ.-ის ოქმი, რომელშიც კასატორის განმარტებით ნ. ს-ა აღაირებს იმ ფაქტს, რომ ვ. ფ-ას მიმართ გააჩნია დავალიანება 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდასაც პირდება ნაწილ-ნაწილ.

ამასთან, კასატორის განმარტებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულვებელყო სამოქალაქო კოდექსის 523-ე მუხლის დანაწესი, რომელიც ზეპირი სესხის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის დასადასტურებლად მოწმეთა ჩვენებებს არ მიიჩნევს საკმარის მტკიცებულებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ვ. ფ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ვ. ფ-ა პრეტენზიას აცხადებს ნ. ს-ასთან სასესხო ურთიერთობის არსებობაზე 10 000 აშშ დოლარის ოდენობით.

მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ი. ბ-ის, ზ. გ-სა და მ. ა-ას ჩვენებებითა და ქ. თბილისისა და მცხეთა მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის მიმართულების მე-2 ოცეულის ინსპექტორის მიერ შედგენილი ოქმის (ნ. ს-ას მიერ ვ. ფ-ას მიმართ სესხის არსებობის დადასტურების ნაწილში) ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ვ. ფ-ას მიმართ 4000 აშშ დოლარის გადახდაზე ვალდებულ პირს წარმოადგენდა ნ. ს-ა.

ზიანის მიყენების ნაწილში კი, სააპელაციო საჩივარის შესაბამისი საფუძვლების მიუთითებლობის გამო, გაზიარებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სესხის სახით მიღებული თანხა 4000 აშშ დოლარის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობით მოსარჩელეს უდავოდ მიადგებოდა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოადგენდა კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტით გათვალისწინებული დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთს, რასაც მოსარჩელე მიიღებდა სადავო თანხის ე.ი. 4000 აშშ დოლარის შესაბამის ანგარიშზე შეტანის შემთხვევაში და რისი წლიური საპროცენტო განაკვეთიც საშუალოდ შეადგენს შეტანილი თანხის 8%-ს. ამდენად, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, 8 თვის განმავლობაში მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს 213.33 აშშ დოლარის ოდენობით.

მოცემული დავის იურიდიული კვალიფიკაციისათვის გამოყენებულია სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე და 411-ე მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით დადგენილი წესი, რომელიც ზეპირი სესხის ხელშეკრულების არსებობისას მოწმეთა ჩვენებას დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნევს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი, არ შეიძლება განმარტებულ იქნეს იმგვარად თითქოს მოწმეთა ჩვენება ამ ტიპის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების დასადგენად დაუშვებელი მტკიცებულება იყოს. მოცემული ნორმა ადგენს გამოსაყენებელ მტკიცების სტანდარტს, რომლის მიხედვით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები, რომლის მიხედვით სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. შესაბამისად, სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად მოწმის ჩვენება არასაკმარისია და საჭიროა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებიც. ასეთად შეიძლება განხილულ იქნეს მაგალითად, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი და სხვ. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ფაქტობრივი გარემოების, სახელდობრ, მხოლოდ 4000 აშშ დოლარზე სასესხო ურთიერთობის ფაქტის დასადასტურებლად მოწმეთა ჩვენებებთან ერთად ასევე წარმოდგენილია ქ. თბილისისა და მცხეთა მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის მიმართულების მე-2 ოცეულის ინსპექტორის მიერ შედგენილ საოქმო ჩანაწერი, რომლითაც დადასტურებულია სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტი მხოლოდ 4000 აშშ დოლარზე. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სესხის ზეპირი ხელშეკრულებით გადაცემული თანხის ოდენობის დასადასტურებლად, მოწმეთა ჩვენებების გარდა, წარმოდგენილი იყო სხვა სახის მტკიცებულებებიც, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ნ. ს-ას ვალდებულება ვ. ფ-ას მიმართ განისაზღვრებოდა მხოლოდ 4000 აშშ დოლარით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ., სუს 31.10.2011წ.-ის ას-1294-1314-2011 განჩინება; სუს 08.05.2014წ.-ის Nას-1275-1217-2013 განჩინება), რომელიც შეეხება სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას (სკ-ის 623-ე მუხ.), ასევე, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევით მიყენებული მიუღებელი შემოსავლისთვის ზიანის ანაზღაურებას (სკ-ის 411-ე მუხ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (520,70 ლარის) 70% – 364,49 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ფ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს - ვ. ფ-ას (პ/ნ ........) დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 04 აგვისტოს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (520,70 ლარის) 70% – 364,49 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე