Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-896-858-2014 16 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ბ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში – შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის“ მიმართ სადაზღვევო თანხის – 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2012 წლის 28 დეკემბერს მ. ბ-ასა და შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ს“ შორის გაფორმდა სადაზღვევო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დაზღვეულ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება „ნისან ქაშქაი“, სახელმწიფო ნომრით „......“. ხელშეკრულების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის თანხად განისაზღვრა 20 000 აშშ დოლარი.

მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების 7.2 მუხლი ითვალისწინებდა, რომ დამზღვევის მიერ პრემიის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დაზღვევა ჩერდება. შეჩერებული დაზღვევა ავტომატურად უქმდება, თუ დამზღვევი ერთ თვეში არ დაფარავს დავალიანებას. ამასთან, სადაზღვევო ანაზღაურებას არ ექვემდებარება შეჩერების პერიოდში დამდგარი შემთხვევა (ზიანი).

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის მიერ სადაზღვევო თანხების ანაზღაურება ხდებოდა ვადის გადაცილებით. სწორედ ასეთ გადაცილებას დაემთხვა 2013 წლის 6 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევა.

მხარემ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება კანონის ნორმებს, ვინაიდან მას სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულება არ გაუწყვეტია, ასევე, არც ერთი მხარე არ გასულა ხელშეკრულებიდან, ამდენად, სადაზღვევო კომპანიამ უსაფუძვლოდ უთხრა უარი სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმებულია ის არსებითი პირობა, რომლის შემთხვევაშიც სადაზღვევო თანხა ანაზღაურებას არ ექვემდებარება. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოსარჩელეს დაგვიანებული ჰქონდა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების შესრულება, რის საფუძველზეც ხელშეკრულება შეჩერებული იყო. ამდენად, მისი აპელირება სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე საფუძველს მოკლებულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, სადავოა მხოლოდ მათი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 28 დეკემბერს, ერთი მხრივ, მ. ბ-ასა და, მეორე მხრივ, შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ს“ შორის გაფორმდა №...... სადაზღვევო ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-მა“ ვალდებულება იკისრა, მ. ბ-ასათვის გაეწია დაზღვევის მომსახურება. დაზღვევის პერიოდად განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 20 000 აშშ დოლარით.

ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამზღვევის მიერ პრემიის (ხოლო განვადებისას მისი ვადამოსული შენატანის) ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დაზღვევა ჩერდება. შეჩერებული დაზღვევა ავტომატურად უქმდება (წყდება), თუ დამზღვევი ერთ თვეში არ დაფარავს დავალიანებას. ამასთან, სადაზღვევო ანაზღაურებას არ ექვემდებარება შეჩერების პერიოდში დამდგარი შემთხვევა (ზიანი).

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2013 წლის 6 აგვისტოს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაზიანდა მ. ბ-ას კუთვნილი დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

მ. ბ-ა სადაზღვევო პრემიას იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევით, კერძოდ, მას აგვისტოს თვის პრემია გადახდილი აქვს არა გრაფიკით გათვალისწინებულ 2013 წლის 31 ივლისს, არამედ 2013 წლის 6 აგვისტოს. მ. ბ-ას სასარგებლოდ შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ს“ სადაზღვევო პოლისის საფუძველზე დაზღვევისათვის გათვალისწინებული სადაზღვევო თანხა არ გაუცია.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2012 წლის 28 დეკემბერს შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-სა“ და მ. ბ-ას შორის ხელშეკრულების გაფორმებით მხარეთა შორის წარმოიშვა დაზღვევის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 817-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ 2012 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობის შეფასებისათვის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეჩერების თაობაზე, უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზემოთ მითითებული ნორმების ანალიზი ერთობლიობაში. სამოქალაქო კანონდებლობით აღიარებული უფლებათა მართლზომიერად და კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობა ხელშეკრულების შეჩერების თაობაზე ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს.

რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას და სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებას სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევებში, სააპელაციო პალატის მითითებით, შეფასების საგანს წარმოადგენს ის გარემოება, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ხელშეკრულების შეწყვეტილად მიჩნევის საფუძვლად დამზღვევის მიერ პრემიის შეტანის ვალდებულების დარღვევა, თუ მზღვეველი არ აფრთხილებს დამზღვევს წერილობით და არ განუსაზღვრავს ვადას.

აღნიშნული თვალსაზრისით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოსავალ პრინციპს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიღწევა წარმოადგენს, სამოქალაქო კოდექსი ორიენტირებულია პირველადი მოთხოვნის – ვალდებულების შესრულების მიღწევაზე, რაც შეეხება ხელშეკრულების მოშლასა თუ ხელშეკრულებიდან გასვლას, აღნიშნულიც თავისთავად მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული და კანონმდებელი ამომწურავად განსაზღვრავს თითოეულ ამ ინსტიტუტს. სადაზღვევო პრემიის შეტანის მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლები, არ წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის ნორმებს და ცალსახად არ ადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას, კანონმდებელი ამავე კოდექსის 817-ე და 818-ე მუხლებით ადგენს მზღვეველის უფლებას, შესაბამისი ფორმით განსაზღვროს პრემიის გადახდის დამატებითი ვადა, ასევე კანონით დადგენილი ფორმის დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა მზღვეველის მიერ აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა მისი, როგორც ხელშეკრულების მხარის არაკეთილსინდისიერად მიჩნევის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის დათქმა, რომ სადაზღვევო შესატანი დროულად გადაუხდელობისას მზღვეველს შეუძლია, წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება, არ შეიძლება განმარტებულ იქნას ამავე მუხლის მეორე ნაწილისაგან განყენებულად, რადგანაც მითითებული ნორმის მეორე ნაწილით დადგენილია მზღვეველის მიერ შეტყობინების უფლების გამოუყენებლობისათვის ერთგვარი სამოქალაქო-სამართლებრივი სანქცია, კერძოდ ის, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა მისთვის წარმოშობს სადაზღვევოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო კომპანია წერილობით გააფრთხილებს დამზღვევს პრემიის გადახდის თაობაზე და 2-კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა. ამ ვადის გასვლამდე მზღვეველი ვალდებულია, აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი შემთხვევა, მიუხედავად იმისა, დამზღვევს გადაცილებული აქვს თუ არა პრემიის შეტანის ვადა.

სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიას წერილობით არ გაუფრთხილებია დამზღვევი პრემიის გადახდის თაობაზე, არ განუსაზღვრავს ორკვირიანი ვადა და მ. ბ-ამ თავად განახორციელა გადახდა გრაფიკით გათვალისწინებული თარიღიდან რამდენიმე დღეში, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 28 დეკემბრის დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სადაზღვევო ურთიერთობა არ შეწყვეტილა და სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების პასუხისმგებლობისაგან მზღვეველის განთავისუფლების საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა მიიჩნია, რომ სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის“ პოზიცია არ ეწინააღმდეგება არც კანონმდებლობას, არც სასამართლო პრაქტიკას, არც სამართლიანობას ზოგადად მომხმარებელთა მიმართ. იგი ეწინააღმდეგება წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მავნე სადაზღვევო პრაქტიკასა და სტერეოტიპებს.

მხარეთა შორის სადავო გახდა სადაზღვევო ხელშეკრულების 7.2 პუნქტის შემდეგი პირობა: „დამზღვევის მიერ პრემიის (ხოლო განვადებისას მისი ვადამოსული შენატანის) ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დაზღვევა ჩერდება. შეჩერებული დაზღვევა ავტომატურად უქმდება (წყდება), თუ დამზღვევი ერთ თვეში არ დაფარავს დავალიანებას. ამასთან, სადაზღვევო ანაზღაურებას არ ექვემდებარება შეჩერების პერიოდში დამდგარი შემთხვევა (ზიანი)“.

მხარის განმარტებით, მითითებულ პუნქტში გამოკვეთილია ხელშეკრულების „შეჩერების პრინციპი“ და „შეწყვეტის პრინციპი“, რომლებიც შემუშავდა და სადაზღვევო ბრუნვის ავტომატიზებულ აღრიცხვიანობაში დაინერგა როგორც საზღვარგარეთის, ისე საქართველოში სადაზღვევო პრაქტიკის შესწავლა-ანალიზის შედეგად. მათი პირველადი მიზანი არის ლოიალური დამოკიდებულება მომხმარებელთა მიმართ. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილები მომეტებულად ლიკვიდურ ქონებად ითვლება და წლის განმავლობაში ხშირია მათი გასხვისება, სამართლებრივი მდგომარეობის სხვაგვარი ცვლილება თუ ჩანაცვლება, ასევე არასტაბილურია ზოგადი სამომხმარებლო შესაძლებლობა, წლის განმავლობაში შეინარჩუნოს სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება. პარალელურად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩამოყალიბდა მავნე სადაზღვევო პრაქტიკა, რომლის მიხედვით სადაზღვევო კომპანიები სახელშეკრულებო წლის ბოლომდე ნაძალადევად ინარჩუნებენ ხელშეკრულებას, როდესაც მომხმარებელს განვადებული პრემიის გადახდა ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვს და შემდეგ სასამართლოს ძალით იღებენ სრულ თანხას (რიგ შემთხვევაში – ორმაგად, არიცხავენ რა პირგასამტეხლოს). მითითებულის საწინააღმდეგოდ, მოცემული 7.2 პუნქტი წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის ჯანსაღი, ლოიალური პრინციპი, რომლითაც ყოველთვიურად სარგებლობს საცალო ავტოდაზღვევის მომხმარებელთა 20-25%.

ასევე, ცხადია, გაანალიზდა ის რისკი, რომ ამგვარი ლოიალური პრინციპის პირობებში გაჩნდება არასამართლებრივი ცდუნება, რომ მომხმარებელმა ვადაგადაცილებული სადაზღვევო პერიოდის საფასური მხოლოდ მაშინ გადაიხადოს, თუ მას ამ პერიოდში მართლაც შეემთხვევა მნიშვნელოვანი (გადასახდელ პრემიაზე მეტი) ოდენობის ზიანი. არადა, დაზღვევის ძირითადი პრინციპი სწორედ რისკის – იმ ალბათობის დაზღვევას წარმოადგენს, რომელიც მომავალში შეიძლება დადგეს.

კასატორმა მიიჩნია, რომ სადაზღვევო პრემიის წინასწარი გადახდით დამზღვევი სწორედ რისკის დადგომის შესაძლებლობას აზღვევს. შესაბამისად, „შეჩერების პრინციპით“ დაზღვევის პრაქტიკის სწორედ ამ ფუნდამენტური სადაზღვევო პრინციპის დაცვაა, რაც, მეორე მხრივ, გვაძლევს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ „შეწყვეტის ლოიალური პრინციპიც“. „შეწყვეტის ლოიალური პრინციპით“ ყოველწლიურად ასეულობით მომხმარებელი სარგებლობს და მისი არსებობა პირდაპირ კავშირშია პარალელურად „შეჩერების პრინციპის“ არსებობაზე, რომელიც შეიძლება ხელსაყრელი არ იყოს მხოლოდ ცალკეული მომხმარებლისათვის.

მხარემ ჩათვალა, რომ „შეჩერება-შეწყვეტის“ პრინციპები სამართლიანია ყველა მომხმარებლისთვის, რომელსაც (მხოლოდ ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებში) აღარ სურს, აღარ სჭირდება ან ფინანსურად აღარ შეუძლია დაზღვევის შენარჩუნება, რადგან ისინი ყოველგვარი სანქციის გარეშე წყვეტენ ხელშეკრულებას. ასევე, „შეჩერება-შეწყვეტის“ პრინციპების ერთდროულად არსებობა იწვევს სადაზღვევო რისკ-ალბათობის კონტროლს და აიაფებს დაზღვევის ფასს. მეტიც, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის პოზიტიური თანმდევი უკუეფექტი, რომ ამჟამად „ა. ჯ-ის“ თითქმის ყველა მომხმარებელი, რომელიც არ აპირებს დაზღვევის ვადამდე შეწყვეტას, აცნობიერებს რა პრემიის გადახდის ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგს, ამდენი წლის შემდეგ პირველად შეეჩვია სადაზღვევო სერვისის დისციპლინას.

სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის ზოგად-სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მისი დებულებები (შინაარსი), ოღონდ ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს. ამასთან, სამოქალაქო კანონმდებლობის უმეტესი ნორმა დისპოზიციურია. შესაბამისად, დაიშვება, რომ კანონის იმპერატიული დებულებების მიღმა მხარეებმა ნებისმიერი საკითხი ორმხრივი ნებით შეათანხმონ, ანუ მოქმედებს სამოქალაქო სამართლის პრინციპი, – რაც არ ეწინააღმდეგება კანონს, დაშვებულია. სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ ხელშეკრულების შინაარსს, ასევე თავისუფალნი არიან კონტრაჰენტის არჩევაში.

კასატორმა მიიჩნია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, კანონმა მზღვეველს უფლებამოსილება მიანიჭა, სადაზღვევო შემთხვევის რეგულირება მოეხდინა მხარეთა შეთანხმებული პირობების შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში მხარეებმა გაითვალისწინეს სადაზღვევო პრემიის გადახდის წესი და დამზღვევის მიერ ვალდებულების ჯეროვან შესრულებას დაუკავშირეს მზღვეველის მიერ შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულება. უდავოდ დადგენილია, რომ მ. ბ-ამ დაარღვია სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკი და ვადაგადაცილებული პრემიის გადახდა მოხდა მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების 7.2 პუნქტის შესაბამისად, დავალიანების არსებობის პერიოდში, დაზღვევის შეჩერების გამო, მზღვეველმა უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე. ამგვარად, სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთანგარიშსწორების ამ კონკრეტულ წესზე.

მხარემ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინებებისა და ორკვირიანი მოცდის ვალდებულება მზღვეველისათვის არ წარმოშობილა, ვინაიდან ისინი ხელშეკრულებით იყვნენ შეთანხმებული განსხვავებულ წესსა და პირობებზე. აღნიშნულ პოზიციას ამყარებს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული მნიშვნელოვანი განმარტება ვალდებულების შესრულების და ხელშეკრულების მოქმედების ვადების გამიჯვნასთან დაკავშირებით. კერძოდ, საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვალდებულების შესრულებისათვის გარკვეული დღის წინასწარ შეთანხმებისას, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის არ არის საჭირო შეხსენება. ასეთ შემთხვევაში შეხსენება კრედიტორის უფლებას და არა მოვალეობას წარმოადგენს. გამოკვეთილად და ნათლად განსაზღვრული დღე თავისთავად აღარ საჭიროებს შეხსენებას („დრო აფრთხილებს ადამიანის მაგივრად“). კრედიტორის მიერ გაფრთხილება საჭიროა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების განუსაზღვრელი ვადების პირობებში. აღნიშნული მნიშვნელოვანი განმარტება ზუსტად განსაზღვრავს განსახილველ შემთხვევას, კერძოდ, ის ფაქტი, რომ დაზღვევის პოლისში ზუსტად და ნათლად იყო მითითებული გადახდის თარიღები, გულისხმობს იმას, რომ დამზღვევი ინფორმირებული იყო, კონკრეტულად როდის უნდა გადაეხადა თანხა, ხელშეკრულებაში ასევე ნათლად და გარკვევით წერია, რა შედეგი მოჰყვება გადახდის ვადის გადაცილებას.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (№09.20.2013, №ას-1708-1602-2012), რომელიც პირიქით, სწორედ რომ სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის არაიმპერატიულობას ადასტურებს და უთითებს, რომ ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის პირობებში მხარეები განსხვავებულ პირობაზე არ არიან შეთანხმებულები. შესაბამისად, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მხარემ მიუთითა, რომ განსახილველი საქმე სასამართლო პრაქტიკის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია, ზუსტად იდენტური ფაქტობრივი მონაცემების საქმეზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ უმსჯელია და აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდება ახალი, ჯანსაღი პრაქტიკის დანერგვა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ დასაშვებად უნდა ცნოს საკასაციო საჩივარი და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაში უნდა იქნეს საერთაშორისო პრაქტიკასთან.

ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლი და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (№09.20.2013, №ას-1708-1602-2012), ხოლო არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 319-ე და 799-ე მუხლები, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 28 დეკემბერს, ერთი მხრივ, მ. ბ-ასა და, მეორე მხრივ, შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ს“ შორის გაფორმდა №...... სადაზღვევო ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-მა“ ვალდებულება იკისრა, მ. ბ-ასათვის გაეწია დაზღვევის მომსახურება. დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე, სადაზღვევო თანხა კი – 20000 აშშ დოლარით.

ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამზღვევის მიერ პრემიის (ხოლო განვადებისას მისი ვადამოსული შენატანის) ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დაზღვევა ჩერდება. შეჩერებული დაზღვევა ავტომატურად უქმდება (წყდება), თუ დამზღვევი ერთ თვეში არ დაფარავს დავალიანებას. ამასთან, სადაზღვევო ანაზღაურებას არ ექვემდებარება შეჩერების პერიოდში დამდგარი შემთხვევა (ზიანი).

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2013 წლის 6 აგვისტოს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაზიანდა მ. ბ-ას კუთვნილი დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

მ. ბ-ა სადაზღვევო პრემიას იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევით, კერძოდ, მას აგვისტოს თვის პრემია გადახდილი აქვს არა გრაფიკით გათვალისწინებულ 2013 წლის 31 ივლისს, არამედ 2013 წლის 6 აგვისტოს. მ. ბ-ას სასარგებლოდ შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ს“ სადაზღვევო პოლისის საფუძველზე დაზღვევისათვის გათვალისწინებული სადაზღვევო თანხა არ გაუცია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 817-ე-818-ე მუხლების განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (2013 წლის 21 თებერვლის №ას-85-81-2013 განჩინება).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის თანახმად, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ დარღვეულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან.

სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის თანახმად, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.

სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს, იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და, ამავე დროს, აშკარა უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.

სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას, კანონმდებელი მზღვეველს ავალებს, გონივრულ ვადებში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი შედეგები.

სამოქალაქო კოდექსის 817-ე-818-ე მუხლები არ არის მავალდებულებელი, მაგრამ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს, მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და შემდეგ მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს №1407228439 საგადახდო დავალებით გადახდილი 1735 ლარის 70% – 1214,5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს №1407228439 საგადახდო დავალებით გადახდილი 1735 ლარის 70% – 1214,5 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე