Facebook Twitter
#as-660-619-2010

ას-908-870-2014 30 მარტი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „სადაზღვევო კომპანი’’ ა.ა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ. ს. დ.ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1. შპს „გ. ს. დ.ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. შპს „სადაზღვევო კომპანია ,,ა.ა-ს“ შპს „გ. ს. დ.ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 6 672.6 ლარის გადახდა;

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ა-მ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ივნისის განჩინებით:

1. შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ა-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ა-ს“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2015 წლის 23 თებერვალს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა და მიუთითა, რომ სურს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ა-ს“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო გნმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ა-ს“ მიერ, რომელმაც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიაზე წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ იგი უარს განაცხადებს საკასაციო საჩივრის განხილვაზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის განიხილოს მისი საჩივარი. ამდენად, შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ა-ს“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა უარი განაცხადა მის განხილვაზე.

მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 და 49.4 მუხლის შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 343.64 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ა-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს - შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ა-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (გადახდის თარიღი – 2014 წლის 23 დეკემბერი, საგადახდო დავალება №…) – 343.64 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე