საქმე №ას-910-972-2014 4 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – დ.შ., თ.გ., ხ.შ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ხანდაზმულობის გამო, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს.ბ.მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.შ.ის, თ.გ.ისა და ხ.შ.ის მიმართ მოპასუხეებისათვის ძირითადი დავალიანების - 8 119.93 ლარის, სარგებლის - 9 048.46 ლარისა და ჯარიმის 29 030.24 ლარის დაკისრების, ასევე თავდებ ხ.შ.ის პასუხისმგებლობის 17 520 ლარით განსაზღვრის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2009 წლის 20 მარტს, ერთი მხრივ, მოსარჩელესა და მეორე მხრივ დ.შ.სა და თ.გ.ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც დ.შ.სა და თ.გ.ის სახელზე 36 თვით, წლიური 28.7%-ის დარიცხვით გაიცა სესხი - 8 760 ლარი. ხელშეკრულებით პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა 0,5%-ით. სესხი გაიცა რეფინანსირების მიზნით.
მსესხებლის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ხელშეკრულების 1.4 მუხლით, სესხის ძირი თანხის ორმაგი ოდენობით (17 520 ლარი), სოლიდარული თავდებობა იკისრა ხ.შ.მ.
მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსესხებელს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:
ხ.შ.ის განმარტებით, არასწორია მოსარჩელის მსჯელობა, რომ მოვალის მიერ ვადის დარღვევისას კრედიტორმა გააფრთხილა კრედიტის ამღები, ეს გარემოება, წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, ამასთანავე, კრედიტორმა დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლით გათვალისწინებული თავდების ინფორმირების ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, ბანკი უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა ხელშეკრულება დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლისას იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ვადას ორჯერ გადააცილებდა, ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 130-ე და 131-ე მუხლების შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ხოლო, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, თავდები უფლებამოსილია, უარი განაცხადოს შესრულებაზე.
თ.გ.მა და დ. შ.მა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითეს ვალდებულების დარღვევის გამო კრედიტორის მიერ მათი გაუფრთხილებლობის ფაქტზეც, ასევე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. მოპასუხეებმა დამატებით განმარტეს, რომ მოთხოვნა არც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, რადგანაც მოსარჩელე ძირითად ვალთან ერთად მოითხოვს შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთსა და პირგასამტეხლოს, მან სარჩელის 2013 წლის 29 ოქტომბერს აღძვრით ხელოვნურად გაზარდა მოთხოვნის ოდენობა, ამგვარი ქმედება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და მართლწესრიგს არ შეესაბამება.
სამოქალაქო კოდექსით დამკვიდრებულია ხელშეკრულების ყოველი მხარის ვალდებულება, ხელი შეუწყოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და გულისხმიერება გამოიჩინოს მეორე მხარის უფლებებისა და მოვალეობებისადმი, აღნიშნული განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დარღვეულია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ.ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: დ.შ.ს, თ.გ.სა და ხ.შ.ს სს „ს.ბ.ს” სასარგებლოდ დაეკისრათ ძირითადი დავალიანების - 6 296.13 ლარისა და პროცენტის - 1 907.59 ლარის გადახდა, მოპასუხეებს: დ.შ.სა და თ.გ.ს მოსარჩელე სს „ს.ბ.ს“ სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისრათ 2 354.46 ლარისა და პირგასამტეხლოს - 2 888.80 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის განჩინებით დ.შ.ის, თ.გ.სა და ხ.შ.ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტები გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობებზე მითითებისას სადავოდ არ ხდიან დაკისრებული თანხების ოდენობას. სააპელაციო საჩივრების ძირითადი არგუმენტი, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის არასწორად დაკისრებას უკავშირდებოდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანიც მხოლოდ მოთხოვნის ხანდაზმულობის შემოწმება იყო.
სასამართლოს დასკვნით, სს „ს.ბ.ს“ სასარჩელო მოთხოვნა 2010 წლის 31 მაისიდან ხანდაზმული არ იყო. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ 2009 წლის 20 მარტს, ერთი მხრივ, სს „ს.ბ.სა“ და, მეორე მხრივ, დ.შ.სა და თ.გ.ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, დ.შ.სა და თ.გ.ის სახელზე 36 თვით გაიცა სესხი - 8 760 ლარი, საპროცენტო სარგებლის წლიური 28.7%-ის დარიცხვით.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების განმარტება, რომ სს „ს.ბ.ს“ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან კრედიტის გამცემს, სს „ს.ბ.ს“ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტისა და კრედიტის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება 2009 წლის მაისში წარმოეშვა, ვინაიდან ამ დროისათვის, გრაფიკით გათვალისწინებული შესრულების ვადა მოვალეს უკვე ორგზის (აპრილისა და მაისის თვეში) დარღვეული ჰქონდა, შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნა 2013 წლის ივნისში ხანდაზმულია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლზე და განმარტა, რომ მითითებული ნორმა ეხება საბანკო-საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას კრედიტის არა მიმღების, არამედ გამცემის მიერ. ეს შესაძლებელია კანონიერი საფუძვლის არსებობისას. ასეთ საფუძვლად კი მიჩნეულია კრედიტის ამღების მხრივ კრედიტის ნაწილის, სულ ცოტა, ორი ვადით გადახდის გადაცილება მაშინ, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება განსაზღვრულ ვადაში.
კრედიტის გამცემს უფლება აქვს, მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, თუკი კრედიტის ამღები ზედიზედ ორჯერ არ შეასრულებს კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნების ვალდებულებას. ხელშეკრულების დადების უფლება, ისევე, როგორც შეწყვეტის უფლება, თავისუფალი კონტრაჰირების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი თავად წყვეტს, მიუხედავად კონტრაჰენტის მიერ ვალდებულებების დარღვევისა, დარჩეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში თუ შეწყვიტოს იგი. ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოადგენს კრედიტის გამცემის უფლებას და არა მის ვალდებულებას. ხელშეკრულება შესრულების ზედიზედ ორჯერ ვადის გადაცილებით ავტომატურად არ წყდება. მხარეებმა უნდა გამოხატონ ნება ხელშეკრულების შეწყვეტაზე. კრედიტის გამცემს შეუძლია, მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა ან გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი წარმოადგენს კრედიტორის უფლებას და არა ვალდებულებას, ხელშეკრულების ორჯერ დარღვევა, უპირობოდ, ვალდებულების შეწყვეტილად მიჩნევისა და მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი ვერ გახდება, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყებასაც ვერ გამოიწვევს.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სს „ს.ბ.მა“ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სასამართლოს 2013 წლის ივნისში მიმართა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოიშობა, სამ წელს შეადგენს, ამიტომ, სს „ს.ბ.ს“ მოთხოვნა სარჩელის შეტანამდე ბოლო სამი წლის პერიოდისათვის ხანდაზმული არ იყო.
ხ.შ.ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატამ აღნიშნა, რომ ხ.შ., მსგავსად თ.გ.ისა და დ.შ.ისა, მიუთითებდა რა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ამავდროულად აღნიშნავდა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, მას, როგორც თავდებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ უნდა დაკისრებოდა, ვინაიდან ბანკმა მას მოვალეთა მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე არ შეატყობინა.
სასამართლოს განმარტებით, თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა თავდების პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებას არ იწვევს. აღნიშნული მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველია. ამასთან, შემცირება ვრცელდება იმ ზიანზე, რომელიც კრედიტორის მიერ თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობით დგება და რომელიც არ დადგებოდა კრედიტორს თავდების მიმართ თავისი ვალდებულება, ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, ჯეროვნად რომ შეესრულებინა. სწორედ ამ საფუძვლით არ დააკისრა ხ.შ.ს პირგასამტეხლო და მიუღებელი შემოსავალი პირველი ინსტანციის სასამართლომ, ამ გზით თავდები ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლდა. ამდენად, ხ.შ.ის არგუმენტი სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლზე დაყრდნობით გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობასთან დაკავშირებით არ იქნა გაზიარებული. სააპელაციო პალატამ ხ.შ.ის მიმართ სს „ს.ბ.ს“ მოთხოვნა ასევე არ მიჩნია ხანდაზმულად იმავე საფუძვლებით, რა საფუძვლებითაც არ გაიზიარა ძირითადი მოვალეების პრეტენზია მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ.შ.მა, თ.გ.მა და ხ.შ.მ, მოითხოვეს მისი გაუქმება და, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოს არ წარმოადგენდა დაკისრებული თანხის ოდენობა, მისი გაანგარიშების წესი, რადგანაც მოთხოვნის ხანდაზმულობით მთლიანად საფუძველი ეცლება სარჩელს. სასამართლო, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სხვა აუცილებელ პირობათაგან ასევე ამოწმებს, დარღვეულია თუ არა მოთხოვნის წარდგენის კანონით გათვალისწინებული ვადა, შესაბამისად, ხანდაზმულობის წესის დარღვევით წარდგენილი სარჩელისას მოთხოვნის მოცულობის ან/და გაანგარიშების წესის შესახებ დავაში შესვლა და განხილვა აზრს კარგავს.
სააპელაციო სასამართლომ მცდარად წარმოადგინა სააპელაციო საჩივრის არგუმენტი სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლთან მიმართებით, სადავოს არ წარმოადგენდა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა კრედიტორის უფლებას წარმოადგენდა და არა ვალდებულებას, აპელანტები ამ ნორმაზე მითითებით ადასტურებდნენ მოსარჩელის მიერ სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის დროის შეტყობას.
სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლები, რადგანაც, როგორც აღინიშნა, უფლების დარღვევის თაობაზე კრედიტორმა, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის ვადის გადაცილებით შეიტყო, მოსარჩელემ სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბერს მიმართა, მაშინ, როდესაც უფლების დარღვევა ცნობილი იყო 2009 წლის მარტიდან, აღნიშნული მოწმობს მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დარღვევას. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად კი, მოვალე უფლებამოსილია, უარი განაცხადოს შესრულებაზე.
ხანდაზმულობის ინსტიტუტის არასწორი განმარტებით, სააპელაციო პალატამ მცდარად აღნიშნა, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტი გადახდის შეთანხმებული გრაფიკის დარღვევის გამო, თითოეული მოთხოვნისათვის დამოუკიდებლად გამოიანგარიშება, ამგვარი განმარტება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, დადებულია ერთი საკრედიტო ხელშეკრულება, ხოლო სასამართლოს განმარტების გაზიარების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ყოველი ახალი ვალდებულებისათვის სათანადო გარიგება ან ისეთი ქმედება განხორციელდეს, რომელიც ვალდებულების არსებობას მოიაზრებს.
ხ.შ.მ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამატებით საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლზე და განმარტა, რომ ამ ნორმით დადგენილი თავდების ინფორმირების ვალდებულება კრედიტორის მხრიდან დარღვეულია, რაც ხ.შ.ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ხ.შ.ის, დ.შ.ისა და თ.გ.ის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ხ.შ.ის, დ.შ.ისა და თ.გ.ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რადგანაც არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის (იხ. სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი), ასევე 902-ე მუხლის (იხ. სუსგ 3კ/815-01, 28 დეკემბერი, 2001 წელი) თაობაზე და გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული ნორმები სწორედ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისადაა განმარტებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ხ.შ.ის, დ.შ.ისა და თ.გ.ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს: დ.შ.ს, თ.გ.სა და ხ.შ.ს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით დემურ ცეცაძის მიერ 2014 წლის 29 სექტემბრის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 410,18 ლარის 70% - 287,126 ლარი, ხოლო დ. შ.სა და თ.გ.ს დამატებით უნდა დაუბრუნდეთ დ. ც.ის მიერ 2014 წლის 29 სექტემბრის N2 საგადახდო დავალებით გადახდილი 262,16 ლარის 70% - 183,512 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.შ.ის, თ.გ.ისა და ხ.შ.ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს: დ.შ.ს, თ.გ.სა და ხ.შ.ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით დემურ ცეცაძის მიერ 2014 წლის 29 სექტემბრის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 410,18 ლარის 70% - 287,126 ლარი, ხოლო დ.შ.სა და თ.გ.ს დამატებით დაუბრუნდეთ დ. ც.ის მიერ 2014 წლის 29 სექტემბრის N2 საგადახდო დავალებით გადახდილი 262,16 ლარის 70% - 183,512 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური