საქმე №ას-915-877-2014 20 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - ვ.ზ. (კასატორი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ამხანაგობა „ი-ის“ წევრები: გ.ხ., ვ.ო., ნ.ა. (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება
განმცხადებლების მოთხოვნა – საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
დავის საგანი - ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ.ზ.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა „ი-ის“ წევრების: გ.ხ.ს, ვ.ო.სა და ნ.ა.ს მიმართ 6 480 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „ი-ის“ წევრების: გ.ხ.ს, ვ.ო.სა და ნ.ა.ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ვ.ზ.ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებლობის შესამოწმებლად.
2015 წლის 19 მარტს კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ აღარ სურდა საკუთარი საკასაციო საჩივრის განხილვა, იხმობდა მას და უარს აცხადებდა დავაზე, შესაბამისად, ითხოვა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ვ.ზ.ს განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ვ.ზ.ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებლობის შესამოწმებლად;
2015 წლის 19 მარტს კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ აღარ სურდა საკუთარი საკასაციო საჩივრის განხილვა, იხმობდა მას და უარს აცხადებდა დავაზე, შესაბამისად, ითხოვა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის აქტის თანახმად, კასატორის წარმომადგენელმა ც.ქ.მა დააზუსტა განცხადების მოთხოვნა და განმარტა, რომ მხარე უარს ამბობდა საკასაციო საჩივარზე და ითხოვდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებას.
მხარის შუამდგომლობის სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმების მიზნით პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის შესაბამის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, პალატა მიიჩნევს, რომ ვ.ზ.ს საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ვ.ზ.ს მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე კასაციაზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს ლ. ე.ის მიერ 2014 წლის 11 აგვისტოს N32 საგადახდო დავალებით გადახდილი 550 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.ზ.ს შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს წარმოება ვ.ზ.ს საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე ვ.ზ.ს სარჩელის გამო, ამხანაგობა „ი-ის“ წევრების: გ.ხ.ს, ვ.ო.სა და ნ.ა.ს მიმართ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე.
3. კასატორ ვ.ზ.ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ.ე.ის მიერ 2014 წლის 11 აგვისტოს N32 საგადახდო დავალებით გადახდილი 550 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე