№ას-935-897-2014 10 მარტი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ი.კ. ა.“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
1. შპს „ე.ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. შპს „ი.კ.ა-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26439 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ი.კ. ა-მ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინებით:
1. შპს „ი.კ. ა-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 29 მაისს შპს „ე.ი-სა“ და შპს „ი.კ. ა-ს“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ხელშეკრულების დანართი №....-ით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა შეთანხმებული ღირებულება. ხელშეკრულების დანართი №.... წარმოადგენდა მენარდის მიერ მიწოდებულ ხარჯთაღრიცხვას. მენარდეს სამუშაო უნდა განეხორციელებინა შემკვეთის მიერ მიწოდებული მასალების გამოყენებით. სამუშაოს შესრულება დადასტურდებოდა მხარეების მიერ ხელმოწერილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით;
დანართი №...-ის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოს სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენდა 59239 ლარს. მხარეებმა შეათანხმეს შესასრულებელი სამუშაოს დასახელება, სამუშაოს მოცულობა და ეთეულის ფასი;
შპს „ი.კ.ა-მ“ მოსარჩელეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისათვის გადაუხადა სამუშაოთა ღირებულება 32800 ლარის ოდენობით;
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქმეში არსებულ ხარჯთაღრიცხვაში წარმოდგენილი სამშენებლო-სარემომტო სამუშაოების ფაქტიური მოცულობებისა და სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, შპს „ე.ი-ს“ მიერ წარმოებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა საერთო ღირებულება შეესაბამებოდა მშენებლის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში მოცემულ სამუშაოთა საერთო ღირებულებას 59 655 ლარს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სამუშაოები შესრულდა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ღირებულების ფარგლებში და ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბებას ადგილი არ ჰქონია. ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები იცვლებოდა რეკონსტრუქციის პროექტის ხელმძღვანელის მითითებით, რაც განპირობებული იყო პროექტში ცვლილებებით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელ სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 26439 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „ი.კ.ა-მ“.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მხარეებმა 2012 წლის 29 მაისის ხელშეკრულების ..... პუნქტით განსაზღვეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის განსაკუთრებული (წერილობითი) ფორმა, ხოლო ნებისმიერი სხვა ზეპირი შეთანხმება, რომელსაც შეეძლო ხელშეკრულების პირობები შეეცვალა იყო ბათილი;
მოსარჩელე ითხოვდა სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურებას მხარეთა შორის 2012 წლის 29 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სასამართლომ მოთხოვნილი თანხა მიაკუთვნა როგორც აღნიშნულის, ისე არარსებული ხელშეკრულების საფუძველზე;
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ რეკონსტრუქციის პროექტის ხელმძღვანელს არ გააჩნდა შპს „ი.კ.ა-ს“ ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება, რის გამოც იგი ვერ გასცემდა განკარგულებას ახალი ხელშეკრულების დადებაზე და შესაბამისად ვერ დადებდა რაიმე სახის ზეპირ/წერილობით შეთანხმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ი.კ.ა-ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ი.კ.ა-.ს“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1 322 ლარი) 70% – 925.40 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი.კ.ა-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ი.კ.ა-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1 322 ლარი, გადახდის თარიღი – 2014 წლის 3 ოქტომბერი, საგადახდო დავალება №…) 70% – 925.40 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე