№ას-980-941-2014 24 მარტი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. კ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით:
1. ვ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 17 სექტემბრის №..... ბრძანება და ვ. კ-ა აღდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ტექნიკური არქივის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის ასეთი სამსახურის არარსებობის შემთხვევაში დაევალა მოპასუხეს უზრუნველყოს მოსარჩელე ვ. კ-ა ტოლფასი სამუშაოთი;
3. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე ვ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 35 878 ლარის ოდენობით;
4. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 22 აგვისტოდან თვეში 660,80 ლარის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებით;
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2010 წლის 1 მარტიდან ვ. კ-ა დაინიშნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის უფროსის თანამდებობაზე;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 17 სექტემბრის №...ბრძანებით ვ. კ-ა გათავისუფლდა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის უფროსის თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 27 სექტემბრის თარიღით გაცემული ცნობის თანახმად, ვ. კ-ა 2012 წლის 31 აგვისტოდან მუშაობდა აღნიშნულ სამინისტროში შტატგარეშე მოსამსახურედ და მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1000 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა ხანდაზმულობის საკითხს. როგორც სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ წერილობით შესაგებელში, ისე საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას მოპასუხის წარმომადგენელი უთითებდა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე მცირე ხნით ადრე სარჩელის წარდგენა უნდა შეფასებულიყო უფლების არამართლზომიერ გამოყენებად. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შრომის კოდექსში 2013 წლის 4 ივლისს ამოქმედებული ცვლილების შემდეგ 30 დღის ვადაში უნდა მიემართა მხარეს სარჩელით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებულ იქნა მხოლოდ სააპელაციო საჩივარში, საქართველოს სამოქალაქო საპროცოესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. ამდენად, მხარეთა შეჯიბრებითობისა და კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით, იმის გამო, რომ ხანდაზმულობის საკითხი მოპასუხემ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში სადავოდ არ გახადა მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა ემტკიცებინა საწინააღმდეგო გარემოება, მით უფრო, როგორც სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ განმარტა, მათ მიმართეს სასამართლოს იმავე სარჩელით, რომელიც არ იქნა მიღებული წარმოებაში, რაც გამორიცხავდა ხანდაზმულობის საკითხს, ანუ დაადასტურებდა თუნდაც შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილების ამოქმედებიდან 30 დღის განმავლობაში სასამართლოსადმი სარჩელის მიმართვას.
მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ემსჯელა იმ საკითხზე, მოცემულ შემთხვევაში უნდა გავცელებულიყო თუ არა სარჩელის წარდგენისათვის 30 დღიანი ვადის შეზღუდვა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად. აღნნიშნული ცვლილებებით კანონმდებელმა ახლებურად მოაწესრიგა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი, კონკრეტულად განსაზღვრა ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა, რასაც დაუკავშირდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დაწესება. ამასთან, ერთთვიანი ვადის ათვლას კანონი ერთ შემთხვევაში უკავშირებდა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის თაობაზე წერილობითი დასაბუთების მიღებას, ხოლო მეორე შემთხვევაში დამსაქმებლის უარს, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული პირობების დაწესებით კანონმდებელმა გარკვეულწილად დააბალანსა ერთი მხარის ვალდებულება დასაქმებულს წინასწარ აცნობოს სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე და წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ხოლო მეორე მხარის ვალდებულებაა ხანდაზმულობის შემჭიდროებულ ვადაში განკარგოს თავისი უფლება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ მიუთითა შრომის კოდქსის 53-ე მუხლზე, განმარტა, რომ აღნიშნული კანონი ვრცელდებოდა არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა. იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მომწესრიგებელ ნორმაში ცვლილებები განხორციელდა 2013 წლის 12 ივნისს, ხოლო მოსარჩელე ვ. კ-ასთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე ბრძანება გამოიცა 2010 წლის 17 სექტემბერს, მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებული ვერ იქნებოდა მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შემდგომ კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად ამოქმედებული ნორმები და შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. კ-ას სარჩელზე ვრცელდებოდა სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რა ვადაშიც იყო წარდგენილი სარჩელი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების მოშლა. შრომითი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით. დამსაქმებელს სადავო ბრძანებაში არ მიუთითებია მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის რაიმე სხვა კონკრეტული საფუძველი. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი დამსაქმებელს ანიჭებდა შეუზღუდავ უფლებას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოეშალა შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან და მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა არ შეიძლებოდა განმარტებულიყო, როგორც დამქირავებლის ცალმხრივი უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სამუშაოდან გაეთავისუფლებინა დასაქმებული.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებული იყო ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, შრომითი ხელშეკრულების მოშლით, რითაც მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა დასაქმებულის კონსტიტუციური უფლება. რაც შეეხება აპელანტის მითითებას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა სამსახურებრივი მოვალეობა, ვერ გაუწია სათანადო და ჯეროვანი კონტროლი თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, პალატამ განმარტა, რომ რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აღნიშნულ გარემოებას საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. არ დასტურდებოდა, რომ შესაბამისმა ხელმძღვანელმა პირმა განახორციელა კანონით გათვალისწინებული სამსახურებრივი გამოკვლევა, შეისწავლა ვ. კ-ას მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ისე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვმულმა სააგენტომ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს შრომის კოდექსის (მოქმედი რედაქციის) 38-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს სამუშაოზე აღდგენას ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფას ან კომპენსაციის გადახდას და მიიჩნევს, რომ კომპენსაციის გადახდა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სამუშაოზე აღდგენა ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა, ვინაიდან კანონი არ ითვალისწინებს კუმულატიურად სამუშაოზე აღდგენას და კომპენსაციის/განაცდურის გადახდას;
სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გაშვების შემდეგ, კერძოდ, მოსარჩელის მიერ აღძრული მოთხოვნების მიმართ მოქმედებს შრომის კოდექსი დღეს მოქმედი რედაქიით და მასში განსაზღვრული ხანდააზმულობის ვადები. კასატორის განმარტებით, 2013 წლის 4 ივლისიდან 30 კალდენდარული დღის ვადაში მოსარჩელეს შეეძლო სარჩელით მიემართა სასამართლოსთვის, რაც მის მიერ არ იქნა განხორციელებული;
2010 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის 22 აგვისტომდე სარჩელის წარუდგენლობა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით განსაზღვრულ უფლების ბოროტად გამოყენებას, ვინაიდან ხელოვნურად იწვევს განაცდურის ოდენობის გაზრდას;
სასამართლომ არასწორად განმარტა ის ნორმები, რომლებიც 2010 წლის 17 სექტემბრის გათავისუფლების ბრძანებას დაედო საფუძვლად. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ხელშეკრულების მოშლის დამოუკიდებელ საფუძვლად იყო განსაზღვრული და გარდა იმისა, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა სამსახურებრივი მოვალეობა, აღნიშნული ნორმა დამოუკიდებლად ანიჭებდა დამსაქმებელს ხელშეკრულების მოშლის უფლებას. შესაბამისად, დამსაქმებელს უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს მოეშალა დასაქმებულთან ურთიერთობა და ევალებოდა მიეცა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება, რაც მოსარჩელე მხარეს მიღებული აქვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგეტოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1793.90 ლარის) 70% – 1255.73 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1793.90 ლარი, გადახდის თარიღი – 2014 წლის 3 ოქტომბერი, საგადახდო დავალება №......) 70% – 1255.73 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე