Facebook Twitter

¹ბს-822-408(კ-05) 23 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ორი სახეობის პენსიის დანიშვნა, მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 19 სექტემბერს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ნ-მა, მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა ორი სახეობის პენსიის დანიშვნა:

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი არის დიდი სამამულო ომის მონაწილე და მას “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის თანახმად ეკუთვნის საპენსიო დანამატის სახით ორი სახეობის პენსიის დანიშვნა 42 ლარის ოდენობით.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მის სასარგებლოდ დაეკისრა 2004წ. 1 იანვრიდან საპენსიო დანამატის სახით 42 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გსაჩივრდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება გ. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გ. ნ-ის შუამდგომლობა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12, სსკ-ის 257-ე და 369.1-ე მუხლების საფუძველზე დასაშვებად ცნო და განიხილა სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულ სასამართლოს უნდა გამოეკვლია მიეკუთვნებოდა თუ არა გ, ნ-ი იმ პირთა კატეგორიას, რომელზედაც უნდა გავრცელებულიყო აღნიშნული კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათები. საქმის მასალებში მოიპოვება მხოლოდ გ. ნ-ის ომის ვეტერანობის მოწმობა, რაც არ არის საკმარისი საფუძველი დღეს მოქმედი კანონით მისთვის ორი სახის პენსიის დანიშვნისათვის. სააპელაციო პალატის აზრით, რაიონული სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განსაზღვრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად ის გარემოება, რომ კანონში შესული ცვლილებების შედეგად მომავალში _ 2004წ. 1 იანვარს ამოქმედდებოდა ნორმა, რომლითაც შეღავათები გავრცელდებოდა არა მხოლოდ სამამულო ომის პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებზე, არამედ _ ომის მონაწილეებზე და საერთო დაავადებით ინვალიდებზეც. მართლმსაჯულების განხორციელებისას კი სასამართლო ვალდებულია, დაეყრდნოს მხოლოდ მოქმედ კანონს და არა მომავალში ასამოქმედებელ ნორმებს.

სააპელაციო სასამართლომ გ. ნ-ს განუმარტა, რომ 2006წ. 1 იანვრიდან “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის შეღავათები გავრცელდება ომის მონაწილეებსა და საერთო დაავადებით ინვალიდებზე. ამიტომ, ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლომ გ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-მა და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება:

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა 1996წ. 16 ოქტომბრის “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლი და გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება. კასატორი აგრეთვე მიიჩნევს, რომ დარღვეულია სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი და 249 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა და სააპელაციო პალატამ განიხილა დაუშვებელი სააპელაციო საჩივარი. კასატორის განმარტებით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება მან ჩააბარა ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს რაიონულ განყოფილებას 2003წ. 5 ნოემბერს, რომელმაც 2003წ. 11 ნოემბერს სათანადო წერილით აცნობა საქართველოს ერთიანი სახელმწიფო ფონდის იურიდიულ დეპარტამენტს. ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ გამოგზავნილი წერილით კი დგინდება, რომ აღნიშნული წერილი მოპასუხე ორგანიზაციაში დარეგისტრირდა 2003წ. 20 ნოემბერს, საოლქო სასამართლომ კი ნაცვლად იმისა, გაერკვია და შეფასება მიეცა იმ ფაქტისათვის, რომ მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის დროს გასული იყო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო და განიხილა საქმე. გადაწყვეტილებაში კი მიუთითა, რომ საქმის მასალებიდან არ ჩანს როდის ჩაბარდა მოპასუხე მხარეს სასამართლო გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა განეხილა სააპელაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კარნონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 აპრილის განჩინება:

გ. ნ-ი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, რომლითაც მისი სარჩელი “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის, მოხუცებულობის გამო პენსიისა და ორმაგი დანამატის, სულ 42 ლარის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ გ.. ნ-ი არის 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული პირი და იღებს პენსიას 45 ლარის ოდენობით, მაგრამ იგი არ არის ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი და მას არა აქვს ოფიცრის წოდება.

“სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-4 მუხლისა და მოქმედი საპენსიო კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ოჯახის წევრებსა და სხვა პირებს, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე სახეობის პენსიის მიღების უფლება აქვთ, მათი სურვილის შესაბამისად ენიშნებათ ერთი სახეობის პენსია. ამდენად, მოქმედი საპენსიო კანონმდებლობა, როგორც წესი, ადგენს მხოლოდ ერთი სახეობის პენსიის დანიშვნას, მაგრამ კანონმდებელმა “სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლში, გამონაკლისის სახით გაითვალისწინა მეორე სახეობის პენსიის _ მოხუცებულობის გამო პენსიის მიღების უფლება, ორი მინიმალური პენსიის დანამატით. აღნიშნული ნორმის თანახმად: “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 25 ნოემბრისა და 28 დეკემბრის განმარტებების მიხედვით: “სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალიწინებული საპენსიო შეღავათის გავრცელებისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) უნდა იყოს 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;

ბ) უნდა შეუსრულდეს 75 წელი;

გ) უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს ომის ინვალიდი.

მართალია, გ. ნ-ი არის 1941-1945 წლების ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული პირი, მაგრამ იგი არ არის ომის ინვალიდი, ან ოფიცერი, რის გამოც მასზე მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათი ვერ გავრცელდება, რადგან ამ მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის, მეორე სახეობის პენსიის სახით, მოხუცებულობის გამო პენსიის დანიშვნის მომენტისათვის მოქალაქეს უკვე დანიშნული უნდა ჰქონდეს ომის ინვალიდობის პენსია.

კასატორი საკასაციო საჩივარში სადავოდ ხდის ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას, რასაც საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს და ამ ნაწილშიც სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას ფონდის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესახებ. საკასაციო პალატა განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მითითების მიხედვით, სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, დადგენილების ასლი უნდა გადაეცეს მხარეს. აღნიშნული მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, საქმეში არ მოიპოვება რაიონული სასამართლოს მიერ თავისი გადაწყვეტილების უშუალოდ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის, როგორც მხარისათვის (მოპასუხე), გაგზავნის ან ფონდისათვის გადასაცემად გ. ნ-ისათვის გადაწყვეტილების მიცემის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება.

სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე და მისი ათვლა იწყება გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან. ვინაიდან რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის, ამიტომ გასაჩივრების ვადის გადაცილების მოტივით სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობაზე კასატორის მითითება უსაფუძვლოა და საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სასამართლომ მტკიცებულებათა სწორი გამოკვლევითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება გ. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.