საქმე №ას-100-94-2015 23 მარტი, 2015 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – იბა „დ. დ-ი…“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ლ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში იბა „დ. დ-ი…“ -ის მიმართ გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა იბა „დ. დ-ი…“ -მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინებით იბა „დ. დ-ი…“-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2014 წლის 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა მოპასუხე იბა „დ. დ-ი…“-ის წარმომადგენელი მ. ჭ-ე. შესაბამისად, მას დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის უნდა მიემართა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20-ე და არა უგვიანეს 30-ე დღისა. პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 5 ნოემბერი, ხოლო 30-ე დღე 15 ნოემბერი. ვინაიდან 15 ნოემბერი იყო ყოველკვირეული დასვენების დღე, შაბათი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ბოლო ვადა იყო 17 ნოემბერი. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 2014 წლის 18 ნოემბერს და ამოიწურა 2014 წლის 1 დეკემბერს. სააპელაციო საჩივარი კი აპელანტმა სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 8 დეკემბერს, ანუ დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა .
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე იბა „დ. დ-ი…“-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი არაერთხელ გამოცხადდა სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, თუმცა სატელეფონო საუბრებში მოსამართლის თანაშემწე (ზოგჯერ სხდომის მდივანი) პასუხობდა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ იყო მზად და ვერ ჩააბარებდა. 2014 წლის 16 ოქტომბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება მან ჩაიბარა 2014 წლის 28 ნოემბერს და აღნიშნული თარიღიდან 14 დღეში, 2014 წლის 8 დეკემბერს, ანუ სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის დადგენილ ვადაში გაასაჩივრა იგი.
კერძო საჩივარის ავტორის აზრით, ვადის ათვლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილი დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს არ აქვს ჩაბარებული იმის გამო, რომ იგი არ გამოცხადდა სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. მუხლის აღნიშნული დანაწესი არ უნდა გავრცელდეს იმ შემთხვევაზე, როდესაც სასამართლომ თავად არ მოამზადა დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილება. დაუშვებელია სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების დაგვიანებით მომზადება გახდეს წაგებული მხარის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იბა „დ. დ-ი…“-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე იბა „დ. დ-ი…“-ის წარმომადგენელი მ. ჭ-ე (ტომი 1, ს.ფ. 203-205), რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია განუსაზღვრელი ვადით გაცემული რწმუნებულებით (ტომი 1, ს.ფ. 76-77). თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2014 წლის 16 ოქტომბერი) არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 18 ნოემბერს და ამოიწურა 2014 წლის 1 დეკემბერს, ხოლო აპელანტმა სააპელაციო საჩივრით სასამართლოს მიმართა 2014 წლის 8 დეკემბერს, ანუ სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ მან არა ერთხელ მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. აღნიშნული არგუმენტი სრულიად დაუსაბუთებელია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ იბა „დ. დ-ი…“-ის წარმომადგენელმა მიმართა სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნით. საქმის მასალებში არსებული ხელწერილით კი უდავოდ დასტურდება, რომ მ. ჭ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2014 წლის 28 ნოემბერს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 218), ანუ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი 30 დღის გასვლის შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. იბა „დ. დ-ი…“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე