საქმე №ას-107-100-2015 26 მარტი, 2015 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გორის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ტ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლების განხორციელება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ტ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ უფლების განხორციელებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა გასაჩივრებული გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
რაიონული სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გორის რაიონულ სასამართლოში 2014 წლის 25 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ აპელანტის წარმომადგენლები - მ. ს-ი და თ. მ-ი, რომელთაც იმავე სასამართლო სხდომაზე ეცნობათ განჩნების სარეზოლუციო ნაწილი და განემარტათ განჩინების ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დასაბუთებული განჩინება აპელანტის წარმომადგენელმა ჩაიბარა ხელზე 2014 წლის 6 ნოემბერს, ხოლო მის მიერ განჩინების ჩაბარების მიზნით სასამართლოსთვის უფრო ადრე მიმართვა საქმის მასალებით არ დგინდებოდა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან განჩინების გამოცხადების თარიღი მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენლებისათვის - განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე პირებისათვის ცნობილი იყო, წარმომადგენლები ვალდებულნი იყვნენ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში და ჩაებარებინათ განჩნების ასლი. რადგან მათ არ მიუმართავთ სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2014 წლის 25 ოქტომბერს და გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2014 წლის 7 ნოემბერს. სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილია 2014 წლის 10 ნოემბერს, დადგენილი ვადის დარღვევით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია 2014 წლის 25 სექტემბერს. განჩინების გამოტანიდან 30-ე დღე არის 25 ოქტომბერი, 25 ოქტომბრიდან მე-14 დღე კი 8 ნოემბერი. ვინაიდან 8 ნოემბერი დაემთხვა დასვენების დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა სამუშაო დღის მომდევნო დღეს, 2014 წლის 10 ნოემბერს. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, დაცულია გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მას გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა არ დაურღვევია.
გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას სააპელაციო სასამართლო ახდენს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი, მისი წარმომადგენლების სახით ესწრებოდა 2014 წლის 25 სექტემბრის სასამართლო სხდომას და აღნიშნულ სხდომაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა დაიწყო 2014 წლის 25 ოქტომბრიდან (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს) და ამოიწურა 2014 წლის 7 ნოემბერს. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა 2014 წლის 10 ნოემბერს. აღნიშნულის სამართლებრივ დასაბუთებას სააპელაციო სასამართლო ახდენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, 61.3 მუხლისა და 2591-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტი მხარისათვის ცნობილი იყო 2014 წლის 25 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის თაობაზე, თუმცა ვერ გაიზირებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დენის დაწყებასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დენის ათვლა, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, დაიწყო 2014 წლის 25 ოქტომბრიდან, ანუ 30-ე დღიდან, რაც ეწინააღმდეგება იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმადაც, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და თუ არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის (Liakopoulou v.Greece, 20627/04, $17, 2006, ECHR).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი, როგორც სპეციალური ნორმა, რომელიც გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტად მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს განსაზღვრავს,ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლი კი მიიჩნია ზოგად ნორმად, რომელიც მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც იმავე კოდექსის სპეციალური ნორმა განსხვავებულ ქცევის წესს არ ადგენს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ამავე კოდექსის მე-60 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი აწესრიგებს ამავე კოდექსის სხვადასხვა ინსტიტუტებით გათვალისწინებული საპროცესო ვადის დენის დასაწყისის მომენტს და, შესაბამისად, ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით დადგენილ ვადებზეც.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით განსაზღვრულ გასაჩივრების წესს საფუძვლად უდევს გადაწყვეტილების ჩაბარების ინსტიტუტი, კერძოდ, სასამართლო შეტყობინების (უწყების) ჩაბარების მსგავსად, გასაჩივრების უფლების მქონე მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაში იგულისხმება როგორც უშუალოდ ამ მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმფცია, რომელიც მიუთითებს, რომ გასაჩივრების უფლების მქონე მხარემ ჩაიბარა გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დათქმა იმის შესახებ, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს,“ მიგვითითებს პრეზუმფციაზე, რომლის თანახმად, კანონი ადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაინტერესებული მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებისათვის. აღნიშნული ფაქტი უკავშირდება საპროცესო მოქმედების შესრულების ზუსტ კალენდარულ თარიღს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის ათვლის საპროცესო წესი მოცემულია ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით.
შესაბამისად, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს, როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი).
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა მხარემ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისად სწორად მიიჩნია 2014 წლის 26 ოქტომბერი და ამ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე არის 2014 წლის 8 ნოემბერი. ვინაიდან 8 ნოემბერი იყო არასამუშო დღე (შაბათი), სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, ანუ 10 ნოემბერს, როცა წარდგენილ იქნა კიდეც სააპელაციო საჩივარი (იხ. ს.ფ. 103-112), ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.2 მუხლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება და საქმე გორის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე